გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210018002258067
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330210018002258067 (2/1142-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.12.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

მოსარჩელე მ-----–-------–---–ი,წარმომადგენელი თ-------------,მოპასუხე ე-–---------------ე,მოპასუხე გ----------------–---–ი,დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ე-–---------------ის სახელზე რეგისტრირებული, 2004 წელს გამოშვებული ავტომანქანა "TO---------"-ს სახ. ნომრით R------, საიდენტიფიკაციო ნომრით - J---------------- მესაკუთრედ მ-----–-------–---–ის ცნობა.

 

1.2. სააღსრულებო ბიუროს 2----–-–--------------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე #2---------- სააღსრულებო საქმე #A--------) დაყადაღებული მოძრავი ნივთის, კერძოდ: 2004 წელს გამოშვებული ავტომანქანა "TO---------"-ს, სახ. ნომრით R------, საიდენტიფიკაციო ნომრით - J---------------- - ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ----------------–---–მა, როგორც შესაგებლით, ისე სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი.

2.2. მოპასუხე ე-–---------------ეს შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: 2004 წელს გამოშვებული ავტომანქანა "TO---------"-ს სახ. ნომრით R------, საიდენტიფიკაციო ნომრით - J----------------, რეგისტრირებულია ე-–---------------ის სახელზე.

 

მტკიცებულება:

- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 18);

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------------–-------–--------–---------------- გ----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარი, რაზეც 2013 წლის 7 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ყადაღა დაედო მოვალის, ე-–---------------ის სახელზე რიცხულ ავტომობილს სახ. ნომრით R------, მოდელი "TO---------".

 

მტკიცებულება:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 21);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაცია ( სარჩელის უზრუნველყოფის ტომი, ს.ფ. 24-25);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2007 წლის 20 დეკემბერს ე-–---------------- და მ-----–-------–---–მა დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება 2004 წელს გამოშვებული ავტომანქანა "TO---------"-ზე სახ. ნომრით R------, საიდენტიფიკაციო ნომრით - J----------------.

2015 წლის 13 მარტს ე-–---------------- მოსარჩელის მამის, დავით იაგანაშვილის სახელზე გასცა სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა, რომლითაც მიანიჭა 2004 წელს გამოშვებული ავტომანქანა "TO---------"-ს სახ. ნომრით R------, საიდენტიფიკაციო ნომრით - J---------------- მართვისა და განკარგვის უფლება.

2007 წლიდან მ-----–-------–---–ი სადავო ავტომობილს ფლობს როგორც საკუთარს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიფორმა თავის სახელზე, იყიდა ე-–---------------ისაგან ავტომობილი და მის მესაკუთრედ იგი უნდა იყოს ცნობილი.

 

მტკიცებულება:

- ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17);

- სანოტარო აქტი (ს.ფ. 19);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლი, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლი.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და სამოქალაქო კოდექსის მე-6 და 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

სასამართლომ განმარტავს, რომ ავტომობილის სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რომლის რეგულირების სფეროს სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნული უზრუნველყოფის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. ამ ვალდებულების განხორციელება სადავო პერიოდში წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა – ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. შესაბამისად, ავტომანქანაზე, როგორც მოძრავი ნივთზე, ვრცელდებოდა მოძრავი ნივთის შეძენისათვის დადგენილი წესები.

 

რაც შეეხება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლს, რომლის თანახმად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან, აღნიშნულ მუხლში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 17 აპრილს, რომელიც, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში კი გამოქვეყნდა 2012 წლის 3 აგვისტოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ-----–-------–---–მა სადავო ავტომანქანა 2007 წლის 20 დეკემბერს იყიდა ელდარ კობახიძისაგან და მას შემდეგ მის საკუთრებას წარმოადგენს, დადასტურებულად მიაჩნია შემდეგი მტკიცებულებებით: ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მინდობილობა.

 

ამდენად, მ-----–-------–---–ის მიერ სადავო ავტომანქანის ნასყიდობას ადგილი ჰქონდა კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლებზე მითითებით, კანონის უკუძალის მინიჭება მის ამოქმედებამდე განხორციელებულ სამოქალაქო ურთიერთობაზე ზიანის მომტანი იქნებოდა მოსარჩელის, როგორც რეალური მესაკუთრისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. სასამართლო განმარტავს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. ნივთის მხოლოდ ფაქტობრივი გადაცემა არ არის საკმარისი მასზე საკუთრების წარმოშობისათვის. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მ-----–-------–---–ის მიერ რეალურად მოხდა სადავო ავტომანქანის ყიდვა, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რასაც ადასტურებს მის მიერ სადავო ავტომანქანით სარგებლობის ფაქტები. ამდენად, დასტურდება, რომ მოსარჩელე მ-----–-------–---–ს, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრეს აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რათა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ დაკისრებოდა მის სასარგებლოდ მოპასუხეებს. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც უნდა დარჩეს ძალაში, რადგან სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1991 მუხლით გათვალისწინებული გარემოება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მ-----–-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ე-–---------------ის სახელზე რეგისტრირებული, 2004 წელს გამოშვებული ავტომანქანა "TO---------"-ს სახ. ნომრით R------, საიდენტიფიკაციო ნომრით - J---------------- მესაკუთრედ ცნობილი იქნეს მ-----–-------–---–ი და აღნიშნული ავტომანქანა - გათავისუფლდეს ყადაღისაგან, რომელიც დაედო სააღსრულებო ბიუროს 2----–-–--------------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე #2---------- სააღსრულებო საქმე #A--------).

 

4. მ-----–-------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 394,50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე