გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/342-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გ------- ესაძე
მოსარჩელე - შპს მისო,,რი---–---------ი“ (უფლებამონაცვლე) სს ,,ლ-------ი ბანკი“;
წარმომადგენელი - გ------- გ-----. ლ--–- გ------ა.
მოპასუხე - კ---- კ-----–---ი.
მოპასუხე - თ------- ბე------–---–ი.
მოპასუხე - რ-----ი ბ--------ე.
წარმომადგენელი - დ----- ბ------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,რი---–---------ს“ (შემდგომში სს ,,ლ-------ი ბანკი’’) და მოპასუხე კ---- კ-----–---ს შორის 2011 წლის 05 ნოემბერს დადებული №4-- ხელშეკრულების შეწყვეტა.
1.2. მოპასუხე - კ---- კ-----–---ზე, რ----- ბ--------ესა და თ------- ბე------–---–ზე სოლიდარულად სს ,,ლ-------ი ბანკი’’-ს სასარგებლოდ 23.293.04 აშშ დოლარის (ძირი - 13.614.04 (ცამეტი ათას სამას ექვსას თოთხმეტი და 04 აშშ) დოლარი, სარგებელი - 9678.21 აშშ დოლარი) გადასახდელად დაკისრება.
1.3. მოპასუხე - კ---- კ-----–---ზე, რ----- ბ--------ესა და თ------- ბე------–---–ზე სოლიდარულად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1735.75 ლარის; ყადაღის დადების სახ. ბაჟის -300 ლარის, ყადაღის რეგისტრაციის-42 ლარის გადასახდელად დაკისრება.
2011 წლის 05 ნოემბერს №4-- ხელშეკრულებით მოქალაქე კ---- კ-----–---მა შპს ,,მისო რი---–---------იდან’’ სესხის სახით მიიღო 15 000 აშშ დოლარი წლიური 24.0 %-ის დარიცხვით 72 თვის დ-----. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულება (№4-- შეთანხმება თავდებობის შესახებ) გაფორმდა მოქ. რ----- ბ--------ესა პ/ნ 5---------- და თ------- ბე------–---–თან პ/ნ 3----------. მოპასუხეები სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, უკვე 37 თვეზე მეტია, რითაც ირღვევა სასესხო ხელშეკრულება და საერთოდ არ გაუკეთებიათ შენატანი. აღნიშნულის შესახებ მოპასუხეები გაფრთხილებული იყვნენ, რომ მოსარჩელე მიმართავდა სასამართლოს თუ მათი მხრიდან არ მოხდებოდა ვალდებულებების შესრულება და თანახმად ხელშეკრულების 5.3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტისა შეწყდებოდა ხელშეკრულება, თუმცა გაფრთხილებებს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
სარჩელის აღძვრისას დავალიანება შეადგენს, ძირი - 13.614.04 (ცამეტი ათას სამას ექვსას თოთხმეტი და 04 აშშ) დოლარი, სარგებელი - 9678.21 აშშ დოლარი, სულ ჯამში - 23.293.04 აშშ დოლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს ,,რი---–---------ის“ უფლებამონაცვლედ დადგინდა სს ,,ლ-------ი ბანკი’’
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით (მთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი) სარჩელი არ ცნეს ხანდაზმულობის და უსაფუძვლობის მოტივით.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა დ----- ბ------ემ, განმარტა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რადგან ბოლო გადახდიდან გასულია 39 თვე ანუ 3 წელი და 3 თვე და ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას შესრულებაზე.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს ,,რი---–---------ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სს ,,ლ-------ი ბანკი’’
მტკიცებულება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ შპს ,,რი---–---------ს“ და მოპასუხე კ---- კ-----–---ს შორის 2011 წლის 05 ნოემბერს დადებული იქნა №4-- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კ---- კ-----–---მა შპს ,,რივალ კრედიტისგან“ ისესხა 15 000 აშშ დოლარი წლიური 24%-ის დარიცხვით 72 თვის ვადით.
მტკიცებულება:
- 2011 წლის 05 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება №4--. (ტ.1. ს.ფ. 14-17).
3.2.2. დადგენილია, რომ 2011 წლის 05 ნოემბერს №4-- ხელშეკრულებით კ---- კ-----–---მა შპს ,,მისო რი---–---------იდან’’ სესხის სახით მიიღო 15 000 აშშ დოლარი წლიური 24.0 %-ის დარიცხვით 72 თვის ვადით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულება (№4-- შეთანხმება თავდებობის შესახებ) გაფორმდა მოქ. რ----- ბ--------ესა პ/ნ 5---------- და თ------- ბე------–---–თან პ/ნ 3----------.
მტკიცებულება:
2011 წლის 05 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება №4-- გამომდინარე შეთანხმება თავდებობის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 18-21)
3.2.3. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა დ----- ბ------ემ, განმარტა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რადგან ბოლო გადახდიდან გასულია 39 თვე ანუ 3 წელი და 3 თვე და ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას შესრულებაზე.
მტკიცებულება: შესაგებელი. (ტ.1. ს.ფ.).
მოპასუხეების წარმომადგენელის ახსნა-განმარტება.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში აღიარებს დავალიანების არსებობას, თუმცა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელით (ხანდაზმულობა) უარს ამბობს ვალდებულების შესრულებაზე.
მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებები.
მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა ახსნა-განმარტებით და მიუთითა ფაქტზე, კერძოდ - მოსარჩელეს გაშვებული აქვს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რადგან ბოლო გადახდიდან გასულია 39 თვე ანუ 3 წელი და 3 თვე და ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას შესრულებაზე.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
ამასთან სარჩელი ხანდაზმული არ არის.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებაზე, დავის ხანდაზმულობის შესახებ და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ხანდაზმულობა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით -სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
6.2.ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით საქართველოს საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მხედველობაშია მისაღები, თუ ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს.
ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის დენის დაწყების ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის 17 გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა (საქმე №ას-1144-1090-2014).
6.3. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 05 ნოემბერს №4-- ხელშეკრულებით კ---- კ-----–---მა შპს ,,მისო რი---–---------იდან“ სესხის სახით მიიღო 15 000 აშშ დოლარი წლიური 24.0 %-ის დარიცხვით. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 72 თვით.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეების წარმომადგენელის განმარტებას მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან მხარეებს შორის დადებულია ვადიანი სესხის ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს 72 თვის ვადით.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყება ვადიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ და იმოქმედებს სამი წლის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია 2011 წლის 05 ნოემბერის №4-- ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (ხელშეკრულების ბოლო ვადაა 2017 წლის 11 აპრილი ს.ფ.20-21). სარჩელი აღიძრა 2016 წლის 29 თებერვალს და შესაბამისად სახეზე არ გვაქვს ხანდაზმულობა.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია:
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.7.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს - კ---- კ-----–---ს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
დადგენილია, რომ ვალდებულებაზე პასუხისმგებლობა (თავდებობა) ასევე იკისრეს თ------- ბე------–---–მა და რ-----ი ბ--------ემ.
6.8.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.11. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული 2011 წლის 05 ნოემბრის №4-- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.
6.12. საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედმათი სოლიდარობაა,რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.
6.13.თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. სასამართლო აღნიშნავს, რომ თანხის დაკისრება სოლიდარული თავდებისთვის თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სოლიდარული მოვალე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს. თანხის სოლიდარულად დაკისრების პირობებში, სოლიდარული მოვალის პრეტენზია ჯერ მოპასუხის ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, სოლიდარული ვალდებულების პრინციპიდან არ გამომდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სოლიდარული თავდები კრედიტორის წინაშე პასუხისმგებლობით ძირითად მოვალეს უთანაბრდება, შესაბამისად, კანონი უშვებს სოლიდარული თავდებისათვის მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას ძირითადი მოვალისაგან შესაბამისი აღსრულების მცდელობის გარეშეც.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სოლიდარული ვალდებულება. სარჩელი ძირი თანხის - 13.614.04 (ცამეტი ათას ექვსას თოთხმეტი და 04 აშშ დოლარი) აშშ დოლარის და სესხზე დარიცხული სარგებელის - 9678.21 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეებს მიღებული აქვთ კრედიტი, ხოლო ვალდებულებას არ ასრულებენ.
6.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.
დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეებს გააჩნიათ დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადაიხადა 1735.75 ლარი; ყადაღის გამოყენებისათვის გადაიხადა 300 ლარი, ხოლო ყადაღის რეგისტრაციისთვის 42 ლარი, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით, ყადაღა დაედო კ---- კ-----–---ის და რ----- ბ--------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. სსს კოდექსის 199.1. მუხლის საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიება -ყადაღა უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს სს ,,ლ-------ი ბანკი”-ს სარჩელი.
2. შეწყდეს კ---- კ-----–---თან დადებული 2011 წლის 05 ნოემბრის N4-- ხელშეკრულება.
3. სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს; კ---- კ-----–---ს, რ----- ბ--------ეს და თ------- ბე------–---–ს სს ,,ლ-------ი ბანკი”-ს სასარგებლოდ 23.293.04 აშშ დოლარის (ძირი - 13.614.04 (ცამეტი ათას სამას ექვსას თოთხმეტი და 04 აშშ), სარგებელი - 9678.21 აშშ დოლარი) დოლარის გადახდა.
4. სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს; კ---- კ-----–---ს, რ----- ბ--------ეს და თ------- ბე------–---–ს სს ,,ლ-------ი ბანკი”-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მის მიერ სახ.ბაჟის სახით გადახდილი - 1735.75 ლარის, ყადაღის გამოყენებისათვის გადახდილი 300 ლარის და ყადაღის რეგისტრაციისთვის-42 ლარის გადახდა.
5. უზრუნველყოფის ღონისძიება -ყადაღა დარჩეს უცვლელი.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე