გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2019
საქმის ნომერი
330210018002604948
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელეები - თ-------------------ე, თ----------------–ი

მოსარჩელე თ----------------–ის წარმომადგენელი - ბ------------ე

მოსარჩელე თ-------------------ის წარმომადგენლები - თ-----------------–--ე, თ----–-----–-----ე

 

მოპასუხე - ნოტარიუსი მ----------------–---–ი

წარმომადგენელი - ც-–-----–--------ი

 

დავის საგანი - დადგენილებების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ნოტარიუს მ----------------–---–ის მიერ 2018 წლის 26 აპრილს მიღებული N--------- დადგენილება;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ნოტარიუს მ----------------–---–ის მიერ 2018 წლის 26 აპრილს მიღებული N--------- დადგენილება;

1.3. დაევალოს საქართველოს ნოტარიუს მ----------------–---–ის 2017 წლის 19 აგვისტოს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------) თანახმად სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 19 აგვისტოს მ----------------–---–ის სანოტარო ბიუროში ნ-----------ემ, თ----------------–მა და თ-------------------ის წარმომადგენელმა თ----–-----–-----ემ გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, თ----------------–მა ნ-----------ეს გადასცა 8750 ლარი, ხოლო თ-------------------ის წარმომადგენელმა თ----–-----–-----ემ - 16250 ლარი. ორივე სესხი გაიცა 6 თვის ვადით, 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, ყოველთვიურად ძირითადი თანხის 2,5% სარგებლის გადახდის პირობით.

 

ნ-----------ეს გამსესხებლებისთვის დაბრუნებული არ აქვს სესხის ძირითადი თანხა, ჯამში 25000 ლარი, რის გამოც 2018 წლის 21 აპრილს მოსარჩელეებმა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართეს ნოტარიუს მ----------------–---–ს.

 

ნოტარიუსმა 2018 წლის 26 აპრილის დადგენილებებით უარი უთხრა კრედიტორებს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. ნოტარიუსის უარი მოტივირებული იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი გახდა ნ-----------ის მიმართ თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აღძვრისა და გამოძიების დაწყების შესახებ. ასევე მიუთითებს, რომ სააღსრულებო ფურცელი უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო რეკვიზიტებს, ხოლო უძრავი ქონების მესაკუთრის ვინაობა სადაო არის გამხდარი.

 

ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს აღნიშნული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარს, თუ ნამდვილად ჰქონდა ადგილი თაღლითობის ფაქტს, ნ-----------ე განცხადებით მიმართავდა ნოტარიუსს და სთხოვდა სააღსრულებო ფურცლის გაცემისგან თავის შეკავებას. თუკი ნოტარიუსი გასცემდა სააღსრულებო ფურცელს ნ-----------ე მას სასამართლოს ან პროკურორის მეშვეობით შეაჩერებდა. გამოძიების დაწყება არ წარმოადგენს იმ საფუძველს რაც გათვალისწინებული ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლში და წარმოადგენს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობითი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი, განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი გამოწვეული იყო სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის გამო. მისთვის ცნობილი გახდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, სადაც ეჭვქვეშაა დამდგარი ნ-----------ის, ანუ მოვალის პიროვნება. ასეთ ვითარებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემა კი ეწინააღმდეგება სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-8 მუხლის 1 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალსა და საჯარო წესრიგს. ამდენად, სააღსრულებო ფურცლის გაცემა გამოიწვევდა საჯარო წესრიგის დარღვევას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 19 აგვისტოს ნ-----------ეს, თ----------------–სა და თ-------------------ის წარმომადგენელს თ----–-----–-----ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ნ-----------ემ თ----------------–ისგან ისესხა 8750 ლარი, ხოლო თ-------------------ისგან - 16250 ლარი. სესხის თანხა ჯამში შეადგენდა 25000 ლარს. სესხის გაიცა ყოველთვიური 2,5% სარგებლით, 6 თვის ვადით და უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 19 თებერვალს.

 

თ----------------–ის მიერ გაცემული სესხი სარგებელთან ერთად შეადგენს 10062,50 ლარს, ხოლო თ-------------------ის მიერ გაცემული სესხი - 18687,50 ლარს.

 

სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილია იპოთეკით, იპოთეკით დაიტვირთა ნ-----------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ბ------------–--–-----------------------------------, ფართი 54.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი N-----------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შეიცავდა შეთანხმებას, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მსესხებელი ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რა მიზნითაც მიმართოს ნოტარიუსს განცხადებით სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. აგრეთვე მიიღოს სააღსრულებო ფურცელი ვალდებულების იძულებითი აღსრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

3.1.3. მსესხებლის ნ-----------ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, გამსესხებლებმა - თ----------------–მა და თ-------------------ის სახელით თ----–-----–-----ემ სააღსრულებო ფურცლების გაცემის მოთხოვნით 2018 წლის 23 აპრილს მიმართეს ნოტარიუს მ----------------–---–ს.

 

2018 წლის 26 აპრილის N--------- და N--------- დადგენილებებით თ----------------–სა და თ-------------------ის წარმომადგენელს თ----–-----–-----ეს უარი ეთქვათ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადებები სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით;

- დადგენილებები სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3.1.4. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში 2018 წლის 21 მარტს დაიწყო გამოძიება საქმეზე ნ-----------ის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

გარდა ამისა, ნ-----------ის დის ნ--------------ას მიერ აღძრულია სამოქალაქო სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების თ----------------–ისა და თ-------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომელზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომელთა მიზანი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. კონკრეტულ შემთხვევაში 2017 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულებით მხარეებმა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთეს მსესხებლის ნ-----------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. ამასთან, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების როგორც ერთ-ერთი არსებითი პირობა, მხარეებმა გაითვალისწინებს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

აღნიშნული ნორმის, ასევე ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით, გათვალისწინებულია ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი, რა დროსაც აუცილებლია სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა, ასევე ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში განმარტებულ უნდა იქნეს სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული წესი მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა.

 

დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსს მ----------------–---–ს მიმართეს გამსესხებლებმა, ხოლო მოპასუხემ უარი განაცხადა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. ნოტარიუსის მხრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვინაიდან სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი უნდა მოიცავდეს კრედიტორისა და მოვალის დასახელებას (როგორც სანოტარო აქტისთვის სავალდებულო რეკვიზიტებს), ხოლო მესაკუთრე ნ-----------ის მიმართ აღძრული და დაწყებული იყო სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის ფაქტზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემა დაუშვებელი იყო. ამდენად, სადავოდ იყო გამხდარი მოვალის ანუ მესაკუთრის ვინაობა, სააღსრულებო ფურცლით კი სწორედ მესაკუთრე ნ-----------ის ქონების იძულებითი წესით რეალიზაცია უნდა მომხდარიყო.

 

ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, სამართლებრივად არსებობდა თუ არა აღნიშნული მოტივით სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი უნდა მოიცავდეს სანოტარო აქტისთვის სავალდებულო რეკვიზიტებს, მათ შორის კრედიტორისა და მოვალის დასახელებას. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეს წარმოადგენს მსესხებელი ნ-----------ე, რომელიც ამავდროულად არის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე.

 

ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი და ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ: ა) სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; ბ) სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს პირთა პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; გ) სანოტარო მოქმედების მონაწილე არ არის უფლებამოსილი პირი ან ქმედუნარიანი, ან სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ თხოვნა შემოსულია იმ ენაზე, რომელსაც ნოტარიუსი არ ფლობს, და არ არის თარჯიმნის გამოყენების შესაძლებლობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღძრულია სამოქალაქო საქმე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე იპოთეკის საგნის მესაკუთრის ნ-----------ის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, აღნიშნული გარემოება არ აბრკოლებს სააღსრულებო ფურცლის გაცემას და არ წარმოადგენს ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ნოტარიუსის განმარტებას, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გამო, ვინაიდან სადავოდ არის გამხდარი მოვალის ვინაობა, აღნიშნული წარმოადგენს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებითი, რომლის დამოწმებაც განხორციელდა სანოტარო ბიუროში, ნოტარიუსის თანდასწრებით ხელშეკრულების მხარეების უშუალო მონაწილოებით, სადაც მსესხებელი/მესაკუთრე ნ-----------ე პირადად დებდა გარიგებას, ხოლო ნოტარიუსის მიერ მოხდა ხელშეკრულების მხარეებისა და მათი ნების შემოწმება. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე კი სწორედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცემულობაა სწორი და პრეზუმფცია, რომ მსესხებელი და ამავდროულად მესაკუთრე არის ნ-----------ე, რომლის ნებასაც წარმოადგენდა მოსარჩელეებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა.

 

სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსს ეკრძალება უსაფუძვლო უარის თქმა სანოტარო მოქმედების შესრულებასა და/ან პროფესიული მომსახურების გაწევაზე.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ნოტარიუსის მხრიდან არ არსებობდა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი და იგი ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა კრედიტორთა მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: 1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3) სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, რომლის გადახდა სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ. აღნიშნული ხარჯის გარდა მოსარჩელეთაგან თ----------------–ი ითხოვს ადვოკატის მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 1500 ლარის დაკისრებას.

 

აღნიშნული თანხიდან სასამართლო იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ გონივრულად მიიჩნევს 500 ლარის მოპასუხის მიერ ანაზღაურებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ-------------------ისა და თ----------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ნოტარიუს მ----------------–---–ის მიერ 2018 წლის 26 აპრილს მიღებული N--------- და N--------- დადგენილებები.

 

3. დაევალოს საქართველოს ნოტარიუს მ----------------–---–ს 2017 წლის 19 აგვისტოს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------) თანახმად სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

 

4. საქართველოს ნოტარიუს მ----------------–---–ს თ-------------------ისა და თ----------------–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 100 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. საქართველოს ნოტარიუს მ----------------–---–ს თ----------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე