გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №3/4316-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - მ------------–---–-
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - ვ--–---------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 14 ივლისის №1---- ბრძანება ,,მ------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 14 ივლისის №1---- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისში, ს-----------------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2011 წლის 11 მარტიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 36916.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 01.19.33.019.133).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 09.11.2016 (ს.ფ. 122-123).
3.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ------------–---–-ს მიმართ 2016 წლის 30 ნოემბერს შედგენილ იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ს-----------------ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და ღობე. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, მ--- პ-------–---–ს დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟის განხორციელება, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის მითითება №0----- (ს.ფ. 120-121).
3.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 08 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ მ------------–---–-ს მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 30 ნოემბრის №0----- მითითების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 08 დეკემბრის შემოწმების აქტი №0----- (ს.ფ. 98-99).
3.1.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 02 თებერვალს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად მ------------–---–- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ს-----------------ი, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობებისა და ღობის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით მ--- პ-------–---–ს დაევალა ქ. თბილისში, ს-----------------ი, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობებისა და ღობის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ს.ფ. 102-104).
3.1.5. 2017 წლის 16 თებერვალს მ--- პ-------–---–მა №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 14 ივლისის №1----- ბრძანებით მ------------–---–-სს 2017 წლის 16 თებერვლის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №0----- დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ------------–---–-სს 2017 წლის 16 თებერვლის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 82-89);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 14 ივლისის №1---- ბრძანება ,,მ------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (ს.ფ. 74-81).
3.1.6. სასამარტლო დადგენილად მიიცნევს, რომ მ------------–---–-ს მიერ მსუბუქი კონსტრუქციის შენობა და ღობე აღებული იქნა 2018 წლის 5 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენება;
- ფოტოსურათი (ს.ფ. 101)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ------------–---–-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს, აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ იგი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, მატერიალური კანონიერება კი დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მ------------–---–-ს მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №0----- დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 14 ივლისის №1---- ბრძანების ბათილად ცნობა, რომელთა კანონიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იქნა თუ არა აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი კი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ------------–---–-ს მიმართ 2016 წლის 30 ნოემბერს შედგენილ იქნა მითითება №0-----, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ს-----------------ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და ღობე, ხოლო 2016 წლის 08 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ მ------------–---–-ს მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 30 ნოემბრის №0----- მითითების პირობები.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა სხდომა, სადაც მ--- პ-------–---–მა არ უარყო მის მიერ ს-----------------ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობისა და ღობის განთავსების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ არის მარტოხელა დედა და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს სოციალური დახმარების იმედად, 2009 წლიდან ითხოვს თავშესაფარს და არის გაუსაძლის მდგომარეობაში (იხ. 24.01.2017 წლის ოქმი №0-----, ს.ფ. 118).
აღიშნული პოზიცია მოსარჩელე მხარემ ასევე დააფიქსირა სასამართლო სხდომაზეც და დამატებით განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში საკითხის განხილვისას სხდომაზე სამსახურმა მისცა დაპირება, რომ თუ ის 2017 წლის 08 თებერვლამდე მოახდენდა ქ. თბილისში, ს-----------------ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების დემონტაჟს, აღარ დაჯარიმდებოდა. აღნიშული დაპირების შესაბამისად, მოსარჩელემ, 2017 წლის 05 თებერვალს მოახდინა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების დემონტაჟი, თუმცა მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 02 თებერვალს ისე იქნა მიღებული დადგენილება მისი დაჯარიმების შესახებ, რომ არც დაპირებული ვადის გასვლას დაელოდა და არც ობიექტის შემოწმება განუხორციელებია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ საქმის განხილვის ვადის გაგრძელება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს არა ვალდებულებას, არამედ უფლებამოსილებას. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, ხოლო მ------------–---–-ს მიერ დემონტაჟი განხორციელდა დადგენილების მიღების შემდგომ, არ არსებობდა დადგენილების გაუქმების საფუძველი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის №ბს-785-771 (კ-14) განჩინებაზე, სადაც პალატამ განმარტა, რომ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უპირველეს ყოვლისა არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. დარღვევის გამოსწორება, სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოება - იწვევს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყეტას (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 და მე-11 ნაწილები)’’.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მითითება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელს განესაზღვრება დამატებითი გონივრული ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მ------------–---–-სათვის 2016 წლის 30 ნოემბრის მითითებით დემონტაჟისათვის განსაზღვრული 7 დღიანი ვადა არაგონივრულია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არის უკიდურესად გაჭირვებული, მარტოხელა 4 შვილის დედა, 2009 წლიდან ითხოვს საცხოვრებლით უზრუნველყოფას და აღნიშნული გარემოებები მოპასუხისათვის ცნობილია, დემონტაჟის გახორციელება კი დაკავშირებული იყო, როგორც დიდ ხარჯებთან, ისე დროსთან. ამასთან, სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად მითითებით მიცემული არაგონივრული ვადის მიუხედავად, მოსარჩელეს არ განესაზღვრა დამატებითი გონივრული ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად, რის უფლებასაც კანონი იძლევა.
რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მ------------–---–-ს მიერ დემონტაჟი განხორციელდა დადგენილების მიღების შემდგომ და არ არსებობდა საფუძველი დადგენილი 2 თვიანი ვადის გაგრძელებისა, სასამართლოს მიერ ვერც აღნიშნული პოზიცია იქნება გაზიარებული, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, მ--- პ-------–---–მა, 2017 წლის 24 იანვარს სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გამართულ სხდომაზე მიიღო დაპირება, რომ თუ ის 2017 წლის 08 თებერვლამდე მოახდენდა ქ. თბილისში, ს-----------------ში, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების დემონტაჟს, აღარ დაჯარიმდებოდა, რასაც ასევე ადასტურებენ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირებიც (იხ. 12.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი). მართალია, აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, თუმცა ის გარემოება, რომ მძიმე ეკონომიური პირობების და საცხოვრებელი სახლის არქონის მიუხედავად, მან 5 (ხუთ0 თებერვალს მოახდინა განთავსებული კონსტრუქციის დემონტაჟი (რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებით და საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით, რაც ასევე სადავო არ გაუხდია მოპასუხეს), მოწმობს იმას, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული განმარტების ფარგლებში შეასრულა მითითება და განახორციელა დემონტაჟი შემოწმების აქტის გამოცემიდან 2 თვის გასვლამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა არ გამოიკვლია და არ შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სრულყოფილად, რა დროსაც დადგენილების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება უნდა ჩატარებულიყო ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით. მოცემულ შემთხვევაში კი, ნაცვლად აღნიშნულისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მიიჩნია, რომ მ------------–---–-ს მხრიდან ადგილი ქონდა კანონით დადგენილი წესების იგნორირებას და მოსარჩელე ისე დააჯარიმა სამართალდარღვევისათვის, რომ არც მისი მდგომარეობა გაითვალისწინა, არც გონივრული ვადა განუსაზღვრა მითითებით და არც ზეპირი მოსმენის დროს მიცემული დაპირება შეასრულა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.4. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 14 ივლისის №1---- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მ--- პ-------–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 14 ივლისის №1---- ბრძანება ,,მ------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე.
ამასთან, მართალია სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №0----- დადგენილება არის უკანონო.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 თებერვლის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“.
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 14 ივლისის №1---- ბრძანება ,,მ------------–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“.
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი