გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1771-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.12.2018 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კ----იძე
მოსარჩელეები ა------ ვ------–--ე
ზ---- ვ------–--ე
წარმომადგენლები ანა გორდეზიანი
მოპასუხეები ლ--–- რ------–---–ი
ნ----- ბ---------–ი
წარმომადგენლები ნანა მაისურაძე
დავის საგანი იპოთეკის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ქობულეთი სოფელი ბობოყვათი კოდი 2-----------, ნ----- ბ---------–ისა და ლალი რ------–---–ის სასარგებლოდ 2014 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული იპოთეკის უფლება.
სარჩელის გარემოებები:
2011 წლის 8 დეკემბერს გამსესხებლებს კ---- ხ--------–---–ს და თ------ გ------ეს და მეორეს მხრივ მსესხებელს ა------ ვ------–--ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა------ ვ------–--ემ 3 თვის ვადით ისესხა 11 000 აშშ დოლარ (კ---- ხ--------–---–ისაგან 9000 აშშ დოლარი, თ------ გ------ისაგან 2 000 აშშ დოლარი). სესხის სარგებელია თვეში 5%. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქობულეთში, ბობოყვათი მდებარე უძრავი ქონებს კოიდ 2-----------. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება სრულად ვერ შეასრულა, თუმცა მის მიუხედავად მხარეთა შეთანხმებით გაუქმდა იპოთეკა.
2014 წლის 17 აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ზ---- ვ------–--ემ გამსესხებლების ნ----- ბ---------–ის და ლალი რ------–---–ისაგან 6 თვის ვადით სესხად მიიღო 12 000 აშშ დოლარი, საიდანაც 9000 აშშ დოლარი ისესხა ნ----- ბ---------–ისაგან ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით, ხოლო ლალი რ------–---–ისაგან 3000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 3,5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქობულეთში, ბობოყვათი მდებარე უძრავი ქონება კოდოდ 2-----------. ამ ხელშეკრულების საფუძველზე სესხის რეალურად გადაცემა არ მომხდარა, ახალი ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 8 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, ხოლო მხარები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მსესხებლები შესრულებას განახორციელებდნენ თ------ გ------ის მიმართ, რომელიც არის იპოთეკარების ოჯახის წევრი. ზ---- ვ------–--ის წარმომადგენელი ნათი ჩაფიძე იპოთეკარების მითითებით სესხად აღებულ თანხას პერიოდულად რიცხავდა თ------ გ------ის ანგარიშზე. დღეის მდგომარეობით ზ---- ვ------–--ეს სრულად აქვს გადახდილი ძირითადი თანხა 12 000 აშშ დოლარი. თანხები გადახდილია შემდეგი პერიოდულობით:
2016 წლის 4 ივლისი - 500 აშშ დოლარი
2016 წლის 5 აგვისტო - 500 აშშ დოლარი
2016 წლის 5 სექტემბერი - 500 აშშ დოლარი
2016 წლის 3 ოქტომბერი - 500 აშშ დოლარი
2016 წლის 8 ნოემბერი - 500 აშშ დოლარი
2016 წლის 5 დეკემბერი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 3 იანვარი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 6 თებერვალი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 4 მარტი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 3 აპრილი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 5 მაისი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 29 მაისი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 30 ივნისი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 24 ივლისი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 21 აგვისტო - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 3 ოქტომბერი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 3 ნოემბერი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 4 დეკემბერი - 500 აშშ დოლარი
2018 წლის 15 იანვარი - 500 აშშ დოლარი
2018 წლის 5 თებერვალი - 501 აშშ დოლარი
2018 წლის 5 მარტი - 501 აშშ დოლარი
2018 წლის 5 აპრილი - 501 აშშ დოლარი
2018 წლის 3 მაისი - 501 აშშ დოლარი
გადახდის დანიშნულებაში მითითებულია ზ---- ვ------–--ის სესხის ძირითადი თანხის დაფარვა. ნ----- ბ---------–ის მიმართ გადახდილია 9000 აშშ დოლარი, ხოლო ლალი რ------–---–ისათვის 3000 აშშ დოლარი. სესხის ძირითადი თანხა სრულად გადახდილია 25018 წლის 3 მაისს. იმის გამო, რომ თ------ გ------ე აყოვნებს შესრულების მიღებას და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ნათი ჩაფიძემ ზ---- ვ------–--ის მიმართ ნაკისრი პროცენტის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა 2250 აშშ დოლარი 2018 წლის 2 ივნისს. ამდენად, მსესხებელმა სრულად შეასრულა სასესხო ვალდებულება, რის გამო იპოთეკის უფლება უნდა გაუქმდეს.
2. მოპასუხის პოზიცია
ნ----- ბ---------–მა და ლალი რ------–---–მა სარჩელი არ ცნეს შემდეგი გარემოებების გამო:
თ------ გ------ის ანგარიშზე ნამდვილად არის ჩარიცხულია სადაო სესხის ხელშეკრულების შესრულების მიზნით სესხის ძირითადი თანხა, ხოლო ნოტარიუსის დეპოზიტზე თანხის განთავსების შესახებ მათ მხოლოდ სარჩელით შეიტყვეს. მოსარჩელეს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტო სრულად აქვთ გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მნიშვნელოვანი გადაცილებით, ხოლო სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს 0,2%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადის გადაცილება შეადგენს 625 დღეს (2014 წლის 17 ოქტომბრიდან 2016 წლის 7 ივლისამდე), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველდღიური პირგასამტეხლოა 59,28 ლარი, რაც ჯამურად არის 37 000 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 8 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებულია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გამსესხებლებს კ---- ხ--------–---–ს და თ------ გ------ეს და მეორეს მხრივ მსესხებელს ა------ ვ------–--ეს შორის, რომლის საფუძველზე ა------ ვ------–--ემ 3 თვის ვადით ისესხა 11 000 აშშ დოლარი (კ---- ხ--------–---–ისაგან 9000 აშშ დოლარი, თ------ გ------ისაგან 2 000 აშშ დოლარი). სესხის სარგებელია თვეში 5%. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქობულეთში, ბობოყვათი მდებარე უძრავი ქონება - 1554 კვ;.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა (კოდი 2-----------). მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება სრულად ვერ შეასრულა, თუმცა ამის მიუხედავად მხარეთა შეთანხმებით გაუქმდა იპოთეკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულების ასლი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.22-29. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 3-10. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 106-109. 133-137. ტომი 1)
3.1.2. 2014 წლის 17 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გამსესხებლებს ნ----- ბ---------–სა და ლალი რ------–---–ს და მეორეს მხრივ მსესხებელს ზ---- ვ------–--ეს შორის. ხელშეკრულების საფუძველზე ზ---- ვ------–--ემ 6 თვის ვადით სესხად მიიღო 9000 აშშ დოლარი ნ----- ბ---------–ისაგან ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით, ხოლო ლალი რ------–---–ისაგან 3000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 3,5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქობულეთში, ბობოყვათი მდებარე უძრავი ქონება კოდი 2-----------. ხელშეკრულების საფუძველზე ნ----- ბ---------–ისა და ლალი რ------–---–ის იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამ ხელშეკრულების საფუძველზე სესხის რეალურად გადაცემა არ მომხდარა, ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 8 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, ხოლო მხარები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი შესრულებას განახორციელებდა თ------ გ------ის მიმართ, რომელიც არის იპოთეკარების ოჯახის წევრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულების ასლი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.30-35, ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 3-10. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 106-109. 133-137. ტომი 1)
3.1.3. ზ---- ვ------–--ის წარმომადგენელი ნათია ჩაფიძე იპოთეკარების მითითებით სესხად სესხის ხელშეკრულების შესრულების მიზნით თანხას პერიოდულად რიცხავდა თ------ გ------ის საბანკო ანგარიშზე. საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია სესხის ძირითადი თანხა სრულად 12 000 აშშ დოლარი. თანხები გადახდილია შემდეგი პერიოდულობით:
2016 წლის 4 ივლისი - 500 აშშ დოლარი
2016 წლის 5 აგვისტო - 500 აშშ დოლარი
2016 წლის 5 სექტემბერი - 500 აშშ დოლარი
2016 წლის 3 ოქტომბერი - 500 აშშ დოლარი
2016 წლის 8 ნოემბერი - 500 აშშ დოლარი
2016 წლის 5 დეკემბერი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 3 იანვარი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 6 თებერვალი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 4 მარტი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 3 აპრილი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 5 მაისი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 29 მაისი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 30 ივნისი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 24 ივლისი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 21 აგვისტო - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 3 ოქტომბერი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 3 ნოემბერი - 500 აშშ დოლარი
2017 წლის 4 დეკემბერი - 500 აშშ დოლარი
2018 წლის 15 იანვარი - 500 აშშ დოლარი
2018 წლის 5 თებერვალი - 501 აშშ დოლარი
2018 წლის 5 მარტი - 501 აშშ დოლარი
2018 წლის 5 აპრილი - 501 აშშ დოლარი
2018 წლის 3 მაისი - 501 აშშ დოლარი
გადახდის დანიშნულებაში მითითებულია ზ---- ვ------–--ის სესხის ძირითადი თანხის დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 3-10. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 106-109. 133-137. ტომი 1)
- საგადახდო დავალებების ასლები (ს.ფ. 36-58. ტომი 1)
- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები (29.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.4. 2018 წლის 2 ივნისს ნოტარიუს თამილა გოგატიშვილის მიერ შედგენილია ნოატრიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე ფულის მიღების ოქმი, რომლის მიხედვით, თანხის გადამცემი ნათია ჩაფიძისაგან მიღებულია 2250 აშშ დოლარი ნ----- ბ---------–სა და ლალი რ------–---–ს შორის 2014 წლის 17 აპრილს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ზ---- ვ------–--ის ვალდებულების შესასრულებლად. ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხა არის 2014 წლის 17 აპრილს დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 3-10. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 106-109. 133-137. ტომი 1)
- ფულის დეპოზიტში მიღების აქტი (ს.ფ. 59-62. ტომი 1 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები მხარეებს შორის სადაო არ არის.
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასესხო ვალდებულება სრულად შესრულებული არ არის, რის გამოც იპოთეკის გაუქმების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლი, 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 153-ე მუხლი, 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 427-ე, 316-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420-ე, 434-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.
ზ---- ვ------–--ის სასესხო ვალდებულება უზრუნველყოფილის იპოთეკით, იპოტეკით დატირთული მესამე პირის ა------ ვ------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკა უზრუნველყოფს სესხის მთლიანი მოცულობით. აგრეთვე უზრუნველყოფილია სესხი, მასზე დარიცხული სარგებელი, პირგასამტეხლო და შესაძლო ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.
იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რადგან იგი სესხის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი გარიგება არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაში იგულისხმება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ზუსტი დაცვით.
ზ---- ვ------–--ის ფულადი ვალდებულება წარმოიშვა 2014 წლის 17 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ თანხა ისესხა 6 თვის ვადით ყოველთვიურად სარგებლის დარიცხვით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებლის ნ----- ბ---------–ის მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებაა სესხის ძირითადი თანხა 9000 აშშ დოლარი და სარგებელი 1620 აშშ დოლარი, ხოლო ლალი რ------–---–ის მიმართ გადასახდელია სესხის ძირითადი თანხა 3000 აშშ დოლარი და სარგებელი 630 აშშ დოლარი.
მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ მსესხებელმა სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ვალდებულება ამის გამო სრულად არ შესრულებულა და ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ფარდობითი (რელატიური) ურთიერთობაა. კრედიტორის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით, რომელიც ვალდებულებას კრედიტორის მიმართ ასრულებს. ვალდებულება წყდება, როდესაც ნაკისრი ვალდებულება სრულად შესრულდება კრედიტორის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, 1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. 2. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
ეს ნორმა ადგენს ვალდებულებითი სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს იმის შესახებ, რომ აუცილებელია მოვალემ ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და რისი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა.
ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება 427-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების შეწყვეტა.
კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს.
ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ვალდებულება არ წყდება და როგორც წესი, შედეგად იწვევს ვალდებულების დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელ დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. თუ როგორი შესრულებაა ჯეროვანი, უპირველეს ყოვლისა,ხელშეკრულებით განისაზღვრება.
ამ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის (ძირითადი თანხის და სარგებლის) დაბრუნება 6 თვის ვადაში. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხას ამ ვადაში დააბრუნებდა. მოსარჩელემ მართალია სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი სრულად დააბრუნა, მაგრამ მან თანხა გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მნიშვნელოვანი გადაცილებით. ხელშეკრულების მიხედვით, სესხი უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 17 ოქტომბრამდე, ხოლო მოსარჩელემ სესხის დაბრუნების მიზნით თანხის გადახდა დაიწყო 2016 წლის 4 ივლისს - 1 წლისა და 8 თვის დაგვიანებით. სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი სრულად გადაიხადა 2018 წლის 3 ივნისს. ამდენად, მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულების შესრულება დაიწყო 1 წლისა და 8 თვის დაგვიანებით, ხოლო ვალდებულების შესრულება დაასრულა 3 წლის 7 თვის დაგვიანებით.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველდღიურად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ის ოდენობით. შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებლები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.
361-ე მუხლის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და ყველა სახის ვალდებულებითი ურთიერთობისთვის მთავარი პრინციპია. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილეებს კანონი ავალდებულებს კეთილსინდისიერად და სხვათა უფლებებისადმი გულისხმიერად მოპყრობას. ამდენად, კეთილსინდისიერება მოიცავს სხვათა ინტერესებისადმი გულისხმიერებას, რაც გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი – ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე – ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება მოვალის ვალდებულებაა, შესაბამისად მოვალემ უნდა მიიღოს ზომები, რათა კრედიტორის მიმართ ვალდებულება შესრულდეს სრულად, შეთანხმებული პირობების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს გადასახდელი თანხის 0,2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტორის განმარტებით, ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოა 37 000 ლარი, რაც მოვალეს არ გადაუხდია.
მოპასუხეს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების პირობებში სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენს შეადგენს ხელშეკრულების დარღვევისათვის გონივრული და სამართლიანი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის და საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის ყველა გარემოების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბერის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან". ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისათვის ყურადღება ექცევა დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს. ასევე ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს.
ხელშეკრულების გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლის მიხედვით ერთ დღეში გადასახდელი პირგასამტეხლოა 59,23 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთ დღეში ასეთი ოდენობის თანხის დარიცხვა არაგონივრულია მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შესრულდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი და მოვალე აიძულოს პირგასამტეხლოს დაკისრების შიშით ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
მსესხებელმა ჯეროვად არ შეასრულა ვალდებულება, მან სესხის თანხა გადაიხადა დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ ეს კრედიტორს არასამართლიანი ოდენობის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოუშობს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ვადის გადაცილებისა, კრედიტორებს მოვალისაგან არ მოუთხოვიათ კონკრეტული თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა. ამ დროის მანძილზე მსესხებელმა სრულად გადაიხადა სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი. ვალდებულების დარღვევიდან ხანგრძლივი დროის გასვლის გამო პირგასამტეხლოს პრევენციული ფუნქციის მნიშვნელობა, ზეწოლის ეფექტი აღარ აქვს, რის გამოც არაგონივრულია მოვალეს დაეკისროს იმ ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა, რაც დაეკისრებოდა ვალდებულების დარღვევიდან მოკლე ვადაში ან ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს გონივრულობა ნიშნავს იმ ფარგლებს, როცა პირგასამტეხლოს თანხა მის დანიშნულებას - ვალდებულების დარღვევის პრევენციას და შესაძლო ზიანის ანაზღაურებას ამართლებს.
სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და არა შემოსავლის მიღება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის ვალდებულება სრულად არის შესრულებული, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, ხოლო რადგან ვალდებულება შესრულდა ვადის ხანგრძლივი გადაცილებით იგი უნდა განისაზღვროს ჯამურად 3000 აშშ დოლარით. პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია ასევე მოსარჩელეების მიერ მითითებული ის გარემოება, რომ 2014 წლის 17 აპრილის ხელშეკრულება ფაქტობრივად დაიდო მანამდე 2011 წელს კ---- ხ--------–---–სა და თ------ გ------ესთან დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესასრულებლად, რასაც ის გარემოებაც მოწმობს, რომ ვალდებულება თ------ გ------ის მიმართ სრულდებოდა. ამდენად, ფაქტობრივად დავა შეეხება 2011 წელს თ------ გ------ისაგან და კ---- ხ--------–---–ისაგან მიღებული სესხის თანხის დაბრუნებას, ეს ვალდებულება კი საბოლოოდ 2018 წლის 2 ივნისს შესრულა, რამდენიმე წლიანი ვადის გადაცილებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ვალდებულების ჯეროვანი შესრულება მოიცავს ასევე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, რაც მსესხებელს არ შეუსრულებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 434-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია დეპონირება. ამ ნორმის მიხედვით, 1. თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში,ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. 2. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულებითი ურთიერთობის ქვეშ ვიწრო გაგებით იგულისხმება ყველა ის ცალკეული მოთხოვნა (მოთხოვნითი ხასიათის ურთიერთობა), რომელთა ერთობლიობაც საერთო ჯამში ქმნის ვალდებულებით ურთიერთობას. ვალდებულებითი ურთიერთობის ქვეშ ფართო გაგებით კი იგულისხმება ყველა ის ცალკეული მოთხოვნის /ვალდებულების (მოთხოვნითი ხასიათის ურთიერთობის) ერთობლიობა, რაც საერთო ჯამში წარმოადგენს ერთი მთლიანი ვალდებულებითი ურთიერთობის შემადგენელ ნაწილს. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის კომენტარი).
.
ვალდებულების შეწყვეტაში იგულისხმება, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა დასრულებულია, კრედიტორის ყველა მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულია, ვალდებულებითი ურთიერთობა აღარ არსებობს და კრედიტორს მოვალის მიმართ მოთხოვნის საფუძველი აღარ აქვს. ვალდებულებითი ურთიერთობა სრულად მხოლოდ მას შემდეგ შეწყდება, როცა მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს, რაც განსახილველი ხელშეკრულების შემთხვევაში სახეზე არ არის. მოვალემ ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, ნაწილობრივ, მას არა აქვს გადახდილი სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო. მხარეთა შეთანხმებით იპოთეკა უზრუნველყოფს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილ ყველა ფულად ვალდებულებას, მათ შორის პირგასამტეხლოს, რომლის გონივრული ოდენობაა 3000 აშშ დოლარი. იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება ძირითადი ვალდებულებასთან სამართლებრივად განუყოფლად არის დაკავშირებული და ეს უფლება წყდება მხოლოდ იმ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც წარმოშობილია იპოთეკის უფლება. ვინაიდან სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შესასრულებელია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, სასესხო ვალდებულება შეწყვეტილი არ არის და მის უზრუნველსაყოფად დადგენილი იპოთეკის უფლების შეწყვეტის საფუძველიც არ არსებობს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ლალი რ------–---–ის მიმართ სასესხო ვალდებულებაა ძირითადი თანხა 3000 აშშ დოლარი, პროცენტი სულ 630 აშშ დოლარი, ჯამურად 3630 აშშ დოლარი. 2014 წლის 21 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებულია ლალი რ------–---–ის ხელწერილი, სადაც მითითებულია, რომ ვალის 3000 აშშ დოლარის და სარგებლის 450 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში მოხსნის იპოთეკას ა------ ვ------–--ის ქონებაზე, ხოლო ვალის დაგვიანების შემთხვევაში დაერიცხება გრაფიკით გათვალისწინებული პროცენტი. ხელწერილი შედგენილია 2017 წლის 17 აპრილის სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე და მასში იპოთეკის გაუქმების პირობად მითითებულია ვალის გადახდა, რომლის შესრულებამდე იპოთეკა რჩება ძალაში. ხელწერილი პირგასამტეხლოს პატიების პირობას არ შეიცავს, რადგან მასში მითითებულია რომ ვალის დაგვიანების შემთხვევაში სესხის დაერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების მოცულობის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით ლალი რ------–---–ის მიმართ გადასახდელი პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობაა 700 აშშ დოლარი.
რაც შეეხება ნ----- ბ---------–ის მიმართ ფულად ვალდებულებას. სესხის ძირითადი თანხაა 9000 აშშ დოლარი, სარგებელი 1620 ლარი, ჯამურად 10 620 აშშ დოლარი, რომლებიც სრულად გადახდილია და ამ ნაწილში ვალდებულება შეწყვეტილია. სასესხო ფულადი ვალდებულების მოცულობის, ვადის გადაცილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით გონივრული პირგასამტეხლოა 2300 აშშ დოლარი. ორივე გამსესხებლის მიმართ გადასახდელი პირგასამტეხლოა 3000 აშშ დოლარი.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი ვერ აუნაზღაურდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს ზ---- ვ------–--ის და ა------ ვ------–--ის სარჩელი იპოთეკის გაუქმების შესახებ;
2. მოსარჩელეებს უარი ეთქვთა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი