გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.01.2019
საქმის ნომერი
330210018002551931
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21769-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - სს „აზ---------------------–--------------------------–ო“

წარმომადგენლები - სი----------–---–ი, სა-–--------------ე

მოპასუხეები - შპს „BU--------”, გვ--–---------ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „BU--------”-სა და გვ--–---------ე სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2012 წლის 10 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2700.56 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1473.89 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1226.67 აშშ დოლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2012 წლის 10 თებერვალს სს „აზ---------------------–--------------------------–ოსა“ და შპს „BU--------”-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №10.02.1----- შემდეგი ძირითადი პირობებით: კრედიტის ოდენობა - 5000 აშშ დოლარი; ვადა - 1 წელი; საპროცენტო განაკვეთი წლიური - 24%; პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თანხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, სს „აზ---------------------–--------------------------–ოსა“ და გვ--–---------ეს შორის 2012 წლის 10 თებერვალს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №10.02.1-----, რომლის საფუძველზეც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე მსესხებლის მიერ 10.02.2012წ. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. თავდების პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა - 6500 აშშ დოლარით.

 

მსესხებელმა სრულად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა მის მიერ სისტემატურად ირღვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოსარჩელემ მსესხებელსა და თავდებს გაფრთხილების წერილები გაუგზავნა და მოუწოდა დაეფარათ ბანკის წინაშე არსებული დავალიანება, მაგრამ უშედეგოდ, ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

 

2018 წლის 16 ივლისის მდგომარეობით, 10.02.2012წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანებამ შეადგინა - 2700.56 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი გადაუხდელი თანხაა - 1473.89 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1226.67 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს „BU--------”-ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხე გვ--–---------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თავდებობის ხელშეკრულება გაფორმებულია ფორმის დაუცველად, ვინაიდან თავდებობის ხელშეკრულების ფორმის დასაცველად აუცილებელია არსებობდეს თავდების განცხადება, თუმცა ასეთი განაცხადი გვ--–---------ის მიერ არ გაკეთებულა, რის გამოც თავდებობის ხელშეკრულება დადების მომენტიდანვე ბათილია.

 

მოპასუხე გვ--–---------ემ, ასევე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მისი განმარტებით, გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სამ წლიანი ვადა. კერძოდ, მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2012 წლის 10 თებერვალს. დავალიანების გადახდა უნდა მომხდარიყო ერთი წლის განმავლობაში - 2013 წლის 11 თებერვლის ჩათვლით. შესაბამისად, მხარე უფლებამოსილი იყო მოთხოვნა დაეყენებინა 2016 წლის 11 თებერვლის ჩათვლით. მოსარჩელის მიერ, კი სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 18 ივლისს, რის გამოც გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 10 თებერვალს სს „აზ---------------------–--------------------------–ოსა“ და შპს „BU--------”-ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №10.02.1----- შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 5000 აშშ დოლარი; კრედიტის ხანგრძლივობა - 01 წელი; საპროცენტო განაკვეთი წლიური - 24%;

 

ხელშეკრულების 5.3.4. პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების გრაფიკის დარღვევისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.2%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2013 წლის 11 თებერვლისა. ამასთან, თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ბანკის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად (დასაკმაყოფილებლად) გამოყენებული იქნება თავდებობის ხელშეკრულება №10.02.1-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.02.2012წ. საკრედიტო ხელშეკრულება დანართით ქართულ და რუსულ ენაზე (იხ. ს.ფ. 18-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2012 წლის 10 თებერვალს სს „აზ---------------------–--------------------------–ოსა“ და გვ--–---------ეს (თავდები) შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება №10.02.1----, რომლითაც თავდებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ძირითადი მოვალის შპს „BU--------”-ის მიერ 2012 წლის 10 თებერვალს დადებული №10.02.1---- საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა 6500 აშშ დოლარით.

 

ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, 2012 წლის 10 თებერვალს დადებული №10.02.1----- საკრედიტო ხელშეკრულება წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.02.2012წ. თავდებობის ხელშეკრულება ქართულ და რუსულ ენაზე (იხ. ს.ფ. 29-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. შპს „BU--------”-ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ შორის 2012 წლის 10 თებერვალს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ 2013 წლის 10 ივნისის წერილით შპს „BU--------”-ს, ხოლო 2013 წლის 08 ნოემბრის წერილით გვ--–---------ეს ეცნობათ ვალდებულების დარღვევის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები (იხ. ს.ფ. 36-37);

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 38);

- ამონაწერი ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 39-40; 52-53; 55-70);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. შპს „BU--------”-ის მიერ, მასსა და სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ შორის 2012 წლის 10 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, ბოლო გადახდა განხორციელდა - 2015 წლის 07 ოქტომბერს 200 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ვადაგადაცილებული სესხის ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ მიერ 2018 წლის 17 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, 2018 წლის 16 ივლისის მდგომარეობით, 10.02.2012წ. №10.02.1----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „BU--------”-ის დავალიანება სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ მიმართ შეადგენს - 2700.56 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1473.89 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1226.67 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 17.07.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 38)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს „BU--------”-ის და გვ--–---------ისათვის 10.02.2012წ. საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2700.56 აშშ დოლარის, დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია. (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 ნაწილში)

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე, 144-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 867-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 10 თებერვალს სს „აზ---------------------–--------------------------–ოსა“ და შპს „BU--------”-ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №10.02.1----- შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 5000 აშშ დოლარი; კრედიტის ხანგრძლივობა - 01 წელი; საპროცენტო განაკვეთი წლიური - 24%; ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების გრაფიკის დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ვადაგადაცილებული თანხის 0.2%-ის ოდენობით. კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2013 წლის 11 თებერვლისა. ხოლო, თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. კერძოდ, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ)შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა 2012 წლის 10 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, გაფრთხილების მიუხედავად, დადგენილ ვადაში არ იქნა გადახდილი გრაფიკით განსაზღვრული კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის - 1473.89 აშშ დოლარი დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2012 წლის 10 თებერვალს სს „აზ---------------------–--------------------------–ოსა“ და შპს „BU--------”-ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების გრაფიკის დარღვევისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.2%-ის ოდენობით. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 1226.67 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ასევე საფუძვლიანია.

 

6.3. რაც შეეხება თავდების პასუხისმგებლობას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს თავდებობის ფორმაზე, ვინაიდან მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი 10.02.2012წ. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობა. კერძოდ, მისი განმარტებით, ვინაიდან თავდებობის ხელშეკრულებასთან ერთად გაფორმებული არ არის თავდების წერილობითი განცხადება, თავდებობის ხელშეკრულება ფორმის დაუცველადაა დადებული და შესაბამისად ბათილია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

ამდენად, თავდებობა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლის ფარგლებშიც თავდები შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, გამოხატავს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულების ნებას. თავდებობა გამოხატულ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულების არსებით პირობად მიჩნეულია, რომ თავდებობის დოკუმენტში მითითებული იყოს ის კონკრეტული მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც კისრულობს თავდები პასუხისმგებლობას. თავდებობის ხელშეკრულების ძირითადი სუბიექტები არიან თავდები და კრედიტორი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა, დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ამ ხელშეკრულების მხარისაგან.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ წერილობითი ფორმის მიმართ სსკ-ის 892-ე მუხლი ადგენს დამატებით მოთხოვნას. კერძოდ, თავდების წერილობით განცხადებას თავდებობის კისრების შესახებ. თუმცა, ეს უკანასკნელი შეიძლება გაფორმდეს როგორც ცალკე დოკუმენტის სახით, ისე შევიდეს თავდებობის ხელშეკრულებაში შესაბამისი დებულების სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 10 თებერვალს სს „აზ---------------------–--------------------------–ოსა“ და გვ--–---------ეს შორის, წერილობითი ფორმით, დაიდო თავდებობის ხელშეკრულება №10.02.1----, რომლითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის - შპს „BU--------”-ის მიერ 10.02.2012წ. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა 6500 აშშ დოლარით.

 

ამრიგად, თავდებობის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა წერილობითი ფორმით და დადასტურებულ იქნა თავდების - გვ--–---------ის ხელმოწერით. აღნიშნულ დოკუმენტში გამოხატულია თავდების ნება იმის შესახებ, რომ იგი თანახმაა იკისროს პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის ვალდებულებისათვის. დოკუმენტში მითითებულია კონკრეტული მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც იკისრა თავდებმა პასუხისმგებლობა. დადგენილია, ასევე რომ მითითებული დუკუმენტი მიიღო კრედიტორმა, რაც დადასტურებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებაზე სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ გენერალური დირექტორის სა--------–---ის ხელმოწერით. კრედიტორს თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებზე არ გამოუთქვამს პრეტენზია, გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება შპს „BU--------”-თან და გასცა სესხი.

 

შესაბამისად, მოპასუხე გვ--–---------ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უნდა არსებობდეს ორი წერილობითი დოკუმენტი (განცხადება და თავდებობის დოკუმენტი), სასამართლო არ ეთანხმება, რადგან კანონი არ კრძალავს ერთი დოკუმენტით გაფორმდეს, როგორც თავდების განცხადება, ასევე ხელშეკრულების არსებითი პირობები. წარმოდგენილ დოკუმენტში, როგორც აღინიშნა, არის გამოხატული, როგორც თავდების ნება (განცხადება), ასევე ხელშეკრულების არსებითი პირობები. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ თავდებობა ფორმის დაცვითაა გაფორმებული და შესაბამისად ნამდვილია. (იხ. სუსგ. №ას-3კ-432-02; 07 ივნისი, 2002წ.)

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ 10.02.2012წ. №10.02.1---- თავდებობის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის ამავე თარიღში გაფორმებული №10.02.1----- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოებების გამო: მოპასუხე თავის მოსაზრებას აფუძნებს თავდებობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტს, სადაც მითითებულია სხვა საკრედიტო ხელშეკრულების ნომერი. კერძო, აღნიშნულ პუნქტში მითითებულია რომ თავდები კისრულობს სოლიდარულ პასუხისმგებლობას 2012 წლის 10 თებერვალს ბანკთან დადებული №10.02.1---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის. თუმცა, ამავე ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, 2012 წლის 10 თებერვალს დადებული №10.02.1----- საკრედიტო ხელშეკრულება წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ხოლო 10.02.2012წ. №10.02.1----- საკრედიტო ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, კი ბანკის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად (დასაკმაყოფილებლად) გამოყენებული იქნება თავდებობის ხელშეკრულება №10.02.1----. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თავდებობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებული საკრედიტო ხელშეკრულების ნომერი წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას და 10.02.2012წ. №10.02.1---- თავდებობის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა სწორედ 10.02.2012წ. №10.02.1----- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე გვ--–---------ე (თავდები პირები) ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულია სოლიდარულად გადაიხადოს სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ მიმართ არსებული დავალიანება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ - დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და, მეორე მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან – უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან – დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან შპს „BU--------”-ს სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა ევალებოდა არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მის მიმართ ხანდაზმულობის ვადის გამოთვლაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესით უნდა მოხდეს. კერძოდ:

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 10 თებერვალს სს „აზ---------------------–--------------------------–ოსა“ და შპს „BU--------”-ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №10.02.1----- შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 5000 აშშ დოლარი; კრედიტის ხანგრძლივობა - 01 წელი; საპროცენტო განაკვეთი წლიური - 24%; კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიური თანაბარი გადახდების სახით, არაუგვიანეს 2013 წლის 11 თებერვლისა. დადგენილია, ასევე რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. პირველად ვალდებულების დარღვევა მოხდა 2012 წლის 11 ივნისს, როდესაც მსესხებელმა არ გადაიხადა გრაფიკით განსაზღვრული მიმდინარე გადასახადი. ამასთან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სესხი გაცემულ იქნა ერთი წლის ვადით და მსესხებლის მიერ სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ბოლო ნაწილის გადახდა უნდა მომხდარიყო 2013 წლის 11 თებერვალს. ამდენად, 2013 წლის 12 თებერვლიდან დაიწყო ამ დროისათვის გადასახდელი თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა და ამოიწურა 2016 წლის 11 თებერვალს. აღნიშნულის შესაბამისად ამოიწურა წინა თვეებში გადასახდელი თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც.

 

სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ ზემოთ აღნიშნულ ვადაში მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია. ხოლო, განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 19 ივლისს ხანდაზმულობის ზემოთ მითითებული ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, სს „აზ---------------------–--------------------------–ოსა“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ 2015 წლის 07 ოქტომბერს დავალიანების ნაწილის - 200 აშშ დოლარის გადახდით სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, შეწყდა ხანდაზმულობის ვადა მთლიან მოთხოვნაზე და მისი ათვლა თავიდან დაიწყო, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, ასეთ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. ამასთან, როგორც სარჩელზე დართული ამონაწერებიდან დგინდება, მსესხებლის მიერ პირველად საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევა მოხდა 2012 წლის 11 ივნისს, ვინაიდან მის მიერ არ განხორციელდა გრაფიკით განსაზღვრული კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ამ პერიოდიდან მოყოლებული კრედიტორის მიმართ დაუგროვდა გადაუხდელი სასესხო დავალიანება, რომელიც 2015 წლის 07 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა - 1473.89 ლარს. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დასტურდება კონკრეტულად რა პერიოდის დავალიანება იქნა გადახდილი მოპასუხის მიერ 2015 წლის 07 ოქტომბერს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დავალიანების ნაწილობრივ გადახდით არ მომხდარა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, არამედ გადახდილი თანხით დაიფარა დავალიანება აღნიშნული ვადის შეწყვეტის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, კი ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იძულების წესით იგი განუხორციელებელია. ანუ, ამ უფლების რეალიზაცია სრული მოცულობით დამოკიდებული ხდება მოვალის ნება-სურვილზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლით სამართლებრივი ვალდებულება უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად, ვინაიდან სამართლებრივია მხოლოდ ის ვალდებულება, რომლის ძალითაც კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მოვალისაგან შესრულება, რაც მოიცავს სასარჩელო წესით უფლების დაცვასაც. ვადის გასვლით კი, სამართლებრივად აღუსრულებადი, განუხორციელებადი ვალდებულება გარდაიქმნება ნატურალურ, ზნეობრივ ვალდებულებად.

 

ამრიგად, დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით, დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე, 144-ე, 867-ე მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „აზ---------------------–--------------------------–ოს“ სარჩელი შპს „BU--------”-სა და გვ--–---------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე