გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210118002402108
N2-1585/18
გადაწყვეტილება
21 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი -ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - რე--ო ჯა----ე, ტა----ლ მა----–--–---–ი, შო--ა ხა------–---–ი, კო-ა მა------ე, მა---ო მა----–--ე
წარმომადგენელი- პა---ა ხუ--–--–--ა, ვა–ა ბე----ე
მოპასუხეები - შპს „ბა------------------------–-----–---–----–ი“, ბე--კ ბე----ე, ჯე--ლ გო---ე, და--თ ბა---–---ე, ემ---რ ბა-–--ე, ეთერ ბა-–--ე, მა----ა რა--–---–ი
წარმომადგენელი - რე--ზ ფუ--------ე
დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელეების რე--ო ჯა----ის, ტა----ლ მა----–--–---–ის, შო--ა ხა------–---–ის, კო-ა მა------ის და მა---ო მა----–--ის, ქ. ბათუმში, ჯა----–---–-ს ქ. N3-ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 0-.0-.1--0--, 1/18 წილის მესაკუთრედ ცნობა.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1992 წლის 2 ოქტომბერს დაფუძნდა შპს ბათუმის უნივერსიტეტი „მწვანე კონცხი“, რომელსაც საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის 1995 წლის 17 ოქტომბრის N2 კრების ოქმით, საკუთრებაში, უსასყიდლოდ გადაეცა ქ. ბათუმში, ჯა----–---–-ს ქ. N3 ა-ში მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები ფართით 1143.86 კვმ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული შპს „ბა------------------------–------------------ „მწვანე კონცხი“ არ წარმოადგენს შპს „ბათუმის უნივერსიტეტის „მწვანე კონცხის“ უფლებამონაცვლეს. 1996 წლის 1 სექტემბრის შემდეგ ბათუმის უნივერსიტეტი „მწვანე კონცხი“ ითვლება ლიკვიდირებულად და შეწყვეტილია მისი უფლებაუნარიანობა.
1996 წლის 5 ივლისს დაფუძნდა შპს „ბათუმის უნივერსიტეტი „მწვანე კონცხი“ და სადავო უძრავი ქონება აღირიცხა აღნიშნული სამეწარმეო სუბიექტის სახელზე, რითაც მოსარჩელეებს უკანონოდ ჩამოართვეს საკუთრების უფლება მათ კუთვნილ წილებზე შესაბამის უძრავ ქონებაში. ამდენად, თვლიან, რომ წარმოადგენენ შპს "ბათუმის უნივერსიტეტი „მწვანე კონცხის“ ყოფილ პარტნიორებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, 1996 წლის 1 სექტემბრიდან, შპს ლიკვიდირებულად გამოცხადდა., ხოლო ლიკვიდაციის შემდეგ, სადავო ქონება უნდა გადასულიყო მისი პარტნიორების საკუთრებაში, თითოეულზე 1/18 წილის უფლებით, რასაც ითხოვენ სასარჩელო წარმოებით.
მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი და შემაფერხებელი შესაგებელი, რომლის თანახმად, მოსარჩელეებს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე არასოდეს არ ჰქონიათ. მოცემულ საქმეზე უნდა გაიმიჯნოს იურიდიული პირისა და მისი პარტნიორების სამართლებრივი სტატუსი. სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მოპასუხე ორგანიზაციის საკუთრებას, რომელმაც საკუთრების უფლება მოიპოვა სულ სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტებით. ყველა ეს დოკუმენტი ძალაშია, რეგისტრაცია კანონიერია.
მოპასუხეები უთითებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაზე, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ (28/10/98წ.) და „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონებზე, რომელთა საფუძველზედაც მოცემულ უძრავ ქონებაზე მოპოვებული იქნა, მოპასუხე იურიდიული პირის მიერ, საკუთრების უფლება.
მოპასუხეები, განმარტავენ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. აღნიშნულის დასადასტურებლად უთითებენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (2006 წლის 31 მარტის მდგომარეობით მოქმედი რედაქციით) მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე და თვლიან, რომ პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა ხუთ წელს მათი წარმოებიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი, განსაზღვრული იყო 2 თვიანი ვადა პარტნიორთა კრების, საერთო კრების, აგრეთვე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრებისათვის. მოსარჩელე მხარე ინფორმირებული იყო ახალი შპს-ს დაფუძნების თაობაზე და 22 წლის განმავლობაში მათ რაიმე ფორმით პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ამდენად სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეთა პოზიციით, არის ხანდაზმული.
3. ფაქტობრივიგარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1992 წლის 2 ოქტომბერს, ბათუმის აგროეკონომიკური კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, ჩამოყალიბდა შპს ბათუმის უნივერსიტეტი ”მწვანე კონცხი”, რომლის წესდებაც დამტკიცდა აჭარის მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლობაში. საზოგადოების დამფუძნებელი იყო სულ 18 პარტნიორი, მათ შორის მოსარჩელეები რე--ო ჯა----ე, ზურაბ მა------ე (წინამდებარე დავაში უფლებამონაცვლე ზურაბ მა------ე), ტა----ლ მა----–--–---–ი, შო--ა ხა------–---–ი და მა---ო მა----–--ე.
შპს „ბათუმის უნივერსიტეტმა მწვანე კონცხი“, არ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და 1996 წლის 1 იანვრიდან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოცხადდა ლიკვიდირებულად.
1996 წლის 12 ივნისს, დამფუძნებელ პარტნიორთა საერთო კრების ოქმი N1 ოქმის საფუძველზე დაფუძნდა შპს „ბა------------------------–------------------ ”მწვანე კონცხის”. 1996 წლის 5 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, მიღებული იქნა დადგენილება შპს ”მწვანე კონცხის” რეგისტრაციის შესახებ.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად (რეგისტრაციის N B15204294, 15/10/2015), იურიდიული პირის ამჟამინდელი სახელწოდებაა შპს „ბა------------------------–-----–---–----–ი“. მოპასუხეებად მითითებული ფიზიკური პირები წარმოადგენენ აღნიშნული შპს-ს დამფუძნებლებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N2-380/15) არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების რე--ო ჯა----ის, ზურაბ მა------ის, ტა----ლ მა----–--–---–ის, შო--ა ხა------–---–ის და მა---ო მა----–--ის სარჩელი, მოპასუხეების შპს ბა------------------------–------------------ს“, ამირან ტაკიძის, ბე--კ ბე----ის, ჯე--ლ გოხოძის, და--თ ბა---–---ის მიმართ, შპს „ბა------------------------–------------------ მწვანე კონცხის“, 1996 წლის 12 ივნისის, დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმის N1 ბათილად ცნობის მოთხოვნით. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ამავე გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ შპს ”ბა------------------------–------------------” (იმ პერიოდში რეგისტრირებული სახელწოდება) წარმოადგენს სხვა ახალშექმნილ საწარმოს და იგი არ წარმოადგენს მოსარჩელეთა მიერ 1992 წლის ოქტომბერში დაფუძნებული საწარმოს სამართლმემკვიდრეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს „ბათუმის უნივერსიტეტი „მწვანე კონცხის“ წესდება (ს.ფ.26-41)
- შპს „ბათუმის უნივერსიტეტი „მწვანე კონცხის“ დამფუძნებელი ხელშეკრულება (ს.ფ. 41-44)
-შპს ბა------------------------–------------------ მწვანე კონცხის პარტნიორთა საერთო კრების ოქმი N1 (ს.ფ. 47)
-დადგენილება შპს „ბა------------------------–------------------ მწვანე კონცხის“ რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ.45-46)
-სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 58-59)
-შპს „ბა------------------------–------------------ მწვანე კონცხის“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან შპს ”ბა------------------------–------------------ს” (ამჟამად შპს "ბა------------------------–-----–---–----–ი") საკუთრების უფლებას, ქ. ბათუმში, ჯა----–---–-ს ქ. N3ა-ში მდებარე 978 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 1143,89 კვმ შენობა-ნაგებობებზე. მათი განმარტებით, აღნიშნული უძრავი ქონება 1992 წელს დაფუძნებულ შპს ბათუმის უნივერსიტეტი ”მწვანე კონცხს” გადაეცა საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის 1995 წლის 17 ოქტომბრის კრების ოქმით, ბალანსიდან ბალანსზე. ამდენად, ეს გარემოება, მოსარჩელეთა მოსაზრებით, საკმარის საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ლიკვიდირებული შპს-ს ყოფილ პარტნიორებზე მოხდეს უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შპს-ში მათი წილის პროპორციულად.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2004 წლის 29 დეკემბერს. გაცემული მიწის სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად (განაცხადის რეგისტრაციის N5684), ქ. ბათუმში, ჯა----–---–-ს ქ. N3ა-ში მდებარე 978 კვმ მიწის ნაკვეთის და 1002.35 კვნ შენო-ა-ნაგებო-ების (ს/კ 0-.0-.1--0--) მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს „ბა------------------------–------------------“. უფლების დამდგენი დოკუმენტია საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის 1995 წლის 17 ოქტომბრის კრების ოქმი N2. 2006 წლის 12 სექტემბერს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის N7225), იგივე მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენ დოკუმენტებად, აღნიშნულ ოქმთან ერთად, მითითებულია ქ. ბათუმის სივრცითი მოწყობისა და ადგილობრივი სამსახურის ბრძანება N01-09/9 12/09/2006წ.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არ შედავებია მოპასუხე შპს „ბა------------------------–------------------ს“ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებს და სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული იურიდიული პირის სახელზე არსებული რეგისტრაციის მართლზომიერება სასარჩელო მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის 1995 წლის 17 ოქტომბრის კრების ოქმი (ს.ფ. 18-20)
-ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის სააღრიცხვო ბარათი (ს.ფ. 141-
- საააღრიცხვო ბარათი (ს.ფ. 145)
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.144)
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.84-85)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 ნაწილით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობა სამოქალაქო სამართალწარმოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ, დამოუკიდებლად განსაზღვროს მოთხოვნის სახე და ფარგლები. აღნიშნული პრინციპი სრულიად გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას ჩაერიოს მოსარჩელის მოთხოვნის საზღვრებში ან თავად განავითაროს სასარჩელო მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები და ყოველგვარი რისკი, რომელიც ამ ნორმის ფარგლებში გამოვლენილ ნებას შეიძლება თან სდევდეს, ნების გამომვლენს აწევს (სუსგ №ას-1023-2018 30/11/18 წ.).
აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი განსაზღვრავს იმ ფარგლებს, რომელსაც არ უნდა გასცდეს სასამართლო, გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნას ვერც შეცვლის და ვერც ტრანფორმირებას მოახდენს. სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით მოსამართლეს შეუძლია მხოლოდ მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელეები ითხოვენ ქ. ბათუმში, ჯა----–---–-ს ქ. N3-ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 0-.0-.1--0--, 1/18 წილის მესაკუთრედ ცნობას.
სასამართლო იზიარებს მხარეთა პოზიციას საკუთრების შეძენის, მისი განკარგვისა და მემკვიდრეობით მიღების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლების შესახებ, რაზედაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არაორაზროვნად მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლში ასახული პოზიტიური ვალდებულება მოითხოვს საკუთრების უფლების დასაცავად კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, ფიზიკურ პირებსა თუ კომპანიებს შორის სამართალწარმოების შემცველ საქმეებთან მიმართებითაც კი. ეს კი კონკრეტულად იმას გულისხმობს, რომ „სახელმწიფოები ვალდებული არიან უზრუნველყონ სასამართლო პროცედურები, რომლებიც სთავაზობს აუცილებელ პროცედურულ გარანტიებს და, შესაბამისად, შესაძლებელს ხდის ეროვნული სასამართლოებისთვისა და ტრიბუნალებისთვის, კერძო პირებს შორის ნებისმიერ დავაზე აწარმოონ სამართალწარმოება ეფექტიანად და სამართლიანად“ (სოვტრანსავტო ჰოლდინგი უკრაინის წინააღმდეგ Sovtransavto Holding v. Ukraine, No. 48553/99, 25.9.02. 96).
ამავე დროს განმარტავს, რომ საკუთრების უფლებაში შეცილება, უფლებადამდგენი დოკუმენტის შეცილებით უნდა მოხდეს. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს, რომლის თანახმად რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
მოსარჩელეთა პოზიცია, მათი სასარჩელო მოთხოვნა, დამყარებულია იმ არგუმენტზე, რომ საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის 1995 წლის 17 ოქტომბრის კრების ოქმით N2, შპს „ბათუმის უნივერსიტეტ „მწვანე კონცხს“ ბალანსზე გადაეცა სადავო უძრავი ქონება. 1996 წლის 1 სექტემბრიდან შპს ლიკვიდირებულია, ხოლო ყოფილ პარტნიორებს უნდა განაწილებოდათ ის ქონება, რომელიც ლიკვიდაციამდე წარმოადგენდა შპს-ს საკუთრებას. ამდენად, ისინი, როგორ ლიკვიდირებული შპს-ს ყოფილი პარტნიორები, ითხოვენ უძრავი ქონების მათ საკუთრებაში აღრიცხვას, თითოეულზე 1/18 წილის უფლებით.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ სასარჩელო სამართალწარმოების გზით ერთი სუბიექტიდან, მეორეს საკუთრებაში გადავიდეს ქონება, პირველ რიგში შედავებული უნდა იქნეს ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც მოხდა სადავო ქონების მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვა. აღნიშნული კი, პირველ რიგში გულისხმობს, სასარჩელო მოთხოვნის იმგვარ ფორმულირებას, რომელსაც მოჰყვება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება. სწორედ, ამის შემდეგ არის შესაძლებელი სასამართლომ ცნოს სადავო ქონებაზე მოდავე მხარის საკუთრების უფლება.
მიკუთვნებითი სარჩელის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, შედეგი დგება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სადავო ჩანაწერის შეცილება, შესაბამისი ფაქტობრივი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების მითითების გზით, რასაც მოჰყვება სადავო რეგისტრაციის გაუქმება და მხარისათვის სადავო ქონების მიკუთვნება. მოსარჩელე უთითებს, რომ საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე არამართლზომიერად ჩამოართვეს, თუმცა, საცილოდ არ ხდის მოპასუხე იურიდიული პირის საკუთრების უფლებას მითითებულ ქონებაზე. საკუთრების უფლების მიკუთვნება, სადავო ჩანაწერის უზუსტობის დამტკიცების გარეშე, კი, შეუძლებელია და ეწინააღმდეგება საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო ქონებაზე მოპასუხე იურიდიული პირის რეგისტრირებული საკუთრების უფლების შენარჩუნების პირობებში, სასამართლო ვერ განიხილავს სადავო ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების რეგისტრაციის შესაძლებლობას.
აღნიშნული ხარვეზის შესახებ მხარეს განემარტა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის განჩინებით, რომელიც ძალაში დარჩა ზემდგომი ინსტანციის მიერ, ხოლო შემდგომში - საქმის ზეპირი განხილვის მიმდინარეობისას. თუმცა, მათ მიერ სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებული არ იქნა.
6.4. სამართლებრივად გაუმართავია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ფიზიკური პირების მიმართაც. არც ერთი მათგანი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, გაუგებარია მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები, მოცემულ საქმეში, წარმოადგენენ არასათანადო მოპასუხეებს და მათ ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1992 წლის ოქტომბერში, ბათუმის აგროეკონომიკური კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, ჩამოყალიბდა შპს ბათუმის უნივერსიტეტი ”მწვანე კონცხი”, რომლის წესდებაც დამტკიცდა აჭარის მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლობაში 1992 წლის 2 ოქტომბერს. საზოგადოების დამფუძნებელი იყო სულ 18 პარტნიორი, მათ შორის მოსარჩელეები. ასევე, დადგენილია, რომ 1992 წელს რეგისტრირებულმა შპს-მ არ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და იგი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცხადდა ლიკვიდირებულად. ლიკვიდაციის შემდგომ პერიოდში საზოგადოების ქონების განაწილების შესახებ, პარტნიორებს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გამართულობის პირობებშიც დავა არ არის სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტიული. მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, შედიოდა თუ არა ლიკვიდირებული შპს-ს ქონებრივ აქტივში სადავო ქონება და მოახდინეს თუ არა ლიკვიდაციის დროს შპს-ს აქტივების კანონით დადგენილი წესით განაწილება ყოფილმა პარტნიორებმა.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათი საკუთრების უფლება წარმოდგება ლიკვიდირებული შპს-ს საკუთრების უფლებიდან. კერძოდ, საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის 1995 წლის 17 ოქტომბრის N2 კრების ოქმით 1992 წლის 2 ოქტომბერს დაფუძნებული შპს „ბათუმის უნივერსიტეტი“მწვანე კონცხს“ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა სადავო ქონება, ხოლო შპს-ს ლიკვიდაციის შემდეგ ქონება ყოფილ პარტნიორებს უნდა განაწილებოდათ. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძვლად ისინი უთითებენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14.3 მუხლზე (1996 წლის 13 ივნისის რედაქციით), რომლის თანახმად, ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება, ვალების დაფარვის შემდეგ, ნაწილდება პარტნიორებს შორის, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესს არ ითვალისწინებს, მათ მიერ გაღებული თანხებისა და მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად. განაწილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ. ეს ვადა იანგარიშება იმ დღიდან, როცა მოვალეები მესამედ იქნენ პუბლიკაციის მეშვეობით გამოძახებული. განაწილება შეიძლება მოახდინოს სასამართლომ ერთი წლის ვადის გასვლამდეც, თუკი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეს საფრთხეს არ უქმნის კრედიტორებს.
დადგენილია, რომ 1992 წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებული შპს „ბათუმის უნივერსიტეტი მწვანე კონცხი“ ლიკვიდირებული იქნა 1996 წლის 1 იანვრიდან. ლიკვიდაციის სამართლებრივი საფუძველი გახდა საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება, რომლის საფუძველზე ლიკვიდირებულად გამოცხადდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები, რომლებმაც 1996 წლის 1 იანვრამდე არ გაიარეს რეგისტრაცია.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა 1995 წლის ოქტომბერში არ წარმოშობდა იურიდიული პირის საკუთრების უფლებას მიწაზე, ვინაიდან, არასასოფლო-სამეურნეო მიწა არ წარმოადგენდა საკუთრების საგანს. აღნიშნული ოქმი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველი. თუმცა, სამოქალაქო კოდექსის (ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბერს), „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ამოქმედდა 1996 წლის 14 ნოემბერს) და „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის (ამოქმედდა 1998 წლის 20 ნოემბერს), ამოქმედების დროისთვის, რითაც განისაზღვრა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის საკუთრებად გამოცხადებისა და რეგისტრაციის წესი, შპს „ბა------------------------–------------------ მწვანე კონცხი“ უკვე ლიკვიდირებული იყო, უფლებამონაცვლის გარეშე. ამავე დროს, ლიკვიდირებული საზოგადოების პარტნიორებს არ მიუღიათ გადაწყვეტილება შპს-ს ქონების განაწილების შესახებ, რაც გათვალისწინებული იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14.3 მუხლით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ემუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რე--ო ჯა----ის, ტა----ლ მა----–--–---–ის, შო--ა ხიზანიშვილის, კო-ა მა------ის და მა---ო მა----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე