გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2019
საქმის ნომერი
140210015001177851
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210015001177851

საქმე № 2/1364-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი, მარიამ საძაგლიშვილი

 

მოსარჩელე - მ-----------

წარმომადგენელი - ნ----------------ე

მოპასუხე - მ--------------–--–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ტ-------------ე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მ--------------–--–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2000 აშშ დოლარი გადახდა.

 

2. მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის განმარტებით მან მ--------------–--–---–ს ასესხა 2000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა ერთი წლის ვადაში. მიუხედავად მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნისა მოპასუხე თანხას არ აბრუნებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მ--------------–--–---–ი ეწეოდა სალომბარდო საქმიანობას და სწორედ ამ საფუძვლით ასესხა მ-----------მ მ--------------–--–---–ს 2012 წელს 2000 აშშ დოლარი. სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე მ--------------–--–---–ს მ-----------სათვის ჩარიცხული აქვს გარკვეული თანხები, თუმცა შემდეგ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად რომ დაებრუნებინა 2000 აშშ დოლარი იგი არ აბრუნებს გარკვეული ოდენობის თანხას, რის გამოც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და პოლიციაშიც იყო იყო დაწყებული გამოძიება, სადაც დაიკითხნენ მოწმეები და ერთერთმა მოწმემ, ქეთევან მძინარაშვილმა დაადასტურა, რომ მ-----------სა და მ--------------–--–---–ს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი მათ შორის სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობა იყო. ამასთან, სარჩელზე წარმოდგენილია სატელეფონო მიმოწერა, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მ--------------–--–---–ს მ-----------სათვის გადასახდელი ჰქონდა ფულადი თანხა (იხ. სარჩელი და მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება - 26.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:39:12 სთ).

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი მოსარჩელესთან არასოდეს ყოფილა სასესხო ურთიერთობაში და შესაბამისად მოთხოვნაც უსაფუძლოა.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე მხარემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, კერძოდ, ვერ წარმოადგინა ვერც ხელწერილი და ვერც რთული, სანოტარრო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, შესაბამისად, ის გარემოება, რომ მ--------------–--–---–მა მ-----------საგან 2012 წელს ისესხა 2000 აშშ დოლარი, ვერ დასტურდება. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ს.ს. საქმის მასალებს, მოწმემ მიუთითა კონფლიქტის სავარაუდო მიზეზზე და ამ ჩვენებაში არ ჩანს, რომ მ--------------–--–---–მა ივალდებულა ან აღიარა სესხის არსებობა. მოპასუხის წარმომადგენლის განარტებით, მ--------------–--–---–ი და მ----------- არიან ნათესავები და როგორც მისთვისაა ცნობილი მარიამი მზიას მიჰყვა ლომბარდში და ასწავლა როგორ გაესესხებია თანხა, თუმცა რომელ ლომბარდში მივიდნენ, რა ოდენობის თანხა და ვისზე გაასესხა მ-----------მ თანხა მისთვის უცნობია. რაც შეეხება ამონაწერს მ-----------ს საბანკო ანგარიშიდან, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მხარეები ნათესავები არიან და შესაძლოა სხვა მიზანი ჰქონდა ამ თანხის ჩარიცხვას, რაც მისთვის უცნობია გარდა ამისა, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ოქროშიაშვილი არის ინდივიდუალურ მეწარმე და სალომბარდო საქმიანობას ეწევა, თუმცა დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია (იხ. შესაგებელი და 26.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 12:44:43 – 12:50:59 სთ; 12:52:51 სთ).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2012 წლის თებერვალში მ-----------მ მ--------------–--–---–ს ასესხა 2000 აშშ დოლარი.

 

მტკიცებულება:

 

- მოსარჩელის ახსნა - განმარტება;

- ამონაწერი მ-----------ს საბანკო ანგარიშიდან

 

3.2.2. მ--------------–--–---–მა მ-----------ს სხვადასხვა დროს გადაუხადა 825 ლარი, საერთო ჯამში 497.73 აშშ დოლარი.

 

მტკიცებულება:

 

- ამონაწერი მ-----------ს საბანკო ანგარიშიდან

 

3.2.3. მ--------------–--–---–ის მხრიდან თანხის დაბრუნების ვალდებულება არ არის შესრულებული

 

მტკიცებულება:

 

- მოსარჩელის ახნა-განმარტება;

- ამონაწერი მ-----------ს საბანკო ანგარიშიდან

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 389-ე, 623-624-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 104-ე და 105-ე მუხლებით.

 

7. სამართლებრივი შეფასება.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებაა, რაც მხარეებს შორის სადავოა, კერძოდ, მოპასუხე მხარე არ აღიარებს მოსარჩელესთან სესხზე ზეპირი ფორმით შეთანხმების ფაქტს.

 

ამდენად, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას, შესაბამისად, ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმის შინაარსი იძლევა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამომდინარეობს სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან, შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის შემადგენლობასთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც შეეხება „მტკიცებულებათა დასაშვებობას“ ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში წარმოდგენილ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერზე ასევე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა სასესხო ვალდებულების თავისებურებებზე, რომელიც მოცემულია სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესში, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმის სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც, სახელდობრ, კანონმდებელი ზეპირი ფორმით დადებული სასესხო ვალდებულების ნამდვილობისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს. თუმცა არც გამორიცხავს ამგვარი მტკიცებულების არსებობასაც, არამედ სავალდებულოდ ადგენს მოწმეთა ჩვენებებთან ერთად სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც მოწმეთა ჩვენებასთან ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს სასესხო ურთიერთობის შესახებ (მტკიცების საგანი). სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა (შდრ. სუსგ №ას-127-119-2015, 22.07.2015).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა ზეპირ განმარტებებსა თუ მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ;

1. მოსარჩელე მ-----------მ წარმოადგინა სს „საქართველოს ბანკში“ მის სახელზე გახსნილი ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის მიხედვითაც მ--------------–--–---–ს ნაწარმოები აქვს საბანკო გადარიცხვები: 19.10.12 – 100 ლარი, 14.11.12 – 100 ლარი, 05.12.12 – 175 ლარი, 29.07.13 – 450 ლარი;

მოპასუხე მხარემ აღნიშნულ გადარიცხვებზე მიუთითა, რომ მხარეები ნათესავები იყვნენ და შესაძლებელი იყო ნებისმიერი საფუძვლით გადაერიცხა ფულადი თანხა, თუმცა თანხის ჩარიცხვის კონკრეტული მიზეზი მისთვის უცნობია;

2. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მან მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 2000 აშშ დოლარი და თანხის დაუბრუნებლობის გამო ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა,მოპასუხე მხარე არ უარყოფს მათ შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობას, თუმცა უარყოფს დაძაბულობის მიზეზად სასესხო ურთიერთობას და მიუთითებს, რომ იგი მოსარჩელეს დაეხმარა ფულის გასესხებაში, კერძოდ მიჰყვა ლომბარდში და ასწავლა როგორ უნდა გაესესხებინა თანხა, თუმცა ვერ დააკონკრეტა რომელ ლომბარდში მიიყვანა და რა თანხა გაასესხებიბა მას ან ვისზე გაასესხებინა;

3. მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა შსს გორის რაიონულ სამმართველოში მ--------------–--–---–ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მას აქვს ლომბარდი და სალომბარდო ხელშეკრულებით მოქალაქეებზე გასესხებული ჰქონდა მ-----------ს კუთვნილი ფული;

4. მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ქეთევან მძინარაშვილის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომელიც შეესწრო მ-----------სა და მ--------------–--–---–ს შორის ჩხუბის ფაქტს და მან ჩხუბის მიზეზად მიუთითა, რომ როგორც მისთვისაა ცნობილი მ-----------ს და მ--------------–--–---–ს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მაგრამ მ-----------ს შეექმნა პრობლემა გასესხებული ფულის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა.

 

სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მტკიცებულებაა სამოქალაქო პროცესში. მოწმის მეშვეობით დასტურდება მრავალი ფაქტი, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტა. მოწმეს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები: მოწმედ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც შესწევს უნარი, სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება და რომელიც არ არის იურიდიულად დაინტერესებული საქმის შედეგით და მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მოწმედ გამოძახებული და კანონით განსაზღვრული წესით დაკითხული იურიდიულად დაუინტერესებელი პირის მიერ მიცემული ცნობები საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მ--------------–--–---–ი, რომელიც შსს გორის რაიონულ სამმართველოში დაიკითხა მოწმის სახით, წარმოადგენს მხარეს და მის მიერ გამოძიების პროცესში მიცემული განმარტება ვერ განიხილება მოწმის ჩვენებად, თუმცა მისმა წარმომადგენელმა სადავო არ გახადა ამ ჩვენების შინაარსი და აღნიშნული შეიძლება შეფასდეს როგორც მხარის წერილობითი განმარტება, რომელიც სასამართლოს მხრიდან შეფასებისას არადამაჯერებლად მიიჩნევა, ვინაიდან მითითებული წერილობითი ფორმით განმარტება და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებენ. რაც შეეხება ქეთევან მძინარაშვილის ჩვენებას, მხარეებს არ მოუთხოვიათ მითითებული პირის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვა, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ამ ოქმის შინაარსი გაუხდიათ სადავო მხარეებს და შეფასება მისცეს მას. ამდენად, ქეთევან მძინარაშვილის დაკითხის ოქმი შეიცავს ცნობებს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო განმარტავს, რომ არც ერთ მტკიცებულებას რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით არ გააჩნია და არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით (სსსკ 105-ე მუხლი).

 

გარდა ამისა, სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების არსებობის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარიგება სესხის არსით. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება სესხის ხელშეკრულებით, სესხის სახით თანხის გადაცემის ან მიღების ხელწერილით, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, პროცენტის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებით ან სხვა მტკიცებულებით, რაც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე მარიმ ოქროშიაშვილი მოსარჩელე მ-----------ს ურიცხავდა ფულად თანხებს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს, მტკიცების ტვირთის სამართლიანი გადანაწილების საფუძველზე წარმოეშვა ვალდებულება დაასაბუთოს მისი მხრიდან თანხის მ-----------სათვის გადარიცხვის მიზნობრიობა, სანაცვლოდ მოპასუხე მხარემ ვერ მიუთითა ამ თანხის გადარიცხვის მიზანზე, არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ მის მიერ განხორციელებული გადახდები მოსარჩელის ანგარიშზე არ ემსახურებოდა სასესხო ვალდებულების შესრულება და იყო სხვა ოპერაცია (მაგ: ჩუქება და ა. შ.)., თავად თანხის გადარიცხვის ფაქტი კი სხვა მტკიცებულებებთან თუ მხარეთა განმარტებებთან (მაგ: თავად მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემეოებები - მ-----------ს გაასესხებინა თანხა; დაეხმარე თანხის გასესხებაში; ლომბარდი ჰქონდა და გასესხებული ჰქონდა მ-----------ს თანხა; ქეთევან მძინარაშვილის განმარტება რომ მ-----------ს შეექმნა პრობლემა გასესებული თანხის დაბრუნებაზე და მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა) ქმნის მტკიცებულებათა ერთიან ჯაჭვს და ერთობლიობაში სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი გარიგება სესხის შესახებ. შესაბამისად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებს სარწმუნოდ მიიჩნევს თანხის ოდენობასთან დაკავშირებითაც.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა 825 ლარი

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

7.4. რაც შეეხება მოპასუხს მხრიდან მ-----------სათვის გადარიცხული თანხის ოდენობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 2000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად. სასამართლოს ამ მოსაზრებას ამყარებს მოსარჩელის ახსნა - განმარტება და ამონაწერი მისი საბანკო ანგარიშიდან, რომლიდანაც ირკვევა რომ მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ბოლო გადახდა განახორციელა 2013 წლის 29 ივლისს, ხოლო ჯამში მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 825 ლარი, რომელიც აშშ დოლარში უნდა დაკონვერტირდეს ვალდებულების წარმოშობის დროს არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, რაც გადახდის დროის დათვალისწინებით საერთო ჯამში წარმოადგენდა 497.73 აშშ დოლარს და უნდა გამოაკლდეს სარჩელით მოთხოვილ თანხას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----------ს სამოქალაქო სარჩელი მ--------------–--–---–ის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1502.27 აშს დოლარის გადახდა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 144 ლარიდან და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 50 ლარიდან მოპასუხის მიერ უნდა აუნაზღაურდეს 158.15 ლარი.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მ--------------–--–---–ის (პ/№59001019332) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას დაედო ყადაღა, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

რაც შეეხება გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის განჩინებას შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული A17069854-007/001 საღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ, აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იყო მოპასუხე მხარის მოთხოვნით, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობით დაყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების უცვლელად დატოვების საფუძველიც აღარ არსებობს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ-----------ს სარჩელი მოპასუხე მ--------------–--–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე მ--------------–--–---–ს მოსარჩელე მ-----------ს სასარგებლოდ დაეკისროს 1502.27 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მ-----------ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 144 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე მ--------------–--–---–ს მოსარჩელე მ-----------ს სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ, დაეკისროს 158.15 ლარის (სარჩელზე 108.15 ლარი, უზრუნველყოფის განცხადებაზე 50 ლარი) გადახდა.

 

5. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული 2015 წლის 09 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძების გამოყენების, კერძოდ, მ--------------–--–---–ის (პ/№59001019332) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადების შესახებ.

 

6. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და განახლდეს მოვალე მ--------------–--–---–ის მიმართ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული A17069854-007/001 საღსრულებო წარმოება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი