გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
330210018002701406
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/31719-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე მა----ე ქა-----ა

წარმომადგენელი ბ------------ა

მოპასუხე სს „თ----------ი“

წარმომადგენელი ლ---–-----–--ე, სალ-------–----–---–ი

დავის საგანი უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება, ქმედების აკრძალვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. სს „თ----------ს“, მა----ე ქა-----ას სასარგებლოდ დაეკისროს - 10 ლარის გადახდა;

 

1.2. სს „თ----------ს“ აეკრძალოს მა----ე ქა-----ას კუთვნილი თანხების ჩამოჭრა 2015 წლის 1 ნოემბრამდე არსებული შესაძლო ვალდებულებების მითითებით.

 

სარჩელის მიხედვით, 2018 წლის 3 ოქტომბერს მა----ე ქა-----ას ნათესავმა მისივე მითითების საფუძველზე სს ,,თ----------ი’’-ს ფეი აპარატიდან ჩაურიცხა 10 ლარი. მა----ე ქა-----ამ მიმართა სს ,,თ----------ი’’-ს სერვის ცენტრს, მაგრამ ბანკის ოპერატორის განცხადებით ჩარიცხული 10 ლარი გაიქვითა 2007 წლის სასესხო დავალიანების დასაფარად.

მოპასუხის მხრიდან ქმედების უკანონობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ნებისმიერი სესხის, თუნდაც მისი არსებობის შემთხვევაშიც კი, იგი ხანდაზმულია და აღნიშნული საფუძვლით თანხის ჩამოჭრა საბანკო ანგარიშიდან არის უკანონო და ზიანის მომტანი მოსარჩელისთვის.

მოსარჩელეს გააჩნია მოპასუხის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ მას დავალიანება არ ერიცხება. შესაბამისად იგი იმედოვნებდა, რომ თანხა ბანკის მხრიდან არ ჩამოიჭრებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს უკანონოდ ჩამოჭრილი თანხის დაბრუნებას და 2015 წლის 1 ნოემბრამდე არსებული დავალიანების მოთხოვნის აკრძალვას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ბანკმა მართლაც განახორციელა 2018 წლის 3 ოქტომბერს თანხის ჩამოჭრა, თუმცა იგი არ წარმოადგენს უკანონო ქმედებას. აღნიშნული თანხა მიემართა სს თ----------ის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად.

 

მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში დასახელებულ გარემოებას სასესხო ურთიერთობის არ არსებობის შესახებ და მიუთითებს 2008 წლის 14 აპრილს ბანკსა და მოსარჩელეს შორის არსებულ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაზე.

მოსარჩელის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება შეადგენს 1601.18 ლარს.

 

ხელშეკრულების 3.2.3 პუნქტის მიხედვით, ბანკს უფლება აქვს უაქცეპტო წესით ჩამოჭრას თანხები კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან ბანკის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად ან ვალდებულების შესასრულებლად.

 

მოპასუხის განმარტებით, მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი სასამართლოს შეფასების საგანია. ამასთან ხანდაზმულობა არ ნიშნავს, რომ ვალდებულება არ არსებობს. ვალდებულება ობიექტურად არსებობს, თუმცა მისი შესრულება დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

მოსარჩელის მითითება, რომ ბანკის წინაშე დავალიანება არ ერიცხება ეფუძნება მოპასუხის მიერ 2010 წლის 27 ივლისს გაცემულ ცნობას, რომელიც შეცდომით იქნა გაცემული. ბანკმა იმავე დღეს წერილობით აცნობა გაცემული ცნობის ხარვეზიანობის შესახებ და მიუთითა, რომ მისი მიმდინარე დავალიანება შეადგენდა 941.15 ლარს, რომელიც დაფარული არ არის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2008 წლის 14 აპრილს სს „თ----------სა“ და მა----ე ქა-----ას შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 1000 ლარით, წლიური 36%-ის სარგებლის დარიცხვით.

3.1.2. უდავოა, რომ მოსარჩელემ, ბოლო გადახდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე განახორციელა 2010 წლის 25 თებერვალს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ 33-46)

- ინფორმაცია საკრედიტო ბარათის ინდივიდუალური პირობების შესახებ (ს.ფ 47)

- TBC CARD-ის განაცხადი (ს.ფ 48)

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ 50-52)

 

3.1.3. სს „თ----------ში“ მა----ე ქა-----ას კუთვნილი ანგარიშიდან 2018 წლის 23 ოქტომბერს მოპასუხის მიერ ჩამოჭრილი იქნა მოსარჩელის ანგარიშზე ამავე დღეს ჩარიცხული 10 ლარი.

აღნიშნული თანხა მიემართა 2008 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ 14)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2008 წლის 14 აპრილს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მა----ე ქა-----ას დავალიანება სს „თ----------ის“ მიმართ ხანდაზმულია შემდეგი მოტივაციის გათვალისწინებით:

2008 წლის 14 აპრილს სს „თ----------სა“ და მა----ე ქა-----ას შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სს თ----------ის მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

2008 წლის 14 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 თვით. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ბოლო გადახდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე განახორციელა 2010 წლის 25 თებერვალს შესაბამისად, სს „თ----------ის“ მოთხოვნის უფლება მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა 2010 წლის 26 თებერვლიდან და სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დინების ათვლაც სწორედ აღნიშნული თარიღიდან დაიწყო, შესაბამისად სასარჩელო ხანდაზმულობის ამოწურვის თარიღია 2013 წლის 26 თებერვალი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ სს „თ----------მა“ მა----ე ქა-----ას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 10 ლარი მიმართა 2008 წლის 14 აპრილის საკრედიტო ვალდებულების დასაფარად 2018 წლის 23 ოქტომბერს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული „მოთხოვნის არსებობის აღიარება“ არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის - ხანდაზმულობის შეწყვეტისაკენ.

 

აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დინებას შეწყვეტს ნების მხოლოდ ისეთი გამოვლენა, რომლიდანაც ნათლად დგინდება, რომ მოვალე უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს ვალდებულების არსებობას და მზად არის იგი შეასრულოს. ანუ “მოთხოვნის აღიარებად” მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას, ნებისმიერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მა----ე ქა-----ას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 10 ლარი არ იყო მიმართული 2008 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სადავო თანხის ჩამოჭრა ხანდაზმული ვალდებულების შესრულების მიზნით არ შეესაბამებოდა მოსარჩელის ნებას. დასახელებული მოსაზრების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ 33-46)

- ინფორმაცია საკრედიტო ბარათის ინდივიდუალური პირობების შესახებ (ს.ფ 47)

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ 14)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა----ე ქა-----ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 144-ე, 976-ე, 982-ე მუხლები.; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის ერთ ერთი მოთხოვნაა მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული 10 ლარის გამოთხოვა.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის თანახმად, 1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. 2. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.

 

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სს „თ----------მა“ მა----ე ქა-----ას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 10 ლარი მიმართა 2008 წლის 14 აპრილის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხანდაზმული ვალდებულების დასაფარად. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს ხანდაზმული ვალდებულების შესრულების ნება არ გამოუვლენია.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მითითებული ნორმის დეფინიციის თანახმად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე სს თ----------ის მოქმედება მოვალის ნების საწინააღმდეგოდ ხანდაზმული ვალდებულების მიღების შესახებ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს და ამგვარი მოქმედების შედეგად მიღებული თანხა ექვემდებარება გამოთხოვას სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით.

 

სასამართლოს დასკვნით, ადგილი აქვს უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტს, ვინაიდან მოპასუხეს მა----ე ქა-----ასგან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული აქვს ფულადი თანხა 10 ლარი და სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია სრულად. სასამართლო კვლავ უსვამს ხაზს, რომ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და ამავე მოტივაციით სს თ----------ს არც მომავალში გააჩნია მა----ე ქა-----ას ნების საწინააღმდეგოდ ხანდაზმული ვალდებულების მიღების უფლება, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნის მეორე ნაწილიც დასაბუთებულია.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. განსახილველ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მა----ე ქა-----ას სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს:

1.2. სს „თ----------ს“, მა----ე ქა-----ას სასარგებლოდ დაეკისროს 10 ლარის გადახდა;

1.3. სს „თ----------ს“ აეკრძალოს მა----ე ქა-----ას კუთვნილი თანხების ჩამოჭრა 2015 წლის 1 ნოემბრამდე არსებული ვალდებულებების მითითებით.

2. სს „თ----------ს“ მა----ე ქა-----ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე