გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210018002415601
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/12238-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.12.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე - ი------------------ე;

წარმომადგენლები: ნ----------ე, თ---------------ი;

მოპასუხე - შპს ''ჩ-------------1'';

წარმომადგენლები - ქ---------------------ა, გ----------------ე;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ''ჩ-------------1''-ს ი-------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს - 12250 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ი------------------ე უკვე 10 წელზე მეტია არის ტოტალიზატორ ''ე-------------ს'' მომხმარებელი, მას ასევე რეგისტრაცია გავლილი აქვს ინტერნეტ საიტზე და ძირითადად ფსონის დადებას ახორციელებს ონლაინ რეჟიმში. მოსარჩელემ 2017 წლის 20 სექტემბერს ინტერნეტ გვერდის მეშვეობით დადო ფსონი 300 ლარი, ბილეთის N1--------, რომელმაც მოიგო და მხარემ მიიღო სასურველი შედეგი. კოეფიციენტზე გამრავლებით ჯამში თანხა შეადგენდა 12250 ლარს. მოსარჩელემ მოითხოვა მოგებული თანხა, თუმცა მოპასუხემ თანხის გადაცემაზე უარი განაცხადა გაურკვეველი მიზეზებით. შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის სასარგებლოდ მოგებული თანხის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ''ჩ-------------1''-ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს მისი დაუსაბუთებლობის გამო.

 

შესაგებელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს მოხდა მოპასუხის ვებ-გვერდზე თამაშობა ტოტალიზატორში ბილეთის შედგენა და ფსონის 300 ლარის ოდენობით განთავსება. ბილეთი დადებული იყო 5 სხვადასხვა თამაშზე, მათ შორის რეალ მადრიდი - ბეთის სევილია, მის მიერ მითითებული პოზიცია იყო კარში დარტყმების რაოდენობა 12.5 ან მეტი. აღნიშნული მატჩის განმავლობაში, რომელიც გაიმართა 2017 წლის 21 სექტემბერს რეალ მადრიდის ფეხბურთელებმა განახორციელეს 7 კარში დარტყმა, ხოლო ბეთის სევილიას ფეხბურთლებმა 4 კარში დარტყმა, ჯამში მატჩის მსვლელობის დროს კარში დარტყმული იყო 11-ჯერ, რაც ნაკლები არის მოსარჩელის მიერ განთავსებულ ბილეთზე. შესაბამისად მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რადგან არ მომხდარა 2017 წლის 20 სექტემბერს მოპასუხის ვებ გვერდზე განთავსებული ბილეთის მოგება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ი------------------ე პ/ნომერი 6---------- შპს ''ჩ-------------1''-ის კუთვნილ ვებ გვერდზე ---------------- რეგისტრირებულია 2011 წლის 27 სექტემბრიდან მომხმარებლის სახელით ''iu-----''.

 

3.1.2 2017 წლის 20 სექტემბერს ი------------------ემ ---------------- ვებ გვერდზე არსებულ თამაშობა ტოტალიზატორში განათავსა ბილეთი და დადო ფსონი 300 ლარის ოდენობით. ბილეთი დადებული იყო 5 სხვადასხვა თამაშზე, მათ შორის რეალ მადრიდი - ბეთის სევილია, მის მიერ მითითებული პოზიცია იყო კარში დარტყმების რაოდენობა 12.5 ან მეტი.

 

3.1.3. დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ თამაშობა ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორია შპს ''ჩ-------------1''.

 

3.1.4. შპს ''ჩ-------------1''-ის ტოტალიზატორის ''ე-------------'', მოწყობის პირობებით (რეგლამენტი) დადგენილია, რომ ფსონის დადება ნიშნავს ორგანიზაციასა და მოთამაშეს შორის ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის თანახმად მოთამაშეს ორგანიზაციის ბიუროში შეაქვს თანხა (რომელიც მხოლოდ მითითებულ ვარიანტში შეტანილი პროგნოზის ან პროგნოზების ვერ გამოცნობის შემთხვევაში გადადის ორგანიზაციის საკუთრებაში) და მიუთითებს ერთი ან რამდენიმე პროგნოზს მოქმედი წესების შესაბამისად.

 

ერთჯერადი ხელშეკრულების დამადასტურებელი საბუთია ბილეთი, რომელიც მოთამაშეს ეძლევა ბიუროს მიერ მიღებული ფსონის თანხის სანაცვლოდ.

 

ინტერნეტ-ტოტალიზატორის გათამაშების წესების თანახმად, დადგენილია, რომ მოთამაშისათვის რეგისტრაციის გავლა და ფსონის დადება ნიშნავს თანხმობას კომპანიის დადგენილი გათამაშების წესების მიმართ.

 

რეგლამენტის 2.3.3. პუნქტის თანახმად, კარში დარტყმად ითვლება - კარში დარტყმების რაოდენობა (მატჩში/პირველ ტაიმში/მეორე ტაიმში): აღნიშნული პოზიცია მოიცავს მატჩის მითითებულ მონაკვეთში დაფიქსირებულ კარში დარტყმების რაოდენობას.

 

რეგლამენტში ასევე მითითებულია ოფიციალური საიტების ჩამონათვალი, რომლითაც სარგებლობს ტოტალიზატორი: მათ შორის არის ესპანეთი ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი - http://w----------com .

 

დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით კარებში დარტყმის რაოდენობა შეადგენს 11 დარტყმას.

 

3.1.5. მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ ჰქონდა ინფორმაცია თამაშის წესების შესახებ ვებ-გვერდის მეშვეობით.

 

3.1.6. ''ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ'' კანონის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებულია შპს ''ჩ-------------1''-ის მიერ მოწყობილი თამაშობა ტოტალიზატორის შესაბამისობა როგორც საკანონმდებლო მოთხოვნებთან ასევე დადასტურებულია, რომ ტოტალიზატორის მოწყობის პირობები (რეგლამენტი) მოქმედებდა 2017 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ბილეთი, თამაშის ჩანაწერები, წერილი - იხ.ს.ფ. 16-19; 64-66;

- ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაფიქსირებული შედეგის ამსახველი ფოტო - იხ.ს.ფ. 60-63;

- შემოსავლების სამსახურის ცნობა- იხ.ს.ფ. 73;

- ტოტალიზატორის მოწყობის პირობები (რეგლამენტი) - 74-209;

მხარეთა ახსნა-განმარტებები, იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის და შეფასების, მხარეთა ასხნა-განმარტებების გაანალიზების და მათზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული ბილეთი არ უნდა იქნეს მიჩნეული მოგებულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლითაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს რეალი-მადრიდი ბეტისის შეხვედრაზე განთავსებულ ბილეთში მომხმარებელს დაფიქსირებული ჰქონდა ზემოაღნიშნული შეხვედრის (თამაშის) განმავლობაში ჯამში 13 დარტყმა კარში (12.5-ზე მეტი).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს გამართული რეალი-მადრიდი ბეტისის შეხვედრაზე დაფიქსირდა საერთო ჯამში 11 დარტყმა კარში. მომხმარებლის მიერ განთავსებულ იქნა ფსონი 300 ლარის ოდენობით სხვა პოზიციებთან ერთად კარში ბურთის დარტყმის რაოდენობაზე და ის უნდა ყოფილიყო 13 ან მეტი (ბილეთში წაგებულია სწორედ ეს პოზიცია) იმისათვის, რომ მომხმარებლის მიერ განთავსებულ ბილეთს მოეგო. აღნიშნულ თამაშში დაფიქსირდა ჯამში 11 დარტყმა ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, რომლის შესახებ ინფორმაციას ფლობდა მოსარჩელე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულია ტოტალიზატორის მოწყობის პირობების ოფიციალური საიტების ჩამონათვალი, რომლითაც სარგებლობს ტოტალიზატორი და სადაც განთავსებულია თამაშების მიმოხილვა და შედეგები. ერთ-ერთ ასეთ საიტს წარმოადგენს http://w----------com -ი, სადაც განთავსებულია ზემოაღნიშნული თამაში საბოლოო მონაცემები, მათ შორის კარებში დარტყმის რაოდენობა და იგი შეადგენს 11 დარტყმას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ბილეთი, თამაშის ჩანაწერები, წერილი - იხ.ს.ფ. 16-19; 64-66;

- ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაფიქსირებული შედეგის ამსახველი ფოტო - იხ.ს.ფ. 60-63;

- შემოსავლების სამსახურის ცნობა- იხ.ს.ფ. 73;

- ტოტალიზატორის მოწყობის პირობები (რეგლამენტი) - , 198, 74-209;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების სფეროში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებებით, კერძოდ, მან ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ განთავსებულმა ბილეთმა მოიგო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-------------------ს სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 327-ე, 329-ე, 331-ე, 952-ე მუხლები.

5.2. ''ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ'' საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 952-ე მუხლის თანახმად, ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ თამაშობების სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება ''ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის საფუძველზე. მითითებული კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ო.გ პუნქტის თანახმად, ტოტალიზატორი არის თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრის მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონის დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე და შედეგზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ფსონი იქნა განთავსებული კონკრეტულ შედეგის პროგნოზზე, კერძოდ რეალი-ბეტისის თამაშზე ორივე გუნდს ჯამში უნდა განეხორციელებინათ 12.5-ზე მეტი კარში დარტყმა, იმისთვის რომ დამდგარიყო ის შედეგი, რაზეც მოსარჩელეს ფსონი ჰქონდა განთავსებული, თუმცა აღნიშნულ თამაშში კარში დარტყმის რაოდენობად დაფიქსირდა 11 დარტყმა. შესაბამისად, მოსარჩელის პროგნოზი არ გამართლდა, რის გამოც ბილეთი ვერ იქნება მიჩნეული მოგებულად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. წინამდებარე შემთხვევაში კი სწორედ ბილეთში მითითებული პირობები განიხილება არსებით პირობებად, მხარეებმა ვებ-გვერდზე და შესაბამის ბილეთზე განთავსებულ წესებზე გამოხატეს ერთობლივი ნება, ეს კი ადასტურებს ხელშეკრულების დადებას და მის ძალაში შესვლას, ასევე შეთანხმებას ხელშეკრულების არსებულ პირობებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები იცნობენ თამაშის წესებს, მოსარჩელე დაახლოებით 10 წელზე მეტია გახლავთ ''ე-------------ს'' მომხმარებელი (იხ. სარჩელი, მხარის განმარტება), კერძოდ, მხარეები იცნობენ ტოტალიზატორი ''ე-------------ს'' მიერ ორგანიზებული თამაშების მოწყობის პირობებს, რომელშიც მითითებულია ოფიციალური საიტების ჩამონათვალი, რომლითაც სარგებლობს ტოტალიზატორი: მათ შორის არის ესპანეთი ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი - http://w----------com . (იხ.ს.ფ.198).

 

დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით კარებში დარტყმის რაოდენობა შეადგენს 11 დარტყმას, მითითებული ინფორმაციიაზე დაყრდნობით მოქმედებს მოპასუხე მხარე და ეს ფაქტი მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ''ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ'' საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად. ამდენად, მითითებული კანონი მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორისათვის ადგენს მოგებების გაცემის ვალდებულებას რეგლამენტის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან რეგლამენტის წესების შესაბამისად მოგება ბილეთზე ვერ დაფიქსირდა, მოპასუხეს ვერ დაეკისრება თანხის ანაზღაურება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-------------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 375 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი