გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.01.2019
საქმის ნომერი
330210118002279284
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/2706-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე: შპს „---------------------

წარმომადგენელი: დ-----------ე

მოპასუხე: ნ-----–----------–---–ი

წარმომადგენელი: დ---------–--ე, ბ--ა მ---------ე

დავის საგანი: საშუამავლო მომსახურების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ-----–----------–---–ისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურების ღირებულების 4400 აშშ დოლარის შპს „ჯ-------------------“-ს სასარგებლოდ დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2017 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული საბროკერო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხემ გაასხვისა კუთვნილი უძრავი ქონება 148000 აშშ დოლარად, რომლის 3% - 4400 აშშ დოლარი, როგორც საბროკერო მომსახურების საფასური არ აუნაზღაურებია მოსარჩელისთვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი, მიუთითა, რომ თავად მოსარჩელემ განაცხადა უარი გასამრჯელოს მიღებაზე. მესაკუთრის ინტერესს წარმოადგენდა ქონების 150000 აშშ დოლარად გასხვისება. ამის ნაცვლად უძრავი ქონება 148000 აშშ დოლარად გაიყიდა, სწორედ ამის გამო შუამავალმა ცალსახად განაცხადა უარი ყოველგვარ კომპენსაციაზე, რათა განხორციელებულიყო ნასყიდობა. გარდა ამისა, მოსარჩელე ანაზღაურებას იღებდა ნასყიდობის ხელშეკრულების მეორე მხარისგან და მოქმედებდა საკუთრების შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე. შპს „ჯ-------------------“-ს თანამშრომელმა გასამრჯელო უშუალოდ შემძენისგან იუსტიციის სახლში, ნ-----–----------–---–ისა და მისი შვილის - აკაკი ცუცქირიძის თანდასწრებით აიღო, რაც ადასტურებს შემძენსა და მოსარჩელეს შორის საბროკერო ხელშეკრულების არსებობას. ასევე, შპს „ჯ-------------------“-ს თანამშრომელი დ---------------–ია უხვევდა მოპასუხის ნებისგან და მყიდველს აწვდიდა ისეთ ინფორმაციას რაც არ შეესაბამებოდა მოპასუხის ნებას, კერძოდ მან მყიდველს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნ-----–----------–---–ი თანახმა იყო ფართი 145000 აშშ დოლარად გაეყიდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისში, ა-–-------–-------- N2-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე ნ-----–----------–---–ი. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0---------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. შპს „ჯ------------------"-სა და ნ-----– ბ-------–--ლს (მესაკუთრეს) შორის 2017 წლის 13 ოქტომბერს დაიდო უძრავი ქონების გასხვისების საბროკერო მომსახურების ხელშეკრულება, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოიზიდოს პოტენციური მყიდველი და გაუწიოს მესაკუთრეს საშუამავლო მომსახურება მესაკუთრის უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N0---------------) გასხვისებაში. ხელშეკრულება შესრულებულად ჩაითვლება თუ ბროკერის მიერ მოზიდული კლიენტი ან მისი წარმომადგენელი შეიძენს მესაკუთრის უძრავ ქონებას.

 

საბროკერო მომსახურების საფასური განისაზღვრა ნასყიდობის თანხის 3%-ით. მხარეებს ხელშეკრულებით არ განუსაზღვრავთ, თუ რა ფასად უნდა მომხდარიყო უძრავი ქონების გასხვისება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება უძრავი ქონების გასხვისების საბროკერო მომსახურებაზე.

 

3.1.3. 2018 წლის 25 იანვარს ნ-----–----------–---–სა და შპს "-----ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს "---- გახდა თბილისში, ა-–-------–-------- N2-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე. უძრავი ქონება 148000 აშშ დოლარად გაიყიდა.

ხელშეკრულება გაფორმდა შპს ჯ-------------------ს შუამავლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.4. მოწმის სახით დაკითხული ბ-–-------ი არის შპს „----ის დირექტორი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ახდენდა უძრავი ქონებების შეძენას და კონკრეტულ მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც პირადად, ასევე მაკლერის - დ---------------–იას საშუალებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმის ჩვენება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლო ვერ მიიჩნევს დადგენილად რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა საშუამავლო თანხაზე, ასევე არ დგინდება შპს ჯ------------------სა და შემძენს შორის ისეთი კავშირი რაც გამორიცხავს გასამრჯელოს მიღების უფლებას.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ შპს „ჯ-------------------“ მოქმედებდა მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც გამოიხატებოდა პოტენციური მყიდველისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებასა და მისგან გასამრჯელოს მიღებაში. ასევე მიუთითებს, რომ უძრავი ქონების ნაკლები ღირებულებით ანაზღაურებას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, თუკი შუამავლისთვის აღარ ექნებოდა ასანაზღაურებელი.

 

დადგენილია, რომ უძრავი ქონების გასხვისების შუამავლობაზე ნ-----–----------–---–სა და შპს „ჯ------------------ს“ შორის ხელშეკრულება, სადაც მხარეები შეთანხმდნენ საშუამავლო მომსახურების საფასურზე არა კონკრეტულ თანხაში არამედ პრინციპზე - ნასყიდობის თანხის 3%. მოწმის სახით დაკითხული შპს „-----ის დირექტორი ბ-–-------ი არ უარყოფს, რომ ნ-----–----------–---–ი თავდაპირველად უძრავ ქონებას 150000 აშშ დოლარად აფასებდა, თუმცა 148000 აშშ დოლარად შეიძინა. აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს, რომ ფასის დაკლების შემთხვევაში მოპასუხე თავისუფლდებოდა საშუამავლო მომსახურების გადახდისგან. ასეთი შეთანხმების არსებობას არ ადასტურებს არც მოსარჩელე. საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა წერილობით, ხოლო წერილობით არ გაფორმებულა შუამავლის მიერ თავის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმება. მხოლოდ მოპასუხის და მისი შვილის როგორც მოწმის ჩვენება საკმარის გარემოება არ არის აღნიშნული ფაქტის დასამტკიცებლად.

 

შემძენი იურიდიული პირის დირექტორი ბ-–-------ი უარყოფს მოპასუხე ნ-----–----------–---–თან ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ მომსახურებაში მოსარჩელე იურიდიული პირისთვის რაიმე თანხის გადახდას. შემძენი საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელე იურიდიულ პირთან სამართლებრივ ურთიერთობას, მოწმე ადასტურებს იმ გარემობას რომ იცნობდა დ---------------–იას, რომელიც მას ეხმარებოდა როგორც შუამავალი სხვადასხვა ფართების შეძენაში, ამასთან ნ-----–----------–---–თან გარიგების დადების დროს დ---------------–ია არ დახმარებია, დაკავშირება მოხდა ნ-----–----------–---–თან უფრო ადრე, დ---------------–იას მან მხოლოდ მიანდო მიმდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება. ბ-–-------ი როგორც შპს „-----ის დირექტორი გეგმავდა იმ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას. მოწმემ განმარტა, რომ თავის მხრივ დ---------------–ია იყო თუ არა დასაქმებული მოსარჩელესთან მისთვის უცნობია. მოწმემ უარყო ნ-----–----------–---–თან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის რაიმე თანხის დ---------------–იასთვის გადახდა ან შეპირება.

მოსარჩელემ თავის მხრივ უარყო რომ დ---------------–ია დასაქმებული იყო მოსარჩელესთან და გარიგება დაიდო მოპასუხესთან დ---------------–იას მეშვეობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავარი გარემოება რომ სახეზე იყო ორმაგი მაკლერობა, რომ მოსარჩელე დებდა ხელშეკრულებას მოპასუხესთან და პარალელურად მოქმედებდა მესამე პირის (შემძენის) ინტერესებში საქმის მასალებით არ დასტურდება. ამ გარემოების დასადასტურებლად საკმარისი მხოლოდ მოპასუხის განმარტება და მოწმედ დაკითხული მოპასუხის შვილის აკაკი ცუცქირიძის ჩვენება საკმარისი არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება, რაც ვერ განახორციელა მოპასუხემ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ჯ-------------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისთვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.

 

საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე; ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე და ძირითადი ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული. ამასთან, შემკვეთს წარმოადგენს მხარე, რომლის დავალებითა და ინტერესისთვისაც ახორციელებს შუამავალი შესაბამის საქმიანობას. გარდა ამისა, არ უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 748-ე მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურების დაუშვებლობის საფუძვლები.

 

სამოქალაქო კოდექსის 748-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემა ან ხარჯების ანაზღაურება, თუ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულება ეხება მაკლერის კუთვნილ საგანს; იგივე წესი გამოიყენება, როცა განსაკუთრებული გარემოებების გამო შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რაც ხელს შეუშლის მაკლერს შემკვეთის ინტერესების განხორციელებაში. ეს შემთხვევებია, როცა: „ა)“ მაკლერი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც სამართლებრივად და ეკონომიკურად მონაწილეობს მესამე პირი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მაკლერი კარგავს გასამრჯელოს ან ხარჯების ანაზღაურების უფლებას, თუ იგი ხელშეკრულების შინაარსის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა მესამე პირის სასარგებლოდ.

 

შუამავლობის მთავარი არსი შემკვეთის მიერ შუამავლის საშუალებით მესამე პირთან ძირითადი ხელშეკრულების დადებაში მდგომარეობს. სადავო არაა, რომ მყიდველთან დაკავშირება საშუამავლო ფირმის საშუალებით მოხდა. ამასთან, მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ საშუამავლო მომსახურების გაწევისას მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის ინტერესების საზიანო და მესამე პირის სასარგებლო ქმედებას.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 325 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი.

 

სარჩელის დაკმაყოფილების მოტივით მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით ნ-----–----------–---–ს აეკრძალა უძრავი ქონების გასხვისება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ჯ-------------------ს“ სარჩელი ნ-----–----------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. ნ-----–----------–---–ს მოსარჩელე შპს „ჯ-------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

 

3. ნ-----–----------–---–ს მოსარჩელე შპს „ჯ-------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 376 ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე