გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/11488-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს ”ს----------–---------”
წარმომადგენელი მუ--------------–---–-, ელ---------------–---
მოპასუხე მა----------------
წარმომადგენელი ლა–------------
დავის საგანი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე
დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნაა:
1.1. მოპასუხე მა----------------ს მოსარჩელე სს ”ს----------–---------ს” სასარგებლოდ დაეკისროს 10 612.34 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 8875.63 ლარი, პროცენტი 600.93 ლარი, პირგასამტეხლო - 1095.78 ლარი და საკომისიო - 40 ლარი.
სს „ს----------–----------“ და მა----------------ს შორის 2017 წლის 24 აპრილს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით, წლიური 13.5% სარგებლის დარიცხვით, ვადაგადაცილებულ თანხაზე 0.5% ყოველდღიური პირგასამტეხლო.
სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა გადახდის გრაფიკი და წარმოიქმნა დავალიანება, რომლის ოდენობაც არის 10 612.34 ლარი. აღნიშნული თანხიდან ძირითადი თანხის ოდენობაა 8 875.63 ლარი, პროცენტი -600.93 ლარი, პირგასამტეხლო -1095.78 ლარი, საკომისიო - 40 ლარი.
მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა მის მიერ ვალდებულების შესრულების შესახებ, მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულებები დღემდე შეუსრულებელია.
სს „ს----------–----------“ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემის თხოვნით, თუმცა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით რესპოდენტის მიერ მოხდა პროტესტის წარდგენა ბანკის მოთხოვნის თაობაზე, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში სს „ს----------–---------ს“ სააპლიკაციო საფასური შეადგენს 100 ლარს, ყადაღის საფასური - 50 ლარი და საგარანტიო თანხა 215.25 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნები არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 9 476.56 ლარს, საიდანაც 1 124.37 ლარის ფაქტობრივად გადახდილია. შესაგებელში მოპასუხის მიერ ასევე აღნიშნულია, რომ შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მა----------------მ ცნო სარჩელის მოთხოვნები ძირითადი თანხის, პროცენტისა და საკომისიოს ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ს----------–----------“ და მა----------------ს შორის 2017 წლის 24 აპრილს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით, წლიური 13.5% სარგებლის დარიცხვით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
-
3.1.2. 2017 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებით გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა და 2018 წლის 16 აპრილის მდგომარეობით 2017 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკისრება დავალიანება 10 612.34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხის ოდენობაა 8 875.63 ლარი, პროცენტი -600.93 ლარი, პირგასამტეხლო -1095.78 ლარი, საკომისიო - 40 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- გადახდის გრაფიკი
- დავალიანების შესახებ ცნობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს „ს----------–----------“ და მა----------------ს შორის 2017 წლის 24 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით განისაზღვრა ვადაგადაცილებულ თანხაზე 0.5% ყოველდღიური პირგასამტეხლო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–---------ს” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 361-ე, 868-ე, 873-ე, 319-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს სს "ს----------–----------” და მა----------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მა----------------მ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სარგებლობისათვის დადგენილია წლიური 13.5%. 2017 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება საკომისიო 40 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტის და საკომისიო თანხის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ძირითადი თანხის, პროცენტისა და საკომისიოს თანხის ჯამში, 9516.56 ლარის დაკისრების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ”ს----------–----------” და მა----------------ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს 2017 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 109.57 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 9516.56 ლარის 3%, რაც შეადგენს 285.49 ლარს.
სს „ს----------–---------ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 3.28 ლარის გადახდა და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
მოპასუხე მა----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის - აღსრულების ეროვნული ბიუროში გამარტივებულ წარმოებაში გაწეული ხარჯის - 100 ლარის, ქონებაზე ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარისა და საგარანტიო თანხის ნახევრის 107 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, სს „ს----------–---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასარჩელო მოთხოვნა, რომელზეც უზრუნველყოფის ღონისძიებაა გამოყენებული, დაკმაყოფილდა. ამდენად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.04.2018 წლის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 49-ე, მე-3, 208-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ”ს----------–---------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხე მა----------------ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ:
1.1.1. 2017 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 8 875.63 ლარი, პროცენტი - 600.93 ლარი, ჯარიმა - 109.57 ლარი და საკომისიო - 40 ლარი.
2. დაეკისროს მოპასუხე მა----------------ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 3.28 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
2.1. დაეკისროს მა----------------ს მოსარჩელე სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ წარმოებაში გაწეული ხარჯი - 100 ლარი, ქონებაზე ყადაღის დადების საფასური - 50 ლარი და საგარანტიო თანხის ნახევარი 107 ლარი.
2.2. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ”ს----------–---------” 2018 წლის 17 აპრილს №-----გადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 326.10 ლარიდან 285.49 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაკა ჭედია