გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210018002692261
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/31140-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე შპს „ყა-------------------–--ი“

წარმომადგენელი გივი ღვინიაშვილი

მოპასუხე შპს „ჯო-------------------------------ი“

წარმომადგენელი მზია პატარაშვილი

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.შპს „ჯო-------------------------------ს“, შპს „ყა-------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 569.30 ლარის ანაზღაურება;

 

სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 24 ივნისს ქ. თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მოპასუხე აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი გაზსადენი. კომპანიამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა დაზიანების ფაქტი. კომპანიის სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 299.84 ლარი.

 

2016 წლის 10 აგვისტოს ქ. თბილისში, საჯაიას ქუჩაზე მოპასუხე აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი გასზადენი. კომპანიამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი სიმონ კანდელაკი, რომელმაც მომხდარი ფაქტი დაადასტურა. კომპანიის სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 216.39 ლარი.

 

2016 წლის 12 აგვისტოს ქ. თბილისში, გაგარინის მოედანზე მოპასუხე აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი გასზადენი. კომპანიამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. დაზიანების ადგილას იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ალეკო ბოჭორიშვილი, რომელმაც დაზიანება დაადასტურა. კომპანიის სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 53.07 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის 569.30 ლარის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2016 წლის 24 ივნისს ქ. თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მოპასუხეს სამუშაოების წარმოებისას დაუზიანდა კუთვნილი გაზსადენი, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. რაც შეეხება სარჩელზე თანდართულ საავარიო სამსახურში შესულ განცხადებას, აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შპს „ლისი ფო“ თანახმაა ზარალის ანაზღაურებაზე, რაც დასტურდება სათანადო პირის ხელმოწერით. განცხადებაში დაფიქსირებული პირები არ წარმოადგენენ მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებს. შესაბამისად შპს ჯო-------------------------------ის მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი მილის დაზიანების ფაქტი არ დასტურდება. მოპასუხე დამატებით მიუთითებს, რომ შპს ყაზტრანსგაზ თბილისის მიერ დასახელებული ხარჯთაღრიცხვები არარეალისტურია და სასამართლომ მათი შინაარსი არ უნდა გაიზიაროს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დასკვნა ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. მოსარჩელის კუთვნილი მილის დაზიანება გამოწვეული არ არის მოპასუხის ბრალეული ქმედებით და არ არსებობს მოპასუხისთვის ზიანის დაკისრების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 10 აგვისტოს ქ. თბილისში, საჯაიას ქუჩაზე შპს „ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს, რის შედეგადაც მძიმე ტექნიკის მიერ დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი გასზადენი. აქვე ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობას ესწრებოდა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი სიმონ კანდელაკი, რომელიც ხელს აწერს საავარიო სამსახურის განაცხადს მოსარჩელის ქონების დაზიანების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (ს.ფ 28)

- შპს „ყა-------------------–--ის“ წერილი (ს.ფ 31)

3.1.2. 2016 წლის 12 აგვისტოს ქ. თბილისში, გაგარინის მოედანზე შპს „ჯო-------------------------------ი“ აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა პოლიეთილენის მილი. სამუშაოების მიმდინარეობას ესწრებოდა მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელი ალეკო ბოჭორიშვილი, რომელიც ხელს აწერს შპს ყაზტრანსგაზ თბილისის საავარიო სამსახურში შესულ განაცხადს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (ს.ფ 32)

- შპს „ყა-------------------–--ის“ წერილი (ს.ფ 35)

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 10 აგვისტოს თბილისში, საჯაიას ქუჩაზე და 2016 წლის 12 აგვისტოს თბილისში, გაგარინის მოედანზე შპს „ჯო-------------------------------ის“ მიერ ჩატარებული მიწის გათხრითი სამუშაოების დროს დაზიანდა შპს „ყა-------------------–--ის“ მიწისქვეშა გასზადენები, რის შედეგადაც მიყენებული ზიანის ოდენობა ჯამში შეადგენს 269.46 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ შპს „ჯო-------------------------------ის“ მიერ ჩატარებული მიწის გათხრითი სამუშაოების დროს დაზიანდა შპს „ყა-------------------–--ის“ მიწისქვეშა გაზსადენები, წარმოდგენილი აქვს შპს „ყა-------------------–--ის“ საავარიო სამსახურში შესული განაცხადებები, დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვები და შპს „ყა-------------------–--ის“ ბუღალტერიის მიერ შედგენილი ანგარიშ-ფაქტურები.

 

2016 წლის 10 აგვისტოს შედგენილი აქტის საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული გათხრითი სამუშაობის ჩატარების დროს დაზიანდა გაზსადენი, რომელიც გატეხილია ორ ადგილას. წინამდებარე აქტიდან ირკვევა, რომ სამუშაოთა მიმდინარეობას ესწრებოდა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი სიმონ კანდელაკი, რომელმაც აქტზე ხელმოწერით დაადასტურა გასზადენის დაზიანების ფაქტი. ანალოგიური შემთხვევა განმეორდა 2016 წლის 12 აგვისტოს თბილისში, გაგარინის მოედანზე მოპასუხის მიერ ჩატარებული მიწისქვეშა გათხრითი სამუშაოების დროს. ამავე შემთხვეაში შპს ყაზტრანსგაზ თბილისის ქონების დაზიანების ფაქტს ადასტურებს შპს ჯო-------------------------------ის თანამშრომელი ალეკო ბოჭორიშვილი, რომელმაც სათანადო აქტზე ხელმოწერით დაადასტურა ზიანის ფაქტი და თანხმობა განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა დაზიანებული ქსელები აღადგინა, რომელთა აღდგენის ღირებულება შეადგენს 269.46 ლარს.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ დაზიანება მოპასუხის ბრალით არ იყო გამოწვეული. ასევე, არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ზიანის ოდენობას, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტების გარდა საქმეში სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

არსებული მტკიცებულებების შინაარსზე დაყრდნობით სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის ქონების დაზიანება გამოწვეულია მოპასუხე დაწესებულების მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, ვინაიდან შპს ჯო-------------------------------ის წარმომადგენლებმა ვერ უზრუნველყვეს სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარება, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის გაზსადენების დაზიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (იხ. ს.ფ. 28; 32)

- მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 29; 33)

- ანგარიშ-ფაქტურა (იხ. ს.ფ. 30; 34)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.2.2. მოსარჩელემ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა 2016 წლის 24 ივნისს თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2016 წლის 24 ივნისს მოსარჩელე კომპანიის მიერ შედგენილი აქტის შინაარსზე, რომლის მიხედვით თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე სამუშაოებს აწარმოებდა „წყალკანალი“ შპს „ლისი ფოს“ დაკვეთით, რა დროსაც დაზიანდა საშუალო წნევის დ75მმ პლასტმასის მილი. შედეგად, გაზის მომარაგება შეუწყდა მიმდინარე კორპუსებს. შპს „ლისი ფო“ თანახმაა ზარალის ანაზღაურებაზე, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის მიერ შედგენილ აქტებს, სადაც მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლები გასზადენის მილების დაზიანების ფაქტს ადასტურებენ აქტზე ხელმოწერით.

 

აღნიშნულისგან განსხვავებული შინაარსისაა 2016 წლის 24 ივნისს შედგენილი საავარიო სამსახურში შესული განაცხადი ვინაიდან არ დასტურდება, რომ დასახელებულ დოკუმენტზე ასახულია შპს ჯო-------------------------------ის წარმომადგენლის ხელმოწერა.

 

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს არ მიაჩნია დადასტურებულად, რომ 2016 წლის 24 ივნისს თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოსარჩელის კუთვნილი გაზსადენის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (ს.ფ 24; 28; 32)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ყა-------------------–--ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 992-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული 992-ე მუხლი განაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის ქონების დაზიანება გამოწვეულია შპს ჯო-------------------------------ის მოქმედებით, რომელმაც საკუთარი მოვალეობის საწინააღმდეგოდ, რომელმაც 2016 წლის 10 და 12 აგვისტოს მიწისქვეშა გათხრითი სამუშაოების დროს ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოდ ჩატარება, რამაც გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი გასზადენების დაზიანება.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელე შპს „ყა-------------------–--ს“ მიადგა ზიანი. საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, კი ზიანის ოდენობა შეადგენს - 269.46 ლარს. მოსარჩელემ საკუთარი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულებების საფუძველზე ვერ იქნა შედავებული მოპასუხის მიერ, შესაბამისად შპს ,,ყა-------------------–--ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 269.46 ლარის გადახდა.

 

რაც შეეხება 2016 წლის 24 ივნისს. თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს, ეს გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოპასუხისთვის ზიანის სახით 299.84 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი პროპორციის თანხა - 23.67 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ყა-------------------–--ის’’ სასარჩელო მოთხოვნა შპს „ჯო-------------------------------ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1 მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ს’’ შპს ,,ყა-------------------–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს - 269.46 ლარის გადახდა.

 

1.2 შპს ,,ყა-------------------–--ის’’ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 299.84 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე შპს ,,ჯო-------------------------------ს’’ შპს ,,ყა-------------------–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 23.67 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე