გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3788-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - ნ--------ი ქ-----–--ე;
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურებსი სამხარეო ცენტრი;
წარმომადგენელი - ნ----- ბ---------ე;
დავის საგანი - მშობლის უფლების აღდგენა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
- მოხდეს მისი შვილის - ა---------–აძის (დაბ. 04.10.2007წ.) მიმართ მოსარჩელისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სრულად შეზღუდული მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა.
სარჩელის თანახმად, 2014 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელის შვილზე - ა---------–აძეზე მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტის გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ წარდგენილი სარჩელის გამო 2014 წლის 15 დეკემბერს მოხდა მოსარჩელის მიმართ მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა. ასევე მოხდა მისთვის მსჯავრის დადება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენით შეეფარდა თ/აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც შეიცვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით. მის მიერ პირობითი სასჯელი კეთილსინდისიერად და სრულად იქნა მოხდილი, რის შემდეგაც მის მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა მისი საქციელი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სურს მისი პატიოსანი შრომით (დასაქმებულია ქუთაისში მშენებლობაზე და სწავლობს ხელობას) და მშობლის ვალდებულების თვალსაჩინო შესრულებით გამოისყიდოს მისი დანაშაული, რის გამოც ითხოვს სრულად იქნეს აღდგენილი ა---------–აძის მიმართ მშობლის უფლებები და მოვალეობები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. წარმომადგენელმა მიუთითა და განმარტა, რომ სარჩელის შემოტანის შემდეგ მოხდა ბავშვის დედასთან - ე-–--- პ-------ასთან და ბავშვთან გასაუბრება, ბავშვი ამჟამად ათი წლისაა და წინააღმდეგია ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, იგივე პოზიციას გამოხატავს დედაც. მამის მიერ არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი თუ რატომ უნდა მოხდეს მისი სარჩელის დაკმაყოფილება, მაშინ როდესაც მან 2014 წლის 22 ოქტომბერს სასტიკად სცემა საკუთარი შვილი იმის გამო, რომ მან მის უნებართვოდ დახარჯა 4 ლარი. გარეგანი დათვალიერების დროს ბავშვს მუცლისა და ზურგის არეში ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობოდა, თუმცა სახის არეში მას ჰქონდა მრავლობითი სახის ჩაქცევა, საფეთქლის ადგილას ემჩნეოდა დაზიანების კვალი, თავის ფორმა შეცვლილი იყო ძლიერი შეშუპების ფონზე. ამდენად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წლის 04 ოქტომბერს დაბადებული ა---------–აძის დედა არის ე-–--- პ-------ა, ხოლო მამა - ნ--------ი ქ-----–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ნ--------ი ქ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
განაჩენით დადგენილია, რომ 2014 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე ქუთაისში, ვ--------------- ქ. N27-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ-------- ქ-----–--ემ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, 2007 წლის 04 ოქტომბერს დაბადებულ ა---------–აძეს სახისა და ქვედა კიდურის არეში მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენი (ს.ფ. 21-24);
3.1.3. 2014 წლის 15 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ნ-------- ქ-----–--ეს სრულად შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილის - ა---------–აძის (დაბ.04.10.2007წ; პ/ნ 6----------) მიმართ მშობლის უფლებები და მოვალეობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 15 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 25-29);
3.1.4. 2018 წლის 12 იანვრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ს------- ძ-----–---–ის მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ ა---------–აძე წინააღმდეგია ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, იგივე პოზიციას გამოხატავს ბავშვის დედაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 12 იანვრის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ს------- ძ-----–---–ის მოხსენებითი ბარათი (იხ. ს.ფ. 49-50);
- 2018 წლის 11 იანვრის ე-–--- პ-------ას განცხადება (ს.ფ. 51).
3.1.5. 2018 წლის 11 დეკემბრის განცხადებით ა---------–აძე აცხადებს, რომ: ,,მე არ მინდა მამასთან ნ-------- ქ-----–--ესთან შერიგება. იმიტომ, რომ მცემდა ქამრით, ხან 4 ლარის გამო, ხან კარგად რომ ვერ ვითვლიდი. ასევე მეჩხუბებოდა ხშირად და სვამდა სასმელს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა---------–აძის განცხადება(იხ. ს.ფ. 53);
3.1.6. 2018 წლის 07 თებერვლის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ს------- ძ-----–---–ის დასკვნით დადგენილია, ნ--------ი ქ-----–--ის ალკოჰოლზე დამოკიდებულება, მის მიერ ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტის არსებობა არა მარტო შვილის, არამედ დანარჩენი ოჯახის წევრების მიმართაც, მისი არამდგრადი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. 2014 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის განცხადების საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი არასრულწლოვან ა---------–აძის საქმესთან დაკავშირებით, 6 ნოემბერს კი განმეორებით სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება დამცავი ორდერის 6 თვით გამოცემის თაობაზე. ნ-------- ქ-----–--ეს აეკრძალა ბავშვთან მიახლოება, სიტყვიერი ურთიერთობა.
გადატანილი სტრესისა და ა---------–აძის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ა--- უჭირდა აღნიშნული ფაქტის შესახებ საუბარი, გამოხატავდა უარყოფით დამოკიდებულებას მამის მიმართ, მთლიანად მინდობილი იყო დედაზე, ღამით აღენიშნებოდა უძილობა, შიშები.
ა---------–აძე ამჟამად ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან ერთად სოციალურ საცხოვრისში. საცხოვრებელი უსაფრთხოა, უზრუნველყოფილია პირველადი მოხმარების ავეჯით, კეთილმოწყობილი სველი წერტილით. ა--- აქვს სამეცადინო კუთხე, დაცულია მისი უსაფრთხოება, რეგისტრირებულია N- სამედიცინო ცენტრში, მისთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება. ა---------–აძე N---ე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა და დამრიგებლის განმარტებით მისი აკადემიური მოსწრება დამაკმაყოფილებელია, მასზე მეთვალყურეობას ახორციელებს დედა და ბებია.
სოციალური მუშაკის დაკვირვებით ა--- კვლავ უჭირს გადატანილ ძალადობაზე საუბარი, გაურბის აღნიშნულ საკითხზე შეკითხვებს, განმარტავს, რომ ,,ეშინია მამის“.
დედა ე-–--- პ-------ა კი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ნ--------ი ქ-----–--ისათვის მშობლის უფლების აღდგენას. მისი აზრით, ის ეცდება განაახლოს შვილთან ურთიერთობა, რაც განმეორებითი ფიზიკური და ემოციური ძალადობის შესაძლებლობებს შექმნის. იგი იხსენებს მისი ცხოვრებიდან მონაკვეთებს, როცა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ დატოვა მეუღლის ოჯახი, ნ-------- ქ-----–--ე მანიპულირებდა შვილით, არ უშვებდა მას დედასთან, აღნიშნულის გამო დაბრუნდა ის მოსარჩელის ოჯახში. ის განმარტავს, რომ ნ--------ი ქ-----–--ე არ იხდის ალიმენტსაც.
შეხვედრა განხორციელდა თავად მოსარჩელესთანაც, რომელიც ნანობს ძალადობას შვილის მიმართ, მაგრამ ვერ მალავს აგრესიას ყოფილი მეუღლის მისამართით. სოციალური მუშაკის მიერ დასმულ შეკითხვებს ვერ პასუხობს მშვიდად, მისთვის არაკომფორტულ თემებზე საუბრობს გაღიზიანებით, მაღალი ტონალობით, არაკორექტულად მოიხსენიებს ყოფილ მეუღლესა და მის ოჯახის წევრებს. ალიმენტთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ არ მუშაობს, არ აქვს სტაბილური შემოსავალი და შესაბამისად ვერ იხდის თანხას. ასევე დასძენს, რომ მისი ყოფილი მეუღლის შეძენილი მის სახლში არაფერია და შესაბამისად არ გაატანს მას საყოფაცხოვრებო ნივთებს. ამ საკითხებზე მასთან საუბარი, მისი ძლიერი გაღიზიანების ფონზე თითქმის შეუძლებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ადეკვატურად ვერ აფასებს შექმნილ ვითარებას, საკუთარ ბრალეულობას.
სოციალური მუშაკის დაკვირვებით, ნ--------ი ქ-----–--ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია, ის ადეკვატურად ვერ აფასებს შექმნილ ვითარებას, საკუთარ ბრალეულობას. ა---------–აძესთან ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში, ძალადობრივი ქმედების თავიდან ასარიდებლად, იკვეთება მისი ქცევის გაკონტროლების აუცილებლობა (რაზედაც მიუთითებენ მისი დები). ნ--------ი ქ-----–--ეს შვილის მიმართ 4 წლის მანძილზე არ გამოუვლენია მზრუნველობა, არ იხდის ალიმენტს, ყოფილი მეუღლის მისამართით გამოხატავს ძლიერ აგრესიას, მოიხმარს ალკოჰოლს (თუმცა და - ნ-------- ქ-----–--ე განმარტავს, რომ ბოლო დროს ნ-------- ქ-----–--ემ შეამცირა ალკოჰოლის მიღება), ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვერ აკონტროლებს ქცევას, სავარაუდოა, რომ მშობლის უფლების აღდგენის შემთხვევაში მისი მხრიდან ა---------–აძესა და ე-–--- პ-------აზე კვლავ განხორციელდება ძალადობრივი ქმედება. გარდა აღნიშნულისა მისი შვილი - ა---------–აძე განმარტავს (განცხადება N6--), რომ ეშინია მამის და არ გამოთქვამს მასთან ურთიერთობის სურვილს.
შესაბამისად, ამ ეტაპისათვის სოციალურ მუშაკს არ მიაჩნია მიზანშეწონილად ნ--------ი ქ-----–--ისათვის მშობლის უფლების აღდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 07 თებერვლის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ს------- ძ-----–---–ის დასკვნა (იხ. ს.ფ. 58-60);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ნ--------ი ქ-----–--ე ითხოვს აღდგენილ იქნეს მისი როგორც მშობლის უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ შეცვლილა მდგომარეობა, რაც ასახულია 2014 წლის 15 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ბავშვთა უფლებათა კონვენცია",საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1199-ე 1209-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თნახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს; მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება; მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა; მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას; მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება; მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
იმავე კოდექსის 1209-ე მუხლის 1–ლი-მე–3 ნაწილების შესაბამისად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით; მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც, თუ მას შეუსრულდა ათი წელი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეზე იყო გადატანილი იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2014 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეეზღუდა მშობლის უფლებები, აღმოიფხვრა ძალადობრივი ქმედებები და აღარ არსებობს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
2018 წლის 07 თებერვლის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ს------- ძ-----–---–ის დასკვნით დადგენილია, რომ ნ-------- ქ-----–--ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია, ის ადეკვატურად ვერ აფასებს შექმნილ ვითარებას, საკუთარ ბრალეულობას. ა---------–აძესთან ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში, ძალადობრივი ქმედების თავიდან ასარიდებლად, იკვეთება მისი ქცევის გაკონტროლების აუცილებლობა (რაზედაც მიუთითებენ მისი დები), ნ--------ი ქ-----–--ეს შვილის მიმართ 4 წლის მანძილზე არ გამოუვლენია მზრუნველობა, არ იხდის ალიმენტს, ყოფილი მეუღლის მისამართით გამოხატავს ძლიერ აგრესიას, მოიხმარს ალკოჰოლს (თუმცა და - ნ-------- ქ-----–--ე განმარტავს, რომ ბოლო დროს ნ-------- ქ-----–--ემ შეამცირა ალკოჰოლის მიღება), ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვერ აკონტროლებს ქცევას, სავარაუდოა, რომ მშობლის უფლების აღდგენის შემთხვევაში მისი მხრიდან ა---------–აძესა და ე-–--- პ-------აზე კვლავ განხორციელდება ძალადობრივი ქმედება. გარდა აღნიშნულისა მისი შვილი - ა---------–აძე განმარტავს (განცხადება N6--), რომ ეშინია მამის და არ გამოთქვამს მასთან ურთიერთობის სურვილს.
შესაბამისად, ამ ეტაპისათვის სოციალურ მუშაკს არ მიაჩნია მიზანშეწონილად ნ--------ი ქ-----–--ისათვის მშობლის უფლების აღდგენა.
6.2. ,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის" (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
იმავე კონვენციის 23-ე მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივად ან ფიზიკურად უნარშეზღუდული ბავშვი სრულფასოვნად და ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს იმგვარ პირობებში, რომლებიც უძლიერებს მას ღირსების გრძნობას, საკუთარი თავის რწმენას და უადვილებს საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, ხოლო 27-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის; მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
მაშინ როდესაც, 2018 წლის 11 დეკემბრის განცხადებით ა---------–აძე აცხადებს რომ: ,,მე არ მინდა მამასთან ნ-------- ქ-----–--ესთან შერიგება. იმიტომ, რომ მცემდა ქამრით, ხან 4 ლარის გამო, ხან კარგად რომ ვერ ვითვლიდი. ასევე მეჩხუბებოდა ხშირად და სვამდა სასმელს“. შესაბამისად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული მოსარჩელისათვის მშობლის უფლების აღდგენა.
მითითებულ გარემოებათა შეფასებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, საქმის განხილვის ამ ეტაპზე, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--------ი ქ-----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა