გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.12.2018
საქმის ნომერი
330210018002340297
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16867-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - ქე-----------------–-–---–ი

წარმომადგენელი - მა------------ე

 

მოპასუხე - შპს „ყაზ-------------------–--ი“

წარმომადგენელი - ან--–------–---–ი

 

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულება საცალო მომხმარებელზე დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ;

 

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1 468,49 ლარის გადახდა.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2015 წლის ოქტომბრის თვეში მოსარჩელემ მიმართა ვა---–-----ის რაიონულ სადისტრიბუციო ცენტრს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული საცხობის (მდებარე თბილისი, რჩ----–-–---–ის ქუჩა, დაღმართი №-, საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე არსებულ ავტოფარეხში) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზნით დაეყენებინათ ცალკე მრიცხველი, ვინაიდან საცხობი წლების მანძილზე ფუნქციონირებდა შეშაზე და იმის გამო, რომ სამეზობლო წუხდებოდა გამონაბოლქვით, მოსარჩელეს კატეგორიულად სთხოვდნენ საკითხის მოგვარებას. მოსარჩელის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა გაქირავებული საცხობიდან შემოსული თანხა, ამიტომ ქე-----------------–-–--–მა მოითხოვა მრიცხველის დაყენება ინდივიდუალურად საცხობისათვის, რადგან კომერციული საქმიანობისათვის მოხმარებული ბუნებრივი აირი არ გამხდარიყო მისი ოჯახის გადასახდელი.

 

მოსარჩელემ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეძენილი ჰქონდა მრიცხველი, მაინც შეიძინა მოპასუხისაგან მრიცხველი.

 

მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა, რომ მას, ი.მ წე-------–თან ერთად გაეფორმებინა ხელშეკრულება შპს „ყაზ-------------------–--თან“, დავალიანების 8074,07 ლარის გადანაწილებასთან დაკავშირებით, იმისათვის რომ მომხდარიყო ახალი მრიცხველის დაყენება. მოპასუხემ მოსარჩელე დაარწმუნა, რომ თანხას გადაიხდიდა ი.მ წე-------–ი და მას ამით არანაირი ზიანი არ მიადგებოდა. მითითებული ფაქტორის გათვალისწინებით, მოსარჩელე დასთანხმდა ვალის გადანაწილებასთან დაკავშირებით შეთავაზებას. ხელშეკრულებაში მოხსენიებული იყო ი.მ წე-------–ი, მოსარჩელე დარწმუნდა, რომ მრიცხველის დაყენება შეუძლებელი იყო სხვაგვარად, ხოლო თანხას გადაიხდიდა წე-------–ი. 2015 წლის 19 ნოემბერს შპს „ყაზ-------------------–--სა“ და ქე-----------------–-–---–ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად დაედო მოტყუება. მრიცხველი გაფორმდა მოსარჩელის სახელზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ წე-------–ი ხელს ხელშეკრულებას არ აწერდა.

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს 1 468,4 ლარი, თუმცა მიაჩნია, რომ დავალიანების გადახდა მას დაეკისრა უსამართლოდ. 2016 წლის 24 ივნისის განცხადებით მოსარჩელემ გამოხატა პროტესტი და მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას და მოითხოვა დარიცხული თანხის ჩამოწერა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს შპს „ყაზ-------------------–--სა“ და ქე-----------------–-–---–ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ქე-----------------–-–---–ის მომართვით, განცხადებით, რითიც აღიარა კომპანიის წინაშე არსებული დავალიანება, იკისრა მისი გადახდის ვალდებულება და მოითხოვა თანხის გადანაწილება.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ასევე მიუთითა მოთხოვნის ხალნდაზმულობაზე, რამდენადაც გასულია ერთი წელი ხელშეკრულების გაფორმებიდან (სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლი). ამასთან, მოსარჩელემ დავალიანების დაფარვა დაიწყო 2015 წლის 30 ოქტომბრიდან და იხდიდა ყოველთვიურად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 19 ნოემბერს ქე-----------------–-–---–მა მიმართა შპს „ყაზ-------------------–--ს“ განცხადებით და მოითხოვა ბუნებრივი აირის დავალიანების (აბონენტის ნომერი: 3-----) 8074,00 ლარის 54 თვეზე გადანაწილება. განცხადებას ხელს აწერს ქე-----------------–-–---–ი (ს.ფ. 70).

 

2015 წლის 19 ნოემბრის განცხადებით (ს.ფ. 71) ქე-----------------–-–---–მა დაადასტურა №3----- აბონენტის (მდებარე, რჩ----–-–---–ის დაღმართის ო-----ომერში) დავალიანების ოდენობა 8074 ლარი (2015 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით) და განმარტა, რომ რაიმე პრეტენზია მას არ გააჩნდა. განცხადებას ხელს აწერს ქე-----------------–-–---–ი.

 

2015 წლის 19 ნოემბერს ერთი მხრივ, შპს „ყაზ-------------------–--სა“ და ქე-----------------–-–---–ს („მეორე მხრივ, ქო-------–-–---–ი - ი.მ წე-------–ი (შემდგომში - აბონენტი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ, რომლის თანახმად, ქე-----------------–-–---–მა აღიარა კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება 8074,07 ლარი და იკისრა ვალდებულება დაეფარა სრულად დავალიანება არაუგვიანეს 2020 წლისა. დავალიანების გადახდა განხორციელდებოდა განაწილვადების წესით.

 

ხელშეკრულებას ხელს აწერს მოპასუხის წარმომადგენელი და მოსარჩელე ქე-----------------–-–---–ი (თბილისი, რჩ----–-–---–ის 3- აბონენტი 3-----).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

2015 წლის 19 ნოემბრის განცხადებები (ს.ფ. 70;71).

ხელშეკრულება საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ (ს.ფ. 72-73).

 

3.1.2. შპს „ყა-------------------–--ის“ აბონენტი №3----- რეგისტრირებულია ინფ. მეწარმე წე-------–ი, მისამართი ვ---, რჩ----–-–---–ის შენ. 3- ბინა---

 

2017 წლის 12 ივლისის მდგომარეობით აბონენტის დავალიანება შეადგენს 7127,48 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

აბონენტის ბარათი (ს.ფ. 76-82).

 

3.1.3. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე იხდიდა №3----- აბონენტის დავალიანებას (8074,07 ლარი), 2015 წლის 19 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

აბონენტის ბარათი (ს.ფ. 76-82).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო გარიგების მოტყუებით დადების ფაქტის დადასტურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შემცილებელს (სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძვლით) ეკისრება იმ ნორმის ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობის მტკიცება, რომელსაც ის თავის შეცილების უფლებას აფუძნებს.

 

მოსარჩელის მიერ მტკიცების ტვირთის რეალიზების შესამოწმებლად მნიშვნელოვანია გამოირკვეს, რა ფაქტობრივ წინაპირობებზე აფუძნებს მოსარჩელე ქე-----------------–-–---–ი მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნას (რა გარემოებებზე მიუთითებს), ასევე უნდა განისაზღვროს ამ გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, მოსარჩელე უზრუნველყოფდა თუ არა, სკ-ის 81-ე მუხლის წინაპირობების არსებობის მტკიცებას.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს შპს „ყაზ-------------------–--სა“ და ქე-----------------–-–---–ს შორის ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად დაედო მოტყუება, კერძოდ, მოპასუხემ ქე-----------------–-–---–ს მოსთხოვა, რომ მას ი.მ წე-------–თან ერთად გაეფორმებინა ხელშეკრულება შპს „ყაზ-------------------–--თან“, დავალიანების 8074,07 ლარის გადანაწილებასთან დაკავშირებით, იმისათვის რომ მომხდარიყო ახალი მრიცხველის დაყენება. მოპასუხემ მოსარჩელე დაარწმუნა, რომ თანხას გადაიხდიდა წე-------–ი.

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა მას განუმარტა ზეპირსიტყვიერად, რომ მის მიერ აღიარებულ თანხას გადაიხდიდა წე-------–ი (2018 წლის 18 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:22:02).

 

შესაბამისად, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან ლოგიკურად ივარაუდება, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისას მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსი და, იმ შემთხვევაშიც თუ დავუშვებთ, რომ ამგვარი ზეპირსიტყვიერი განმარტება გაკეთდა მოპასუხის მხრიდან, ეს გარემოება მაინც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოტყუებად, რადგან ბათილობას იწვევს მოტყუება, რომელიც წარმოშობს ხელშეკრულებას მის შინაარსთან კავშირში და არა იმ გარემოებებზე ზეპირსიტყვიერი მითითება, რომელიც დაკავშირებულია გარიგების შესრულებასთან.

 

მოტყუება შესაძლებელია, როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. ორივე მიზნად უნდა ისახავდეს მეორე მხარისათვის მცდარი წარმოდგენის შექმნას, მის გამყარებას, ან უკვე შექმნილი წარმოდგენის უბრალოდ არ გაქარწყლებას. ეს კი დაკავშირებული უნდა იყოს ხელშეკრულების შინაარსთან, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო დამატებით ყურადრებას გაამახვილებს, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების ტექსტში მოხსენიებულია წე-------–ი, და შესაბამისად, ხელი მასაც უნდა მოეწერა.

 

2015 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების (საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების შესახებ) ტექსტის თანახმად, ხელშეკრულება გაფორმდა ერთი მხრივ, შპს „ყაზ-------------------–--სა“ და მეორე მხრივ, ქო-------–-–---–ი -ი.მ წე-------–ს შორის (შემდგომში - აბონენტი“) შორის. ხელშეკრულების ტექსტის ბოლოს ხელმოწერის ადგილი გამოყოფილია მხოლოდ კომპნიისათვის და ქე-----------------–-–---–ისათვის ( აბონენტის ნომერი 3-----), სადაც განხორციელებულია შესაბამისი ხელმოწერები.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ი.მ წე------–ის მოხსენიება ხელშეკრულების ტექსტში გულისხმობდა მისი, როგორც მხარის ხელმოწერის ვალდებულებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი ვითარების დროს ასეთი ინტერპრეტირების შესაძლებლობას ხელშეკრულების შინაარსი არ იძლევა: არც ხელშეკრულების შინაარსიდან შესაძლოა შეიქმნას იმგვარი განცდა, რომ ვალდებულებას, გარდა მოსარჩელისა, იღებდა ი.მ წე-------–იც; სასამართლო ვერ გაითვალისწინებს ამგვარ მითითებას, რამდენადაც საქმეში არსებული მასალებით, როგორც აღინიშნა, დგინდება, რომ ქე-----------------–-–---–მა განცხადებით მიმართა თავად მოპასუხე მხარეს, დავალიანების გადანაწილების მოთხოვნით, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი იგი თავად იხდიდა გადანაწილებულ და აღიარებულ დავალიანებას. ამსთან, მნიშნვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის ამ დავის ფარგებში არ არის სადავო ქე-----------------–-–---–ის განცხადებებსა და მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშელრულებაზე ქე-----------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობა, ისევე როგორც სადავო არ არის ფაქტი იმის, შესახებ, რომ დავალიანების აღიარების შემდეგ (2015 წლის 19 ნოემბრის შემდეგ) მოსარჩელე იხდიდა აღიარებულ დავალიანებას პორციების გადახდით.

 

ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ი.მ წე------–ის მითითება მიზნად ისახავდა აბონენტის დასახელების აღნიშნავს, რომლის დვალიანების აღიარებაც ხდებოდა, ი.მ წე-------–ი კი რეგიტრირებული იყო აბონენტის ნომერად 3-----.

 

მხარეთა მტკიცებითი ფორმა, ორიენტირებულია მოწმეთა ჩვენებებზეც.

 

მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებულმა მოწმემ ირ---–---------–მა, რომელიც მოსარჩელის ქე-----------------–-–---–ის შვილია, განმარტა, რომ თონეს, რომელის სააბონენტო ნომერზე დარიცხულია სადავო დავალიანება, ამუშავებდა ი.მ წე-------–ი, თუმცა ირ---–---------–ისათვის არ იყო ცნობილი, რომ აბონენტზე არსებობდა დავალიანება. ამასთან, შენობა არის ქე-----------------–-–---–ის საკუთრება. მოწმემ განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე ურთიერთობას ესწრებოდა, თუმცა მას არ მიუთითებია კონკრეტულად რა გარემოებებში გამოიხატა მოპასუხის წარმომადგენლის მხრიდან ქე-----------------–-–---–ის მოტყუების ფაქტი.

 

მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული მოწმემ მა-–-----------–-–---–მა. რომელიც სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა კომპანიის ვა---–-----ის რაიონული სადისტრიბუციო ცენტრის წარმომადგენელს, განმარტა, რომ ვალის აღიარების დროს მხარეები თავად მიმართავენ კომპანიას ოფისში. ხელშეკრულებულების პირობების განსაზღვრა კი ხდება ინდივიდუალურად. ასევე განხორციელდა ქე-----------------–-–---–ის მიერ ვალის აღიარების შემთხვევაშიც. ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეებს განემარტებათ მათ მიერ აღებული ვალდებულებების შინაარსი.

 

სასამართლო ასევე ვერ გაითვალიწინებს, მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისამართი რჩ----–-–---–ის 4 და რჩ----–-–---–ის 3- იწვევს გარკვეულ ეჭვებს დავალიანების აღიარების ნამდვილობასთან მიმართებით. სასამართლო განმარტავს, რომ აბონენტის ნომერი და დავალიანების ოდენობა, რაც მითითებულია ქე-----------------–-–---–ის განცხადებებსა და ასევე სადავო ხელშეკრულებაში, არის ერთი და იგივე და ამასთან, ქე-----------------–-–---–ის საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელზედაც რეგისტრირებულია აბონენტის ნოემრი, მხარეებს შორის სადავი არ ყოფილა, თავად მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს არ გაუხდია სადავოდ. ამასთან, როგორც აღინიშნნა, მოსარჩელეს აღიარებული დავალიანების პორციები არაერთხელ აქვს გადახდილი.

დამატებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ქე-----------------–-–---–მა ჯერ კიდევ 2016 წლის 24 ივნისის მიმართვით კომისიის წინაშე სადავოდ გახადა გარიგება, თუმცა განცხადება არ დაკმაყოფილდა (შესაბამისი მასალები საქმეში წარმოდგენილი არ არის). თუმცა, ამის საპირისპიროდ, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 24 ივნისის შემდეგადაც ქე-----------------–-–---–ი იხდიდა აღიარებულ და გადანაწილებულ თანხას (მოხმარებულ ბუნებრივი აირის საფასურზე მეტ ოდენობას). სასამართლო დამატებით ყუარდღებას ამახვილებს ასევე მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილ ქე-----------------–-–---–ის მიერ კომპანიისადმი გაკეთებულ 2015 წლის 12 ოქტომბრის განცხადებებზე (ს.ფ. 74-75) და ამავე თარიღის დავალიანების აღიარებისა და განაწილების ხელშეკრულებაზე (ს.ფ. 72-73), რომლის თანახმად, ამავე აბონენტის ნომერზე (3-----), ქე-----------------–-–--–მა აღიარა დავალიანება (1549 ლარი) (ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია რჩ----–-–---–ის №-, რასაც ხელს აწერს მოსარჩელე, 3----- სააბონენტო ნომრის მითითებით).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ქე-----------------–-–---–ის მოტყუების ფაქტს, სკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 82-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

სკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 81-ე, 82-ე მუხლების თანახმად, გარიგება მოტყუებით დადებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მხარის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დებს მეორე მხარე გარიგებას. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით დადებული გარიგების ბათილობის შემთხვევაში მხარემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტი.

 

მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, ქე-----------------–-–---–ი 2015 წლის 19 ნოემბრის გარიგების შინაარსსა და ნების გამოვლენაში არ მოტყუებულა, სკ-ის 81-82-ე მუხლების შესაბამისად. რეალურად, მოსარჩელეს პრეტენზია გააჩნია ხელშეკრულების „ტექნიკურ შესრულებასთან“ დაკავშირებით, რადგან როგორც იგი უთითებს, მის მიერ აღიარებული დავალიანება, როგორც ხელშეკრულების დროს განუმარტა მოპასუხის წარმომადგენელმა, უნდა დაეფარა ი.მ წე-------–ს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის განმარტებით, მის მიმართ მოტყუება განხორციელდა არა გარიგების შინაარსთან დაკავშირებით, არამედ ხელშეკრულების პირობების შესრულებისას, ხელშეკრულების პირობები კი მის მიერ მითითებულ გარემოების შინაარს არ მოიცავდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოტყუების დროს არსებობს ნების ნაკლის გამოვლენა, კერძოდ, რომ არა მოტყუების ფაქტი, ისე გარიგება არ დაიდებოდა. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებენ მოტყუების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დადასტურება მისი მოტყუების ფაქტობრივი გარემოებისა. მოსარჩელის მიერ მოთითებული გარემოებები, რაც არ არის დაკავშირებული სკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებთან, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მოტყუების ფაქტობრივი გარემოება.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარიგების მოტყუებით დადების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მოსარჩელემ ვერ მიუთითა.

 

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო განმარტავს, რომ ქე-----------------–-–---–ს ჰქონდა 2015 წლის 19 ნოემბრის ხელშეკრულებაში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა. მოტყუების საფუძველზე არანამდვილი ნების გამოვლენისას კი მოსარჩელეს შექმნილი უნდა ჰქონოდა ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლიდა მას ნამდვილი ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში.

 

მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზოვნების ადამინის მოტყუება იყოს შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელემ ხელი მოაწერა იმ დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოსავლენი ნების შინაარსი, რის შესახებაც იგი არ მიუთითებს, რომ ინფორმირებული არ იყო, ვერ განიხილება მოპასუხის მიერ მოსარჩელის მოტყუებად გარიგების შინაარსში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ რამდენადაც არ დგინდება გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა, სკ-ის 81-82-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, იმსჯელოს გარიგების შეცილების ვადაზე, სამოქალაქო სკ-ის 84-ე მუხლის შესაბამისად; ამასთან, ვინაიდან გარიგების ბათილობის შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელია, შესაბამისად, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ მიკუთვნებითი მოთხოვნაც უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში ღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.

 

მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 242,22 ლარიდან 142,1 ლარი, ხოლო დანარჩენი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ქე-----------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. დაუბრუნდეს მოსარჩელე ქე-----------------–-–---–ს მის მიერ 2017 წლის 27 ივნისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 242,22 ლარიდან 142,1 ლარი.

3. გაუქმდეს სარჩელზე 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „ყა-------------------–--ს“ აეკრძალა ქე-----------------–-–---–ისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებაში ხელშეშლა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე