გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310118002511707
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

საქმე №3/3938-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივნები: ეკატერინე კალმახელიძე; სალომე დუდუჩავა

მოსარჩელე - შპს ბ---

წარმომადგენელი - ი-----–-------------

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - ე------–-----–--

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენლები - გ----------–---–---–---–-, თ---------------–---

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2018 წლის 28 მაისის N-- სხდომის ოქმი;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 14 ივნისის N--------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

2.2. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერების მიზნით მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N---- ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი სხვადასხვა დასახელების ფორმების (საბადრაგო, სპეც. დანიშნულებისა და საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლის) კომპლექტების შესყიდვის მიზნით. ტექნიკური პირობის 3.1.1. პუნქტით დადგინდა მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, კერძოდ ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ნიმუშებს უნდა მოჰყვეს S--, I------ ან სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ორიგინალი დასკვნა, სადაც ასახული იქნება ტექნიკურ პირობაში მოთხოვნილი შემადგენლობის ყველა პარამეტრი (ლაბორატორიული დასკვნის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ტექნიკური პირობა (ტ. 2. ს.ფ. 199-209)

 

3.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერების მიზნით მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N---- ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 25 აპრილის N- სხდომის ოქმით დადგინდა, რომ შპს „ბ---ს“ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, ხოლო სატენდერო ნიმუშების და S--, I------ ან სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ორიგინალი დასკვნის (სადაც დადასტურებული უნდა იყოს ნიმუშების ტექნიკურ პირობაში მოთხოვნილი შემადგენლობის ყველა პარამეტრი) 10 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველ ორგანიზაციაში წარდგენა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 25 აპრილის N- სხდომის ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 165-167);

 

3.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერების მიზნით მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N---- ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 3 აპრილის N- სხდომის ოქმით სატენდერო ნიმუშებისა და ექსპერტიზის დასკვნების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 10 მაისი.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერების მიზნით მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N---- ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 7 მაისის N-- სხდომის ოქმით, შპს ბ---ის 07.05.2018 წ. განცხადების მოთხოვნის საფუძველზე, სატენდერო ნიმუშებისა და ექსპერტიზის დასკვნების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 17 მაისი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სატენდერო კომისიის 2018 წლის 3 აპრილის N- სხდომის ოქმი (ტ. 2, ს.ფ. 25-26);

- 07.05.2018 წ. განცხადება (ტ. 2, ს.ფ. 28);

- სატენდერო კომისიის 2018 წლის 7 მაისის N-- სხდომის ოქმი (ტ. 2, ს.ფ. 29-30);

 

3.4. შპს ბ---მა შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა ეკოტექსის ლაბორატორიის დასკვნები შესყიდვის ნიმუშებთან დაკავშირებით. აღნიშნულ დასკვნებს ერთვოდა ქსოვილის ნიმუშები და დასკვნები წარდგენილ იქნა ეკოტესტის სიმბოლოებით გაფორმებული კონვერტით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერების მიზნით მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N---- ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 22 მაისის N-- სხდომის ოქმით დადგინდა, რომ შპს ბ---ის მიერ წარდგენილ ლაბორატორიის დასკვნების ავთენტურობის დადგენისათვის შეტყობინება გაგზავნოდა ეკოტექსტის ორგანიზაციას.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერების მიზნით მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N---- ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 24 მაისის N-- სხდომის ოქმით დანისაზღვრა შპს ბ---ის წარდგენილი ნიმუშების შერჩევა-შეფასების ვადა, ასევე დადგინდა ნიმუშების გადაგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსათვის.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 30 მაისის წერილით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეცნობა, რომ მოთხოვნისამებრ შეწყდა ფორმის ნიმუშების გამოკვლევის მიზნით დანიშნული ექსპერტიზა და დაუბუნდა შეუსრულებელი სახით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ეკოტექსის დასკვნები (ტ. 2, ს.ფ. 32-109);

- სატენდერო კომისიის 2018 წლის 22 მაისის N-- სხდომის ოქმი (ტ. 2, ს.ფ. 110-114);

- სატენდერო კომისიის 2018 წლის 24 მაისის N-- სხდომის ოქმი (ტ. 2, ს.ფ. 115-118);

- ექსპერტიზის 30.05.2018 წ. N--------- წერილი (სტ. 2. ს.ფ. 132);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერების მიზნით მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N---- ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიასა და ეკოტქსის ლაბორატორიასთან მიმოწერის მიხედვით, დადგინდა, რომ შპს ბ---ის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის 18.05.2018 წ. წარდგენილი ტესტის ანგარიშები (AB-0583-T 1----------- და AB-0583-T 1-------) ლაბორატორიის მიერ გაგზავნილი იყო ელ.ფოსტით, PDF ვერსია, ხოლო ტესტის ავთენტური ანგარიშები ჯერ კიდევ არ იყო გაგზავნილი ლაბორატორიის კლიენტისათვის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ელექტრონული მიმოწერის ამსახველი მასალა (ტ. 2, ს.ფ. 155-159);

 

3.6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერების მიზნით მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N---- ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 28 მაისის N-- სხდომის ოქმით დადგინდა შპს ბ---ის დისკვალიფიკაცია.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის N--------------- (N--) გადაწყვეტილებით შპს ბ---ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სატენდერო კომისიას დაევალა 2018 წლის 24 მაისის სხდომის N-- ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერების მიზნით მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N---- ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 ივნისი N-- სხდომის ოქმით დადასტურდა N-- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სატენდერო კომისიის 2018 წლის 28 მაისის N-- სხდომის ოქმი (ტ. 2, ს.ფ. 122-124);

- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 11 ივნისის N--------------- (N--) გადაწყვეტილება (ტ. 160-166);

- სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 ივნისი N-- სხდომის ოქმი (ტ. 2, ს.ფ. 125-126);

 

3.7. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 14 ივნისის N--------------- (N--) გადაწყვეტილებით შპს ბ---ის საჩივარი სატენდერო კომისიის 2018 წლის 28 მაისის N-- სხდომის ოქმთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 14 ივნისის N--------------- (N--) გადაწყვეტილება (ტ. 2, ს.ფ. 167-172);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მეორე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. აღნიშნული კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი პროცედურებით.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის პირველი მუხლის თანახმად, ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი. ამავე წესის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო პირობები – სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა; ამავე წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და სატენდერო პირობებს ამტკიცებს სატენდერო კომისია. ამავე წსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის წესს (არსებობის შემთხვევაში);

 

დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერების მიზნით მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N---- ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი სხვადასხვა დასახელების ფორმების (საბადრაგო, სპეც. დანიშნულებისა და საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლის) კომპლექტების შესყიდვის მიზნით. ტექნიკური პირობის 3.1.1. პუნქტით დადგინდა მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, კერძოდ ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ნიმუშებს უნდა მოჰყვეს S--, I------ ან სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ორიგინალი დასკვნა, სადაც ასახული იქნება ტექნიკურ პირობაში მოთხოვნილი შემადგენლობის ყველა პარამეტრი (ლაბორატორიული დასკვნის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

 

დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის ტენდერების მიზნით მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N---- ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 25 აპრილის N- სხდომის ოქმით დადგინდა, რომ შპს „ბ---ს“ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, ხოლო სატენდერო ნიმუშების და S--, I------ ან სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ორიგინალი დასკვნის (სადაც დადასტურებული უნდა იყოს ნიმუშების ტექნიკურ პირობაში მოთხოვნილი შემადგენლობის ყველა პარამეტრი) 10 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველ ორგანიზაციაში წარდგენა.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-- ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან მისი/მათი სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ შპს ბ---მა სატენდერო კომისიისათვის 07.05.2018 წ. წარდგენილი განცხადებით მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N-- ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნების წარსადგენად განსაზღცეული ვადის გაგრძელება, იმ მიზეზით, რომ საექსპერტო კვლევა და და ექსპრესს ფოსტით გამოგზავნის ვადა აღემატებოდა სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ვადებს. დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ სატენდერო კომისიის 2018 წლის 7 მაისის N-- სხდომის ოქმით სატენდერო ნიმუშებისა და ექსპერტიზის დასკვნების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 17 მაისი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, შპს ბ---ის მიერ წარდგენილი ტესტირების დასკვნები გაცემული იყო თუ არა კვლევის შემსრულებელი ლაბორატორიის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შპს ბ---ის ქმედების შეფასება, კერძოდ მის მიერ კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის წარდგენა სატენდერო კომისიისათვის შეესაბამება თუ არა სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობის მოთხოვნას და განხორციელებულია თუ არა ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედება. უდავოა, რომ ტექნიკური პირობის 3.1.1. პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, რომ ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ნიმუშებს უნდა მოჰყოლოდა S--, I------ ან სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ორიგინალი დასკვნა, გულისხმობს დოკუმენტის - დასკვნის დედანის წარდგენის ვალდებულებას. დოკუმენტის დედანი თავის არსით არის უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა არსებობდეს როგორც მატერიალური ისე ელექტრონული ფორმით. თუმცა ელექტრონული დოკუმენტის დედან დოკუმენტად მიჩნევისათვის აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ პირობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტი არის ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მატერიალური დოკუმენტი არის ქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმით წარდგენილი ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ ანდა ელექტრონული შტამპით არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს ბ---მა სატენდერო კომისიას წარუდგინა ეკოტესტის მიერ PDF ფაილის სახით შპს ბ---ისათვის გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის, ტესტირების დასკვნების ფერად პრინტერზე ამობეჭდილი მატერიალური დოკუმენტები. მხარეებმა ასევე დაადასტურეს, რომ შპს ბ---ის მიერ წარდგენილი ტესტირების დასკვნები წარდგენილი იყო ეკოტესტის სიმბოლიკით გაფორმებული კონვერტით, ხოლო დასკვნებს აკრული ჰქონდა ქსოვილის ნიმუშები. ამასთან, თავად ეკოტესტის ლაბორატორიის მიერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ტესტის ანგარიშები (A-------- 1----------- და A-------- 1-------) ლაბორატორიის მიერ გაგზავნილი იყო ელ.ფოსტით PDF ვერსია, ხოლო ტესტის ავთენტიკური ანგარიშები ჯერ კიდევ არ იყო გაგზავნილი ლაბორატორიის კლიენტისათვის.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

 

სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ შპს ბ---ის მიერ ლაბორატორიის კვლევების PDF დოკუმენტის მატერიალური ვერსიის შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წარგდენა არ აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ტექნიკურ პირობას, წარდგენილი ყოფილიყო დასკვნების ორიგინალი (დედანი), ვინაიდან მატერიალური დოკუმენტის ასლის დედან დოკუმენტთან გათანაბრებისათვის საჭიროა მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურება უფლებამოსილი პირის მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში შპს ბ---ის მიერ წარდგენილი ლაბორიატორიულ დასკვნების ასლები სათანადო წესით დამოწმებული არ ყოფილა. შესაბამისად, შპს ბ---მა სატენდერო კომისიას წარუდგინა არა დედანი, არამედ ასლის სახით შექმნილი დოკუმენტი. ამასთან, ერთად გასათვალისწინებელია, რომ შპს ბ---მა სატენდერო კომისიას 07.05.2018 წ. წარდგენილი განცხადებით დოკუმენტების წარსადგენად ვადის გაგრძელება მოსთხოვა ექსპრეს ფოსტის გამოგზავნის ვადის გამო დადგენილ ვადაში დოკუმენტების წარდგენის შეუძლებლობის გამო. ამდენად, შპს ბენნის ქმედებას, კერძოდ ლაბორატორიის დასკვნების იმგვარად წარდგენა რომელმაც ხელი შეუწყო დოკუმენტის ასლის მის დედანთან აღრევას, სასამართლო ერთობლიობაში, მიიჩნევს ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩადენილ არაკეთილსინდისიერ ქმედებად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2017 წლის 28 მაისის N-- სხდომის ოქმით დადგენილ შეფასებას, რომ შპს ბ---მა ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 232 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით გაასაჩივროს შემსყიდველ ორგანიზაციაში.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 14 ივნისის N--------------- (N--) გადაწყვეტილებით შპს ბ---ის საჩივარი სატენდერო კმისიის 2018 წლის 28 მაისის N-- სხდომის ოქმთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2017 წლის 28 მაისის N-- სხდომის ოქმის ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, ასევე საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები უფლებამოსილი იყვნენ გამოეყენებინათ საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, მოსარჩელის ქმედებას სადავო აქტებით მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, დაცულია სადავო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა. ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულის გამო სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ბ---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე