გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3016-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - მუ--------------–---–-ა
წარმომადგენელი - ლე------------ა
მოპასუხე - საქართველოს მთავარი პროკურატურა
წარმომადგენელი - ნუ------------–--ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მუ--------------–---–-ას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 20 000 (ოციათასი) ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მუ--------------–---–-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 5 169.84 (ხუთიათასასსამოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. 2015 წლის 24 დეკემბერს მუ--------------–---–-ა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე 2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის ,,ა" პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 24 დეკემბრის N0--------- დაკავების ოქმი (ს.ფ. 16-18)
4.1.2. ქ. თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის 2015 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით მუ--------------–---–-ა მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (საქმე №0-----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის 2015 წლის 26 დეკემბრის დადგენილება (ს.ფ. 20-22)
4.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საქმეზე N1------ ყადაღა დაედო ზვ------------–---–-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - წა-–------ის რაიონი, ნა------, დაზუსტებული ფართობი 15432.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი 4----------- - 8 000 (რვა ათასი) ლარის ფარგლებში მუ--------------–---–-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 8 000 (რვა ათასი) ლარის სანაცვლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ს.ფ. 23-25)
4.1.4. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს XI განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის 2015 წლის 30 დეკემბრის N0--------- წერილის საფუძველზე მუ--------------–---–-ა გათავისუფლდა პატიმრობიდან.
მუ--------------–---–-ამ პატიმრობაში გაატარა 7 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 24 დეკემბრის N0--------- დაკავების ოქმი (ს.ფ. 16-18)
- ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს XI განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის 2015 წლის 30 დეკემბრის N0--------- წერილი (ს.ფ. 26-27)
4.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენით (საქმე №1------- (0-----------)) მუ--------------–---–-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა" პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. მუ--------------–---–-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ უძრავ ქონებას (მესაკუთრე: ზვ-----------–---–ია; წა-–------ის რაიონი, სოფელი ნა------; დაზუსტებული ფართობი 15432.00 კვ.მ საკადასტრო კოდი 4-----------) მოეხსნა ყადაღა.
განაჩენში მითითებულია მუ--------------–---–-ას პირადი მონაცემები, მათ შორის, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც წარმოადგენს წა-–------ის რაიონი, სოფელი ნა------, ქ--------------–-----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენი (საქმე №1------- (0-----------)) (ს.ფ. 28-43)
4.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით (საქმე №1---------) ქ. თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განაჩენი (საქმე №1---------) (ს.ფ. 44-50)
4.1.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით (საქმე №4-------) საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება (საქმე №4-------) (ს.ფ. 51)
4.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოში მუ--------------–---–-ას საქმის განხილვასთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა ჩატარებულია 2016 წლის 15 მარტს, რომელსაც ესწრებოდა მუ--------------–---–-ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წინასასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 71-76)
4.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოში მუ--------------–---–-ას საქმის განხილვასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომები ჩატარებულია 2016 წლის 11 აპრილს, 2016 წლის 18 აპრილს, 2016 წლის 26 აპრილს, 2016 წლის 06 მაისს, 2016 წლის 18 მაისს, 2016 წლის 01 ივნისს, 2016 წლის 10 ივნისს, 2016 წლის 21 ივნისს, 2016 წლის 28 ივნისს, 2016 წლის 07 ივლისს, 2016 წლის 12 ივლისს, 2016 წლის 20 ივლისს, 2016 წლის 28 ივლისს, 2016 წლის 13 სექტემბერს, 2016 წლის 29 სექტემბერს, 2016 წლის 11 ოქტომბერს, 2016 წლის 25 ოქტომბერს, 2016 წლის 01 ნოემბერს, 2016 წლის 07 ნოემბერს, 2016 წლის 08 ნოემბერს და 2016 წლის 15 ნოემბერს. მუ--------------–---–-ა ესწრებოდა ყველა სასამართლო სხდომას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასამართლოს სხდომის ოქმები (ს.ფ. 77-291)
4.1.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუ--------------–---–-ას საქმის განხილვასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომები ჩატარებულია 2017 წლის 14 თებერვალს, 2017 წლის 15 მარტს, 2017 წლის 26 აპრილს და 2017 წლის 14 ივნისს, რომლებსაც ესწრებოდა მუ--------------–---–-ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასამართლოს სხდომის ოქმები (ს.ფ. 57-69)
4.1.11. 2018 წლის 08 მაისის N1-------- სანოტარო აქტით, ხა------------იას, ნო----–-–----ა და ირ---–------ას მიერ დადასტურებულია, რომ მუ--------------–---–-ა (დაბ. 14/01/1964წ. პირადი N51--------4) ნამდვილად ცხოვრობს საქართველოში, წა-–------ის რაიონის სოფ. ნა------ში, ძმებთან - ვა-–--------------–---–-ასთან (პირადი N51--------9) და თე------------–---–იასთან (პირადი N51--------7) ერთად, ამ უკანასკნელს 2010 წლიდან საკუთრებაში ჰყავს ავტომანქანა, რომლის მარკა/მოდელია MERCEDES-BENZ C 180, სარეგისტრაციო ნომრით - H----9, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა N A-------8.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 08 მაისის N1-------- სანოტარო აქტი (ს.ფ. 56)
4.1.12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 მარტის N5--------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილ Mercedes Benz C180 სახ. N H-----9 (გამოშვების წელი 1993)-ის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, საწვავის ხარჯი ექსპლუატაციის სხვადასხვა პირობებში (ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული) მუშაობისას შეადგენს 12.7/7.2.8.5 ლიტრ ბენზინის საწვავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 მარტის N5--------- დასკვნა (ს.ფ. 53-55)
4.1.13. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის N7----- წერილის თანახმად, სამომხმარებლო კალათის მიხედვით, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო წლიური საცალო საბაზრო ფასი 2015 წელს შეადგენდა - 1.8722 ლარს, 2016 წელს - 1.6596 ლარს, ხოლო 1 ლიტრი დიზელის საშუალო წლიური საცალო საბაზრო ფასი 2015 წელს - 1.8690 ლარს და 2016 წელს - 1.6122 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის N7----- წერილი (ს.ფ. 292-293)
4.1.14. დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მარტს მუ--------------–---–-ას წარმომადგენლის - ლე------------ას მიერ, სს ,,ტერაბანკის" მეშვეობით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის გადახდილია 51 ლარი.
ასევე, დადგენილია, რომ მუ--------------–---–-ას საქმეზე საადვოკატო მომსახურების საფასურის დანიშნულების მითითებით, პროკრედიტ ბანკი საქართველოს N2------- და N3--- ტერმინალების მეშვეობით, 2016 წლის 04 იანვარს გადახდილია 800 ლარი, ხოლო 2016 წლის 17 დეკემბერს - 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ტერაბანკის" სალაროს შემოსავლის ორდერი N1----- (ს.ფ. 294)
- პროკრედიტ ბანკი საქართველოს გადახდის ქვითარი (ს.ფ. 295)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 317-ე, 408-ე, 411-ე, 413-ე, 1005-ე მუხლები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე, მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება)
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
დადგენილია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს მუ--------------–---–-ა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე 2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის ,,ა" პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საქმეზე N1------, ყადაღა დაედო ზვ------------–---–-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - წა-–------ის რაიონი, ნ--------, დაზუსტებული ფართობი 15432.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი 4----------- - 8 000 (რვა ათასი) ლარის ფარგლებში მუ--------------–---–-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 8 000 (რვა ათასი) ლარის სანაცვლოდ. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------- სამმართველოს XI განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის 2015 წლის 30 დეკემბრის N0--------- წერილის საფუძველზე მუ--------------–---–-ა გათავისუფლდა პატიმრობიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მუ--------------–---–-ა ითხოვს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, უნდა დადგინდეს რამდენად არსებობს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონით დადგენილი საფუძველი.
სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული მოქმედებებით, კერძოდ, იძულებით სახლიდან გაყვანითა და უსაფუძვლოდ დაკავებით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებით, დაკავებამდე და დაკავების შემდგომ თბილისში ტრანსპორტირებისას მასზე განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობით, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, შეილახა მისი პატივი და ღირსებაც. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელების წესი გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით, რომელიც, ასევე, აწესრიგებს მათი გასაჩივრების წესსაც. განსახილველ შემთხვევაში საპროცესო მოქმედებათა უკანონობა კანონით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული და სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მათ კანონშესაბამისობაზე, რადგან აღნიშნული ცდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოწესრიგებული დავის ფარგლებსა და სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მის მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, რაც იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა - 500 (ხუთასი) ლარია.
7.2. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5 169.84 ლარის ოდენობით. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოიცავს წა-–------ის რაიონის სოფელი ნა------დან თბილისამდე ტრანსპორტირების ხარჯებს 4 118.84 ლარს, კვების ხარჯებს 1000 ლარსა და ექსპერტიზის ხარჯს - 51 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობა. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ნებისმიერი გაწეული ხარჯი, არამედ მხოლოდ ის, რომელიც გაღებულია სასამართლოს წინაშე დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან უფლების აღსადგენად.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება და სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეს განიხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო როგორც საქმეში წარმოდგენილი განაჩენით დასტურდება, მუ--------------–---–-ას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს წა-–------ის რაიონი, სოფელი ნა------, იგი იძულებული იყო, რომ ყველა სასამართლო სხდომაზე გამოსაცხადებლად გაეწია წა-–------ა-თბილისი-წა-–------ა ტრანსპორტირების ხარჯები. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეულია პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნითა და მოპასუხის ქმედების უკანონობით. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ქმედებას შორის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, მოსარჩელემ არ წარმოადგინა ტრანსპორტირებისას გაწეული ხარჯების უშუალო დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წერილი, რომლის თანახმადაც, სამომხმარებლო კალათის მიხედვით, 2016 წელს 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება შეადგენდა 1.6596 ლარს. ამასთან, წარმოდგენილია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილი, სადაც მითითებულია, რომ სოფ. ნა------დან თბილისის საქალაქო სასამართლომდე სავარაუდო მანძილი შეადგენს 329 კმ-ს, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტომობილ Mercedes Benz C180 სახ. N H-----9 (გამოშვების წელი 1993)-ის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, საწვავის ხარჯი ექსპლუატაციის სხვადასხვა პირობებში (ქალაქი/ქალაქგარეთ/შერეული) მუშაობისას შეადგენს 12.7/7.2/8.5 ლიტრ ბენზინის საწვავს. ამრიგად, გაანგარიშების გათვალისწინებით, რადგან დასტურდება მხარის მონაწილეობა ყველა სასამართლო სხდომაზე, მტკიცდება მსგავსი ხარჯების გაწევის საჭიროება, აუცილებლობა და მათი სასყიდლიანი ხასიათი, მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4 118.84 ლარის ოდენობით.
ამასთან, განსახილველ შემთხევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება 2018 წლის 21 მარტს ლე------------ას მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის 51 ლარის ოდენობით ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის დადგენილი ღირებულების გადახდა. შესაბამისად, საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეკისროს აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას (კვების) ხარჯის 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალური ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლო, ასევე, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაზე („ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“), სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო ან მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას. შესაბამისად, მოცემულ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ არის დადასტურებული არც ხარჯების გაწევის ნამდვილობა და არც ასეთის გაწევის აუცილებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4 169.84 (ოთხიათასასსამოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელე ითხოვს საპროცესო ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის - 5000 ლარის ანაზღაურებას. სასამართლო, გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება დადასტურებული და აუცილებლობით გაწეული ხარჯი. ამასთან, საპროცესო ხარჯი წარმოადგენს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება მუ--------------–---–-ას საქმეზე საადვოკატო მომსახურების საფასურის დანიშნულების მითითებით, პროკრედიტ ბანკი საქართველოს N2------- და N3--- ტერმინალების მეშვეობით, 2016 წლის 04 იანვარს 800 ლარის, ხოლო 2016 წლის 17 დეკემბერს - 500 ლარის გადახდა. შესაბამისად, ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს 1300 ლარი.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ გაწეული საპროცესო ხარჯების ასანაზღაურებლად, აუცილებელია მათი გაწევის დადასტურება კანონით დადგენილი წესით. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 26.04.16წ., №ბს-397-391 (2კ-4კს-15)), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდება კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს“. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება შესაბამისი ხარჯის გაწევა, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა, ადვოკატის მომსახურების სანაცვლოდ გაწეული ხარჯის - 3700 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 102-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მუ--------------–---–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს მთავარ პროკურატურას მუ--------------–---–-ას სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 4 169.84 (ოთხიათასასსამოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს მთავარ პროკურატურას მუ--------------–---–-ას სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1300 (ათასსამასი) ლარის ანაზღაურება;
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე