გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2018
საქმის ნომერი
330210018002564545
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22706-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-------–ი’’ (ამხანაგობის თავმჯდომარე ი-------–--ე)

წარმომადგენლები - ნ-----------ე, ე-–---------–--–ი

მოპასუხე - რ---------ი ხ---–----ა

წარმომადგენელი - ა---------–---–-–---–ი, თ-------------–-–---–ი, გ----------–------ი

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. აღკვეთილ იქნას ხელშეშლა და მოპასუხე რ---------ი ხ---–----ას მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთიდან, მდებარე ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას ჩიხი №-, ბინა №---დან გაყვანილ იქნას იქ მობინადრე ძაღლები და კატები.

 

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-18, 2018 წლის 05 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება - 16:09:57, 2018 წლის 05 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 16:30:15,).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-------–ი’’ შექმნილია ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას ჩიხი №--ში მდებარე ორ სადარბაზოიან მრავალბინიან კორპუსში. ამხანაგობა შედგება ორმოცდაათი მესაკუთრისგან. ზემოთმითითებული კორპუსის ერთ-ერთი ბინა №-- ეკუთვნოდა აწ გარდაცვლილ ე-–-------------------ძეს, რომლის შვილმა რ--------- ხ---–----ამ დედის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელ სახლში მიიყვანა ოცდაათამდე კატა და ძაღლი. აღნიშნულის გამო, კორპუსის სადარბაზოში არის ანტისანიტარია და აუტანელი სუნი, რაც უკავშირდება რ--------- ხ---–----ას ბინაში მრავალრიცხოვანი ძაღლის და კატის ცხოვრების ფაქტს. სადარბაზოს გარდა აუტანელი სუნია აივნებზე ვ-–----–----–ას ქუჩის მხარეს. ამხანაგობის ვერცერთი წევრი ვერ აღებს კარებს და ფანჯრებს, საერთოდ ვერ სარგებლობენ აივნებით, ვერ ფენენ სარეცხს. უმძიმეს მდგომარეობაში არიან ერთოთახიანი ბინების მესაკუთრეები, რადგან მათ მხოლოდ იმ მხარეს აქვთ ფანჯარა და კარი, სადაც აუტანელი სუნია. ცხოველებს და მათ საკვებს ეხვევა უამრავი მწერი, სადარბაზოში არის უამრავი რწყილი, ტკიპები, რაც საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა შორისაც არიან ბავშვები. ამხანაგობის წევრი მ----------ა და მისი შვილიშვილი დაკბინეს რწყილებმა. სუნის გარდა აუტანელია ძაღლების მუდმივი ყეფა და კატების კნავილი დღე და ღამე, რასაც ემატება თავად რ--------- ხ---–----ას კივილი, როცა ის სცემს ცხოველებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, რ--------- ხ---–----ა გამოირჩევა აგრესიით, ლანძღავს და წყევლის ამხანაგობის წევრებს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ვინაიდან რ--------- ხ---–----ა სახლში არავის უშვებს, ზუსტად არ იციან რა ოდენობის ძაღლი და კატა ბინადრობს მის საცხოვრებელ ბინაში. ძაღლები მას სასეირნოდაც კი არ გამოჰყავს, შესაბამისად, მათი ოდენობის დაახლოებითი განსაზღვრა შეიძლება ძაღლების გაბმული ყეფით და ეზოში და მოპასუხის აივანზე მოსეირნე კატების რაოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე რ---------ი ხ---–----ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ცხოველებისთვის შექმნილია ყველა აუცილებელი საარსებო პირობა: ხორციელდება კვება ცხოველებისთვის დადგენილი რაციონით და დაწყურება, აქვთ შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები (მუდმივი დასუფთავება-გატანით), ხდება ვეტერინალური ზედამხედველობის უზრუნველყოფა და მომსახურება-დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში დაავადების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, ვეტერინალური მკურნალობა, ყველა ცხოველი აცრილია და არის მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება ცხოველთა ,,ჩაკეტვას’’ - ნებისმიერ თავშესაფარში არის გისოსებიანი ვოლიერები და გარკვეულწილად ცხოველები ჩაკეტილები არიან. მოპასუხესთან კი პირიქით აქვთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება, მათ შორის აივანზეც. ისინი სრულ სისუფთავეში არიან. ცხოველების სარეგისტრაცო სია არსებობს მათი სქესის, ასაკის, სახელების, გარეგნული ნიშნების, რაოდენობის მითითებით, ეს სია შედგენილია ფონდის მიერ, ის წარდგენილია და მის შესახებ ცნობილია პოლიციის, პროკურატურის ორგანოებისთვის, მთავარ პროკურატურაშიც და შსს გენინსპექციაშიც, როდესაც მიმდინარეობდა რ--------- ხ---–----ას განცხადების საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის გამოძიება ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის და წამების ფაქტზე. არცერთი ცხოველი მუდმივად არ ხმაურობს. ყეფით კი ნებისმიერმა სახლის ძაღლმა შეიძლება იყეფოს, გარდა აღნიშნულისა, თუ სადარბაზოში ანტისანიტარია და სუნია, ამასთან მესამე სართულზე მაცხოვრებელი რ--------- ხ---–----ა არაფერ შუაშია, მას ცხოველები სადარბაზოში არ ჰყავს. მოპასუხისთვის უცნობია რას ემყარება მოსარჩელის განმარტება, რომ ცხოველების ხმებით სხვა მეზობელი საცხოვრებელი სახლებია შეწუხებული. მოსარჩელისვე ლოგიკით შეიძლება მოპასუხემ ამტკიცოს, რომ მოსარჩელე ზღუდავს მოპასუხის კანონიერ უფლებებს განახორციელოს უმეთვალყურეო ცხოველთა მიკედლება და მათი მოვლა-პატრონობა. ასევე ცილისწამებაა, თითქოს მოპასუხე აგრესიულად ექცევა გარშემომყოფებს, წყევლის და ლანძღავს ყველა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამხანაგობის კრების ოქმზე, რომელზეც გადაწყდა სარჩელის აღძვრა სასამართლოში, ხელმოწერების ნამდვილობას მრავალი მეზობელი უარყოფს.

 

მიუსაფარი ძაღლის და კატის ყოლის და მოვლა-პატრონობის უფლება დაცული უფლებაა და ცხოველთა ყოლა კანონმდებლობით აკრძალული არ არის. მოპასუხის განმარტებით მას თავშესაფარი არ აქვს მოწყობილი, არამედ პირადი ინიციატივით თავის საკუთარ საცხოვრებელ ფართში უვლის და პატრონობს ცხოველებს და მას არანაირი შემხებლობა საზოგადოებრივ სივრცესთან არ აქვს. ასევე აბსურდია თითქოს მის საცხოვრებელ სახლში მყოფი ცხოველები საშიშროებას უქმნიან ეზოში მყოფ ბავშვებს, ასევე გაუგებარია რა კავშირი აქვს მესამე სართულზე იზოლირებულ ცხოველებს სარეცხის გაფენა, ბავშვების სეირნობასთან და უსაფრთხო გარემოსთან. ამასთან არსებობს სამეზობლო თმენის ვალდებულება და მოპასუხე ითხოვს მისდამი პატივისცემას თმენის ფორმატში.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 69-79, მოპასუხის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 05 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 16:42:20).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას ჩიხი №--ში მდებარე კორპუსში დაფუძნებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-------–ი’’, რომლის თავმჯდომარეც არის ი-------–--ე. ამხანაგობა შედგება 50 რეგისტრირებული მესაკუთრისგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბმა ,,პ-------–ის’’ საერთო კრების ოქმი №7 (ს.ფ. 19-22);

- ბმა ,,პ-------–ი’’-ს საერთო კრების ოქმი №6 (ს.ფ. 54-60);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-35).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას ჩიხი №--ში მდებარე №-- უძრავი ქონების (ს/კ 0----------------------) მესაკუთრე არის ე-–-------------------ძე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, გაფორმებული 2001 წლის 27 თებერვალს. დამოწმებული ნოტარიუს ე. ფ---–---–--ას მიერ რეესტრით N1მ-28.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-35).

 

3.1.3. ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას ჩიხი №--ში მდებარე №-- უძრავ ქონებას (ს/კ 0----------------------) ფლობს ე-–-------------------ძის შვილი - რ--------- ხ---–----ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-18);

- შესაგებელი (ს.ფ. 69-79);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 ოქტომბრის სხდომის ოქმი, ს.ფ. 90-98).

 

3.1.4. 2016 წლის 3 ივლისს და 2017 წლის 15 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელთა მიერ, შეტყობინების საფუძველზე, მოქალაქე რ--------- ხ---–----ას მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები-საჯარიმო ქვითრები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7--- დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის’’ დარღვევისთვის. კერძოდ, რ--------- ხ---–----ას მფლობელობაში არსებული ცხოველების რეგისტრაციის განუხორციელებლობის გამო.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 31 ივლისის წერილის თანახმად მოცემული დროისათვის რ--------- ხ---–----ას მფლობელობაში არსებული არცერთი ცხოველი რეგისტრირებული არ არის. სამართალდამრღვევს არ გადაუხდია მასზე დაკისრებული ჯარიმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 31 ივლისის წერილი (ს.ფ. 53).

- საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 156).

 

3.1.5. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმების თანახმად, მეზობლების შეტყობინების საფუძველზე, არაერთხელ იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი რ--------- ხ---–----ას ბინიდან გამომავალი ანტისანიტარიის და ცხოველების მხრიდან ხმაურის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 02 ივნისის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 36);

- 2017 წლის 31 ივლისის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 43-44);

- 2017 წლის 02 სექტემბრის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 41-42);

- 2017 წლის 03 სექტემბრის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 50)

- 2017 წლის 20 სექტემბრის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 45-46);

- 2018 წლის 20 მარტის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 47-48);

 

3.1.5. 2018 წლის 13 მაისს ჩატარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-------–ის’’ კრება, რომელსაც ესწრებოდა 36 ბინის მესაკუთრე და დღის წესრიგში განისაზღვრა №-- ბინაში მცხოვრები რ--------- ხ---–----ას მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სარჩელის აღძვრის და სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი. ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბმა ,,პ-------–ის’’ საერთო კრების ოქმი №6 (ს.ფ. 54-60).

 

3.1.6. რ--------- ხ---–----ა არის ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდ ,,ა-------ს’’ დირექტორი, რომელსაც საცხოვრებელ ბინაში შეფარებული ჰყავს 5 ზრდასრული და 12 ახალგაზრდა ძაღლი, 2 ზრდასრული კატა და 5 კნუტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დასკვნა (ს.ფ. 117);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ი. ბ-------ის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, შემოწმებული იქნა ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის ,,ა-------ს’’ კურატორობის ქვეშე მყოფი ძაღლების და კატების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას ჩიხი №-, ბინა №---ში. დასკვნის თანახმად, შემოწმებული იქნა 5 ზრდასრული, ახალგაზრდა ძაღლი, 2 ზრდასრული კატა და 5 კნუტი. სტანდარტული ტესტების გამოყენების შედეგად დადგინდა, რომ ყველა ძაღლის და კატის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ნორმის ფორმაში იყო, ასევე ყველა ცხოველი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი ამონაწერების თანახმად, ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდი ,,ა-------ს’’ რეგისტრაციის ჟურნალების მიხედვით, რომელიც ხელმოწერილია ექიმების ქ-----------------–იას და ე----------------ას მიერ, ცხოველებს ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია :ანტირაბიული და ანტიპარაზიტული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დასკვნა (ს.ფ. 117);

- ამონაწერები ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდი ,,ა-------ს’’ რეგისტრაციის ჟურნალიდან;

 

3.1.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 ოქტომბრის №5--------- წერილის მიხედვით დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეის მდგომარეობით არ ტარდება ოდოროლოგიური (სუნის გამოკვლევა) და სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებული ექსპერტიზა, შესაბამისი სპეციალობის ექსპერტების არყოლის და შესაბამისი მოწყობილობების არქონის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (105);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილი (ს.ფ. 106-107).

 

3.1.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 სექტემბრის პასუხის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ფაქტების კონსტატაციის სერვისის ფარგლებში, ქონების მესაკუთრის თანხმობის გარეშე, მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ფაქტების კონსტატაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ს.ფ.103);

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 სექტემბრის პასუხი (ს.ფ. 104).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, მოწმეთა ჩვენების, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-175-ე მუხლები, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე მუხლებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7--- დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის პირველი, მე-4, მე-5, მე-6 და მ-7 მუხლები, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

საკუთრების, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული უფლების საკანონმდებლო შეზღუდვა დადგენილია უზენაესი კანონის ამავე ნორმით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე პირველი და მეორე თავებით, რომელიც საკუთრებით სარგებლობას და სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელი ნორმების ერთობლიობას წარმოადგენს, ასევე მნიშვნელოვანია ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებები, შესაბამისად, აღნიშნული ნორმების სისტემური ანალიზის გზით უნდა მოხდეს განსახილველი სამართალურთიერთობის გადაწყვეტა.

 

სამეზობლო სამართალი ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ოპტიმალურ დაკმაყოფილებას. იგი არის სანივთო სამართლის შემადგენელი ნაწილი და უზრუნველყოფს მეზობლების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

 

სამოქალაქო კოდექსის მეორე თავი სულ ცხრა მუხლს აერთიანებს, რომელთაგან 174-176 მუხლებით მოწესრიგებული ურთიერთობის თაობაზე, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა:,,სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება. სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი, საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე ნორმის მეორე ნაწილი ეხება იგივე ვალდებულებას, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. სსკ-ის 175-ე მუხლის მესამე ნაწილით, დადგენილია მესაკუთრის შესაძლებლობა, მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენისას, თუკი ასეთი ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს...’’ (იხ. სუსგ ას-413-396-2016, 15.07.2016წ.),სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი დეკლარაციული ხასიათისაა და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის ან უძრავი ქონების მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. ურთიერთპატივისცემა ნიშნავს, არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს შეუშლიან მეზობელს, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, იმოქმედონ იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოს მეზობელს საკუთრების უფლების სრულფასოვნად განხორციელებაში. ურთიერთპატივისცემის პრინციპიდან გამომდინარეობს ასევე, მეზობლის მიერ თმენის ვალდებულება. ნორმის გაგებით, მეზობლები ქმნიან განსაზღვრულ სივრცობრივ ურთიერთდაკავშირებულ ერთობას, რაც მათ აიძულებს პატივი სცენ ერთმანეთს, ასევე, სამეზობლო სივრცე საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით გონივრულად მოაწყონ.

 

სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ელემენტები შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: ა) დაიცვან კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები; ბ) პატივი სცენ ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან, პირველი ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენს და მის დარღვევად ყოველთვის შეიძლება მივიჩნიოთ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული აკრძალვები; რაც შეეხება მეორე ელემენტს, ის შეფასების საგანს წარმოადგენს და, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღძრული აქვს ნეგატორული სარჩელი, რომელიც სანივთო-სამართლებრივი სარჩელის ის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული. სასამართლო განმარტავს, რომ ხელყოფის აკრძალვის მართლზომიერებისათვის სახეზე უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლების უკანონო ხელყოფა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე, მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ნეგატორული სარჩელი არის აღძრული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ, რასაც საფუძვლად უდევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2018 წლის 13 მაისის კრების ოქმი, რომლის თანახმადაც ამხანაგობამ გადაწყვიტა რ--------- ხ---–----ას მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სარჩელის აღძვრა.

 

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია: ა) ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი, და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში.

 

მოპასუხის განმარტებით, ის წარმოადგენს ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდ ,,ა-------ს’’ პრეზიდენტს, რომელიც არსებობს 90-იანი წლებიდან, რომლის მთავარი მიზანი იყო მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობა. ცხოველთა თავშესაფარი არსებობდა ორხევში, თუმცა, რამდენჯერმე მოხდა ვანდალური ფაქტი დაანგრიეს თავშესაფარი, ასევე გართობის მიზნით დახოცეს ცხოველები. მოპასუხის მიზანს არ წარმოადგენდა ამდენი ცხოველის ბინაში მიყვანა, თუმცა, ვინაიდან გადარჩენილ ცხოველებს ესაჭიროებოდათ დაცვა, ის ვალდებული იყო წაეყვანა სახლში და მოეხდინა მათი მოვლა და კურირება. თუმცა ცხოველებს ის არ ამრავლებს, მხოლოდ პატრონობს. სახლში მიიყვანა მაკე კატა და ამიტომ ყავს კნუტები. ეს არ არის თავშესაფარი. აივანზე განთავსებული აქვს ჯამები და საკვები. ევროპული სტანდარტებით არის გამზადებული ყველაფერი. დღეში 4-ჯერ ალაგებს სახლს. შესაბამისად, სუნი და ანტისანიტარია ვერ იქნება, ამასთან, სამსახურიდან დაბრუნებული გზად მიწიდან აგროვებს გირჩებს, რომელსაც სახლში წვავს, რათა კარგი სურნელი დატრიალდეს. ნაყიდი აქვს სპეციალური ,,სპრეი’’, რომ ცხოველების სუნის განეიტრალება მოახდინოს. კონფლიქტი არის პირადული ზოგიერთ მეზობელთან. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ცხოველები მონიტორინგის რეგისტრაციაში არ იმყოფებიან. სახლში და აივანზე არსებული ანტისანიტარია არცერთხელ არ დაუდგენია და დაუდასტურებია ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს. ასევე, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახლში მყოფი ცხოველები მოვლილები არიან, ჩატარებული აქვთ შესაბამისი მოვლა-პატრონობა.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა განმარტეს შემდეგი:

 

მოწმე თ------------ე - განმარტავს, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას ჩიხი ქუჩა №--ში. საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს 8 სართულიან, 2 სადარბაზოიან კორპუსს. მოწმის საცხოვრებელი ფართი მდებარეობს აღნიშნული კორპუსის მეოთხე სართულზე, ზუსტად რ--------- ხ---–----ას ბინის თავზე. მითითებულ კორპუსში და ზოგადად მის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება აუტანელია, რადგან სადარბაზოში დგას საშინელი სუნი, არის აუტანელი ანტისანიტარია, ცხოველების ფეკალური მასები. მოწმის განმარტებით, მას ჰყავს პატარა შვილი, რომელსაც ღამით აღვიძებს და აშინებს ძაღლების ყეფა. ზაფხულზე ტერიტორია სავსეა დიდი ზომის ბუზებით, აივნის კარის გაღება, ოთახის განიავება და სარეცხის გაფენა შეუძლებელია, რადგან საშინელი სუნი და სიბინძურეა. ანალოგიური სიტუაციაა სადარბაზოში, სადაც ლიფტიდან გამოსვლის შემდგომ კარგად თუ არ დააკვირდები, შეიძლება კატების ფეკალურ მასაში ჩადგა ფეხი. მოპასუხესთან საუბარი წარმოუდგენელია, რადგან ის საკმაოდ აგრესიულია, იწყევლება და კონფლიქტს იწვევს. ცხოველები ჩაკეტილი ჰყავს სახლში და არ ასეირნებს ჰაერზე. გარეთ არ გამოჰყავს, ალბათ არც დასუფთავებას ახდენს, რადგან მოპასუხის კუთვნილი აივანი სავსეა ფეკალური მასებით. გარდა სუნისა, ისმის ძაღლების საშინელი ხმაური. ზოგჯერ ისეთი ისტერიული კივილი ისმის, რომ ალბათ სცემს კიდეც. სახლში ასვლის დროს ლიფტი უნდა გაჩერდეს მე-4 და მე-5 სართულებს შორის. სადარბაზოში გაუსაძლისი სიტუაციაა სისუფთავის მხრივ. მოწმის განმარტებით მეზობლების ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ძაღლები, კატები, მათი ხმაური და მათ მიერ გამოწვეული სიბინძურე.

 

მოწმე ე-–--------–----–---–ი - განმარტავს, რომ უკვე 24 წელია ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას ჩიხი ქუჩა №--ში. ძალიან დიდ პატივს სცემს მოპასუხეს და მის ოჯახს და აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, თუმცა მათ შორის კონფლიქტურ სიტუაციას იწვევს სახლში მოწყობილი ძაღლების და კატების თავშესაფარი. მოწმე ცხოვრობს იმავე სადარბაზოში მე-7 სართულზე, მოპასუხის აყოლებაზე. რ--------- ხ---–----ასთან აქვს კონფლიქტი სადარბაზოს კარის დაკეტვასთან დაკავშირებით, რადგან მოპასუხე მოითხოვს კარის ღიად დატოვებას იმის გამო, რომ უპატრონო და მაწანწალა ძაღლებმა შეძლონ სადარბაზოში შესვლა. სხვენის ასასვლელში და სარდაფის ჩასასვლელში აწყვია საჭმელი კატებისთვის და ძაღლებისთვის. ცხოველებით არის სავსე სარდაფის ჩასასვლელი და სხვენი. სადარბაზო სავსეა ცხოველთა ფეკალიებით, არის საშინელი სუნი. სარეცხის გაფენა გარეთ შეუძლებელია, რადგან მას მეორე დღეს ასდის კატების და ძაღლების საშინელი სუნი. კატები არიან გარეთაც, მთელს ტერიტორიაზე არიან გაფანტული. მოწმის განმარტებით მას ბავშვი გაუხდა ცუდად, დიდხანს ვერ დაადგინეს რა სჭირდა, ძალიან ბევრი ხარჯის გაღება მოუხდა დიაგნოზის დასადგენად. ბოლოს დაადგინეს, რომ იყო ანტისანიტარიის ბრალი, იყო ეკოლოგიური გარემოს პრობლემა. საცხოვრებელ კორპუსში მოწმის განმარტებით სხვას შინაური ცხოველები არ ჰყავს, შეიძლება ყავს კიდეც ვინმეს, მაგრამ მათ არ აწუხებს. ქვეყანაში ისედაც დაბინძურებულია ატმოსფერო, წარმოქმნილია ათასნაირი დაავადება და მით უმეტეს საშინელი და გაუსაძლისი მდგომარეობაა მათთან კორპუსში. მოწმის განმარტებით მისი ბინიდან რ--------- ხ---–----ას აივანი არ ჩანს. მოწმეს მიშენება არ აქვს დასრულებული. იქ უდგას სავარძელი და დაკბენილია რწყილებისგან. რწყილი ძალიან წვრილია და დახტის, ისინი საწოლშიც აღმოაჩინეს რამოდენიმეჯერ. რ--------- ხ---–----ამ მოიყვანა სახლში უპატრონო ძაღლები და კატები. შეიძლება აიყვანო ქუჩიდან, მოიყვანო სახლში და მოუარო, მაგრამ მათ სხვანაირი მოვლა და ჰიგიენის დაცვა სჭირდება. სადარბაზოს სიბინძურე გამოწვეულია უპატრონო კატებისგან, რომლებიც რ--------- ხ---–----ამ მიიჩვია, რადგან მათ მუდმივად კვებავს საკვებით. სახლში რომ ჰყავს ძაღლები და კატები, მათი ფეკალიები პირდაპირ ძირს ჩამოდის აივნიდან. ეს კატები არიან უპატრონოები და მოპასუხემ მიიჩვია. სახლში არსებული ცხოველები კიდევ აივნიდან გადმოდიან და აივანზე არსებულ ცხოველის ფეკალიებს ასდის საშინელი სუნი. გარეთ სხვა დროსაც იყვნენ უპატრონო ცხოველები, მაგრამ ასეთი სიტუაცია მანამდე არ ყოფილა, ვიდრე მოპასუხის ბინაში არ გაჩნდა ძალიან დიდი ოდენობით ცხოველები.

 

მოწმე მ----------ა - განმარტავს, რომ უკვე 13 წელია ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას ჩიხი ქუჩა №--ში. არის მოპასუხე რ--------- ხ---–----ას კარის მეზობელი. ბინა, სადაც ამჟამად მოპასუხე ცხოვრობს ეკუთვნოდა მის დედას. დედის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით ხუთი წლის წინ ბინაში საცხოვრებლად გადმოვიდა მისი შვილი რ--------- ხ---–----ა და სწორედ აქედან დაიწყო მისი კოშმარული ცხოვრება. მოპასუხე მანამდე სად ცხოვრობდა მოწმისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით მისი ცხოვრება კორპუსში კოშმარად არის ქცეული, რადგან მიპასუხეს ბინა გადაქცეული აქვს ცხოველთა თავშესაფრად. ცხოველებისგან არის ყოვლად აუტანელი სუნი პირველი სართულიდან მერვე სართულის ჩათვლით. სტუმარი ვერ მიუყვანია სახლში, პირბადის გარეშე სარეცხს ვერ ფენს და დამშრალ სარეცხს აქვს საშინელი სუნი ცხოველების. მოწმის განმარტებით შვილიშვილები ვერ მიუყვანია სახლში, რადგან ეშინია რწყილებმა არ დაუკბინოს რისი მაგალითიც არაერთხელ იყო. ვერცერთი მეზობელი ხალიჩას ვერ ფენს გარეთ. კარებები და კედლები სადარბაზოში განადგურებულია ცხოველთა შარდისგან. მოწმემ რამდენჯერმე ფეხი ჩადგა ცხოველების ფეკალიებში. მ----------ას განმარტებით არ იცის ზუსტად რა ოდენობის ცხოველი ყავს მოპასუხეს სახლში, იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ თუ რა, მაგრამ ერთბაშად რომ დაიწყებენ ყეფას, გაუსაძლისია ბინაში გაჩერება. როდესაც რ--------- ხ---–----ას მოუწოდებენ სისუფთავისკენ და სიტუაციის დარეგულირებისკენ, ის გადადის აგრესიაზე და უკადრისი სიტყვებით შეურაცხყოფაზე, იწყევლება და იგინება. ბოლოს მოპასუხის სახლში მოწმე იმყოფებოდა ხუთი წუთით, როდესაც რ--------- ხ---–----ას დედა იყო ცუდად. მეზობლების მიერ რამოდენიმეჯერ იქნა პატრული გამოძახებული, თუმცა მათ მოპასუხის სახლში არასოდეს შეჰყოლია. მოპასუხის კუთვნილი აივანი მოწმის ბინიდან არ ჩანს, რადგან ისინი არიან კარის მეზობლები და მათი ბინები ერთმანეთის საპირისპიროდ არის განლაგებული. მოწმეს მხოლოდ ძაღლების ყეფა ესმის. რ--------- ხ---–----ა ცხოველებს გარეთაც კვებას და ყავს მიჩვეული. მას კარებთან ჰქონდა ცხოველების საკვები განთავსებული. რამოდენიმეჯერ იქნა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოძახებული და იმას მიაღწიეს, რომ საკვები სახლში შეიტანა. ძაღლებს გარეთ არ ასეირნებს. გარეთ დასეირნობენ მხოლოდ კატები. გაურკვეველია ძაღლები სახლში რომ მოისაქმებენ, ეს ფეკალიები სად მიდის. ამიტომაც არის საშინელი სუნი. ეს მასები როგორც სხვებისგან იცის, ერთმანეთზე რის დაწებებული. მათ გატანას მოწმე არ შესწრებია, თუმცა მოპასუხეს ამ ბოლო პერიოდში ცოტ-ცოტა ნაგავი გააქვს. დაახლოებით 2016 წელს მეზობლებმა მიაღწიეს იმას, რომ სადარბაზოში და სახლის გარეთ საკვები აღარ აწყვია და მოპასუხემ სახლში დაიწყო ცხოველების გამოკვება. მ----------ას განმარტებით მოპასუხესთან ცხოველების გამო მოუვიდა კონფლიქტი და პოლიციიდან მიიღო გაფრთხილების წერილი, რომ ერთმანეთს არ შეხებოდნენ. დაპირისპირება აქვთ ყოველდღე. რ--------- ხ---–----ა მას აბრალებს, რომ დაუხოცა კატის კნუტები, რაც არის აბსურდი და წარმოუდგენელი სიცრუე. მოწმის სახლის შესასვლელთან არის დაფენილი ფარდაგი, რაზედაც თავსდებიან მოპასუხის კატები და დასაფენი სავსეა კატის ბეწვებით. ეს კატები არ არიან უპატრონოები. ისინი გადმოდიან მიშენებიდან, მოუყვებიან აივანს და არიან გარეთ. მოპასუხეს ეზოშიც ყავს მიკედლებული ცხოველები. ცხოველთა მონიტორინგის სამსახური რამდენჯერმე იქნა გამოძახებული, შეამოწმეს, შევიდნენ მოპასუხესთან 2016 წელს და მათ სახლში არსებული ცხოველები არსად წაუყვანიათ.

 

მოწმე ლ-------–---–ი - განმარტავს, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას ჩიხი ქუჩა №--ში, მეორე სარათულზე, მოპასუხის ბინის ქვემოთ. ძალიან აწუხებს ძაღლების ხმაური. წარმოუდგენელია და პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ დილის შვიდის ნახევარზე არ გაიღვიძო, ისეთი საშინელი ყეფაა. აივანზე გასვლა წარმოუდგენელია, რადგან არის საშინელი სუნი და ანტისანიტარია. მოწმის განმარტებით ის დაშორებულია მეუღლესთან და ყავს პატარა შვილი, რომელიც 4 წლის მანძილზე ალბათ 6-ჯერ არ ეყოლება დატოვებული, რადგან მას ძილის ჩვეული რეჟიმი ეშლება, ძაღლების ყეფაში ვერ იძინებს. იმდენად გაუსაძლისია ეს ხმაური, რომ ვ-–----–----–ას დასაწყისში ისმის. ძაღლების ყეფა ისმის, ხოლო კატები ისეთი დიდი რაოდენობით არიან, რომ მთელი ტერიტორია აქვთ მოფენილი. არის უამრავი ცხოველური ფეკალური მასები და საშინელი სუნი, მუდმივად არის კარის დაკეტვაზე ომი, რადგან მოპასუხე მოითხოვს სადარბაზოს კარის ღიად დატოვებას. აივნის კარს და ფანჯრებს ვერ აღებენ, რადგან ჩამოდის ზემოდან ჭუჭყიანი წყალი, ბათქაში ჩამოყრილია, სახლებს ვერ ანიავებენ. როდესაც რ--------- ხ---–----ა სახლშია, მაშინ ძაღლების ხმა არ აწუხებთ. საშინელი სუნი პრაქტიკულად სულ დგას. აივანს ესაზღვრება ორი საძინებელი და საძინებლის ფანჯრების გაღება პრაქტიკულად ვერ ხერხდება. დღის განმავლობაში ძირითადად არის ხმაური. მოწმის განმარტებით ის არის ხმის რეჟისორი, ძირითადად სახლიდან უწევს თავისი საქმიანობის განხორციელება და აწუხებს ხმაური. თუ სამსახურში გასვლა უწევს, როგორც წესი დაახლოებით 11 საათზე გადის. ამიტომ ძირითადად უწევს მეზობლის ბინიდან გამოსული ძაღლების და კატების წარმოუდგენელი ხმაურის ატანა.

 

მოწმე ნ-----------ე - განმარტავს, რომ 15 წელია ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას ჩიხი ქუჩა №--ში, მე-2 სართულზე. მოპაუხე რ--------- ხ---–----ა დედის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით ხუთი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად თავის ძაღლებით და კატებით. მთელი კორპუსი წამოსულია სასამართლოში და ძალიან რცხვენიათ ამ საკითხზე სასამართლოში მოსვლა რომ მოუწიათ, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, სხვა საშუალებებით მიეღწიათ საკითხის დარეგულირებისთვის, ვერ მოხერხდა და მოასუხემ კორპუსი გადააქცია ცხოველთა თავშესაფრად, მთლიანად კორპუსი აღმოჩნდა გაუსაძლის მდგომარეობაში. არიან საშინელ სიტუაციაში. მოპასუხეს აქვს მიშენებული აივანი, მაგრამ არ არის ამოშენებული, საიდანაც ჩამოდიან კატები. სადარბაზოში გაჩნდა მთელი სიბინძურე და უბედურებები. მოწმის რძალს უკბინა რწყილმა და მას დასჭირდა ანტიბიოტიკები. მთელი კედელი ჩამორეცხილია სადარბაზოში, არ შეიძლება თბილისის ცენტრში კორპუსი იყოს ქცეული ცხოველების თავშესაფრად. მოპასუხემ თავისი ამ მოქმედებით 49 ოჯახს წაართვა საკუთრება. მოწმის განმარტებით ისინი ცხოვრობენ თავშესაფარში და წარმოადგენენ თავშესაფრის უფასო თანამშრომლებს. საღამოს სამსახურიდან მოსულები დგანან და რეცხავენ სადარბაზოს მთელ ამ სიბინძურეებს. გარდა საშინელი სუნის და ანტისანიტარიისა, მოპასუხე მეზობლებს საშინელი სიტყვებით წყევლის და ლანძღავს. ატერორებს მათ ფსიქოლოგიურად. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა საერთოდ ვერ მიაქცია ყურადღება. ვერ იძინებენ, ფანჯრებს ვერ აღებენ, არის ძაღლის ფეკალიების სუნი, სარეცხს ვერ ფენენ, დაახლოებით რამოდენიმე თვის წინ ისე ჩამორეცხა აივანი მიშვებული წყლის ჭავლით, რომ ის ჭუჭყიანი წყალი პირველ სართულზე ჩავიდა. მოწმე მოპასუხის აივანს მართალია პირდაპირ ვერ ხედავს, მაგრამ ზემოდან ქვემოთ ჩამოდის მთელი სიბინძურე, მოპასუხეს ცხოველები ყავს სახლში და გარეთ სადარბაზოში თავისი ჭურჭლით.

 

მოწმე ა---–--------–------ა - განმარტავს, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ-–----–----–ას ჩიხი ქუჩა №- კორპუსის მოპირდაპირე კორპუსში. აღნიშნული კორპუსები ძალიან მცირე მანძილით არის დაშორებული ერთმანეთთან. მოწმის აივანი პირდაპირ უყურებს რ--------- ხ---–----ას აივნის ნაწილს, რადგან მათ შორის არის ხეები, თუმცა ძალიან კარგად შეუძლია გაარჩიოს იქ არსებული სიტუაცია. მოწმის განმარტებით ყავს პატარა შვილიშვილი, რომელსაც ხმაურის გამო ვერ აძინებს. თუ მოპასუხეს ფანჯარა დაკეტილი აქვს, მაშინ ხმაური უფრო ნაკლებად აწუხებს. იქვე აშენდა ახალი კორპუსი, მაგრამ მისი მშენებლობის ხმაში მაინც შემაწუხებლად ისმის რ--------- ხ---–----ას ბინიდან გამომავალი ცხოველების ხმა.

 

აღნიშნულის საპირისპიროდ რ--------- ხ---–----ამ განმარტა, რომ მოწმე მ----------ას მასთან და მის ოჯახთან აქვს პირადი კონფლიქტი. მოწმეს თავისი ნივთები შეტანილი ჰქონდა მოპასუხის მშობლების კუთვნილ 40 კვ.მ ფართში და თავისი სურვილისამებრ იყენებდა. მეზობლებთან ყოველთვის იყო კონფლიქტი ცხოველების გამო. 18 წლის განმავლობაში რ--------- ხ---–----ას ოჯახი ვერ სარგებლობდა იმ აივნით, რომელსაც დღეს ცხოველებისთვის იყენებს მოპასუხე. აივანი ყო ჩაკეტილი, რადგან მოპასუხის ქვემოთ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობდა ინვალიდი, რომელსაც აწუხებდა ხმაური. ვინაიდან რ--------- ხ---–----ას მამა არ იყო კონფლიქტური პიროვნება და ითვალისწინებდა ქვემოთ მაცხოვრებელი მეზობლის მდგომარეობას, წავიდა დათმობაზე და აივნის კარი დალუქა, რომ მათ ძაღლებს ვერ ესარგებლათ და არ ყოფილიყო ხმაური. ერთი ძაღლი ყავდათ 11 წელი, მეორე ძაღლი - 12 წელი. მაშინ მოპასუხე ცხოვრობდა მოსკოვში. მას შემდგომ რაც საცხოვრებლად გადმოვიდა დედის კუთვნილ ბინაში, გახსნა ჩაკეტილი აივანი და გამოიყენა ცხოველების საკვებისთვის საჭირო ჯამების განსათავსებლად. ასევე იყენებს ჩვეულებისამებრ. ვინაიდან, მეზობელი მოპასუხის მშობლების საკუთრებაში არსებულ ფართს ვეღარ იყენებს, ამიტომ მასთან აქვს პირადი კონფლიქტი. როდესაც სახლიდან გადის, ტელევიზორს ტოვებს ჩართულს, რომ ძაღლებმა ვერ იგრძნონ მარტოობა და პატრონის სახლიდან გასვლა. სახლში ყოფნის დროს საშუალებას არ აძლევს, რომ იხმაურონ და იყეფონ. მისი ძაღლების გარდა ხმაურს იწვევს კორპუსში არსებული მარკეტი ,,ორი ნაბიჯი’’, რომელსაც მაცივრები აქვს ჩართული, რაც იწვევს ძალიან დიდი დიდ ხმაურს. ასევე მეტროსადგურ ,,დელისზე’’ არიან უპატრონო ძაღლები, რომლებიც ღამით ყეფენ და ხმაურობენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7--- დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი (შემდგომში - წესი) ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომში - ქალაქ თბილისი) ძაღლების და კატების (შემდგომში – ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

 

ამავე წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ--------- ხ---–----ას საცხოვრებელ ბინაში შეფარებული ჰყავს 5 ზრდასრული და 12 ახალგაზრდა ძაღლი, 2 ზრდასრული კატა და 5 კნუტი.

 

მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პატრონი ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ცხოველები მონიტორინგის რეგისტრაციაში არ იმყოფებიან.

 

მე-6 მუხლი განსაზღვრავს ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პატრონის ვალდებულებებს. აღნიშნული მუხლის თანახმად: 1. ცხოველის პატრონი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე. 3. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის შენახვა და მოვლა-პატრონობა, კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად. კერძოდ: ა) ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება;

ბ) ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება; გ) ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა; დ) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა. 16. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში.

 

მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ცხოველთა თავშესაფარი, მინიმუმ 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან. ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი ცხოველთა თავშესაფარი, რომლის დაშორების მანძილი საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან 300 მეტრზე ნაკლებია, გააგრძელებს ფუნქციონალურ საქმიანობას, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ სხვა ნორმებს.

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის მიხედვით, საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N2---- ბრძანების VII თავი ადგენს ხმაურის მანორმირებელ პარამეტრებს და დასაშვებ დონეებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე მხარეს მოუვლელი ყავს ცხოველები, წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ცხოველებს ჩატარებული აქვთ შესაბამისი ვაქცინაცია, ასევე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადარბაზოში არის ანტისანიტარია და აღნიშნული გამოწვეულია უშუალოდ მოპასუხის ცხოველების მიერ, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხი, რომლითაც განმარტებულია, რომ კონკრეტულ საცხოვრებელ ბინაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე ვერ ჩატარდებოდა ფაქტების კონსტატაცია, თუმცა რაც შეეხება სადარბაზოს და მიმდებარე ტერიტორიას ის საერთო საკუთრებაა და აღნიშნული არ უშლიდა მოსარჩელე მხარეს უზრუნველეყო შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, აღნიშნულის დასტურად მხოლოდ ვიდეო ჩანაწერს, რომლითაც კონკრეტულად არ დგინდება როგორ და რა ვითარებაში მოხდა მისი ჩაწერა სასამართლო ვერ გაიზიარებს. ამ მიმართებით ასევე წინააღმდეგობრივია მოწმეთა ჩვენება. თუმცა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (რეაგირების ოქმების, მოწმეთა ჩვენების, ამხანაგობის კრების ოქმი, მხარეთა ახსნა-განმარტება) ერთობლიობაში შეფასების შედეგად ასკვნის, რომ სახეზე არის უკანონო ხელშეშლა მოპასუხის მხრიდან. ხელშეშლა გულისხმობს უფლებამოსილი პირისათვის (პირებისთვის) ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობის წევრები, სათანადოდ, ვერ სარგებლობენ კონსტიტუციით და არაერთი საერთაშორის აქტით გათვალისწინებული საკუთრების უფლებით, მათ ხელი ეშლებათ ბინიდან გამომავალი ხმაურით, ბინიდან გამომავალი სუნით, რაც სცილდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლით გათვალისწინებულ სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას. ასევე დარღვეულია ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანგობის შესახებ’’ საქართველოს კანონით და 2015 წლის 6 აპრილის №7--- დადგენილებით დამტკიცებული დანაწესები (საცხოვრებელ სახლში მრავალრიცხოვანი ცხოველების ყოფნით). ზემოაღნიშნული კი, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 60 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი - 60 ლარი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,257, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-------–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. აღკვეთილ იქნას ხელშეშლა და მოპასუხე რ---------ი ხ---–----ას მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთიდან, მდებარე - ქ. თბილისი, ვ-–----–----–ას ჩიხი №-, ბინა №---დან გაყვანილ იქნას იქ მობინადრე ძაღლები და კატები;

 

2. მოპასუხე - რ---------ი ხ---–----ას მოსარჩელე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს - 60 (სამოცი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პ-------–ს’’ (თავმჯდომარე ი-------–--ე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ი-------–--ის მიერ 2018 წლის 26 ივლისს 26 ივლისს, სს ,,საქართველოს ბანკში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 120 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 60 (სამოცი) ლარი, რომელიც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადახდო დავალება №9);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე