გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002533244
საქმე №2-2862/18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე სს ”ს--------------------------–----ი“
წარმომადგენელი მ-------–-------
მოპასუხე ნ-----------ე
წარმომადგენელი ბ------------ე
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ნ-----------ეზე სს ”ს--------------------------–----ის” სასარგებლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1798,51 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 28 ივნისს, ქ. თბილისში, ც.დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანა „ტოიოტა“, სახელმწიფო ნომრით „BRB544“, რომელსაც მართავდა მოპასუხე ნ-----------ე, დაეჯახა ავტომანქანა „შკოდას“, სახელმწიფო ნომრით „ORI444“, რომელიც დაზღვეული იყო სს „ს--------------------------–----ში“.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ 2014 წლის 28 ივნისს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად ცნობილი იქნა ნ-----------ე და მის მიმართ გამოწერილი იქნა საჯარიმო ქვითარი. საპატრულო პოლიციის აღნიშნული გადაწყვეტილება ნ-----------ეს არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახსნა-განმარტებები.
- საჯარიმო ქვითარი.
- ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა.
- საპატრულო პოლიციაში მიცემული ახსნა-განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ ავტომანქანა „შკოდა“, სახელმწიფო ნომრით „ORI444“, რომელსაც მართავდა ლ--------------ა, დაზღვეული იყო სს ”ს--------------------------–----ში”.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით „ORI444“. აღნიშნული ავტომანქანის აღდგენითი ღირებულების გაანგარიშება განხორციელდა შპს „თეგეტა მოტორსში“, რომლის 2014 წლის 01 ივლისის ინვოისის თანახმად აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა 1975 ლარი. აღნიშნულ თანხას დააკლდა ფრანშიზა 176,49 ლარი (რომელიც გათვალისწინებული იყო სადაზღვევო პილისით). დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული იქნა ზ/აღნიშნული შემთხვევის დროის მიყენებული ზიანი 1789,51 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ”თეგეტა მოტორსის” მიერ შედგენილი დაანგარიშების აქტი.
- თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ”ს--------------------------–----ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ნ-----------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1798,51 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე, 999-ე მუხლებით. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის თანახმად თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს,მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლის თანახმად კი პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 999-ე მუხლი კი იმპერატიულად ადგენს, რომ მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
აღნიშნული მუხლებით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო საქმეში წარმოდგენილი ავტოსაგზაო შემთხვევის სქემის და საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, რომელიც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაშია, დადგენილად მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართადამრღვევად ცნობილი იქნა ნ-----------ე, რის გამოც დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული იქნა სადაზღვევო კომპანიის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს ყველა ზ/აღნიშნული გარემოება მოპასუხეზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების სახით 1798,51 ლარის დაკისრების თაობაზე.
6.3. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არსებობს სს ”ს--------------------------–----ის” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დავის საგანი არის მოპასუხეზე 1798,51 ლარის დაკისრება, ამიტომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. სააპელაციო წესით გასაჩივრებას კი სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365 მუხლის თანახმად ექვემდებარება მაშინ, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 460 ლარის ოდენობით.
ვინაიდან სს ”ს--------------------------–----ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს ”ს--------------------------–----ის” სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
1.1. დაეკისროს მოპასუხე ნ-----------ეს მოსარჩელე სს ”ს--------------------------–----ის” სასარგებლოდ 1798,51 ლარის გადახდა.
1.2. დაეკისროს მოპასუხე ნ-----------ეს მოსარჩელე სს ”ს--------------------------–----ის” სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე