გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
330210018002476297
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/16351-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.12.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე - ზ-----------------–---–ი;

წარმომადგენელი - ე----------------ე;

მოპასუხე - ნ-------------–---–ი;

წარმომადგენელი - გ--–-----–----ე;

დავის საგანი - სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყვეტილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 26 ნოემბრის სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება N1-------- და უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ვარკეთილი 3, მიკრო/რაიონი 3ა, კორპუსი N338, ბინა N154, ფართი - 38.50 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0-----------------------ის მესაკუთრედ აღირიცხოს მოსარჩელე ზ-----------------–---–ი.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2010 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ნ-------------–---–ს შორის დაიდო სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ნ-------------–---–მა იკისრა ვალდებულება სიცოცხლის ბოლომდე ერჩინა ზ-----------------–---–ი, ხოლო სარჩენი ვალდებული იყო გადაეცა მარჩენალისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ზ-----------------–---–მა შეასრულა მისდამი დაკისრებული ვალდებულება, ხოლო მარჩენელი ნ-------------–---–ი ქონების მიღების შემდგომ ცდილობს თავი აარიდოს დაკისრებულ მოვალეობას. კერძოდ იგი თავდაპირველად 1 თვის მანძილზე ნაწილობრივ ასრულებდა ვალდებულებას და მაშინაც მხოლოდ სარჩენის მონახულებით, შემდეგ პერიოდულად ხანგრძლივი პაუზებით, ხოლო შემდგომში საერთოდ გაწყვიტა ურთიერთობა, სარჩენის მონახულებაც კი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს 7 წლისა და 6 თვის მანძილზე არასოდეს გადაუხდია კომუნალური მომსახურების თანხები და არ გაუღია კვების ხარჯები, არ განუხორციელებია სარჩენზე ზრუნვა და თითქმის 1 წლისა და 6 თვის მანძილზე ერთხელაც არ მოუნახულებია სარჩენი. ამავე კორპუსის N94-ე ბინაში მარჩენალი აღარ ცხოვრობს, იგი დაკეტილია და მისი სხვა საცხოვრებელი ადგილის შესახებ სარჩენს ინფორმაცია არ გააჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტას და უძრავი ქონების დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ-------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია. ყველანაირად ცდილობდა ყურადღება მიექცია და არაფერი მოეკლო სარჩენისათვის. მის ყველა სურვილს ასრულებდა. შესაბამისად მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2010 წლის 26 ნოემბერს ზ-----------------–---–სა და მოპასუხე ნ-------------–---–ს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

 

სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების თანახმად, მარჩენალი იღებს ვალდებულებას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე არჩინოს სარჩენი, რაც გამოიხატება სარჩენის სამედიცინო მომსახურების, კომუნალური გადასახდელებისა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ხარჯებს, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალი იღებს ვალდებულებას გასწიოს ყველა ხარჯი რაც დაკავშირებული იქნება აღნიშნულთან.

 

სარჩენმა ხელშეკრულებიდან გამომდინარე იკისრა ვალდებულება ზემოთმითითებულის სანაცვლოდ გადაეცა მარჩენალისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ-----–--------------–-------------------------------------------.

 

სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისას უძრავი ქონება უბრუნდება სარჩენს, ხოლო მარჩენალს ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

 

3.1.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩენმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, დ-----–--------------–------------------------------------------------- სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია მოპასუხე ნ-------------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება სამისდღეშიო რჩენის შესახებ (ს.ფ 23-29);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 30-31);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის გამოკვლევის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მარჩენალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, არჩინოს სარჩენი, რაც გამოიხატება სარჩენის სამედიცინო მომსახურების, კომუნალური გადასახდელებისა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ხარჯების გაღებაში - 2016 დეკემბრის შემდგომ არ განხორციელებულა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო დამატებით მიუთითებს: მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით, რომელიც სწორედ 2016 წლის შემდგომ პერიოდს მოიცავს დასტურდება, რომ კომუნალური მომსახურების თანხებს ხელშეკრულებების პირობების მიუხედავად თავად სარჩენი პირი ზ-----------------–---–ი იხდიდა (იხ.ს.ფ. 46-47). - საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტს განცხადებით მიმართა ამავე ასოციაციის სპეციალისტმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოციაციის სპეციალისტს მონიტორინგის წარმოების დროს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოსარჩელე ზ-----------------–---–ს, რომელსაც სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე ჰყავს მარჩენალი, არ აქცევს ყურადღებას მარჩენალი და სარჩენი ითხოვს დახმარებას. განცხადებიდან ირკვევა, რომ სპეციალისტმა მოახდინა მდგომარეობის ადგილზე შემოწმება და აღმოჩნდა, რომ ზ-----------------–---–ი იმყოფება დაუძლურებულ მდგომარეობაში, საცხოვრებელ სახლში სუფევს ანტისანიტარია, ბინაში იგრძნობა მკვეთრი არასასიამოვნო სუნი, თეთრეული დაბინძურებულია, დამოუკიდებლად არ შეუძლია თავის მოვლა-პატრონობა, საჭმლის მომზადება, ჰიგიენის დაცვა, არის ღრმად მოხუცი - 78 წლის, საკვები პროდუქტებით ეხმარებიან მეზობლები და მარკეტის პერსონალი. სარჩენი განმარტავს, რომ მარჩენალს უკვე თითქმის 1 წელია არ მოუკითხავს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სპეციალისტმა ითხოვა ასოციაციის იურისტს დაევალოს ზ-----------------–---–ისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა (იხ. ს.ფ. 33). საქმის განხილვის დროს, მოწმეებმა აჩვენეს, აგრეთვე თავად მოპასუხემაც დადასტურა, რომ 2016 წლის შემდეგ მოსარჩელის მიმართ რჩენის მოვალეობა არ შეუსრულებია, თუმცა მიზეზად მიუთითა ის, რომ სარჩენი მას ამის უფლებას არ აძლევდა (იხ. სხდომის ოქმები). სასამართლოს შეფასებით იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ ნ-------------–---–ი თავს არიდებდა ზ-----------------–---–ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (საკვები პროდუქტებით მომარაგება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კომუნალური გადასახადების გადახდა) ეკისრება მოსარჩელე მხარეს. რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც უთითებდნენ რომ მოპასუხე არ ზრუნავდა სარჩენზე (იხ.სხდომის ოქმები, მოწმეთა ჩვენებები). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ გარდა ზეპირსიტყვირი განმარტებისა რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებები არ დაურღვევია რამდენადაც მხარე არ აძლევდა საშუალებას შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები გართულებული ურთიერთობის გამო, მხარემ სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, რის საფუძველზეც სარჩენს შეუძლია უარი თქვან ხელშეკრულებაზე, სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის გამო, ასევე სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას მხარეთა შორის არსებული მდგომარეობის და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება სამისდღეშიო რჩენის შესახებ (ს.ფ 23-29);

- მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილი გარემოებების სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ-----------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 941-ე, 949-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი) ვალდებულია გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით.

 

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება - გარდა ეკონომიკური მახასიათებლებისა მოიცავს მორალური კატეგორიის ელემენტებს, რომელიც საფუძვლად უდევს მხარეთა შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ''...სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ურთიერთობათა იმ კატეგორიას მიეკუთვნება სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა სუბიექტურ განწყობას სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. ერთ შემთხვევაში ეს არის სარჩენის სურვილი მის საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს თავისთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა: იყოს უზრუნველყოფილის ცხოვრების სათანადო პირობებით, ჯანსაღი და აუცილებელი კვების პროდუქტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის სავალდებულო მედიკამენტებით, სათანადო ადამიანური ყურადღებით და სხვ...''.

 

სამისდღეშიო ხელშეკრულების სპეციფიკა მორალური პრინციპებზე დაყრდნობით გამორიცხავს მარჩენალის მიერ განხორციელებული შესრულების რესტიტუციას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამე არ არის დადგენილი. ამის გათვალისწინებით, სამოქალაქო კანონით დადგენილი ზოგადი წესების გარდა, მოიცავს ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებით მოთხოვნებს. სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის თანახმად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად, ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-1205-1125-2017) აღნიშნულია ''...კანონმდებელი ითვალისწინებს სამისდღეშიო ხელშეკრულების გაუქმების გართულებულ წესს, რაც განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, იმ სამართლებრივი შედეგით, რაც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებას...''

 

ამგვარად, მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევის სახეზე, არამედ ასევე იმ პირობებზე რომლებიც გამორიცხავენ ურთიერთობის გაგრძელებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-1205-1125-2017) აღნიშნულია ''...მოცემულ შემთხვევაში, განსხვავებით სხვა სახის ხელშეკრულებებისაგან, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კანონმდებელმა მხარის ნებასთან ერთად, რომ გასულიყო აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი სივრციდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო, იმავდროულად სავალდებულოდ მოითხოვა ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურებაც, როგორიცაა მათ შორის ურთიერთობის განსაკუთრებულად დაძაბვა. ის, რომ მხარეთა ურთიერთობა რაიმე მიზეზით გახდა აუტანელი იმდაგვარად, რაც შეუძლებელს ხდიდა ხელშემკვრელ მხარეებს, მათ ყოფნას ერთიან სახელშეკრულებო სივრცეში....''.

 

მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, ასევე საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ ხელშეკრულების მხარეებს ერთმანეთთან დაძბული ურთიერთობა აქვთ, მხარეთა ურთიერთობა გახდა აუტანელი, მხარეები ერთანეთთან არ და ვერ ურთიერთობენ, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით დადგენილი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, შეწყვეტილად უნდა იქნეს ცნობილი 2010 წლის 26 ნოემბრის სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება N1-------- და უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ვარკეთილი 3, მიკრო/რაიონი 3ა, კორპუსი N338, ბინა N154, ფართი - 38.50 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0-----------------------ის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს მოსარჩელე ზ-----------------–---–ი.

 

ამდენად, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟს გადახდისაგან მოპასუხე ნ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1431 ლარის ოდენობით გადახდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით გაღბულ იქნა საერთო ჯამში - 262 ლარი, რისი გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ-----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. შეწყვეტილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 26 ნოემბრის სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება N1-------- და უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება ვარკეთილი 3, მიკრო/რაიონი 3ა, კორპუსი N338, ბინა N154, ფართი - 38.50 კვ.მ., საკადასტრო კოდი N0-----------------------ის მესაკუთრედ აღირიცხოს მოსარჩელე ზ-----------------–---–ი.

 

3. მოპასუხე ნ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 1431 ლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხე ნ-------------–---–ს მოსარჩელე ზ-----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის - 262 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი