გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14210-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - სს ,,კ-------–-----ი’’
წარმომადგენელი - რ-----–-–--–---–ი, მ-----–----------ე
მოპასუხე - ზ-----------–--
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 29 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 6 670.17 ლარის და პროცენტის - 2 160.53 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-15)
1.1.1. 2014 წლის 29 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა №2----------0-- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მან აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით მიეცა მსესხებლისათვის სასყიდლიანი საბანკო კრედიტი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა მიღებული კრედიტი ხელშეკრულებით თანდართული გრაფიკის მიხედვით, გადაეხადა დარიცხული პროცენტები, პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი და სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით დადგენილი სხვა ვალდებულებები;
1.1.2. ხელშეკრულების თანახმად კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 8 200 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15%-ით, კრედიტის ვადა - განისაზღვრა 24 კალენდარული თვით, 2016 წლის 29 იანვრამდე;
1.1.3. მოპასუხემ მიიღო და ისარგებლა გაცემული საბანკო პროდუქტით (კრედიტით), თუმცა მან არ შეასრულა შესაბამისი ფულადი ვალდებულებები ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, მიუხედავად გაფრთხილებისა;
1.1.4. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8 830.70 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 6 670.17, ხოლო სარგებელი - 2 160.53 ლარი;
1.1.5. 2014 წლის 09 ივლისს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში განხორციელებული ცვლილებებით სს ,,ი-----------ის’’ სახელი შეიცვალა და საზოგადოებას ეწოდა სს ,,კ-------–-----ი’’;
1.1.6. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის №6---ე განკარგულების საფუძველზე, მას გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 95-103).
2.1.1. მის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელებულია 2014 წლის 25 ივნისს, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 29 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №2----------0-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი - 8 200 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა-24 თვე, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი-15%, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი-16.07%.
ხელშეკრულების თანახმად, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების თანახმად, კლიენტი ვალდებულია სესხი დაფაროს დანართი №1-ში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.16-25)
3.1.2. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2014 წლის 29 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მის მიერ თანხის ბოლო გადახდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებულია 2014 წლის 25 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, საბანკო ამონაწერები (ს.ფ. 26-62)
3.1.3. 2015 წლის 02 მარტს მოსარჩელის მიერ მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, მიმართვა (ს.ფ. 63)
3.1.4. 2014 წლის 29 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8 830.70 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 6 670.17 ლარი, ხოლო სარგებელი - 2 160.53 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 64)
3.1.5. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 16 ნოემბრის განკარგულებით, გაუქმდა სს ,,კ-------–-----ის’’ საბანკო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განკარგულება, ამონაწერები, განკარგულება (ს.ფ. 67-74)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 29 იანვრის საბანკო კრედიტის №2----------0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე არ არის ხანდაზმული.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელშიც და სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციაშიც მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რაც, მისი განმარტებით, გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ თანხის ბოლო გადახდა საბანკო კრედიტის №2----------0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებულია 2014 წლის 25 ივნისს. სწორედ აღნიშნულზე მითითებით მიიჩნევს მოპასუხე წარმოდგენილ სარჩელს ხანდაზმულად.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმ მომენტის ზუსტად განსაზღვრას, საიდანაც იწყება მისი ათვლა. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2014 წლის 25 ივნისს, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ უშუალოდ აღნიშნული დროიდან იწყება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 29 იანვრის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 24 თვით, შესაბამისად, მისი მოქმედების ვადა გრძელდებოდა 2016 წლის 29 იანვრამდე, შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სწორედ ამ დროიდან. აღნიშნული კი მიუთითებს მასზედ, რომ სარჩელის წარმოდგენის დროისათვის - 2018 წლის 16 მაისისათვის, სარჩელი არ იყო ხანდაზმული.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 29 იანვრის საბანკო კრედიტის №2----------0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე არ არის ხანდაზმული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, მე-400, 129-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 29 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №2----------0-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი - 8 200 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა-24 თვე, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი-15%, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი-16.07%.
საქმის მასალებიდან გამომდინარე ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მასსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული №2----------0-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2014 წლის 25 ივნისს. ამასთანავე, 2014 წლის 29 იანვრის №2----------0-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 8 830.70 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 6 670.17 ლარი, ხოლო სარგებელი - 2 160.53 ლარი.
ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 2014 წლის 29 იანვრის №2----------0-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით არ არის ხანდაზმული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მოპასუხის მიმართ 2014 წლის 29 იანვრის საბანკო კრედიტის №2----------0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 6 670.17 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 264.92 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,კ-------–-----ის’’ სარჩელი მოპასუხე ზ-----------–--ს მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ზ-----------–--ს მოსარჩელე სს ,,კ-------–-----ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 29 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 6 670.17 ლარის და პროცენტის - 2 160.53 ლარის ოდენობით გადახდა;
3. მოპასუხე ზ-----------–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 264.92 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი