გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210016001521708
საქმე №2/1271-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - მ------ა ბ----–-–---–ი
წარმომადგენლები - მ-----–ი გ------–--ე
მოპასუხეები - მ---ა ა----–--ე, ე-–-----ა ა----–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხეებს მ---ა ა----–--ესა და ე-–-----ა ა----–--ეს მოსარჩელე მ------ა ბ----–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2100 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია
2015 წლის 25 მაისს მოპასუხეებს მ---ა ა----–--ეს და ე-–-----ა ა----–--ეს 2 თვის ვადით, სარგებლის გარეშე, სესხის სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინათ 2015 წლის 27 ივლისს, თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად სესხის თანხა დღემდე არ დაუბრუნებიათ მოსარჩელისათვის, რის გამოც იგი იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოპასუხეთათვის 20100 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარცელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ არანაირი ფულადი სახის ვალდებულება მოსარჩელესთან არ გააჩნიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 25 მაისით დათარიღებული ხელწერილი შესრულებულია ლალი იგივე მოპასუხე მ---ა ა----–--ის მიერ. ხსენებული ხელწერილის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მ------ა ბ----–-–---–მა მოპასუხე მ---ა ა----–--ეს (ლალი ა----–--ე) სესხის სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი, რაზედაც იკისრა ვალდებულება ორი თვის ვადაში მისი დაბრუნების შესახებ. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულება მოპასუხე მ---ა ა----–--ის მიერ ხსენებული ხელწერილის იძულებით შედგენასთან დაკავშირებით.
3.1.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელე მ------ა ბ----–-–---–სა და მოპასუხე ე-–-----ა ა----–--ეს შორის სესხის აღიარების ხელწერილით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების არსებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 27 მაისის ხელწერილი
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები ვერ აბათილებენ წერილობითი ფორმით შედგენილი ვალის აღიარების დოკუმენტს, რომლითაც მ---ა ა----–--ეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია ფულადი ვალდებულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ------ა ბ----–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 85-86-ე, 89-ე, 128-130-ე, 316-317-ე, 341-ე, 361-ე, მე-400, 623-ე, 624-ე, მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
მოსარჩელემ მოპასუხეთათვის თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა ხელშეკრულება და მოპასუხე მხარემ დარღვია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მათ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ვალის არსებობის აღიარება არის ახალი დამოუკიდებელი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი. ერთ-ერთი მხარის მიერ ვალის არსებობის აღიარება თვითონვე ხდება ახალი მოთხოვნის საფუძველი, რაც მეორე მხარეს უფლებას აძლევს მოითხოვოს აღიარებულის შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ------ა ბ----–-–---–სა და მ---ა ა----–--ეს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება სესხზე, რომლის არსებობაც მ---ა ა----–--ემ აღიარა ხელწერილით. ასევე დადგენილია, რომ მ---ა ა----–--ის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა.
აღნიშნულ აღიარებასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ, როგორც მ---ა ა----–--ემ ისე ე-–-----ა ა----–--ემ უარყვეს მ------ა ბ----–-–---–თან სესხის ხელშეკრულების არსებობა, კერძოდ მ---ა ა----–--ემ მიუთითა, რომ 2015 წლის 25 მაისის ხელწერილი მის მიერ დაიწერა მასზე განხორციელებული ზეწოლისა და იძულების შედეგად, ხოლო ე-–-----ა ა----–--ემ მიუთითა, რომ მას მ------ა ბ----–-–---–ისაგან სესხის სახით ფულადი თანხა არ მიუღია და მისთვის მოგვიანებით, სარჩელის სასამართლოში აღძვრის შემდგომ გახდა ცნობილი ხელწერილის შესახებ.
მოპასუხეთა მიერ მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მ------ა ბ----–-–---–ის მხრიდან განხორცილებული ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მ---ა ა----–--ეს 2015 წლის 25 მაისის ხელწერილის უაკანონოდ ცნობის მოთხოვნით არც სასამართლოსთვის და მის იერ გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით არც სხვა შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ამავე მუხლის 86-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, იძულება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. იძულების დროს ადგილი აქვს აშკარა ჩარევას ნების გამოვლენის პროცესში. იძულების მიზანს გარიგების დადება წარმოადგენს. იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობაში ან მუქარაში. ძალადობა ფიზიკურ იძულებას გულისხმობს, ხოლო მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს მოახდინოს სხვისი ნების შესატყვისი ნების გამოვლენა. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე. პირზე გავლენას ახდენს ისეთი იძულება, რომელიც აფიქრებინებს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც ამ აზრით არარსებულია. იძულების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებები. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით დადებული გარიგების ბათილობის შემთხვევაში მხარემ უნდა დაამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსისი 89-ე მუხლის თანახმად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის. თუმცა განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ წარმოუდგენია არათუ სარჩელი, არამედ კონკრეტული, რეალური ფაქტები და მტკიცებულებები ზეწოლისა და იძულების დასადასტურებლად, გარდა ზეპრი განმარტებისა.
6.9. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ე-–-----ა ა----–--ის მიმართ მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2015 წლის 25 მაისის ხელწერილი შედგენილია მ---ა ა----–--ის მიერ, რომლითაც იგი აღიარებს, რომ მ------ა ბ----–-–---–ისაგან სესხის სახით თანხის მიღების ფაქტს და კისრულობს აღნიშნული თანხის ორი თვის ვადაში დაბრუნების ვალდებულებას. საგულისხმოა, რომ წერილობით აღიარებას ხელს არ აწერს მოპასუხე ე-–-----ა ა----–--ე და მან ამ ხელწერილით არსებული ვალდებულების არსებობა არც საქმის განხილვისას დაადასტურა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ე.ი. გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია ამ გარიგების ყველა მხარის მიერ ნების გამოვლენა, განსახილველ შემთხვევაში კი ზემოთ მითითებული შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ მხოლოდ მ------ა ბ----–-–---–ი და მ---ა ა----–--ე. რაც შეეხება ე-–-----ა ა----–--ეს, მის ვალდებულებაზე მიუთითებს მ---ა ა----–--ე და არა თავად ე-–-----ა ა----–--ე.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოთ დასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხე მ---ა ა----–--ის ვალდებულების არსებობის შესახებ წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება მ---ა ა----–--ის მხრიდან ვალის აღიარების შესახებ, ხოლო რაც შეეხება ე-–-----ა ა----–--ეს, იგი არ აწერს ხელწერილს ხელს და აგრეთვე უარყოფს მასსა და მ------ა ბ----–-–---–ს შორის სასესხო ვალდებულების არსებობას. მოსარჩელეს ე-–-----ა ა----–--ესთან არსებული სასესხო ურთიერთობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. მოსარჩელის მოთხოვნა ე-–-----ა ა----–--ის მიმართ ეფუძნება მხოლოდ მ---ა ა----–--ის მიერ შედგენილ ვალის აღიარების ხელწერილს, რომელსაც ხელს არ აწერს თავად ე-–-----ა ა----–--ე. სასამართლო მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით შეაფასებს რა, აღნიშნული ხელწერილის შინაარსსა და მხარეთა განმარტებას, ვერ მიიჩნევს იმ სტანდარტის მტკიცებულებად, რომელიც საკმარისი იქნებოდა ე-–-----ა ა----–--ესა და მ------ა ბ----–-–---–ს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დასადასტურებლად, ვინაიდან მ---ა ა----–--ის მხრიდან ე-–-----ა ა----–--ის ვალდებულებაზე მითითება ვერ ჩაითვლება ე-–-----ა ა----–--ის აღიარებად და აღნიშნული განმარტება შესაძლებელია შეფასდეს, როგორც მოწმის ჩვენების ტოლფასი მტკიცებულება, მხოლოდ მოწმის ჩვენებით კი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურება სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მაშინ, როდესაც ვალის აღიარება აუცილებლად წერილობითი დოკუმენტის სახით უნდა არსებობდეს.
ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა, რომ მოპასუხე მ---ა ა----–--ეს მოსარჩელე მ------ა ბ----–-–---–ის მიმართ გააჩნია თანხის დაბრუნების ვალდებულება, შესაბამისად მოთხოვნა მ---ა ა----–--ის მიმართ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ე-–-----ა ა----–--ის მიმართ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამასთან, ამავე კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მტავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მ---ა ა----–--ის მიმართ დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოთხოვნა შეამცირა 900 აშშ დოლარით, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 182 ლარის ანაზღაურება, ამასთან მოსარჩელეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 212.49 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 31 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე მ---ა ა----–--ეს მოსარჩელე მ------ა ბ----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2100 (ორი ათას ასი) აშშ დოლარის გადახდა;
3. მოსარჩელე მ------ა ბ----–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ე-–-----ა ა----–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე მ---ა ა----–--ეს მოსარჩელე მ------ა ბ----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 182 (ას ოთხმოცდაორი) ლარი.
5. მოსარჩელე მ------ა ბ----–-–---–ს (პ.ნ 5---------9) მის მიერ 2016 წლის 28 სექტემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 212.49 (ორას თორმეტი ლარი და ორმოცდაცხრა თეთრი) ლარიდან დაუბრუნდეს 31 (ოცდათერთმეტი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარცეს ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.
7. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე