გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4855-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე დ--------------ე
წარმომადგენლები ლ-–--–--–------ე, ს---–-----------ე
მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
წარმომადგენელი ს--–---------–--–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 20 ივლისის №1 სხდომის ოქმი №3----------------- ტესტური დავალებების ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
1.2. დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ--------------ის მიმართ, რომლითაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებული საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით დ--------------ეს ჩაეთვლება ჩაბარებულად.
1.3. დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას დ--------------ის სახელზე გასცეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდის საერთო სპეციალიზაციის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი (იხ.16.10.2018წ. სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დ--------------ემ 2018 წლის 16 ივნისს მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში საერთო სპეციალიზაციით. დ--------------ემ ტესტირების შედეგად დააგროვა 73 ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდებისა და შერჩევის მართვის სისტემიდან (ს.ფ. 99);
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 16 ივნისის ელექტრონული წერილი (ს.ფ. 19).
3.1.2. 2018 წლის 17 ივნისს დ--------------ემ ტესტირების შედეგები 5 ტესტური დავალების, მათ შორის №3----------------- ტესტური დავალებების შეფასების ნაწილში სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო კომისიაში გაასაჩივრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდებისა და შერჩევის მართვის სისტემიდან (ს.ფ. 99);
- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 20 ივლისის №1 სხდომის ოქმი (ს.ფ. 100-103).
3.1.3. 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №1) დ--------------ის საჩივარი დაკმაყოფილდა 1 ტესტური დავალების შეფასების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში, მათ შორის 3----------------- ტესტური დავალებების შეფასების ნაწილში საპრეტენზიო განაცხადი არ დაკმაყოფილდა. დ--------------ის საბოლოო შედეგი განისაზღვრა 74 ქულით და მან ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი (75 ქულა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №1) (ს.ფ. 100-103);
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 20 ივლისის ელექტრონული წერილი (ს.ფ. 21).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება (№1 სხდომის ოქმი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავოს საკითხის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან
6.2. სასამართლო მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც: ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. ამავე ნორმის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით. ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).
სასამართლო ასევე მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.
6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №3----------------- ტესტური დავალებების შეფასებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მითითებული ტესტური დავალებები არ პასუხობს ტესტისთვის დადგენილ ზოგად სტანდარტს, ვინაიდან ტესტური დავალების შინაარსი, დასმული კითხვა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხი სცდება საკითხის გააზრების გონივრულ კრიტერიუმს, ტესტური დავალებების შინაარსი არ იყო სრულყოფილი და გამართული.
სასამართლო განმარტავს, რომ ტესტური დავალებების შერჩევა და შეფასება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, თუმცა მსგავსი კატეგორიის დავების განხილვის პროცესში, სასამართლო კონტროლი შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, შეფასების საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, როდესაც შეფასება ეყრდნობა საკითხის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გამცდარ არასწორ გააზრებას, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
სასამართლო აღნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რა სახისაა და რა მიზანს ემსახურება ტესტი, ის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ: ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რომლის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს მიზნად; მისი შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შედგენილი პასუხებით ან შეფასების სქემით; წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობა სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოსაცდელის უფლებას წარმოადგენს – გამოცდა ჩააბაროს არაორაზროვანი, ნათლად ჩამოყალიბებული ტესტური დავალების (კითხვის) და ასევე ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი პასუხების (დისტრაქტორების) არსებობის პირობებში.
განსახილველ შემთხვევაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №3179 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: „ელენე მუშაობდა საჯარო დაწესებულებაში. ფეხმძიმობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, მას არავითარი პრობლემა არ შექმნია დეკრეტული შვებულების აღებასთან დაკავშირებით. თუმცა მას უარი განუცხადეს ანაზღაურებად შვებულებაზე ან მშობიარობის პერიოდში რაიმე სახის სოციალურ დახმარებაზე. კითხვა - ელენესთან მიმართებაში დაირღვა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული რაიმე უფლება?“ ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეულია „ა“ - ვარიანტი - „დიახ, რადგან პაქტი უზრუნველყოფს ანაზღაურებად დეკრეტს, შვებულებას ან სოციალურ გარანტიებს ფეხმძიმობის პერიოდში.“ აპლიკანტმა სწორ პასუხად მიიჩნია „გ“ - „არა, რადგან პაქტი არ უზრუნველყოფს დეკრეტული შვებულების უფლებას.“ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და არც ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ტერმინს „დეკრეტი“, კითხვა არის დამაბნეველი და შეცდომაში შემყვანი.
ზემოაღნიშნული ტესტური დავალების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, აპლიკანტს უნდა შეეფასებინა ელენესთვის ანაზღაურებად შვებულებაზე ან მშობიარობის პერიოდში რაიმე სახის სოციალურ დახმარებაზე უარით დაირღვა თუ არა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული რაიმე უფლება. ამდენად, აპლიკანტს მოეთხოვებოდა სცოდნოდა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ დედები მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ დროის გონივრული მონაკვეთის განმავლობაში. ამ პერიოდის მანძილზე მომუშავე დედებს უნდა მიეცეთ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფით.
რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტს ტესტურ დავალებაში გამოყენებულ ტერმინთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ როგორც ტესტური დავალების პირობა, ასევე ყველა სავარაუდო პასუხი შეიცავს ტერმინს ,,შვებულება''. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ტესტური დავალების პირობა, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობა არ დგინდება და სწორ პასუხს შეიცავდა „ა“ ვარიანტი.
მოცემულ შემთხვევაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №3180 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: „გიორგიმ შუა ღამის პერიოდში შეაღწია უცნობი პირის დაკეტილ ბინაში იქ არსებული ნივთების მისაკუთრების მიზნით. მან რამდენიმე ჩემოდანი გაავსო ტანსაცმელით, ძვირფასეულობითა და ძვირად ღირებული საოჯახო ტექნიკით. ასევე შეფუთა 4000 ლარად ღირებული ტელევიზორი. გიორგიმ ორი დღის განმავლობაში, ღამის საათებში ნაწილ-ნაწილ გაიტანა ნივთებით სავსე ჩემოდნები. შემდეგ კი დაუკავშირდა ვასოს, აუხსნა ყველაფერი და სთხოვა დახმარებოდა ტელევიზორის გატანაში. მათ ერთად გაიტანეს შეფუთული ტელევიზორი, რაც გიორგიმ სახლში წაიღო. ბინიდან გატანილი ნივთების საერთო ღირებულებამ 25 000 ლარი შეადგინა.“ დააკვალიფიცირეთ გიორგის და ვასოს მოქმედებები. ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეულია „გ“ - „გიორგიმ ჩაიდინა დიდი ოდენობით ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, ხოლო ვასომ - ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.“ აპლიკანტმა სწორ პასუხად მიიჩნია „ა“ - „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ქურდობა“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას.
საკვალიფიკაციო კომისიამ სწორი პასუხის განმარტებისას იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითა, რომ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარ ჩადენილად ითვლება მაშინ, როდესაც დანაშაულის მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, რასაც ამ კაზუსში არ ჰქონია ადგილი. მაშასადამე გიორგი და ვასო დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე არ შეთანხმებულან. ფაბულაში წერია, რომ გიორგი ბინაში შესვლისას და ნივთების გატანის შემდეგ დაუკავშირდა ვასოს ტელევიზორის გასატანად, რაც ქურდობაში წინასწარ შეთანხმებას გამორიცხავს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ჯგუფურ დანაშაულს როგორც წინასწარი შეთახმების გარეშე, ასევე წინასწარი შეთანხმებით. აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ დანაშაულს კანონმდებელი სწორედ „წინასწარი შეკავშირების“ ნიშნით ახასიათებს, ხოლო აღნიშნული ნიშნის არარსებობის შემთხვევაში კი სახეზეა წინასწარი შეთანხმების გარეშე ჩადენილი ჯგუფური დანაშაული.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ჩადენილია განგრძობადი დანაშაული, კერძოდ, ერთიანი მიზნითა და განზრახვით მოქმედი პირი - გიორგი დანაშაულის შემადგენლობის ობიექტურ მხარეს ახორციელებდა ნაწილ-ნაწილ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში და ამასთან გიორგი ვასოს დანაშაულის დაწყების შემდეგ, უკანასკნელი აქტის შესასრულებლად დაუკავშირდა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვასო გიორგის ქურდობის ობიექტური შემადგენლობის უშუალოდ დაწყების შემდეგ შეუერთდა, აღნიშნული გამორიცხავს „წინასწარი შეკავშირების“ ნიშნის არსებობას და მათი მოქმედებების დაკვალიფიცირებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობად.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებაზე (საქმე №75აპ-17), აღნიშნული გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: „ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ დანაშაულის დაწყების შემდეგ, თუნდაც ერთ-ერთი ამსრულებელი დაიწყებს ქმედების შემადგენლობის განხორციელებას, მისი ჩადენის პროცესში დამნაშავეთა შორის შეთანხმება ერთობლივი მოქმედების თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როგორიცაა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ აპლიკანტის პასუხი არასწორია და სწორ პასუხს შეიცავდა „გ“ ვარიანტი - „გიორგიმ ჩაიდინა დიდი ოდენობით ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, ხოლო ვასომ - ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.“
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №3183 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: „მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა გადაცემულ ქონებაზე: ა) დასაშვებია მხოლოდ ქონების ნაწილზე; ბ) დაუშვებელია სამისდღეშიო რჩენის პერიოდში, სარჩენის თანხმობის მიუხედავად; გ) დაუშვებელია; დ) დასაშვებია.“ ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეულია „გ“ - „დაუშვებელია“. აპლიკანტმა სწორ პასუხად მიიჩნია „ბ“ - „დაუშვებელია სამისდღეშიო რჩენის პერიოდში, სარჩენის თანხმობის მიუხედავად“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი პასუხი არსებითად სწორია.
საკვალიფიკაციო კომისიამ ზემოაღნიშნული ტესტური დავალების განმარტებისას მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 945-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაზე და სწორ პასუხად მიიჩნია ტესტური დავალების „გ“ ვარიანტი - დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 945-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობით თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი წინადადება არეგულირებს სარჩენის მიერ მარჩენალისთვის გადაცემულ ქონებაზე მარჩენალის უფლებებს და მიუთითებს, რომ მარჩენალს სარჩენის სიცოცხლეში არ აქვს ამ ქონების გასხვისების, დაგირავების ან სხვაგვარად დატვირთვის უფლება სარჩენის წერილობითი ნებართვის გარეშე. რაც შეეხება ნორმის მე-2 წინადადებას, კანონმდებელი ცალსახად ადგენს, რომ მარჩენალის ვალდებულებების გამო სარჩენის მიერ მარჩენალისათვის გადაცემული ქონების რეალიზაცია დაუშვებელია და აღნიშნული დანაწესთან დაკავშირებით რაიმე სახის დათქმას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ მითითებული ნორმის ცოდნა მოეთხოვებოდა მოცემულ შემთხვევაში გამოსაცდელს, რასაც შეიცავდა სწორ პასუხად დადგენილი ,,გ“ ვარიანტი - „დაუშვებელია“.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 20 ივლისის №1 სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის მოთხოვილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სერტიფიკატის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ--------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია