გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2018
საქმის ნომერი
330210018002308040
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/4791-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - ა-–---------ე მ----–---–ი

წარმომადგენელი - ზ------ ც------–---ი

მოპასუხე - შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’

წარმომადგენელი - თ----ა დ----------ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს მოსარჩელე ა-–---------ე მ----–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 40 000 ლარის ანაზღაურება;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს მოსარჩელე ა-–---------ე მ----–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 2 300 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ა-–---------ე მ----–---–ი 2016 წლის 14 აპრილს სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილ იქნა შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ში, სადაც მას ჩაუტარდა გადაუდებელი გამოკვლევები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წაქცევის შედეგად ფიქსირდებოდა მარცხენა მხრის ძვლის ზედა ბოლოს დამსხვრეული მოტეხილობა. ტრავმატოლოგის დასკვნით, აუცილებელი იყო სასწრაფო ოპერაცია მარცხენა მხარის ზედა ბოლოს მოტეხილობის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკებით. ქირურგის რჩევით, რათა სამომავლოდ ადვილად შეხორცებულიყო ნაოპერაციები ჭრილობა და პაციენტს პრობლემები არ შექმნოდა, აუცილებელი იყო სადაზღვევო პაკეტით განსაზღვრული უჟანგავი ფირფიტის ნაცვლად გამოყენებულიყო ტიტანის ფირფიტა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა დამატებით 700 ლარს. მოსარჩელის მიერ კლინიკის ანგარიშზე ჩაირიცხა 900 ლარი, საიდანაც 200 ლარი წარმოადგენდა თანადაფინანსების ფარგლებში გადახდილს, ხოლო 700 ლარი ტიტანის ფირფიტისათვის გათვალისწინებულ დამატებით გადასახადს.

 

მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმება ტიტანის ფირფიტის გამოყენებაზე, ჩატარებული ოპერაციისას, არ იქნა გამოყენებული იგი, რამაც მოსარჩელისთვის უმძიმესი შედეგები გამოიწვია, ვინაიდან ვერ მოხერხდა ფირფიტის ჭანჭიკებით დამაგრება მხრის ძვალზე და ფირფიტები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მოძრაობდა ხორცში, რაც გაუსაძლის ტკივილს იწვევდა. ოპერაციის თანმდევი შედეგი იყო ასევე ის, რომ მოსარჩელეს 11 თვის განმავლობაში მარცხენა ხელი უფუნქციოდ ჰქონდა. მოსარჩელისთვის ოპერაციის გაკეთების შემდგომაც არ უცნობებიათ ის ფაქტი, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ტიტანის ფირფიტის ნაცვლად გამოყენებულ იქნა სტანდარტული ფირფიტა.

 

ოპერაციის გაკეთების შემდგომ კლინიკა მოსარჩელემ დატოვა 2017 წლის 21 აპრილს, რა დროს გაცემული ცნობის თანახმადაც, მისი მდგომარეობა კლინიკიდან გაწერისას შეფასდა დამაკმაყოფილებლად. მოსარჩელეს საავადმყოფოშიც და შემდგომაც გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა, თუმცა ექიმების დიაგნოზით, აუცილებელი იყო გარკვეული დროის გასვლა ძვლების შეხორცებისათვის. მიუხედავად კლინიკაში რეგულარული სიარულისა და ჩატარებული გეგმიური მკურნალობისა, არ აღდგა ნაოპერაციები ხელის ფუნქცია და არ შემცირდა ტკივილი, რის გამოც არაერთხელ დასჭირდა მოსარჩელეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. გულის უკმარისობის და გაუსაძლისი ტკივილების გამო იგი ორჯერ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. შპს ,,ო--’’-ს სახელობის კლინიკაში ჩატარებული დამატებითი ტრავმატოლოგიური გამოკვლევისას აცნობეს მას სავარაუდო მეორე ოპერაციის ჩატარების აუცილებლობაზე, შესაბამისად, მან მხოლოდ ამ დროს შეიტყო რომ შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ში ჩატარებული ოპერაციისას ნაცვლად ტიტანის ფირფიტისა, გამოყენებულ იქნა სტანდარტული ფირფიტა.

 

მოსარჩელემ 2017 წლის 09 მარტს მიმართა ,,ნ--- ჰ---------–ის სამედიცინო დაწესებულება’’-ს. დასმული დიაგნოზის საფუძველზე დაიგეგმა ოპერაცია, რომელიც მოიცავდა მარცხენა ძვლის რეოსტეოსითეზით ძვლოვანი ქსოვილის ავოგანრერგვას. ძვლის გადანერგვა განხორციელდა მენჯის ძვლიდან. ოპერაციისას ასევე გამოიცვალა არსებული ფირფიტა და ჩაიდგა ახალი ტიტანის ფირფიტა, რომელიც შეეფერებოდა პაციენტის მდგომარეობას.

 

მოსარჩელის ქონებრივ ზიანს შეადგენს 3 000 ლარი, ვინაიდან, შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ში მძიმე დარღვევებით ჩატარებული ოპერაციის შემდგომ აუცილებელი გახდა რეგულარულად მიემართა მას საავადმყოფოს კონსულტაციისთვის და იძულებული გახდა ხელმეორედ ჩაეტარებინა ოპერაცია ,,ნ--- ჰ---------–ის’’ კლინიკაში, რაც შესაბამის ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მოსარჩელეს ასევე მიადგა მძიმე მორალური ზიანი, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ქირურგიული ჩარევისას დაშვებული მძიმე შეცდომის გამო, მოსარჩელეს 11 თვის განმავლობაში მოუწია გაუსაძლისი ტკივილის ატანა. მას ამ დროის განმავლობაში ფაქტობრივად უფუნქციოდ ჰქონდა ნაოპერაციები ხელი. ამასთანავე, ფირფიტები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მოძრაობდა ხორცში, რაც გაუსაძლის ტკივილს იწვევდა.

 

ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხესთან გამართული მოლაპარაკებების შემდგომ, მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა მხოლოდ 700 ლარი, დანარჩენი თანხის ანაზღაურებაზე კი უარი განაცხადა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-მა დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი რომლითაც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, სარჩელი არ ცნო. მოპასუხე დაეთანხმა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მოსარჩელის მიმართვის, ასევე გადაუდებელი აუცილებლობის გამო ოპერაციის ჩატარების ფაქტს. მოპასუხის განმარტებით, პაციენტმა მართლაც გადაიხადა მკურნალ ექიმთან შეთანხმებით ტიტანის ფირფიტის დამატებითი ღირებულება, თუმცა მან ბოლო მომენტში შეცვალა მკურნალი ექიმი, რომლის მიერაც ოპერაცია ჩატარდა იმ მასალით, რომელიც ამ ტრავმატოლოგმა საჭიროდ მიიჩნია. მოსარჩელისთვის ჩადგმული ფირფიტა წარმოადგენს ხმარებად, გამოყენებად და ეჭვგარეშე ვალიდურ მასალას. მოსარჩელეს უშუალოდ ოპერაციის ჩამტარებელ ექიმთან მოლაპარაკება რაიმე სახის ფირფიტის თაობაზე არ ჰქონია. მოსარჩელეს უკანვე დაუბრუნდა სხვა სახის ფირფიტისათვის გადახდილი თანხა - 700 ლარი. მოპასუხის მითითებით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ მოსარჩელეს მისი მკურნალი ექიმის, ზ------ ო-------–--ის მიერ განემარტა, რომ ოპერაციის შემდგომი შეხორცება არ მიმდინარეობდა საჭირო დონეზე, რის გამოც აუცილებელი იყო შემდგომი ქირურგიული ჩარევა. რეაბილიტაციის პროცესს საკმაოდ ართულებდა მოსარჩელის მიერ გადატანილი იშემიური ინსულტი, რომლის გამოც მას შეზღუდული ჰქონდა მხრის მოძრაობა და რომელიც მისი ასაკის გათვალისწინებით, საერთო ჯამში, განსაკუთრებით ართულებდა ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესს. მოპასუხის განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ოპერაციისას მოსარჩელეს ჩაედგა ,,არა შესაფერისი ფირფიტა’’ და შემდგომი გართულებები გამოიწვია სწორედ ამ ფირფიტამ, რის გამოც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 14 აპრილს მოსარჩელე ა-–---------ე მ----–---–ი დიაგნოზით: ,,მარცხენა მხრის ძვლის ზედა ბოლოს დამსხვრეული მოტეხილობა, ცდომით’’ მოთავსდა შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს კლინიკაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი1, ს.ფ. 83-84);

- სტაციონარული სამედიცინო ისტორია (ტომი 1, ს.ფ. 150-200);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ში მოთავსების და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდგომ, მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ეცნობა ავადმყოფობის მიმდინარეობის გამო გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის თაობაზე.

 

2014 წლის 14 აპრილსვე პაციენტის მეურვეს და კლინიკას შორის დაიდო სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. ამავე დღეს მოსარჩელემ გამოთქვა წერილობითი თანხმობა ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაზე. ამავე თარიღში მხარეებს შორის შედგენილი თანხმობის ფორმის თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა სტანდარტული საოპერაციო მასალის ნაცვლად გამოყენებულიყო სხვა ძვირადღირებული მასალა და განაცხადა თანხმობა ფასთაშორის სხვაობის საკუთარი ხარჯით დაფარვაზე.

 

წინასაოპერაციო ეპიკრიზის თანახმად, ოპერაციის გეგმა მოიცავდა მარცხენა მხრის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობის ოსტეოსინთეზს ფირფიტით და ჭანჭიკებით - NB----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 83-84);

- შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს სტაციონარული სამედიცინო ისტორია, თანხმობის ფორმა (ტომი 1, ს.ფ. 150-200);

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 222);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის დამატებით ანაზღაურებული იქნა მაღალი ხარისხის საოპერაციო მასალის - ტიტანის ფირფიტის ღირებულება - 700 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს სტაციონარული სამედიცინო ისტორია, თანხმობის ფორმა (ტომი 1, ს.ფ. 150-200);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2016 წლის 14 აპრილს მოსარჩელეს შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს კლინიკაში გაუკეთდა ოპერაცია - მარცხენა ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკებით - NB----.

 

სტაციონარიდან გაწერისას - 2016 წლის 16 აპრილისთვის მოსარჩელის მდგომარეობა შეფასებულია როგორც დამაკმაყოფილებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 83-84);

- სტაციონარული სამედიცინო ისტორია (ტომი 1, ს.ფ. 150-200);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. აღნიშნული ოპერაციის შემდგომ გამოხატული ძლიერ ტკივილის და მარცხენა მხრის სახსარში მოძრაობის შეზღუდვის ჩივილებით მოსარჩელემ 2017 წლის 07 მარტს მიმართა შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ს.

 

შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე ვლინდებოდა მოტეხილობისა და ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა ფსევდოართროზისა და ოსეოსინთეზის მასალის დისლოკაციით.

 

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ოპერაციის შემდგომი შეუხორცებლობის გამო პაციენტს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა სასწრაფო დაყოვნებული წესით - მარცხენა მხრის ძვლის რეოსტეოსინთეზი ძვლოვანი ქსოვილის ავტოგადანერგვით NB----; NB----; TR-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ეპიკრიზი (ტომი1, ს.ფ. 85);

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 140-141)

- რენტგენოგრაფი (ტომი 1, ს.ფ. 144);

- მიმღების ჩანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 145);

- შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 226-287);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2016 წლის 09 მარტს მოსარჩელე ა-–---------ე მ----–---–ს შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ში ჩაუტარდა ოპერაცია - მარცხენა ძვლის რეოსტეოსინთეზი ძვლოვანი ქსოვილის ატოგადანერგვით NB----; NB----; TR-----. აღნიშნული ოპერაციისას ამოღებული იქნა შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ში 2016 წლის 14 აპრილს ჩატარებული ოპერაციისას გამოყენებული ფირფიტა და ჭანჭიკები მის ნაცვლად დამაგრდა ტიტანის ფირფიტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ეპიკრიზი (ტომი1, ს.ფ. 85);

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 140-141)

- ოპერაციის პროტოკოლი (ტომი 1, ს.ფ.142-143);

- რენტგენოგრაფი (ტომი 1, ს.ფ. 144);

- მიმღების ჩანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 145);

- შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 226-287);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ში მოსარჩელე ა-–---------ე მ----–---–ისთვის ჩატარებული ოპერაციის ღირებულებამ შეადგინა 2 500 ლარი, აღნიშნული თანხიდან საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურებულია 2 000.25 ლარი, ხოლო უშუალოდ მომხმარებლის მიერ გადასახდელმა თანხამ შეადგინა - 499.75 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კალკულაცია (ტომი 1, ს.ფ.49);

- საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ.50)

- შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 226-287);

- მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 254);

- განცხადებები (ტომი 1, ს.ფ.269-271);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. მოსარჩელეს შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-სგან 2017 წლის 03 ოქტომბერს დაუბრუნდა ტიტანის მასალის ფირფიტის გამოყენებისათვის წინასაოპერაციოდ გადახდილი თანხა - 700 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი1, ს.ფ. 51);

- სალაროს გასავლის ორდერი (ტომი 1; ს.ფ.52);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.9. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ში პაციენტ ა-–---------ე მ----–---–ისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ექიმ ზ------ ო-------–--ის მიერ პაციენტს ჩაუტარდა ოსტეოსინთეზი D-- ფირფიტით, რაზეც რეცენზენტები მიუთითებენ, რომ თანამედროვე სტაბილურ-ფუნქციური ოსტეოსინთეზის პრინციპების მიხედვით უმჯობესი იქნებოდა ოსტეოსინთეზის წარმოება სტაბილური კუთხის მქონე ე.წ. მაბლოკირებელი (L--) ფირფიტითა და ჭანჭიკებით, რადგან ამ ტიპის იმპლანტი უზრუნველყოფს გაცილებით სტაბილურ ფიქსაციას და მნიშვნელოვნად ამცირებს სპონგიზური ძვლიდან იმპლანტის კომპონენტის დისლოკაციის რისკს. აღნიშნული საფუძვლით, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს ექიმის - ზ------ ო-------–--ის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოწმების აქტი (ტომი 1, ს.ფ.333-336);

- მიმართვა (ტომი 2, ს.ფ.58-59)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ში 2016 წლის 14 აპრილს ჩატარებული ოპერაციისას არ გამოყენებულა მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული საოპერაციო მასალა - ტიტანის ფირფიტა და მის ნაცვლად გამოყენებული იქნა სტანდარტული ფირფიტა. მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ უცნობებია შეთანხმებული ხარისხის მასალის ნაცვლად სტანდარტული ფირფიტის გამოყენების თაობაზე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებზე, რომლებიც მოსარჩელისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის უშუალო მონაწილენი - ოპერაციის განმახორციელებელი ქირურგები არიან. უპირატესად, კი ფაქტის დადგენის მიზნით გასათვალისწინებელია შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ში გაკეთებული ოპერაციის ქირურგის - ზ------ ო-------–--ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა ტიტანის მასალის გამოუყენებლობის და ოპერაციის მიმდინარეობისას მის მიერ სტანდარტული მასალის ფირფიტის გამოყენებისათვის უპირატესობის მინიჭების ფაქტი. ამასთანავე, წარმოდგენილი მასალების და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ უცნობებია შეთანხმებული მასალის ნაცვლად სტანდარტული ფირფიტის გამოყენების თაობაზე და ტიტანის ფირფიტისათვის გადახდილი თანხის - 700 ლარის დაბრუნება განხორციელდა არა ოპერაციის დასრულების და კლინიკიდან მოსარჩელის გაწერის შემდგომ, არამედ გაცილებით გვიან - 2017 წლის 03 ოქტომბერს, ისიც მოსარჩელის მიმართვის შემდგომ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება (ტომი 1; ს.ფ. 193);

- შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 226-287);

- მიმართვა (ტომი 2, ს.ფ.58-59);

- მოწმეთა ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. 2016 წლის 14 აპრილს შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ში მოსარჩელისთვის ჩატარებული ოპერაციის შემდგომი გართულება - შეუხორცებლობა (მოტეხილობისა და ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა ფსევდოართროზისა და ოსეოსინთეზის მასალის დისლოკაციით) იწვევდა ძლიერ ტკივილს და მოსარჩელეს უზღუდავდა მარცხენა კიდურის გამოყენების შესაძლებლობას.

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-4 და 102-ე მუხლიდან გამომდინარე აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო უმთავრეს ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო გარემოებაზე, რომლის თანახმადაც პირველი ოპერაციის შემდგომ მოსარჩელეს განუვითარდა მოტეხილობისა და ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა ფსევდოართროზისა და ოსტეოსინთეზის მასალის დისლოკაცია, რაც მოწმედ დაკითხული სპეციალისტების განმარტებით გულისხმობს იმას, რომ ვერ მოხერხდა ჩადგმული ფირფიტის ორგანიზმთან შეხორცება. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების პარალელურად წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, უპირატესად კი შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ის მიერ ნაწარმოები პაციენტის სამედიცინო ისტორია, რომელშიც ხაზგასმითაა აღწერილი პაციენტის ჩივილები მწვავე ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვაზე, უსაფუძვლოს ხდის მოპასუხე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

სასამართლო ფაქტის დადგენის მიზნით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემული დავის ფარგლებში სადავო არ გამხდარა შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ის მიერ დასმული დიაგნოზის და მეორე ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხისთვის ისეთივე გადაუდებელი აუცილებლობით იყო განპირობებული მეორე ოპერაციის ჩატარება, როგორიც პირველი ოპერაციისა. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, ოპერაციის შემდგომი გართულება - შეუხორცებლობა, რომლის აღმოსაფხვრელად აუცილებელი გახდა კვლავ საოპერაციო ჩარევა, ობიექტური, საშუალო განვითარების მომხმარებლის - მესამე პირის გადასახედიდანაც თავისთავად მიუთითებს მძაფრი ტკივილის გამოწვევის თაობაზე ფაქტობრივი გარემოების სარწმუნოობაზე და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების პარალელურად ქმნის იმ ერთობლიობას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად განაპირობებს ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ა-–---------ე მ----–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. „პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის 10-ე და მე-18 მუხლები;

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 18-ე, 1007-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პაციენტის უფლებების დაცვის საბაზისო პრინციპები, ასევე სამედიცინო დაწესებულებების (მათი მუშაკების) შესატყვისი ვალდებულებები აღიარებულია საერთაშორისო აქტებით და ეროვნული კანონმდებლობით. ამავდროულად, ეროვნული სამართლებრივი სისტემა განსაზღვრავს რეგულაციებს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული დეფექტურ სამედიცინო მომსახურებასთან და უზრუნველყოფს ჯანმრთელობის უფლების დაცვის შესაბამის გარანტიებს. „პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომელიც გამოწვეულია პაციენტის უფლებების დარღვევით.

 

პაციენტის უფლება, როგორც სამედიცინო სფეროში „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ’’ ევროპის საბჭოს კონვენციით გარანტირებული სამართლებრივი კატეგორია, მოიცავს დაცვის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, მათ შორის - უფლებას, მიიღოს კვალიფიციური და სამედიცინო სტანდარტების შესატყვისი მომსახურება და უფლებას, იყოს ინფორმირებული მის მიმართ განსახორციელებელი სამკურნალო ღონისძიებების შესახებ. ა-–---------ე მ----–---–ის სარჩელი სწორედ ამ უფლებათა დარღვევის მოტივით არის აღძრული, რადგან იგი მიუთითებს, რომ შპს ,,ელისაბედ ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს მიერ ოპერაციისას შეიცვალა გამოსაყენებელი მასალა, მისი გამოყენება განხორციელდა მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე. ოპერაციამ არ გამოიღო მოსალოდნელი შედეგი და განვითარებული შეუხორცებლობის გამო მას დასჭირდა მეორე ოპერაციის გაკეთება და გამოყენებული მასალის სხვა მასალით, სწორედ იმ მასალით შეცვლა რომელიც უნდა გამოყენებულიყო თავდაპირველი ოპერაციისასვე.

 

ევროპული სამართლის წყაროები პაციენტის უფლებების დაცვის მიმართულებით მოიცავს შემდეგ რეგულაციებს:

 

„ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ’’ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-5 მუხლი: (საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 2002 წლის 27 სექტემბერს #1677-I დადგენილებით) „...ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფლობით გაცხადებული და გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ. პირს წინასწარ უნდა მიეცეს შესაბამისი ინფორმაცია ჩარევის მიზნისა და ხასიათის, ასევე შედეგებისა და საფრთხის შესახებ...’’.

 

ზემოხსენებული კონვენციის განმარტებითი ბარათი, შესაბამის მუხლთან მიმართებით:

 

33-ე პუნქტი: „...წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს პაციენტის ნდობა ექიმისადმი. ნდობის ფაქტორი ასევე განაპირობებს ექიმის ვალდებულებას თავისი პაციენტის მიმართ. ამ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ელემენტია პაციენტის უფლებების პატივისცემა. ის წარმოშობს და ამყარებს მათ შორის ურთიერთნდობას...“.

 

34-ე პუნქტი: „...აღნიშნული მუხლი ეძღვნება თანხმობას და საერთაშორისო დონეზე ადასტურებს საყოველთაოდ აღიარებულ წესს, რომელიც გულისხმობს, რომ არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს იძულებით ჩარევას, მისი თანხმობის გარეშე. ამგვარად, ადამიანს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, თავისუფლად გასცეს და გამოითხოვოს თანხმობა. ეს წესი ხაზს უსვამს პაციენტის ავტონომიას პროფესიონალ სამედიცინო სფეროს მუშაკებთან ურთიერთობაში და ზღუდავს პატერნალისტიკურ მიდგომებს, რომლის პირობებში პაციენტის მოთხოვნები შესაძლებელია იყოს იგნორირებული...„ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 1994 წლის 28-30 მარტს ქ. ამსტერდამში ჩატარებულ კონფერენციაზე, მიიღო დეკლარაცია „პაციენტთა უფლებების პრინციპები ევროპაში: ზოგადი საფუძვლები”, რომლის 2.2. პუნქტი განსაზღვრავს: „...პაციენტებს უფლება აქვთ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კონკრეტული სამედიცინო მონაცემების ჩათვლით; განზრახული სამედიცინო ჩარევების, თითოეული ჩარევის შესაძლო რისკისა და მოსალოდნელი ეფექტის შესახებ; დაგეგმილი ჩარევის ალტერნატივების შესახებ, მათ გამოყენებაზე უარის თქმის შედეგების ჩათვლით; დიაგნოზის, პროგნოზისა და სამკურნალო პროცესის მიმდინარეობის შესახებ...’’. 3.1. პუნქტი: „...პაციენტის ინფორმირებული თანხმობა ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის აუცილებელი წინაპირობაა...’’.

 

ინფორმაციაზე პაციენტის უფლების საერთაშორისო სტანდარტი აღიარებულია ასევე ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ - ,,პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს, რომ: „...პაციენტს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია...’’.

 

ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვნების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში - პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის მიღება.

 

პაციენტის ავტონომიის პრინციპი გაანალიზებულია როგორც ევროპული სამართლის წყაროების, ისევე ეროვნული კანონმდებლობის მიერ, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობას დაქვემდებარებული პირის გარანტიებს, მიიღოს ამომწურავი და ინდივიდუალურად მორგებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის და მკურნალობის შესახებ. ცალკეული ინდივიდის შესაძლებლობა, თავისუფლად და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელსაც იგი მიიჩნევს მისთვის უფრო სასიკეთოდ, წარმოადგენს ინდივიდუალურობის და პიროვნების ღირსების შემადგენელ ელემეტს. ამგვარად, პაციენტის უფლებებისადმი პატივისცემის მოთხოვნები განაპირობებს ხელშეუხებლობის გარანტიას და გულისხმობს პაციენტის უფლებას, ინფორმირებული არჩევანის პირობებში თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარ თავთან მიმართებით და ამით უზრუნველჰყოს თავისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის კონტროლი.

 

„ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ’’ ევროპის საბჭოს კონვენციის ფარგლებში ამ უფლების დაცვის ფართო კონცეფცია უზრუნველყოფს მკურნალობას დაქვემდებარებული ცალკეული ინდივიდის ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას, მათ შორის, ადამიანის უფლებას მის სხეულზე. სამედიცინო ჩარევა შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ ამომწურავი და აღქმადი ფორმით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე - გაანალიზებული თანხმობის შემდეგ, რაც გამორიცხავს სამედიცინო დაწესებულების თვითნებურ და პატერნალისტიკურ მიდგომებს. აღნიშნული გარანტიები ვრცელდება სამედიცინო ხასიათის შემცველ ყველა სახის ჩარევაზე, მათ შორისაა: დიაგნოზი, მკურნალობის შინაარსი და მიმართულება, შესაძლო რისკები და გვერდითი მოვლენები და ა.შ..

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 2014 წლის 14 აპრილს შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ში ჩასატარებელი ოპერაციის გეგმა მოიცავდა მარცხენა მხრის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობის ოსტეოსინთეზს ფირფიტით და ჭანჭიკებით - NB----. პაციენტის მეურვეს და კლინიკას შორის დაიდო სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. ამავე დღეს მოსარჩელემ გამოთქვა წერილობითი ინფორმირებული თანხმობა ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაზე. ამასთანავე, უდავოა, რომ ამავე თარიღში მხარეებს შორის შედგენილი თანხმობის ფორმის თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა სტანდარტული საოპერაციო მასალის ნაცვლად გამოყენებულიყო სხვა ძვირადღირებული მასალა და განაცხადა თანხმობა ფასთაშორის სხვაობის საკუთარი ხარჯით დაფარვაზე, რაც განხორციელდა კიდევაც მის მიერ. დადგენილია, რომ ჩატარებული ოპერაციისას ნაცვლად შეთანხმებული - ტიტანის ხარისხის ფირფიტისა, გამოყენებულ იქნა სტანდარტული ხარისხის ფირფიტა.

 

მოპასუხის განმარტებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქირურგმა მიზანშეწონილად მიიჩნია სტანდარტული ხარისხის ფირფიტის ჩადგმა. აღნიშნულთან მიმართებით გასათვალისწინებელია, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნა, რომელიც მიუთითებს, რომ უმჯობესი იქნებოდა ოსტეოსინთეზის წარმოება სტაბილური კუთხის მქონე ე.წ. მაბლოკირებელი (L--) ფირფიტითა და ჭანჭიკებით, რადგან ამ ტიპის იმპლანტი უზრუნველყოფს გაცილებით სტაბილურ ფიქსაციას და მნიშვნელოვნად ამცირებს სპინგოზური ძვლიდან იმპლანტის კომპონენტების დისლოკაციის რისკს. შესაბამისად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დადგენილია იმ მასალის უპირატესობა სტანდარტულ ფირფიტასთან შედარებით, რომლის გამოყენებაც არ მოხდა. თუმცა, სასამართლო იზიარებს დაკითხული მოწმეების - დარგის სპეციალისტების განმარტებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიზანს არ წარმოადგენს იმ ჰიპოთეტური ფაქტის დადგენა, რომ ტიტანის ფირფიტის გამოყენებისას შეხორცება აუცილებლად მოხდებოდა და შეუხორციელებლობა ცალსახად გამოწვეული იყო სტანდარტული ფირფიტის გამოყენებით. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სასამართლოს უპირატეს სამსჯელო საგანს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო შეთანხმების დარღვევის ფაქტის შეფასება პაციენტის მიერ წინასწარ გაცხადებული ინფორმირებული თანხმობის ჭრილში.

 

პაციენტის პერსპექტივიდან დავის სამართლებრივი ფორმულარი მოიცავს ორ მნიშვნელოვან ასპექტს, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, რამდენად უზრუნველყო მოპასუხემ მოსარჩელის ხელმისაწვდომობა შინაარსობრივად სრულყოფილ და აღქმად ინფორმაციაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, იყო თუ არა დაგეგმილი მკურნალობის შეცვლა - განსახილველ შემთხვევაში ოპერაციისას სხვა მასალის გამოყენება გამოწვეული სამედიცინო აუცილებლობით, რომელიც გამორიცხავდა ოპერაციამდე, მისი მიმდინარეობისას ან მის შემდგომ მაინც დაინტერესებული პირის ინფორმირების შესაძლებლობას.

 

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც სამკურნალო დაწესებულება თავისუფლდება ინფორმირების ვალდებულებისაგან, კერძოდ, როდესაც პაციენტისათვის შესაბამისი ცნობების მიწოდება, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოიწვევს ძლიერ ნერვულ სტრესს, რამაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს და გააუარესოს მისი ჯანმრთელობა. მაგ. ინგლისის უმაღლესი სასამართლო 1957 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში (Case „Bolam vs Friern Hospital Managment Committe’’) დაეყრდნო სამედიცინო საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზოგად აღიარებულ პრაქტიკას და აღნიშნა: „...ინფორმირების ვალდებულება შესაძლებელია, არ განხორციელდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საშიშროებიდან გამომდინარე, თუ იგი მტკივნეულად აღიქვამს ამგვარი ინფორმაციის მიწოდებას...’’.

 

მსგავს მიდგომას ამკვიდრებს ასევე გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც „...ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების ქვეშ მოიაზრებს სუბიექტის უფლებას „იცოდეს ან არ იცოდეს თავისი ჯანმრთელობისთან დაკავშირებული მონაცემები’’. გერმანიის ნიდერზაქსენის მიწის უმაღლესმა სასამართლომ დამატებით დააკონკრეტა ინდივიდის ეს უფლება და 2003 წლის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის „არ ცოდნის უფლება’’ ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების ნეგატიურ განზომილებად განმარტა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების მიზანია, დაიცვას ცალკეული ინდივიდი ინფორმაციისაგან, რომლის ცოდნამაც მის ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს...’’.

 

ამგვარად, სამედიცინო სამართლით აღიარებული სტანდარტი გამორიცხავს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას, თუკი ინფორმაციის გამჟღავნება არ განხორციელდა ზემოთ მითითებული საფუძვლით, თუკი ექიმი მოქმედებდა მედიცინაში ზოგადად დამკვიდრებული და აღიარებული პრაქტიკის შესატყვისად. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს შესაგებელი არ არის წარმოდგენილი ამ შინაარსით, მოპასუხე არ დაყრდნობია ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების გამორიცხვის უფლებას ზემოთ მითითებულ კონტექსტში, შესაბამისად, სასამართლო კვლევის საგანი ვერ გახდება ამ საფუძვლიდან გამომდინარე ინფორმაციის მიუწოდებლობის საკითხი.

 

„პაციენტის უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება. არც საერთაშორისო პრაქტიკა და არც ეროვნული კანონმდებლობა არ აწესებს ინფორმირების ღონისძიების სპეციალურ ფორმებს, შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებები თავისუფალნი არიან არჩევანში, საკუთარი შეხედულებით განსაზღვრონ ინფორმაციის მიწოდების შესაბამისი პროცედურები (მაგ. პაციენტთან მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად ჩატარებული გასაუბრება; წერილობითი ფორმით ინფორმირება და ა.შ.). ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს კლინიკის ვალდებულებას, მიაწოდოს პაციენტს ობიექტური და შინაარსობრივად ამომწურავი ცნობები, რომელიც ჩამოყალიბებულია აღქმადი, გასაგები და მისაღები ფორმით. თანაბარმნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური განწყობა, პიროვნული აღქმადობის დონე, ვითარება, რომელშიც მიმდინარეობს მისი ინფორმირება, ან - ყველა დასახელებული ფაქტორი ერთად. ინფორმირებული თანხმობა არ განიხილება, როგორც უბრალო ნების გამოვლენა, არამედ როგორც პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის შესაძლებლობას, გააკეთოს ნებაყოფლობითი და გაცნობიერებული არჩევანი დაგეგმილი სამედიცინო ჩარევის თაობაზე. ამავდროულად, სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე ეკისრება კლინიკას. სწორედ მის ხელთ არის ბერკეტი იმისა, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მხარეთა შორის ფირფიტებითა და ჭანჭიკებით მხრის ზედა ძვალის ოსტეოპოროზის თაობაზე ოპერაციის ჩატარებაზე ინფორმირებული თანხმობის არსებობა, რომლის შემადგენელი ნაწილი და არსებითი პირობა იყო ოპერაციისას ტიტანის მასალის ფირფიტის გამოყენება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმედ დაკითხული ოპერაციის განმახორციელებელი ქირურგის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მას შეეძლო პროფესიული კვალიფიკაციიდან გამომდინარე თავისუფლად აერჩია გამოსაყენებელი მასალა და არ იყო შეზღუდული აუცილებლად ტიტანის ფირფიტის გამოყენებით, ვიანიდან პაციენტს გაცხადებული ჰქონდა თანხმობა არა სტანდარტული ფირფიტის გამოყენებაზე, არამედ ტიტანის ფირფიტაზე. ცხადია, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი სამედიცინო ჩვენებისას ქირურგს არ შეეძლო ემოქმედა მისი კვალიფიკაციის ფარგლებში და მიეღო შეთანხმებულისგან განსხვავებული გადაწყვეტილება აუცილებლობისას. აუცილებლობით გამოწვეული სამედიცინო პროცედურის საკითხის შეფასება უნდა განხორციელდეს ექიმის საქმიანობის სფეროს შეფასებით ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად. სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის სპეციფიკა გამორიცხავს სამედიცინო სამართლის სფეროში ხისტი მიდგომის დამკვიდრებას. ექიმის პროფესიული საქმიანობის შეფასების ფარგლები მოიცავს ყველა მნიშვნელოვან და სპეციფიკურ ელემენტს, რომელიც უკავშირდება სადავო საკითხს. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სტანდარტული ფირფიტის გამოყენება გამოიწვია გადაუდებელმა აუცილებლობამ. აღნიშნულს უპირველესად გამორიცხავს სწორედ სსიპ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა. გამოყენებული მასალის კლინიკასთან წინასწარი შეთანხმების არსებობისას არგუმენტს მოკლებულია მოპასუხის პოზიცია იმ ნაწილში, როდესაც იგი აპელირებს მოსარჩელის მიერ ქირურგის ცვლილებაზე და უშუალოდ ამ ქირურგსა და მოსარჩელეს შორის მოლაპარაკების არ არსებობის თაობაზე, მისი მხრიდან ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი.

 

პაციენტის უფლების ზოგადი შინაარსი განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებას, მიაწოდოს მას სრული და გასაგები ინფორმაცია ყველა შესაძლო გართულების თაობაზე. სამედიცინო ჩარევა თანხმობის არარსებობის პირობებში გამართლებულია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, მათ შორის - თუ ჩარევა გამოწვეულია აუცილებელი სამედიცინო საჭიროებით და ობიექტური მოცემულობა გამორიცხავს პაციენტის დროული ინფორმირების შესაძლებლობას. თუმცა, საექიმო საქმიანობის დაცვის აღნიშნული გარანტია არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სამედიცინო მოვლენა, რაც იწვევს შეუთანხმებელ ჩარევას, არის ან უნდა ყოფილიყო განჭვრეტადი ექიმის მიერ. „გონიერი ადამიანის’’ შეფასების აბსტრაქტული მოდელი ინტეგრირებულია სამედიცინო სამართლის სფეროშიც, როგორც სამედიცინო გულგრილობის დადგენის სტანდარტი.

 

განსახილველ შემთხვევაში პაციენტის ინფორმირებული თანხმობის დარღვევა და სამედიცინო გულგრილობა გამოხატულია სწორედ იმ ფაქტში, რომ არათუ ოპერაციის ჩატარებისას არ ეცნობა დაინტერესებულ პირს სტანდარტული ფირფიტის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტი, არამედ სამედიცინო დაწესებულების მიერ ოპერაციის ჩატარების შემდგომაც კი არ ეცნობა პაციენტს, რომ ოპერაციისას არ იქნა გამოყენებული შეთანხმებული ხარისხის ფირფიტა. მეტიც, მოპასუხემ გასცა ჯანმრთელობის ცნობა და თანხმობა განაცხადა მოსარჩელის სტაციონარიდან გაწერაზე ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის თაობაზე ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდების და გამოუყენებელი ფირფიტისათვის წინასწარ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების გარეშე. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნება განხორციელდა 2017 წლის 03 ოქტომბერს, ისიც მოსარჩელის მიერ მისი მოთხოვნის შედეგად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ექიმს ეკისრება ვალდებულება, ყველა შემთხვევაში გააფრთხილოს პაციენტი მკურნალობასთან დაკავშირებული სავარაუდო რისკების თაობაზე და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კვალიფიცირდება, როგორც სამედიცინო დაუდევრობა. დაუდევრობის შეფასების ტესტი განისაზღვრება საშუალო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ექიმის სტანდარტული მოქმედებებით. განსახილველ შემთხვევაში სამედიცინო დაუდევრობა გამოხატულია ოპერაციის შემდგომ პაციენტის არაინფორმირებულობაში. სასამართლო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იყო მოსარჩელისთვის გონივრულ ვადაში (რაც სასამართლოს შეფასებით ოპერაციიდან მისი კლინიკიდან გაწერამდე პერიოდს მოიცავს) მიეწოდებინა ჩატარებული ოპერაციის და შეთანხმებისგან განსხვავებული მასალის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბოლო წინადადებით, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში №1/4/592 აღნიშნულია, „...ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით...“

 

ინდივიდის პიროვნული ხელშეუხებლობა და პირადი ავტონომია, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სიკეთე, სამედიცინო მომსახურების სფეროში გამოხატულია ინფორმირებული თანხმობის მიღების მოთხოვნებში. ქმედუნარიანი პაციენტის ნების გარეშე განხორციელებული ყოველი სახის სამედიცინო ჩარევა, მათ შორის - მინიმალური, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, ხელყოფს პირის თვითგამორკვევის უფლებას, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების განმსაზღვრელი ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია.

 

ადამიანური ღირსების ფართო კონცეფციის ნაწილი ინტეგრირდება თვითგამორკვევის უფლების ცნებაში, რომელიც გულისხმობს პიროვნული თავისუფლების აღიარების საშუალებას. პირის ღირსების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები, როგორც სუბიექტური სამართლის ნაწილი, უზრუნველყოფს ინდივიდის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. პაციენტის კანონით დადგენილი გარანტიები (თვითგამორკვევის უფლების კონტექსტში) განაპირობებს სამედიცინო ურთიერთობებში პაციენტის აქტიური მონაწილის სტატუსს და მისი უგულვებელყოფა არღვევს ადამიანური ღირსების უნივერსალურ პრინციპს. კანონით მინიჭებული ავტონომიის ფარგლებში პაციენტი უფლებამოსილია, გადაწყვიტოს საკუთარი სხეულის ბედი, რაც ეთიკური საკითხია და ექიმის ზედაპირული მიდგომა შეუთავსებელია თვითგამორკვევის პრინციპებთან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ პაციენტის უფლება - თანხმობა განაცხადოს სამედიცინო ხასიათის ჩარევაზე, მიეკუთვნება კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების პატივისცემის მოთხოვნებს, კერძოდ, ინდივიდის პირადი ხელშეუხებლობის უფლებას. პაციენტის ავტონომიის ასოცირება ადამიანური ღირსების და პიროვნული განვითარების თავისუფლებასთან გაზიარებულია ევროპული სასამართლოს 2011 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით (case of v.g. v. slovakia) სადაც სასამართლომ „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ’’ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-5 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა: „...ქმედუნარიანი და სრულწლოვანი პაციენტის თანხმობის გარეშე მის მიმართ განხორციელებული სამედიცინო ჩარევა, შეუთავსებელია ადამიანის თავისუფლების და ღირსების დაცვის მოთხოვნებთან...“. ნებისმიერ გონიერ ინდივიდს გააჩნია უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი სხეულის ბედი. სამედიცინო ჩარევისას ექიმის მიერ ამ უფლების უგულვებელყოფა შეურაცხყოფს მის პიროვნულ ღირსებას.

 

ამგვარად, პაციენტის უფლება ინფორმაციაზე, როგორც ადამიანური ღირსების განმსაზღვრელი ელემენტი, თავსდება სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის დაცვის სფეროში და მისი ხელყოფა იწვევს ამავე მუხლით დადგენილ სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს.

 

როგორც აღინიშნა, სამედიცინო დაუდევრობა, რაც განსახილველ შემთხვევაში გამოხატულია პაციენტის ინფორმირებული თანხმობის დარღვევაში, იწვევს სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას მორალური ზიანის კონტექსტში. ანაზღაურების მოცულობა - ფულადი ეკვივალენტი კი უნდა განისაზღვროს გონივრულად, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 40 000 ლარი არ არის შესაბამისობაში გონივრულ სტანდარტთან, შესაბამისად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7 000 ლარის ანაზღაურება.

 

6.2. მეორე სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი გულისხმობს მეორე ოპერაციის ჩატარების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაცია ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღვის.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მიერ სწორედ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამოწვეულ ზიანზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელი ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოპასუხისთვის შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ში მეორე ოპერაციის ჩატარების ფაქტი. ამასთან, მხარეთა მიერ სადავო არაა დასმული დიაგნოზის სისწორე და ამ ოპერაციის აუცილებლობა, რაც ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. დადგენილია, რომ შპს ,,ნ--- ჰ---------–ს’’-ში მოსარჩელე ა-–---------ე მ----–---–ისთვის ჩატარებული ოპერაციის ღირებულებამ შეადგინა 2 500 ლარი, აღნიშნული თანხიდან საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურებულია 2 000.25 ლარი, ხოლო უშუალოდ მომხმარებლის მიერ გადასახდელმა თანხამ შეადგინა - 499.75 ლარი. შესაბამისად, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მატერიალური ზიანის ნაწილში მოთხოვნის ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და მოპასუხისთვის უშუალოდ მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის - 499.75 ლარის დაკისრებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან ანა თურმანიძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი კანონის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 224.99 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-–---------ე მ----–---–ის სარჩელი შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს მოსარჩელე ა-–---------ე მ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 7 000 ლარის ანაზღაურება;

 

1.2. მოპასუხე შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს მოსარჩელე ა-–---------ე მ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის - 499.75 ლარის ანაზღაურება;

 

2. მოპასუხე შპს ,,ე-–-------- ბ-–-----–-ს ჰ---------–ი’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 224.99 ლარის ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია