გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2019
საქმის ნომერი
080210017001795581
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/311-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.01.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - თ----- ტყ-–--–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ----ა ჩ--------

მოპასუხე - ბ--- თე-------–---–ი

დაინტერესებული პირი - სსიპ----–---–------------------------------------------------------------------------------------------–---–-----------------------–------ი

წარმომადგენელი - ნათია ბ----------

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. (დაზუსტებული) სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.მოპასუხე ბ--- თე-------–---–ს ნაწილობრივ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება 2012 წლის 1-------- დაბადებული ბა------ე თე-------–---–ის მიმართ, იმ ნაწილში, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ბავშვის პასპორტის დამზადება და საზღვარზე მისი გაყვანა მოხდეს მოპასუხის თანხმობის გარეშე.

 

სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე მხარესთან იქორწინა 2013 წელს. 2012 წლის 1-------- შეეძინა შვილი ბა------ე თე-------–---–ი. განქორწინება მოხდა 2015 წლის მარტის თვეში. მოსარჩელე ამ ეტაპზე ცხოვრობდა მისი მშობლების ბინაში, მოპასუხეს ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1--------–-- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაეკისრა ალიმენტის გადახდა მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ 120 ლარის ოდენობით. მას არასდროს უზრუნია ოჯახზე და შვილზე, არის ალკოჰოლდამოკიდებული, აზარტული თამაშებით გატაცებული, საერთოდ ერთხელაც არ უკითხავს ბავშვის ჯანმრთელობის, ან რაიმე საჭიროებების შესახებ. სასამართლოშიც არასოდეს გამოცხადებულა და სრულ იგნორირებას უკეთებდა გაზავნილებს სასამართლოდან.

ალიმენტის თანხა ერთი არ დაურიცხავს. საალიმენტო დავალიანება 2.953.00 ლარს შეადგენს. მოსარჩელეს უჭირს შვილის აღზრდა, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს ისეთ გარემოში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისა და აღზრდისათვის. მოსარჩელემ გადაწყვიტა მცირე დროით გაემგზავროს თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ჰყავს ნათესავები და ოჯახის წევრები, თანხასაც გამოიმუშავებს მისი შველის სრულფასოვნად სარჩენად და ბავშვიც, გვერდით ეყოლება იმედიანად, რადგან ის ჯერ პატრაა და დედის გარეშე დიდხანს ვერ დარჩება ბებია, ბაბუსთან. მოსარჩელე განმარტავს, შვილი არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ მისი არსებობით მამა არ ინტერესდება. მოსარჩელემ მოპასუხე ვერ მოიძია, რომ თანხმობა განაცხადოს ბავშვის საზღვარზე გაყვანის ნაწილში, რამაც მოსარჩელე იძულებული გახადა მიემართა სასამართლოსთვის მისი შვილის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ბ--- თე-------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლომ საჯარო შეტყობინების მეშვეობით აცნობა სარჩელის შესახებ.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელე - თ----- ტყ-–--–-–---–ი მოპასუხესთან განქორწინებულია. ქორწინება შედგა 2013 წელს, ხოლო განქორწინება 2015 წელს; ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1--------–-- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ--- თე-------–---–ს ალიმენტის სახით მისი შვილის სარჩოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა.

მტკიცებულება:

- სარჩელი. ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1--------–-- დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

3.1.2.მოსარჩელე - თ----- ტყ-–--–-–---–ი ადასტურებს, რომ მოპასუხე სრულ იგნორიებას უკეთებს ყველა იმ საკითხს, რაც დაკავშირებულია მის შვილთან;

მტკიცებულებებს:

- დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

- მოწმეთა ჩვენებები;

 

3.1.3. მოსარჩელე - თ----- ტყ-–--–-–---–ი ადასტურებს იმას, რომ მოპასუხე არ იხდის სასამართლოს მიერ დანიშნულ ალიმენტს.

მტკიცებულება:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა;

- სააღსრულებლო ფურცლის ასლი;

 

3.1.4.დაინტერესებული პირის- სოციალური მომსახურების განყოფილების წარმომადგენელმა - ნ----- ბ----------მ განმარტა, რომ მოსარჩელეს უნდა მიეცეს უფლება შვილი წაიყვანოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რადგან მამა, მოპასუხე ბ--- თე-------–---–ი არ ზრუნავს შვილზე.

მტკიცებულება: დაინტერესებული პირის- სოციალური მომსახურების განყოფილების წარმომადგენელის - ნ----- ბ---------ის განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ----- ტყ-–--–-–---–ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს - ბ--- თე-------–---–ს ნაწილობრივ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება 2012 წლის 1-------- დაბადებული ბა------ე თე-------–---–ის მიმართ, იმ ნაწილში, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ბავშვის პასპორტის დამზადება და საზღვარზე მისი გაყვანა მოხდეს ბ--- თე-------–---–ის თანხმობის გარეშე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1205-ე მუხლებით, ასევე „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლით და „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება; მშობლებს უფლება აქვს განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა; მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას; მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება; ამავე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგნელები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში;

 

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი : ა) რომელიც არის ობოლი; ბ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; გ) რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა (შეეზღუდათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები.

 

6.2. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბავშვი, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს, ანდა, მისივე ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დარჩეს ასეთ გარემოში, უფლება აქვს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობითა და დახმარებით სარგებლობდეს. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვის მიმართ მზრუნველობის ფორმის შეცვლას. ასეთი მზრუნველობა შეიძლება მოიცავდეს, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემას, შვილად აყვანას ან აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვთა მოვლა-პატრონობისათვის მოწოდებულ შესაბამის დაწესებულებაში მის მოთავსებას.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, თუ ადმინისტრაციული ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1--------–-- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაეკისრა ალიმენტის გადახდა მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ 120 ლარის ოდენობით.

მოპასუხე ვალდებულებას არ ასრულებს. ბავშვი ცხოვრობს დედასთან, რომელიც ზრუნავს მის აღზრდა - განვითარებაზე. სურს ბავშვი წაიყვანოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რადგან თვითონ მუშაობს საზღვარგარეთ და ბავშვს უმეთვალყურეოდ ვერ დატოვებს დიდხანს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მოსარჩელეს არანაირ დახმარებას არ უწევს შვილის აღზრდის საკითხში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თ----- ტყ-–--–-–---–ს ნება უნდა მიეცეს შვილი მამის თანხმობის გარეშე ამყოფოს თავისთან, წაიყვანოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და იზრუნოს მის აღზრდა-განვითარებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის შესაბამისად მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს თ----- ტყ-–--–-–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კერძოდ, ბ--- თევდორაშვილს ნაწილობრივ უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება 2012 წლის 1-------- დაბადებული ბა------ე თე-------–---–ის მიმართ, იმ ნაწილში, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ბავშვის პასპორტის დამზადება და საზღვარზე მისი გაყვანა მოხდეს მოპასუხის თანხმობის გარეშე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგანაც გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ.

 

მოსარჩელემ სახ. ბაჟს სახით გადაიხადა 100 ლარი, რომელიც მოპასუხე - ბ--- თე-------–---–ს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს თ----- ტყ-–--–-–---–ის სარჩელი.

 

1.1. მოპასუხე - ბ--- თე-------–---–ს ნაწილობრივ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება 2012 წლის 1-------- დაბადებული ბა------ე თე-------–---–ის (პ/ნ 6----------) მიმართ, იმ ნაწილში, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ბავშვის პასპორტის დამზადება და საზღვარზე მისი გაყვანა მოხდეს ბ--- თე-------–---–ის თანხმობის გარეშე;

 

2. მოპასუხეს - ბ--- თე-------–---–ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე