გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/25978-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - თ----------–--ე
წარმომადგენელი - ხ-------------–--–ავა
მოპასუხე - ბ----------ე
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 8 ივნისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი N1--------).
1.2. გაუქმდეს ნოტარიუს ი------------ის მიერ გაცემული 13.06.2018 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცელი.
1.3. გაუქმდეს საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაცია.
სარჩელს საფუძვლად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები უდევს: თ----------–--ეს ეკუთვნის ქ. თ---–--–--------------------------–- მდებარე ბ-------. 08.06.2017 წელს სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, თ----------–--ემ ბ----------ისგან ისესხა 51 000 ლარი, ყოველთვიურად 2,5%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით 2018 წლის 8 ივნისამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ბინა. აღნიშნული ხელშეკრულება არის თვალთმაქცური გარიგება, რადგან იგი თავიდანვე არ იყო გამიზნული სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ. სესხის თანხა ბ----------ეს არ გადაუცია თ----------–--ისთვის. თანხა მიიღო ზ-------------–---–მა. ხელშეკრულების მიზანი იყო თ----------–--ის მოტყუება და მისი ბინის მისაკუთრება. ვინაიდან ზ-------------–---–მა არ შეასრულა ვალდებულება, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის კუთვნილი ბინა ხელშეკრულების გაფორმებამდე ორჯერ იყო დატვირთული იპოთეკით და სადავო ხელშეკრულებით ჩანაცვლდა წინა ხელშეკრულებები. არავითარ მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბ----------ეს თანხა არ გადაუცია მოსარჩელისათვის, წინა ხელშეკრულების იპოთეკარები იმყოფებოდნენ სანოტარო ბიუროში და ხელშეკრულების დადებისთანავე სესხად გადაცემული თანხა მათ გადაეცათ, რის შედეგადაც წინა ხელშეკრულებები გაუქმდა. ზ-------------–---–ს მოპასუხე არ იცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 08.06.2017 წელს სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, თ----------–--ემ ბ----------ისგან (კრედიტორი) ისესხა 51 000 ლარი, ყოველთვიურად 2,5%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება დაიდო 1 წლის ვადით, 2018 წლის 8 ივნისამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ქ. თ---–--–--------------------------–- მდებარე ბ-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-29).
3.1.2 ხელშეკრულების დარღვევის გამო, კრედიტორის მოთხოვნით, ნოტარიუს ი------------ის მიერ 13.06.2018 წელს გაიცა N1-------- სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო აღსრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 30-32);
- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ (ს.ფ. 33-36)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხისა ხელშეკრულება დაიდო თ----------–--ესა და ბ----------ეს შორის.
ხელშეკრულება არ არის მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგება.
ხელშეკრულება არ დადებულა მოტყუებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ხელშეკრულება არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებულია ნების ნაკლის მქონე ორი გარიგება. მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოჩვენებითი გარიგება არის, თავისი არსით, მხარეთა ფიქტიური შეთანხმება. გამოვლენილი და რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან გარიგების მხარეები იმთავითვე არიან შეთანხმებული, რომ მსვლელობას არ მისცემენ გარიგების პირობებს. მოჩვენებითი გარიგება არ იწვევს სამართლებრივ შედეგებს და დადებულია მხოლოდ მესამე პირების წინაშე მოსაჩვენებლად (ვალდებულების შესრულების თავიდან ასარიდებლად ან სხვა მიზნით).
რაც შეეხება ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ თვალთმაქცურ გარიგებას, მხარეთა მიერ გამოვლენილი და მათი რეალური ნება აქაც არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ამ შემთხვევაში, გარიგება წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. მხარეთა შორის არსებული რეალური გარიგება გადაფარულია სხვა გარიგებით, მაგალითად, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობა დაფარულია გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით და ა.შ.
სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულება არც მოჩვენებითია და არც თვალთმაქცური.
სადავო ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით. ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა, ასევე განუმარტა ხელშეკრულების დადების სამართლებრივი შედეგები, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლისა და „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-40 მუხლის შინაარსი (ს.ფ. 23).
მოპასუხემ წარმოადგინა ორი სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. ორივე სანოტარო აქტი დამოწმებულია იმავე ნოტარიუსის მიერ. N1-------- სანოტარო აქტით ირკვევა, რომ იპოთეკარმა ტ------------------მ და მესაკუთრე თ----------–--ემ გააუქმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რადგან თ----------–--ემ კრედიტორს გადასცა სესხის ძირითადი თანხა და ერთი თვის პროცენტი. ხელშეკრულება გაუქმდა იმავე დღეს, როცა დაიდო სადავო ხელშეკრულება - 08.06.2017 წელს (ს.ფ. 72-74).
N 1-------- სანოტარო აქტით ირკვევა, რომ იპოთეკარმა ც-–------------–---–მა 09.06.2017 წელს მიმართა ნოტარიუს ი------------ს და ცალმხრივად შეწყვიტა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რადგან თ----------–--ემ დაუბრუნა სესხის ძირითადი თანხა და 1 თვის სარგებელი (ს.ფ 69-71).
მოწმე ზ-------------–---–ის ჩვენებით სესხი თავად მიიღო. მან მოძებნა ბ----------ე და სთხოვა თ----------–--ეს ხელშეკრულების დადება. თ----------–--ე ენდო მას. ვალდებულებას თავად ასრულებდა, მაგრამ პრობლემების გამო ვეღარ შეძლო გადახდა. სესხის ხელშეკრულებები, რომლებიც თ----------–--ემ დაფარა, ასევე მისი ვალები იყო.
მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებით, იგი ზ-------------–---–ის მეუღლეა. მან რამდენჯერმე შეიტანა სესხის თანხა. ფულს აძლევდა ზ-------------–---–ი.
აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო თ----------–--ესა და ბ----------ეს შორს, თუმცა ხელშეკრულების დადების მიზანი იყო ზ-------------–---–ისათვის თანხის მიღება. სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ თ----------–--ემ სესხად გადაცემული თანხით ძველი ვალები გაისტუმრა. მოწმის ჩვენებით, ეს ვალებიც მისი იყო. მართალია, სესხის თანხა უშუალოდ თ----------–--ეს არ გამოუყენებია, მაგრამ ეს გარემოება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ბ----------ის წინაშე ვალდებულება მან იკისრა და თავადაა მის მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირი. სესხის აღების მიზანი არ ახდენს გავლენას ხელშეკრულების დადების ფაქტზე.
ამავე მტკიცებულებების საფუძველზე ცალსახაა, რომ სესხი ნამდვილად გაიცა. თანხა მიიღო მსესხებელმა და გამოიყენა სხვა ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ გარკვეული დროის მანძილზე მოვალე ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, თანხას უშუალოდ თ----------–--ე იხდიდა თუ ზ-------------–---–ი, მაგრამ სადავო არაა, რომ კრედიტორის მიმართ ვალდებულება სრულდებოდა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგება არ არის, ვინაიდან მხარეებს შორის ნამდვილად წარმოიშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართალურთიერთობა. რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, რომ ეს თვალთმაქცური გარიგებაა, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მხარეთა შორის სხვა სამართალურთიერთობა არსებობდა, რომელიც დაფარულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით. თავად მხარეც არ მიუთითებს, რა გარიგება დაიფარა ამ ხელშეკრულებით.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მოტყუებით დაიდო. ზ-------------–---–ი დაპირდა თ----------–--ეს, რომ მას პრობლემა არ შეექმნებოდა.
როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ხელშეკრულების დადებისას ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა ნების ნამდვილობა და განუმარტა ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, მოსარჩელემ იცოდა, რა ხელშეკრულებას დებდა და რა ვალდებულებას კისრულობდა. მით უმეტეს, რომ, როგორც მოწმის ჩვენებით ირკვევა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მან ზ-------------–---–ისათვის თანხა ისესხა. მოსარჩელე არათუ ვერ ადასტურებს, ვერც მიუთითებს რა გარემოების შესახებ მოატყუა, ან რა ინფორმაცია დაუმალა მას ხელშეკრულების კონტრაჰენტმა ან მასთან შეთანხმებით მესამე პირმა. ის გარემოება, რომ ზ-------------–---–ი დაპირდა ვალდებულებას შევასრულებო, არ წარმოადგენს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 396-ე, 56-ე, 81-ე, 83-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში თ----------–--ესა და ბ----------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ნივთი. თ----------–--ემ სესხი აიღო ზ-------------–---–ისათვის და გაისტუმრა ძველი ვალდებულებები, რომლებიც ასევე ზ-------------–---–ის თხოვნით იკისრა.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება იდება მსესხებელსა და გამსესხებელს (კრედიტორი) შორის. კრედიტორის წინაშე პასუხისმგებელი პირია მსესხებელი და არ აქვს მნიშვნელობა, თანხას რეალურად თავად მსესხებელი იყენებს თუ სხვა პირს გადასცემს. სესხის აღების მიზანი შეიძლება უამრავი იყოს, მათ შორის ახლობლის დახმარების სურვილიც, მაგრამ ეს არ ცვლის ნაკისრი ვალდებულების არსს და ხელშეკრულების მხარედ არ აქცევს პირს, რომელმაც მსესხებლისგან თანხა მიიღო. ამ გარემოების გათვალისწინებით, ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არის ის ფაქტი, რომ თ----------–--ისგან თანხა ზ-------------–---–მა მიიღო.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გარკვეული პერიოდი ზ-------------–---–ი ასრულებდა ვალდებულებას, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, მოვალემ შეიძლება გამოიყენოს სხვა პირი მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის, მაგრამ ეს პირი არ ანაცვლებს მოვალეს. ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ვალის გადაკისრებას და მოვალის ვალდებულებები მესამე პირზე არ გადადის.
6.2 მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ხელშეკრულება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებაა.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში გარიგების მონაწილე მხარეები განზრახ მოქმედებენ, მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის მიღება. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. სადავო გარიგებისას მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობა უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სესხის თანხა ნამდვილად გაიცა. მსესხებელმა თანხა მიიღო და გაისტუმრა ძველი ვალები, უფრო მეტიც, გარკვეული პერიოდი იგი ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას (მესამე პირი მასთან შეთანხმებით იხდიდა თანხას). ამ გარემოებების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ხელშეკრულება ვერ იქნება მოჩვენებითი, ვინაიდან მხარეებს შორის წარმოიშვა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამართალურთიერთობა.
რაც შეეხება თვალთმაქცურ გარიგებას, ამ შემთხვევაში მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით დაფარულია სხვა გარიგება, ამასთან, სადავო გარიგება პირდაპირ ბათილი კი არ არის, არამედ მასზე ვრცელდება დაფარული გარიგებისათვის გათვალისწინებული წესები.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით რაიმე სხვა გარიგება დაიფარა და მხარეებს შორის, სინამდვილეში, სხვა სამართლაურთიერთობა არსებობს. მოსარჩელე თავადაც ვერ მიუთითებს, რა გარიგება დაიფარა სესხით და იპოთეკით.
ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
6.3 სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებულია სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადებისას ნოტარიუსმა შეამოწმა მხარეთა ნების ნამდვილობა, ასევე განუმარტა მათ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები. მოსარჩელემ იცოდა, რა ხელშეკრულებას დებდა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ იგი რაიმე გარემოების შესახებ მოატყუა ან ინფორმაცია დაუმალა.
სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.
ამ ნორმის საფუძველზე, მესამე პირის მიერ მოტყუება გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია მხოლოდ მაშინ, თუ იგი გარიგების მეორე მხარესთან შეთანხმებულად მოქმედებს, ან გარიგების მხარეს ობიექტურად უნდა სცოდნოდა მოტყუების შესახებ.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ზ-------------–---–ი და ბ----------ე შეთანხმებულად მოქმედებდნენ, ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზ-------------–---–მა თ----------–--ის ნდობით ბოროტად ისარგებლა, დაპირდა, რომ სესხს დაფარავდა და პირობა არ შეასრულა, ეს გარემოება მისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი შეიძლება იყოს და არა ხელშეკრულების ბათილად ცნობის.
ვინაიდან სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნა ასევე უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე არ არის ვალდებული მოსარჩელეს აუნაზღაუროს პროცესის ხარჯები.
მოპასუხე ითხოვს მოსარჩელემ აუნაზღაუროს სასამართლოს გარეშე ხარჯი - ადვოკატის მომსახურების საფასური 1000 ლარი. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილია (ს.ფ. 68).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში, სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ოდენობას, რომელსაც წაგებული მხარე ანაზღაურებს.
საქმის სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს უნდა აუნაზღაუროს 500 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----------–--ის სარჩელი ბ----------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. თ----------–--ეს ბ----------ის სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯის - ადვოკატის მომსახურების საფასურის, 500 ლარის, ანაზღაურება.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ი------------ის მიერ 2018 წლის 13 ივნისს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია