გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.01.2019
საქმის ნომერი
330210018002497547
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17861-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 იანვარი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

მოსარჩელე - სს „ლი------------ი“

წარმომადგენელი - გი------------–---–ი

მოპასუხე - აკ----------–-–---–ი

წარმომადგენელი - და----------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე აკ----------–-–---–ისთვის სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ 8 824.33 ლარის გადახდის დაკისრება, სადაც ძირი თანხაა 7 145.1 ლარი, პროცენტი - 1 436.93 ლარი და ჯარიმა - 42.3 ლარი, ხარჯი - 200 ლარი.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ სს „ლი------------სა“ და აკ----------–-–---–ს შორის 2017 წლის 30 ივნისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1-------, რომლის მიხედვით, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 7 300 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა - 2022 წლის 30 ივნისი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 48%, პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 30 ივნისს გაფორმდა N1------- გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ავტომანქანა MERCEDES CL600 სახ X------. მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხემ არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელემ 2018 წლის 8 მაისიდან შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს, აკ----------–-–---–ს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 5 მაისის მდგომარეობით არსებული დავალიანების 8 824.33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 7 145.1 ლარი, პროცენტი - 1 436.93 ლარი, ჯარიმა - 42.3 ლარი, ხარჯი - 200 ლარი. მოსარჩელემ მეორე სასარჩელო მოთხოვნა, გირავნობით დატვირთული ქონების ან მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების რეალიზაციის თაობაზე, მოხსნა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სს „ლი------------სა“ და აკ----------–-–---–ს შორის 2017 წლის 30 ივნისს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1-------, რომლის მიხედვით, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 7 300 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა - 2022 წლის 30 ივნისი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 48%, პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 30 ივნისს გაფორმდა N1------- გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ავტომანქანა MERCEDES CL600 სახ X------. მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხემ არ შეასრულა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1------- (ს.ფ. 17-20).

 

3.1.2. №1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აკ----------–-–---–ის დავალიანება დარიცხული სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 7 145.1 ლარს, პროცენტი - 1 436.93 ლარს, ჯარიმა - 42.3 ლარი, ხარჯი - 200 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 63-62).

ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 31-33).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 30).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლი------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 37-ე, 53-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს „ლი------------სა“ და აკ----------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი 7 300 ლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ ბანკმა შეასრულა ვალდებულება და გასცა მსესხებელზე 7 300 ლარი, რაც მსესხებელმა აითვისა.

 

დადგენილია, რომ აკ----------–-–---–მა არ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და ბანკის წინაშე ერიცხება დავალიანება. ამდენად, სს „ლი------------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი, კრედიტის ძირითადი თანხის 7 145.1 ლარის დაბრუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაითვალისწინეს წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება. ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, კრედიტორი სს „ლი------------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 1 436.93 ლარის გადახდევინება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდევინება. ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, კრედიტორი სს „ლი------------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის 42.3 ლარის გადახდევინება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

დადგენილია, რომ აკ----------–-–---–მა არ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და ბანკის წინაშე ერიცხება დავალიანება. ამდენად, სს „ლი------------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სააღსრულებო ხარჯის 200 ლარის ანაზღაურება.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „ლი------------ის“ სარჩელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 8 824.33 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 7 145.1 ლარი, პროცენტი - 1 436.95 ლარი, ჯარიმა - 42.3 ლარი, ხოლო ხარჯი - 200 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სს „ლი------------ს“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 265 ლარი (ს.ფ. 39). ვინაიდან, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი ბაჟი 265 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „ლი------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. მოპასუხე აკ----------–-–---–ს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8 824.33 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 7 145.1 ლარი, პროცენტი - 1 436.93 ლარი, ჯარიმა - 42.3 ლარი, ხარჯი - 200 ლარი;

2. მოსარჩელე სს „ლი------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 04 ივნისს სს „ლი------------ში“ №5--------- საგადახდო დავალებით გადახდილი 265.00 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე