გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210118002262991
საქმე #2/44-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 იანვარი 2019 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - ზა-----------–---–ი
წარმომადგენელი - ლი---–--------ი
მოპასუხე - ალ-----–-----–-–---–ი
წარმომადგენელი - მა----–----------–---–-------–-ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე ალ-----–-----–-–---–ს დაეკისროს მიყენებული ზიანის 3 437.44 აშშ დოლარის და 116.15 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: 2016 წლის 22 მარტს მოსარჩელე საკუთარი ,,ჰონდას“ მარკის მოტოციკლით მოძრაობდა, რა დროსაც შეეჯახა ,,ნისან ნოტეს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მოპასუხე ალ-----–-----–-–---–ი მართავდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. აგრეთვე დაზიანდა მისი კუთვნილი მოტოციკლი. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მოპასუხის ბრალეულობა დადგინდა. გურჯაანის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 02 აპრილის დადგენილებით ალ-----–-----–-–---–ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და განრიდების ფარგლებში დაეკისრა ჯარიმის 2000 ლარის გადახდა.
მოსარჩელის მითითებით, დაზიანებული მოტოციკლის თვითღირებულება 4 137.44 აშშ დოლარს შეადგენდა. დაზიანებული მოტოციკლის რეალიზაციის შედეგად 700 აშშ დოლარი მიიღო. შესაბამისად, ზიანის ოდენობა 3 437.44 აშშ დოლარს შეადგენს. ამას ემატება მკურნალობის ხარჯი 116.15 ლარის ოდენობით. ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევა მოპასუხის მოქმედებამ გამოიწვია, ამიტომ მოპასუხეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ალ-----–-----–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სხეულის დაზიანება მიიღო, მაგრამ მკურნალობა არ ყოფილა ისეთი ხანგრძლივი და რთული, როგორც ამას თავად წარმოაჩენს. მართალია მან დაარღვია მოძრაობის წესი, მაგრამ მოსარჩელე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ამიტომ მანევრირება ვეღარ მოასწრო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თავადაც დაზარალდა და დაახლოებით 6 000 ლარის ზიანი მიიღო. ამაში შედის მოტოციკლის საჯარიმო სადგომიდან გამოყვანის, განრიდების, თავისი ავტომობილის აღდგენის, მკურნალობის და სხვა ხარჯები.
2.2. სასამართლოს 27.04.2018 წლის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოტოციკლის საბაზრო ღირებულება 4 100 ლარს შეადგენს. 12.12.2018 წლის მოსამზადებელ სხდომაზე კი წარმომადგენელმა სარჩელი ცნო 996 აშშ დოლარის ნაწილში. დანარჩენ თანხაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. (იხ. 12.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:17:00-12:21:23 სთ)
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ზა-----------–---–ს 18.08.2015 წლიდან 20.08.2016 წლამდე პერიოდში საკუთრებაში ჰქონდა ,,HONDA CBR600RR” მარკის სატრანსპორტო საშუალება მოტოციკლი, სახელმწიფო ნომრით CC----;
3.1.2. 2016 წლის 22 მარტს, დაახლოებით 11:55 საათზე, ქალაქ ყ------–ში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ალ-----–-----–-–---–მა ,,NISSAN NOTE”-ს მარკის ავტომობილით მოძრაობისას ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები დაარღვია, კერძოდ ავტომანქანის მობრუნებისას არ დარწმუნდა, რომ საფრთხეს არ შეუქმნიდა მოძრაობის სხვა მონაწილეს, რის გამოც მას შეეჯახა ზა-----------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,HONDA CBR600RR” მარკის მოტოციკლი;
3.1.3. 2016 წლის 22 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზა-----------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. აგრეთვე დაზიანდა მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება - მოტოციკლი ,,HONDA CBR600RR” სახელმწიფო ნომრით CC----;
3.1.4. ზა-----------–---–ის მკურნალობაზე გაწეულმა ხარჯმა 116.15 ლარი შეადგინა;
3.1.5. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის 02.04.2016 წლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება შეწყდა. დადგენილების მიხედვით, ალ-----–-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა კონკრეტულ სიტუაციაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედება არ ქმნიდა რა მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას, ალ-----–-----–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა და მოხდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდება;
3.1.6. მოსარჩელემ განახორციელა დაზიანებული მოტოციკლის რეალიზაცია, რომლის შედეგად მან 700 აშშ დოლარი მიიღო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-14; 64-74)
- ალ-----–-----–-–---–ის და ზა-----------–---–ის განცხადებები (109-114; 123-125)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო 12.12.2018 და 10.01.2019 წლის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები);
- ქვითარი (ს.ფ. 28);
- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 39-40).
- განრიდების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი (ს.ფ. 41).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მოტოციკლის ღირებულება, 2016 წლის 22 მარტის მდგომარეობით, 4 137.44 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ინდივიდუალური აუდიტორის მიერ 24.11.2017 წელს გაცემული აუდიტორული დასკვნა მიყენებული ზარალის გაანგარიშების შესახებ, რომლის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილი მოტოციკლის ღირებულება 4 137.44 აშშ დოლარით განისაზღვრა. მოპასუხემ წარმოადგინა ,,ინ----–-------------ის“ მიერ 17.04.2018 წელს და დამოუკიდებელი ექსპერტის შა-–--------ის მიერ 12.11.2018 წელს მომზადებული აუდიტორული დასკვნები, რომელთა მიხედვით, მოტოციკლის საბაზრო ღირებულება პირველი დასკვნით 4 100 ლარით, ხოლო მეორე დასკვნით 4 000 ლარით განისაზღვრა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის შა-–--------ის მიერ მომზადებული დასკვნა არ შეიცავს რელევანტურ დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ მოხდა მოტოციკლის ღირებულების 4 000 ლარით განსაზღვრა. აუდიტორი უთითებს, რომ 12 წლის მოტოციკლის გარბენი მინიმუმ 200 000 კილომეტრი იქნებოდა და ამიტომ მისი ღირებულება 4 000 ლარს შეადგენს. გაურკვეველია, გარდა წლოვანებისა სხვა რა გარემოებას დაეყრდნო აუდიტორი, როდესაც მოტოციკლის გარბენი მინიმუმ 200 000 კილომეტრით განსაზღვრა. სასამართლოს აზრით, მხოლოდ წლოვანებით მოტოციკლის გარბენის ოდენობის განსაზღვრა არ არის სწორი. ამავდროულად, დასკვნა არ შეიცავს რაიმე მონაცემს მოტოციკლის ვიზუალურ და ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სასამართლო თვლის, რომ დასკვნა მთლიანად ვარაუდებზეა დაფუძნებული და ამიტომ, იგი სარწმუნო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
რაც შეეხება ,,ინ----–-------------ის“ მიერ მომზადებულ დასკვნას, როგორც მისი შინაარსით დგინდება, მოტოციკლის შეფასება მოხდა 2018 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, ანუ იმ მდგომარეობით რაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებისა და შემდგომ ნაწილობრივ აღდგენის შედეგად არსებობს. განსახილველ შემთხვევაში კი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია არა შეფასების თარიღისთვის არსებული ღირებულება, არამედ მოტოციკლის დაზიანებამდე ე.ი. 2016 წლის 22 მარტამდე არსებული ღირებულება. შესაბამისად, ვერც ამ დასკვნაში მითითებული ღირებულებით მოხდება მოტოციკლის ფასის განსაზღვრა.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით მოტოციკლის ღირებულება 4 137.44 აშშ დოლარით განისაზღვრა. აუდიტორი დაეყრდნო მოსარჩელის მიერ მოტოციკლის შესყიდვის დროს გადახდილი თანხის, განბაჟებაში და გაფორმებისას გადახდილი თანხების შესახებ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,ინ----–-------------ის“ მიერ მომზადებული დასკვნაზეც და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მოხდა დასკვნით განსაზღვრული ფასის გაზიარება, მნიშვნელოვანია თავად დასკვნის შინაარსი, რომლის მიხედვით, ბაზრის მონაცემებით 2006 წელს გამოშვებული იმავე მარკის მოტოციკლების შეთავაზებულმა ღირებულებებმა 2018 წლის 17 აპრილის მდგომარეობით ერთ შემთხვევაში 9 900 ლარი, მეორე შემთხვევაში 11 235 ლარი და მესამე შემთხვევაში 12 806 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 12 წლის მოტოციკლის შეთავაზებული მინიმალური ფასი 9900 ლარს შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური 12 806 ლარს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 17 აპრილის მდგომარეობით აშშ დოლართან ლარის ოფიციალური კურსი 2.4172-ით იყო განსაზღვრული, მაშინ დასკვნაში მოცემული სამივე მონაცემის მიხედვით 12 წლის მოტოციკლის საშუალო საბაზრო ღირებულება 4 680.48 აშშ დოლარს შეადგენს. ((9900+11235+12806):2.4172:3=4680.48)).
მოპასუხის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში მითითებული მოტოციკლის ფასის განსაზღვრა სწორად მოხდა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისთვის მოსარჩელის კუთვნილი მოტოციკლის წლოვანება 12 წელი იყო და ვინაიდან, ამავე წლოვანების, მარკის და მოდელის მოტოციკლების საშუალო ფასმა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით 4 680.48 აშშ დოლარი შეადგინა, ამიტომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული ფასი სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო 12.12.2018 და 10.01.2019 წლის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები);
- აუდიტორული დასკვნები (ს.ფ. 37-38; 93-98; 145).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულის წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ამავე საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2016 წლის 22 მარტს ალ-----–-----–-–---–მა, ,,NISSAN NOTE”-ს მარკის ავტომობილით მოძრაობისას, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც მას შეეჯახა ზა-----------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,HONDA CBR600RR” მარკის მოტოციკლი. შეჯახების შედეგად დაზიანდა ზა-----------–---–ის კუთვნილი მოტოციკლი, თავად კი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აგრეთვე დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის 02.04.2016 წლის დადგენილებით, 2016 წლის 22 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ პირს ალ-----–-----–-–---–ი წარმოადგენს.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოპასუხე ალ-----–-----–-–---–მა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მოსარჩელეს ქონებრივი ზიანი მიაყენა. მისი ბრალეულობა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით. აგრეთვე დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ მკურნალობის მიზნით 116.15 ლარის ოდენობით ხარჯი გასწია. დაზიანებული მოტოციკლის ღირებულება კი, საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, 4 137.44 აშშ დოლარით განისაზღვრა. მოსარჩელემ განმარტა, რომ დაზიანებული მოტოციკლის რეალიზაციით მან 700 აშშ დოლარი მიიღო. ამდენად, მოტოციკლის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანი 3437.44 აშშ დოლარს შეადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ, როგორც ზიანის მიყენებაში ბრალეულმა პირმა, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ის ზიანი, რაც მან მისი ბრალეული მოქმედების შედეგად მიაყენა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც მოცემულ შემთხვევაში 116.15 ლარს და 3437.44 აშშ დოლარს შეადგენს.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.
სარჩელი შემოტანილია 2018 წლის 17 იანვარს. ამ დროისთვის ლარის ოფიციალური კურსი აშშ დოლართან მიმართებით შეადგენდა 2.5451ლარს. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 3437.44 აშშ დოლარის და 116.15 ლარის გადახდა. დავის საგნის ფასმა სარჩელის აღძვრის მომენტისთვის ეროვნულ ვალუტაში 8864.77 ლარი შეადგინა. მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო 996 აშშ დოლარის (2534.91 ლარი) ნაწილში.
მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისგან. მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 189.89 ლარის ოდენობით. ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაც შეეხება იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი 2016 ლარის ანაზღაურებას, მოპასუხეს დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 4%-ის გადახდა, რაც 354.59 ლარს შეადგენს.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 18.01.2018 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ცი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 30916-30921-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზა-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ალ-----–-----–-–---–ს მოსარჩელე ზა-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3 437.44 აშშ დოლარის და 116.15 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ალ-----–-----–-–---–ს მოსარჩელე ზა-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 354.59 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე ალ-----–-----–-–---–ს მოსარჩელე ზა-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხე ალ-----–-----–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 189.89 ლარის გადახდა.
6. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 18.01.2018 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ალ-----–-----–-–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქალაქი ყ------–ი, საკადასტრო კოდი 5----------0, გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე