გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001934113
საქმე №2-1722/17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს ,, ე---------------+ ”
წარმომადგენელი - ნ-------–------–-
მოპასუხე - თ----------ე
წარმომადგენელი - გ-------------------
მოპასუხე - ა------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს თ----------ეს და ა------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,ე---------------+’’-ის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის 825 აშშ დოლარის, სარგებლის 243,38 აშშ დოლარის და ავტომობილის შეფასების აქტის სანაცვლოდ გადახდილი 100 ლარის გადახდა.
1.2. აღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეებს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 20 აპრილს შპს ,,ე--------------- +"-ს და თავდაპირველ მსესხებელს რ-----------–--–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება №134669/ბ, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ რ-----------–--–---–ზე სესხად გადასცა 1800 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, ყოველთვიური 5%-იანი სარგებლის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომობილი ფოლკსვაგენ პასატი (სარეგისტრაციო ნომერი: TT323ZZ, გამოშვების წელი - 2001, საიდენტიფიკაციო ნომერი - WVWPD63B72P171485, სარეგისტრაციო მოწმობა BV1891725.
2016 წლის 29 ივნისს აღნიშნული ვალდებულება რ-----------–--–---–მა გადააბარა ახალ მოვალეს თ----------ეს, რომელმაც იკისრა ყველა ის ვალდებულება და მოვალეობა, რაც სესხის და გირავნობის ხელშეკრულებით ქონდა ნაკისრი რ-----------–--–---–ს. ასევე 2016 წლის 29 ივნისს შპს ,,ე--------------- +"-სა და ა------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის თანახმად ა------------ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა თეა ირამაძის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება.
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.
- შეთანხმება ვალის გადაკისრების შესახებ.
- გადახდის გრაფიკი.
- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ.
- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ----------ის მიერ დარღვეული იქნა ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და მის მიერ არ იქნა გადახდილი სესხის თანხა, რის გამოც შპს „ე--------------- +“-მა წერილობით აცნობა მსესხებელს და თავდებს. ვინაიდან მსესხებლის მიერ კვლავ არ მოხდა თანხის გადახდა, შპს „ე---------------+“- შეწყვიტა ხელშეკრულება სესხის ნაწილში და მოითხოვა მსესხებლისაგან დაგირავებული ავტომანქანის მფლობელბაში გადაცემა შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნულს შესახებ მოსარჩელემ 2016 წლის 26 აგვისტოს წერილებით აცნობა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- გადახდის გრაფიკი.
- შპს „ე---------------+“-ის წერილები.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს შპს „ე---------------+“-მა უზრუნველყო გირავნობის საგნის - ფოლკსვაგენ პასატის რეალიზაცია. გირავნობის საგანი შეიძინა ფიზიკურმა პირმა 1383 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხით გაიქვითა სესხის ძირი თანხა - 879 აშშ დოლარი, სარგებელი - 864,13 აშშ დოლარი, ევაკუატორისა და საჯარიმო ავტოსადგომზე გაჩერების ხარჯი - 390 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მიღება-ჩაბარების აქტი.
- სატრანსპოტრო საშუალების შეფასების ანგარიში.
- ნასყიდობის ხელშეკრულება.
- შპს „ე---------------+“-ის წერილები.
3.2.4. როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ავტომობილის გაყიდვიდან შემოსული თანხებით გაიქვითა ყველა ის მიმდინარე ვალდებულებები, რაც იმ დროისთვის იყო და ნაწილობრივ დაიფარა სესხზე დარიცხული გადაუხდელი სარგებელი. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სესხის დაფარვა ვერ მოხერხდა და არც მოვალემ იკისრა ვალდებულება, ვადაგადაცილების ათვლა დარჩენილ ძირზე დაიწყო იმ თვიდან, სადამდეც მოხდა სარგებლის გასწორება. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ 2016 წლის 22 დეკემბრიდან მსესხებელი ისევ დავალიანებაშია, რაც ჩანს პროგრამული ამონაწერიდან. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის დარჩენილი დავალიანება შეადგენს სესხის ძირ თანხას - 825 აშშ დოლარს და სარგებელს - 243,38 აშშ დოლარს. ასევე მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი იქნა თანხა - 100 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთ ახსნა-განმარტება.
- პროგრამული ამონაწერი.
- მიღება-ჩაბარების აქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს: დაეკისროს მოპასუხეებს თ----------ეს და ა------------ეს სოლიდარულად შპს ,,ე---------------+’’-ის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 825 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებელი 243,38 აშშ დოლარის ოდენობით და ავტომობილის შეფასების აქტის სანაცვლოდ გადახდილი 100 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 463-ე, 465-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და გირავნობის ხელშეკრულებებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, შპს ,,ე---------------+”-სა და და თავდაპირველ მსესხებელს რ-----------–--–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ რ-----------–--–---–ს სესხად გადასცა 1800 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, ყოველთვიური 5%-იანი სარგებლის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომობილი ფოლკსვაგენ პასატი. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 29 ივნისს რ-----------–--–---–სა და თ----------ეს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის გადაკისრების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ”მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.”
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოხდა თ----------ის მიერ რ-----------–--–---–ის ვალის გადაკისრება, შესაბამისად თ----------ემ იკისრა ყველა ის ვალდებულება და მოვალეობა, რაც სესხის და გირავნობის ხელშეკრულებით ქონდა ნაკისრი რ-----------–--–---–ს. კერძოდ მას, როგორც მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და აღარ გადაიხადა სესხის თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც მოსარჩელის მიერ განხორციელდა დაგირავებული ავტომობილის ჩამორთმევა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შპს ”ე---------------+”-ის მიერ მოხდა ჩამორთმეული ავტომობილის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 1385 აშშ დოლარად. როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ავტომობილის გაყიდვით შემოსული თანხებით გაიქვითა ყველა ის მიმდინარე ვალდებულებები, რაც იმ დროისთვის იყო და ნაწილობრივ დაიფარა ძირი თანხა და სესხზე დარიცხული გადაუხდელი სარგებელი. ამჟამად კი მსესხებლის ძირითადი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 825 აშშ დოლარს, ხოლო სარგებელი 243,38 აშშ დოლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
დადგენილია, რომ მოპასუხე ა------------ე წარმოადგენს თავდებ პირს, რომელმაც სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე თ----------ესთან გაფორმებული სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე.
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თ----------ესთან ერთად სოლიდარულად ა------------ეზე თანხის დაკისრების ნაწილშიც არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე საქმის მასალებით დადგენლია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი იქნა თანხა - 100 ლარის ოდენობით, რომელიც ანაზღაურებული არ არის.
ყოველივე ზ/ღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ შპს ”ე--------------- +”-ის სასარჩელო მოთხოვნა არის დასაბუთებელი და არსებობს მისი დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ”ე---------------+”-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს თ----------ეს და ა------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,ე---------------+’’-ის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის 825 აშშ დოლარის, სარგებლის 243,38 აშშ დოლარის და ავტომობილის შეფასების აქტის სანაცვლოდ გადახდილი 100 ლარის გადახდა.
1.2. აღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეებს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
2. მოპასუხეებს თ----------ეს და ა------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს ”ე---------------+”-ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე