გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001642362
2-3869/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27/11/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს ‘’ლ----’’
წარმომადგენელი: ს---–--------–--–-----ე
მოპასუხე: შპს ,,ს----------ია“
მოპასუხე: გ---- მ------–--ე
წარმომადგენელი: ი------------------------------------–---–-
მოთხოვნა: ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების გირავნობისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,ლ----“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:
- ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,ს----------იასა“ და გ---- მ------–--ეს შორის 2016 წლის 2 მარტს გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება;
- სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებში გაუქმდეს შპს ,,ს----------იის“ მოძრავ ქონებაზე გ---- მ------–--ის სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობის ჩანაწერი და მისი კუთვნილი ქონება გათავისუფლდეს გირავნობისაგან.
მოსარჩელის წარმომადგენელი მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
შპს ,,ს----------იას“, შპს ,,ლ----ს“ სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 75 619.28 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შპს ,,ლ----მ“ მიიღო სააღსრულებო ფურცელი, წარადგინა სააღსრულებო ბიუროში და მის საფუძველზე დაიწყო აღსრულება. სააღსრულებო წარმოებისას ყადაღა დაედო შპს ,,ს----------იის“ მოძრავ ნივთებს, კერძოდ რულეტის ორ მაგიდას, ბლექჯექის 5 მაგიდას და სხვა მოძრავ ნივთებს. სააღსრულებო წარმოების პროცესში გაირკვა, რომ შპს ,,ს----------იის“ 1 607 504.46 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთები, გ---- მ------–--ის სასარგებლოდ გირავნობითაა დატვირთული. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გირავნობის თაობაზე დადებული გარიგება, მოჩვენებითი გარიგებაა და მისი მიზანია ის, რომ შპს ,,ლ----მ“ მოძრავი ნივთების გამოყენებით ვერ შეძლოს თანხის მიღება. შპს ,,ს----------იის“ ხელმძღვანელები და გ---- მ------–--ე ახლობლები არიან. სწორედ მათ დაგეგმეს ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდება და ამ მიზნით მოძრავ ნივთებზე დაარეგისტრირეს გირავნობის უფლება. სინამდვილეში არავითარ გირავნობას ადგილი არ აქვს. მისი მიზანია პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. სწორედ ამიტომ დასახელებული გარიგება ბათილია. მისი გაბათილების შემდეგ უნდა გაუქმდეს გირავნობის ჩანაწერი და მოსარჩელეს მიეცეს საშუალება მოძრავი ნივთების გამოყენებით აღასრულოს გადაწყვეტილება.
მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ შპს ,,ს----------იას“ კუთვნილ კაზინოს სპეციალური ნებართვის ვადა გაუვიდა 2016 წლის ივლისის თვეში. მისმა ხელმძღვანელმა პირებმა საწარმოდან გაიტანეს აქტივები და გადასცეს მათ მიერ ახლად შექმნილ შპს ,,კ-------ეს“. ამავე საწარმოს სახელზე აიღეს კაზინოს ნებართვა და გააგრძელეს მუშაობა. ამ გზით ისინი ცდილობენ თავი აარიდონ კრედიტორთა დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. გ---- მ------–--ე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ გ---- მ------–--ემ შპს ,,ს----------იას“ ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ სესხად გადასცა 900 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა შპს ,,ს----------იის“ მოძრავი ნივთები. 2016 წლის 2 მარტს მხარეებმა გააფორმეს სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. ამტკიცებს, რომ გარიგება ნამდვილია და არარსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
2.2. შპს ,,ს----------იამ’’ შესაგებლით სარჩელი არ სცნო. შესაგებელში განმარტავს, რომ მან გ---- მ------–--ისაგან ისესხა 900 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები. თანხის მიღება ბუღალტრულად ასახულია და დასტურდება დოკუმენტურად. სესხად მიღებული თანხები გამოყენებული იქნა საოპერაციო და საინვესტიციო ხარჯების დასაფარად.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს ,,ს----------ია“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 16 იანვრიდან. მისი დამფუძნებელია ივანე ჩიღვინაძე, ხოლო დირექტორია გ------------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამრეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ტ.1.ს.ფ.9-10
3.1.2. 2016 წლის 07 მარტს შპს ,,ლ----მ“ სარჩელი აღძრა შპს ,,ს----------იის“ მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა შპს ,,ს----------იას“ მის სასარგებლოდ დაეკისროს 70672,18 ლარის გადახდა. 2016 წლის 20 მაისს სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,ს----------იის“ წარმომადგენელი, რის გამოც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და სარჩელი დააკმაყოფილა. შპს ,,ს----------იას“ შპს ,,ლ----ს” სასარგებლოდ დაეკისრა 70672,18 (სამოცდაათი ათას ექვსას სამოცდათორმეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარის, ასევე მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2120,2 (ორი ათას ას ოცი ლარი და ორი თეთრი) ლარის და იურიდული მომსახურებისათვის 2826,9 (ორი ათას რვაას ოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შპს ,,ლ----მ“ სააღსრულებო ბიუროში წარადგინა სააღსრულებო ფურცელი და მის საფუძველზე დაიწყო აღსრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- სააღსრულებო საქმის მასალები. ტ.1.ს.ფ. 138-209
3.1.3. შპს ,,ს----------იამ“ გადაწყვეტილება ნებაყოფილებით არ აღასრულა, რის გამოც სააღსრულებო წარმოების პროცესში აღმასრულებელმა შპს ,,ს----------იას“ მოსთხოვა ქონებრივი ნუსხის წარდგენა. შპს ,,ს----------იამ“ აღმასრულებლის მოთხოვნა შეასრულა და მას წარუდგინა ძირითადი საშუალებების ნუსხა. აღმასრულებელმა მის საფუძველზე აღწერა მოვალის ქონება და ყადაღა დაადო რულეტის ორ მაგიდას, ბლექჯექის 5 მაგიდას და სხვა მოძრავ ნივთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი. ტ.1.ს.ფ. 155-157
- გაფრთხილება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის შესახებ.ტ.1. ს.ფ.150-151
- ძირითადი საშუალებების ნუსხა. ტ.1. ს.ფ.153.
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ტ.1.ს.ფ. 70-73
3.1.4. აღმასრულებელმა, აღსრულების პროცესში დაადგინა, რომ მის მიერ დაყადაღებული ნივთებით უზრუნველყოფილი იყო გ---- მ------–--ის, სს ,,საქართველოს ბანკის“ და სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა (გირავნობის ხელშეკრულების და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის საფუძველზე), რის შემდეგაც აღმასრულებელმა გ---- მ------–--ეს აცნობა გირავნობის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღმასრულებლის მიმართვა ტ. 1 ს.ფ.173-175
3.1.5. შპს ,,ს----------იის“ მოძრავი ნივთების დაყადაღების შემდეგ, გ---- მ------–--ემ აღმასრულებელს წერილობით აცნობა, რომ დაყადაღებული ნივთებით უზრუნველყოფილია სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მას ,,ს----------იისათვის“ გადაცემული აქვს სესხი 900 000 აშშ დოლარის ოდენობით. გ---- მ------–--ემ აღმასრულებელს მოსთხოვა ნივთების რეალიზაციის შემთხვევაში სს ,,საქართველოს ბანკის“ შემდეგ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ---- მ------–--ის მიმართვა. ტ.1. ს.ფ.176-177
3.1.6. შპს ,,ს----------იის“ დირექტორმა გ------------------ემ და დ----- ჩ--------ემ 2016 წლის 29 მარტს დააფუძნეს შპს ,,კ-------ე“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. ტ.1. ს.ფ.14-15
3.1.7. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ გ---- მ------–--ე და შპს ,,ს----------იის“ დამფუძნებლები იცნობენ ერთმანეთს და ხშირად ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა 2016 წლის 2 მარტს მხარეთა შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების ბუნება. დავის გადასაწყვეტად უნდა გაირკვეს დასახელებული გარიგება დადებულია თუ არა იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) ან ამ გარიგებით მხარეებმა დაფარეს თუ არა სხვა გარიგება (თვალთმაქცური გარიგება).
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---- მ------–--ე ვადებულია დაამტკიცოს, რომ მან შპს ,,ს----------იას“ ნამდვილად გადასცა 900 000 აშშ დოლარის სესხი. თავის მხრივ შპს ,,ს-- კომპანიამ“ უნდა დაამტკიცოს, რომ მან გ---- მ------–--ისაგან სესხი ნამდვილად მიიღო.
3.2.3. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.4. მოსარჩელის წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ შპს ,,ს----------იას“ მოსარჩელის ვალი გააჩნდა. მას გადასახდელი ჰქონდა 75 619.28 ლარი. მან დასახელებული ვალი არ დაფარა. ვალის დაფარვის ნაცვლად კუთვნილი მოძრავი ნივთები გ---- მ------–--ის სახელზე ფორმალურად დატვირთა გირავნობით. ამ გზით თავიდან აიცილა ნივთების რეალიზაციის საფრთხე და ასევე ამონაგები თანხის მოსარჩელისათვის გადაცემის შესაძლებლობა.
გ---- მ------–--ემ, მოსარჩელის ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტა, რომ ის არაა შპს ,,ს----------იის“ ხელმძღვანელების ახლობელი და არ ზრუნავს მათ დაეხმაროს ვალდებულების შესრულების თავიდან აცილებაში. მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა შპს ,,ს----------იასთან“ და პერიოდულად სესხად აძლევდა თანხებს. თანხის ნაწილი მისცა ხელზე, ნაწილი კი გადასცა ბანკში ჩარიცხვის გზით. მისი თანხა ბანკის მეშვეობით საწარმოში შეიტანა დ----- ჩ--------ემ. 2016 წლის 2 მარტისათვის მას უკვე გადაცემული ჰქონდა 900 000 აშშ დოლარი და აღნიშნულის გამო გააფორმეს ხელშეკრულება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთეს შპს ,,ს----------იის“ ნივთები.
ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ამათუიმ ფაქტის არსებობა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
3.2.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ გარიგების დადება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს, შეფასებითი კატეგორიისაა. თუმცა მისი შეფასება უნდა განხორცილედეს ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე. ანუ უნდა არსებობდეს გარკვეული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ გარიგება მოჩვენებითაა დადებული. სინამდვილეში მოძრავი ნივთების გირავნობით დატვირთვას ადგილი არ აქვს. ასეთი მსჯელობისათვის აუცილებელია შესაბამისი ფაქტობრივი მოცემულობების არსებობა. სავსებით შესაძლებელია შპს ,,ს----------ია“ და გ---- მ------–--ე გარიგებულიყვენ მასზედ, რომ შპს ,,ს----------იას“ თავი, რომ დაეღწია შპს ,,ლ----ს“ წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისაგან, გააფორმეს სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ასეთი გარიგების დადების გონივრული ვარაუდის მქონე წინაპირობების არსებობა. უდაოა, რომ შპს ,,ს----------იის“ მოძრავ ნივთებზე აღრიცხულია გირავნობის უფლება. შპს ,,ს----------იას“ გააჩნდა შემოსავლების სამსახურის ვალი, ასევე სესხი გააჩნდა ბანკიდან და ამ ქონების მიმართ გამოყენებული იყო, როგორც შემოსავლების სამსახურის გირავნობა/იპოთეკის უფლება, ისე ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული იყო გირავნობა. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით გ---- მ------–--ე მეორე რიგის მოგირავნეა. საქმეში წარმოდგენილი სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მიხედვით 2016 წლის 2 მარტს გ---- მ------–--ემ 900 000 აშშ დოლარი ასესხა შპს ,,ს----------იას“. თვით შპს ,,ს----------ია“ თანხის მიღებას ადასტურებს. ამდენად გარიგების ფორმალური მხარე დაცულია. ის შედგენილია კანოით დადგენილი წესით და შეიცავს ყველა იმ რეკვიზიტს, რაც აუცილებელია გირავნობის ხელშეკრულებისათვის. მასზე შესრულებული ხელმოწერა სადაო არაა. აღნიშნულის შემდეგ უნდა გაირკვეს გირავნობა ნამდვილია თუ მოჩვენებითი. თუ დადგინდება, რომ გ---- მ------–--ეს სესხი არ გაუცია და იგი შპს ,,ს----------იასაც“ არ მიუღია, მაშინ გირავნობის ხელშეკრულება შეიძლება შევაფასოთ მოჩვენებით ხელშეკრულებად, ანუ ისეთ ხელშეკრულებად, რომლითაც რეალურად არაფერი არ შეცვლილა. მიჩნეული იქნება, რომ გარიგების დადებამდე ნივთები თავისუფალი იყო და მას სარგებლობდა მესაკუთრე. გარიგების შემდეგაც იგივე სიტუაციაა - შპს ,,ს----------ს“ გ---- მ------–--ისათვის თანხა გადასახდელი არ აქვს და მისი ნივთების მიმართ გირავნობა ფორმალურადაა რეგისტრირებული.
3.2.6. გ---- მ------–--ის წარმომადგენლებმა სხდომაზე მტკიცებულების სახით წარმოადგინეს 2018 წლის 4 მაისის სამხრივი შეთანხმება, რომელშიც მონაწილეობენ გ---- მ------–--ე, შპს ,,ს----------ია“ და დ----- ჩ--------ე. ხელშეკრულებას ეწოდება ,,ხელშეკრულება სესხის გაცემის/მიღების დადასტურების თაობაზე“. მასში ნათქვამია, რომ გ---- მ------–--ემ შპს ,,ს----------იას“ დ----- ჩ--------ის მეშვეობით სესხი გადასცა. ანუ სესხის თანხა გ---- მ------–--ის სახელით შპს ,,ს----------იის“ ანგარიშზე შეიტანა დ----- ჩ--------ემ. თანხის შეტანა მოხდა ნაწილ-ნაწილ, 2015 წლის 22 ივლისიდან 2016 წლის 19 მაისის ჩათვლით. ამ პერიოდში ბანკის მეშეობით სესხად გადაცემული იქნა 547 678.54 აშშ დოლარი. შესაბამისად სესხის გადაცემა მოხდა არა ისე, როგორც ეს წერია 2016 წლის 2 მარტის ხელშეკრულებაში, არამედ ისე მოხდა, როგორც ეს მითითებულია 2018 წლის 4 მაისის სესხის გაცემის/მიღების დადასტურების თაობაზე ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებას ხელს აწერს სამივე პირი.
იხ. ,,ხელშეკრულება სესხის გაცემის/მიღების დადასტურების თაობაზე“. ტ. 2. ს.ფ. 67-70.
3.2.7. მხარეები ,,სესხის გაცემის/მიღების დადასტურების თაობაზე ხელშეკრულებაზე“ შესრულებულ ხელმოწერას სადაოდ არ ხდიან. მის სანდობააზე მხარეებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ.
3.2.8. 2018 წლის 4 მაისის სესხის გაცემის/მიღების დადასტურების თაობაზე ხელშეკრულება მოპასუხემ გაამყარა შპს ,,ს----------იის“ ბუღალტერის ცნობით, რომლის მიხედვითაც დ----- ჩ--------ემ შპს ,,ს----------იის“ ანგარიშზე 2015 წლის 22 ივლისიდან 2016 წლის 19 მაისის ჩათვლით პერიოდში სესხის სახით შეიტანა 547 678.54 აშშ დოლარი.
იხ.შპს ,,ს----------იის“ ბუღალტერის ცნობა.ტ. 2. ს.ფ. 75.
3,.2.9. გარდა ბუღალტერის ცნობისა, 2018 წლის 4 მაისის სესხის გაცემის/მიღების დადასტურების თაობაზე ხელშეკრულება მოპასუხემ გაამყარა სს ,,საქართველოს ბანკის“ ცნობით, რომლითაც დგინდება, რომ 2015 წლის 22 ივლისიდან 2016 წლის 19 მაისამდე პერიოდში დ----- ჩ--------ემ შპს ,,ს----------იის“ ანგარიშზე სესხის სახით შეიტანა 547 678.54 აშშ დოლარი.
იხ. სს ,,საქართველოს ბანკის“ ცნობა.ტ. 2. ს.ფ. 97
3.2.10. ამდენად, შპს ,,ს----------იის“ ბუღალტერის ცნობით და სს ,,საქართველოს ბანკის“ ცნობით სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 22 ივლისიდან 2016 წლის 19 მაისამდე პერიოდში დ----- ჩ--------ემ შპს ,,ს----------იის“ ანგარიშზე სესხის სახით შეიტანა 547 678.54 აშშ დოლარი.
იხ.შპს ,,ს----------იის“ ბუღალტერის ცნობა.ტ. 2. ს.ფ. 75.
სს ,,საქართველოს ბანკის“ ცნობა.ტ. 2. ს.ფ. 97
3.2.11. აღნიშნულის შემდეგ უმნიშვნელოვანესი საკითხია დადგინდეს, რა დანიშნულება აქვს დ----- ჩ--------ის მიერ შპს ,,ს----------იის“ ანგარიშზე განხორციელებულ 547 678.54 აშშ დოლარის შენატანებს. როგორც ბუღალტრულ ცნობაში, ასევე ბანკის ცნობაში მითითებულია, რომ თანხის შეტანის დანიშნულებაა სესხი. მათზე დაყრდნობით სასამართლო დამტკიცეულებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დ----- ჩ--------ემ შპს ,,ს----------იის“ ანგარიშზე შეიტანა სესხის თანხა.
იხ.შპს ,,ს----------იის“ ბუღალტერის ცნობა.ტ. 2. ს.ფ. 75.
სს ,,საქართველოს ბანკის“ ცნობა.ტ. 2. ს.ფ. 97
3.2.12. შემდეგი საკითხია სესხის გამცემის იდენტიფიცირება. როგორც წესი ბანკში თანხის შეტანა არაა დაკავშირებული სირთულეებთან. მისი შემტანი შეიძლება იყოს გამსესხებელი და შეიძლება სულაც არ იყოს გამსესხებელი. ხშირია შემთხვევა როდესაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ბანკში ფულად ოპერაციას ასრულებს ის პირი, ვისაც საერთოდ არ აქვს კავშირი იმ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთბასთან, რისთვისაც მან ბანკში შეიტანა თანხა. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე შპს ,,ს----------იის“ ანგარიშზე თანხის შემტანი შეიძლება იყოს გამსესხებელი და შეიძლება არ იყოს გამსესხებელი. გ---- მ------–--ე ამტკიცებს, რომ დ----- ჩ--------ე სესხის თანხის შეტანის დროს მას წარმოადგენდა, ანუ გ---- მ------–--ემ დ----- ჩ--------ეს თანხა გადასცა იმისათვის, რომ მას სესხის დანიშნულებით შეეტანა შპს ,,ს----------იის“ ანგარიშზე.
3.2.13. სესხთან დაკავშირებული მტკიცებულებების დეტალური გამოკვლევისა და ანალიზის შემდეგ სასამართლო განმარტავს, რომ დადგენა იმისა, თუ ვინაა გამსესხებელი, ფაქტობრივი გარემოებაა. გამსესხებლის ვინაობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას სესხის გამცემი სუბიექტის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვერ გახდება იმავე დოკუმენტებში მითითებული შინაარსის უტყუარად მიჩნევის საფუძველი. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც გ---- მ------–--ე უტყუარად დაადასტურებს შპს ,,ს----------იისათვის“ სესხის გაცემას. ამ გარემოების დადასტურებისათვის ოთხი მტკიცებულებაა წარმოდგენილი. ესაა:
- მოპასუხის განმარტებები;
- შპს ,,ს----------იის“ ცნობა მასზედ, რომ დ----- ჩ--------ემ შპს ,,ს----------იის“ ანგარიშზე 2015 წლის 22 ივლისიდან 2016 წლის 19 მაისის ჩათვლით პერიოდში სესხის სახით შეიტანა 547 678.54 აშშ დოლარი.
- სს ,,საქართველოს ბანკის“ ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ 2015 წლის 22 ივლისიდან 2016 წლის 19 მაისამდე პერიოდში დ----- ჩ--------ემ შპს ,,ს----------იის“ ანგარიშზე სესხის სახით შეიტანა 547 678.54 აშშ დოლარი.
- 2018 წლის 4 მაისის ,,ხელშეკრულება სესხის გაცემის/მიღების დადასტურების თაობაზე“, რომლის მიხედვითაც გ---- მ------–--ემ შპს ,,ს----------იას“ დ----- ჩ--------ის მეშვეობით 2015 წლის 22 ივლისიდან 2016 წლის 19 მაისის ჩათვლით. ასესხა 547 678.54 აშშ დოლარი.
დასახელებული ოთხივე მტკიცებულება ერთმანეთს ავსებს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ს----------იას“, დ----- ჩ--------ის მეშვეობით, 2015 წლის 22 ივლისიდან 2016 წლის 19 მაისის ჩათვლით გ---- მ------–--ემ ასესხა 547 678.54 აშშ დოლარი. თუ არ გავართულებთ საკიტხს, მაშინ დასახელებული ოთხივე მტკიცებულება ერთობლიობაში გ---- მ------–--ის მიერ სესხის გაცემას ადასტურებს. თუმცა გვერდ ვერ ავუვლით მოსარჩელის ეჭვებსაც. ის მიიჩნევს, რომ ყველა ეს დოკუმენტი შექმნილია ერთი მიზნით - შპს ,,ს----------იამ“ არ გადაიხადოს მოსარჩელის ვალი. ასეთი განცხადება აუცილებელს ხდის თითოეული დოკუმენტის სიმყარის შემოწმებას. სავსებით შესაძლებელია დ----- ჩ--------ის მიერ საწარმოში შეტანილი 547 678.54 აშშ დოლარი არ ეკუთვნის გ---- მ------–--ეს და ეკუთვნის დ----- ჩ--------ეს. ბანკის ცნობა და საწარმოს ცნობა პირდაპირი მნიშვნელობით ამ გარემოების მტკიცებულებაა, მაგრამ ასეთ პირდაპირ შეფასებას ართულებს ის, რომ დ----- ჩ--------ე, გ---- მ------–--ე და შპს ,,ს----------ია“ ადასტურებენ, რომ შენატანები ეკუთვნის გ---- მ------–--ეს და ეს შენატანები ის თანხაა, რაზეც 2016 წლის 2 მარტის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაა დადებული. ამ გარემოების საწინააღდმდეგოს მტკიცება ტექნიკურად ძალიან რთულია. საგულისხმოა და გასათვალისწინებელია ის, რომ შპს ,,ს----------იის“ ცნობაში და სს ,,საქართველოს ბანკის“ ცნობაში არაა მითითებული, რომ თანხა ეკუთვნის გ---- მ------–--ეს და ეს ლოგიკურიცაა. თანხა გ---- მ------–--ეს არ შეუტანია და თანხა მას ეკუთვნოდა, თუ არ ეკუთვნებოდა, ცნობებში მისი სახელით თანხის შეტანა ობიეტურად ვერ იქნობოდა მითითებული. ამის საპირწონედ გვაქვს სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლიც მოსარჩელემ სადაო გახადა და ასევე გვაქვს 2018 წლის 4 მაისის ხელშეკრულება, რომლითაც დ----- ჩ--------ე, გ---- მ------–--ე და შპს ,,ს----------ია“ ადასტურებენ, რომ შენატანები ეკუთვნის გ---- მ------–--ეს და ეს შენატანები ის თანხაა, რაზეც 2016 წლის 2 მარტის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაა დადებული.
იხ.შპს ,,ს----------იის“ ბუღალტერის ცნობა.ტ. 2. ს.ფ. 75.
სს ,,საქართველოს ბანკის“ ცნობა.ტ. 2. ს.ფ. 97
,,ხელშეკრულება სესხის გაცემის/მიღების დადასტურების თაობაზე“. ტ. 2. ს.ფ. 67-70.
3.2.14. სასამართლო მიიჩნევს, რომ პრობლემური საკითხის გადასაწყვეტად და შესაჯამებლად დადგენილი გარემოებები უნდა შეპირისპირდეს სხვა ფაქტობრივი გარემოებების თარიღებთან. კერძოდ:
- დ----- ჩ--------ე სესხად თანხის შეტანას იწყებს 2015 წლის 22 ივლისს;
- 2015 წლის ივლისის შემდეგ (ზუსტი თარიღი მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის გამო ცნობილი არაა) შპს ,,ს----------იას“ შპს ,,ლ----ს“ მიმართ წარმოეშვა დავალიანება.
- 2016 წლის 2 მარტამდე საბანკო გადარიცხვის გზით ს----------იას“ დ----- ჩ--------ისაგან მიღებული აქვს დაახლოებით 450 000 აშშ დოლარის სესხი.
- 2016 წლის 2 მარტს შპს ,,ს----------იასა“ და გ---- მ------–--ეს შორის 900 000 აშშ დოლარზე გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და მის უზრუნველსაყოფად მოძრავი ნივთები დაიტვირთა გირავნობით.
- გირავნობა რეგისტრირებული იქნა სამეწამრეო რეესტრში.
- ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში შპს ,,ლ----მ“ სარჩელი აღძრა შპს ,,ს----------იის“ წინააღმდეგ და თანხის დაკისრება მოითხოვა;
- შპს ,,ს----------იას“ შპს ლ----ს სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა 2016 წლის 20 მაისს.
თარიღების ქრონოლოგიური დალაგებით დგინდება, რომ სესხად თანხების შეტანა უფრო ადრე დაიწყო ვიდრე შპს ,,ლ----ს“ დავალიანება გაჩნდებოდა. გარდა ამისა გირავნობის ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო, ვიდრე შპს ,,ლ----“ სარჩელს აღძრავდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოებათა დადგენა მნიშვნელოვანია გარიგების ბუნების შესაფასებლად. მოპასუხეებს გარიგება, რომ დაედოთ შპს ,,ლ----ს“ სარჩელის აღძვრის შემდეგ, ან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მაშინ ამ ფაქტს დიდი ალბათობით მიენიჭებოდა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების კვალიფიკაცია. წინამდებარე შემთხვევაში ასეთ ქმედებას ადგილი არ აქვს. იბადება ლოგიკური კითხვა თუ შპს ,,ს-- კომაპანიას“ გ---- მ------–--ისაგან სესხი არ მიუღია, მაშინ 2016 წლის 2 მარტს, ანუ იმ ეტაპზე, როცა ჯერ დავაც არ იყო დაწყებული რატომ გააფორმა სესხისა და გირავნობის ხელშეკრეულება? რა მიზანი ექნებოდა საწარმოს დატვირთვას დამატებითი ვალებით? ამ სესხით ფაქტობრივად ხომ არარსებული სესხი უნდა მოეგონა? ამ კითხვაზე მოპასუხეთა პასუხი მარტივია - საწარმოს გ---- მეგრილიძისაგან ეტაპობრივად სესხები ჰქონდა აღებული და ეს სესხები გაარეთიანეს სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში. მოსარჩელის პოზიციიდან გამომდინარე ყველაზე კრიტიკული პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ შპს ,,ს----------იას“ სურდა თავი აერიდებინა შპს ,,ლ----ს“ სასარგებლოდ თანხის გადახდისათვის. სასამართლო ითვალისწინებს ამ არგუმენტის დასაშვებობასაც, მაგრამ იქვე ჩნდება სხვა ლოგიკური კითხვა. ფაქტია, რომ 2016 წლის 2 მარტისათვის დ----- ჩ--------ეს შპს ,,ს----------იის“ მიმართ დაახლოებით 450 000 აშშ დოლარი ჰქონდა გადაცემული. რა აუცილებლობა იყო ამ სესხის გადამისამართება იმ სუბიექტზე, ვინც არაა საწარმოს კრედიტორი? იგივე სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების გაფორმება დ----- ჩ--------ესთანაც ხომ შეიძლებოდა? ბუნებრივია შეიძლებოდა და არც კითხვითი ნიშნები არ იქნებოდა მის მიმართ. სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- ჩ--------ესთან სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება იმიტომ არ დაიდო, რომ სესხად გაცემული თანხა ეკუთვნოდა გ---- მ------–--ეს. ამ მოსაზრების განვითარების აუცილებლობა გამომდინარეობს ფაქტების ქრონოლოგიის მიხედვით დალაგების პრინციპიდან. ამ ლოგიკიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ თანხის გამსესხებელი არის არა დავთ ჩ--------ე, არამედ გ---- მ------–--ე.
3.2.15. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ---- მ------–--ის მიერ თანხის სესხად გადაცემა ხდებოდა პერიოდულად. ის საწარმოს სესხად აძლევდა სხვადახვა ოდენობის თანხებს. ამ თანხამ 2016 წლის 2 მარტისათვის შეადგინა 900 000 აშშ დოლარი. აღნიშნული იქედანაც დგინდება, რომ 2016 წლის 2 მარტის შემდეგ გ---- მ------–--ემ 19 მაისამდე კიდევ გადასცა 17 მარტს და 19 მაისს, სულ 114 000 აშშ დოლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული თანხა არაა შესული იმ 900 000 აშშ დოლარში, რომლის უზრუნველსაყოფადაც შპს ,,ს----------იის“ მოძრავი ნივთებია დაყადაღებული. აღნიშნული ადასტურებს მას, რომ 900 000 აშშ დოლარი გადაცემულია ნაწილი ხელზე, ნაწილი კი გადარიცხვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ დადგინდა 2016 წლის 2 მარტის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით დაიცვას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება. იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ შპს ,,ს----------იას“ მისი ვალი აქვს. მას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით გადასახდელი აქვს 75 619.28 ლარი . შპს ,,ს----------იამ“ ვალი არ გადაიხადა. უფრო მეტიც, მან კუთვნილი ქონებები გირავნობით დატვირთა გ---- მ------–--ის სასარგებლოდ და ამ გზით მოსპო მისგან ვალის ამოღების შესაძლებლობა. ამტკიცებს, რომ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, არაა რეალური გარიგება. მისი მიზანია შპს ,,ს----------იამ“ ვალის გადახდას აარიდოს თავი. სასამართლო მიიჩნევს, რომ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნა, აღიარებითი სარჩელია. მოსარჩელე მოითხოვს სასამართლომ აღიაროს გარიგების ბათილობის საფუძველის არსებობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელს აქვს იურიდიული ინტერესი. მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მასში მდგომარეობს, რომ მოსარჩელეს შეუძლია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს შპს ,,ს----------იის“ ქონებით. ვალის დაფარვა პირველ რიგში დამოკიდებულია შპს ,,ს----------იის“ ნებაზე - ნებაყოფილებით დაფაროს დავალიანება. თუ შპს ,,ს----------ია“ ასეთ ნებას არ გამოხატავს, მაშინ მოსარჩელეს დაჭირდება მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ამ ფორმით თანხის ამოღება დამოკიდებულია შპს ,,ს----------იის“ მატერიალურ აქტივებზე, რომელთა რეალიზაციითაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება. თუ შპს ,,ს----------იას“ არ ექნება ქონებრივი აქტივები, მაშინ იძულებით აღსრულება ვეღარ განხორციელდება, რადგანაც აღარ იარსებებს შპს ,,ს----------იისაგან“ თანხის ამოღების რესურსი. თუ შპს ,,ს----------იამ“ ქონება გირავნობით იმის გამო დატვირთა, რომ ვალის გადახდას აარიდოს თავი, მოსარჩელეს უფლება აქვს იდაოს შპს ,,ს----------იის“ მიერ ფორმალურად დადებული გარიგების გაბათილებაზე, რასაც შედეგად შეიძლება მოყვეს ნივთების გირავნობისაგან გათავისუფლება. მათი გათავისუფლება თავის მხრივ ხელს შეუწყობს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების აღსრულებას. სწორდედ მასშია გამოხატული მოსარჩელის იურიდიული ინტერესი.
6.2. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ არსებობს 2016 წლის 2 მარტის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ გ---- მ------–--ემ შპს ,,ს----------იას“ ასესხა 900 000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდა შპს ,,ს----------იის“ მოძრავი ნივთებით. ასევე არაა სადაო ის გარემოება, რომ აღმასრულებელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ყადაღა დაადო შპს ,,ს----------იის“ იმ ნივთებს, რომლებიც გირავნობითაა დატვირთული. სხვა ნივთები შპს ,,ს----------იას არ აქვს. მათი რეალიზაციით ამონაგები თანხები პირველ რიგში გადახდილი უნდა იქნას მოგირავნეზე, ანუ 900 000 აშშ დოლარი უნდა გადაეცეს გ---- მ------–--ეს. არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღემატებოდეს 900 000 აშშ დოლარს და ნივთების რეალიზაციის შემდეგ მოსარჩელეს თანხა აღარ შეხვდეს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მიზნითაა დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. ანუ ამტკიცებს, რომ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა. ზოგადად მოჩვენებითი გარიგება ბათილი გარიგებაა, ანუ თუ მხარე გარიგებას დებს ნამდვილი ნების გამოვლენის გარეშე და ეს გარიგება შეიცავს მოჩვენებითი გარიგების ნიშნებს, ასეთი გარიგება ბათილად უნდა იქნას ცნობილი. მიუხედავად ამისა გარიგების მიჩნევა მოჩვენებითად, მხოლოდ ზეპირი განმარტებით დაუშვებელია. ამისათვის აუცილებელია გარიგება ბათილად იყოს ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილებით. რომც არსებობდეს მოჩვენებითი გარიგების შემადგენლობა, ასეთ შემთხვევაშიც კი გარიგება ავტომატურად გაბათილებულად არ ითვლება. ამისათვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა დავა წამოიწყოს გარიგების წინააღმდეგ და სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდეს გარიგების მოჩვენებით დადება.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩნვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-56-ე, 81-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გაირგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)”.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. თანხის მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ კუთვნილი თანხა გარკვეული ვადით სესხად გადასცეს მსესხებელს. გარდა ამისა ნივთების მესაკუთრემ უნდა გამოავლინოს ნება მასზედ, რომ მისი კუთვნილი ნივთები სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთოს. კანონმა დაადგინა, რომ რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ გარიგების ფორმა დაცულია, რადგანაც ის გაფორმებულია წერილობით და შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს. მიუხედავად ამისა მოსარჩელე ამტკიცებს, რომ რეალურად მხარეებს შორის სესხი არარსებობს და არც ნივთები არაა უზრუნველყოფის საშუალება.
6.5. გარიგების ნამდვილობის გასარკვევად აუცილებელია სასამართლომ იმსჯელოს როგორია მოჩვენებითი გარიგება და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება თუ არა მოჩვენებითი გარიგების დისპოზიციის შინაარს. საქ. სკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი ბათილად აცხადებს ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც ორიენტირებული არაა იმ შედეგის დადგომისაკენ, რაც გარიების შინაარსშია მითითებული. ნების გამოვლენის გარეგანი გამოხატულება მართალია მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი ნამდვილი მხოლოდ მაშინაა, როცა მისი შინაარსი პირდაპირ მას ნიშნავს, რაც გარიგებაშია დაფიქსირებული. მაგალითად: - თუ გ---- მ------–--ემ შპს ,,ს----------იას“ სესხი გადასცა და გირავნობით დატვირთა მისი ქონება, ასევე ხელშეკრულებაში ასახვა ჰპოვა თანხის სესხად გადაცემამ და ნივთების გირავნობამ, ეს ნიშნავს მას, რომ გარიგების შინაარსი ზუსტად შეესაბამება მის გარეგან გამოხატულებას და ამის გამო გარიგება ნამდვილია. თუ გ---- მ------–--ემ შპს ,,ს----------იას“ სესხი არ გადასცა და მიუხედავად ამისა მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, ეს ნიშნავს მას, რომ ნების გამოვლენა არაა ის, რაც ხელშეკრულებაშია ასახული. სწორედ ასეთი გარიგებაა მოჩვენებითი გარიგება, რადგანაც მისი მიზანია, არა მხარეთა შორის სესხის ურთიერთობის წარმოშობა და შემდგომი რეგულირება, არამედ ამით შეიქმნა გარიგების იმიტაცია. ვითო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაა დადებული, მაგრამ სინამდვილეში არანაირ სესხსა და გირავნობას არ აქვს ადგილი. იგი გარიგების მხარეებმა მესამე პირისათვის მოიგონეს მოსაჩვენებლად და მისი მიზანია თავიდან აიცილონ გარკვეული ნეგატიური შედეგები. წინამდებარე შემთხვევაში ასეთ ნეგატიურ შედეგად შეიძლება დავასახელოთ უმაღლესი ხარისხის ალბათობა იმისა, რომ შპს ,,ს----------იის“ ნივთები შპს ,,ლ----ს“ ვალის გამო გაიყიდება და რეალიზაციიდან შემოსული თანხა გადაეცემა შპს ,,ლ----ს“. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების შემდეგ შპს ,,ს----------იის“ ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაეცემა გ---- მ------–--ეს და არ გადაეცემა შპს ,,ლ----ს“. ამ გზით ის თავიდან აიცილებს შპს ,,ლ----ს“ მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგება ერთი მხარის მიერ არ დაიდება. მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. მოჩვენებითი გარიგების დროს მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში იგი ბათილია. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული _ არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა. ორივე შემთხვევაში სახეზეა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. საერთო ჯამში გარიგება დაიდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. მოჩვენებითი გარიგების დროს, გარიგების ბათილობის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ლ----სა“ მიმართ შპს ,,ს----------იის“ ფულადი ვალდებულებების გაჩენამდე გ---- მ------–--ემ დაიწყო თანხის შპს ,,ს----------იაზე“ სესხად გადაცემა. 2016 წლის 2 მარტისათვის უკვე გადაცემული ჰქონდა დაახლოებით 900 000 აშშ დოლარი, აქედან 450 000 აშშ დოლარზე მეტის თანხის გადაცემა საბანკო გადარიცხვით მოხდა. ამ პერიოდისათვის მოსარჩელესა და შპს ,,ლ----ს“ შორის დავა დაწყებულიც არ იყო. მათ შორის დავის დაწყების შემდეგ გ---- მ------–--ემ შპს ,,ს----------იას კიდევ გადასცა 114 000 აშშ დოლარის სესხი. ასეთი სესხების თანამიმდევრული გადაცემა, მით უმეტესს დიდი ნაწილის დავის დაწყებამდე გადაცემა, (გარკვეული ნაწილის დავის დაწყების შემდეგ გადაცემა), ასევე დავის დაწყებამდე სესხისა და გირავნობის გარიგებაზე შეთანხმება საფუძველს აცლის ვარაუდს მასზედ, რომ ეს სესხები ფორმალური ხასიათისაა და რომ მისი მიზანი შპს ,,ლ----ს“ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ გ---- მ------–--ემ შპს ,,ს----------იას“ ასესხა 900 000 აშშ დოლარი და სესხის უზრუნველსაყოფად მათ შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეები განიხილება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელისა და მოპასუხის თანასწორუფლებიანობას. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოსაზრებები, მოთხოვნები თუ მტკიცებულებები. მტკიცების საგნისა და მასში შემავალი ფაქტების განსაზღვრა, ასევე ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვების და წარდგენის უფლება მხარეებს ეძლევათ თანაბრად. მოპასუხეებმა დაამტკიცეს, რომ მათ აკავშირებთ სესხისა და გირავნობის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა. დაუშვებელია სესხისა და გირავნობის გარიგების დადგენის შემდეგ, გარიგებას მიენიჭოს მოჩვენებითი გარიგების სტატუსი. მოპასუხეებმა დაამტკიცეს სესხის და გირავნობის ფაქტი. აღნიშნულის გამო სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. 2016 წლის 2 მარტის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმა, გამორიცხავს გირავნობის საგნების გირავნობისაგან გათავისუფლების, ასევე გირავნობის შესახებ ჩანაწერის გაუქმების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის თანხა წინასწარ აქვს გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ---- მ------–--ეს აეკრძალა დაგირავებული ნივთების (მესაკუთრე შპს ‘’ს----------ია’’, დანართი №1) მიმართ:
ა) სააღსრულებო წარმოების დაწყება.
ბ) საკუთრებაში გადაფორმება.
გ) ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ამონაგები თანხის მიღება.
2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით შპს ‘’ლ----ს’’ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალოს სხვა ტიპის ღონისძიებით. შპს ,,ს----------იას“ მოძრავი ნივთების რეალიზაციის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროს აეკრძალა ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხის გ---- მ------–--ის ან სხვა ნებისმიერი პირისათვის გადაცემა.
საქმის განხილვის შედეგად სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელის უარყოფა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ლ----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქმეზე სახ. ბაჟი გადახდილია.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის და 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და აღსრულების ეროვნულ ბიურო (აღმასრულებელი) და გ---- მ------–--ე გათავისუფლდენ მათ მიმართ გამოყენებული აკრძალვებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე