გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
190210018002668884
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2705-18

(საქმე N190210018002668884)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - ს----------–----–---------------------------ო

წარმომადგენელი - დ----- ტ-------, თ-------- ფ-----------

 

მოპასუხე - შპს ,, ე---------’’

წარმომადგენელი - ა-–---------- ა-–----, გ-------– ა-–----

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე შპს ,,ე---------’’-ს (ს.კ:4--------) დაეკისროს ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 2152,63 (ორი ათას ას ორმოცდათორმეტი ლარი და 63 თეთრი) ლარის ოდენობით.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ ს----------–----–---------------------------ოსა და შპს ,,ე---------’’-ს შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N718 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიეწოდებინა სხვადასხვა საკვები პროდუქტები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, არაუგვიანეს 2017 წლის 23 ოქტომბრისა.

მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3,1 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ : ქ. რუსთავში, საკვები პროდუქტები, ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 12 დეკემბერს, ორმოცდაათი კალენდარული დღის დაგვიანებით, ქ. ახალციხეში, საკვები პროდუქტები ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა,მიწოდებულ იქნა 2017 წლის 03 ნოემბერს,თერთმეტი კალენდარული დღის დაგვიანებით, ციხისჯვრის ბაზაზე, საკვები პროდუქტები ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა მიწოდებულ იქნა 2017 წლის 03 ნოემბერს, თერთმეტი კალენდარული დღის დაგვიანებით. წალკის ბაზაზე, საკვები პროდუქტები ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 04 ნოემბერს, თორმეტი კალენდარული დღის დაგვიანებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხე მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო თანხის - 1 423,70ლარის 1,8%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 2152,63 (ორი ათას ას ორმოცდათორმეტი ლარი და 63 თეთრი) ლარს (1423,70 *1,8% * (50+11+11+12) მოპასუხის მიერ ამ დრომდე არ მომხდარა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - შპს ,,ე---------’’-ის წარმომადგენელმა, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის პროდუქტის მიწოდების ვადის დარღვევა მოხდა მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ს----------–----–---------------------------ოსა და შპს ,,ე---------’’-ს შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N718 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიეწოდებინა სხვადასხვა საკვები პროდუქტები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, არაუგვიანეს 2017 ელის 23 ოქტომბრისა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N718 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ს.ფ. 20-25.

 

3.1.2. მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ: ქ. რუსთავში, საკვები პროდუქტები, ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 12 დეკემბერს, ორმოცდაათი კალენდარული დღის დაგვიანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N718 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ს.ფ. 20-25.

- 2017 წლის 12 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 27

- სასაქონლო ზედნადები N0347807857, ს.ფ. 28.

 

3.1.3 მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა,კერძოდ ქ. ახალციხეში, საკვები პროდუქტები ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 03 ნოემბერს, თერთმეტი კალენდარული დღის დაგვიანებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N718 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ს.ფ. 20-25..

- 2017 წლის 03 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 29.

- სასაქონლო ზედნადები N0340104516, ს.ფ. 30.

 

3.1.4. მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა,კერძოდ საკვები პროდუქტები ციხისჯვრის ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 03 ნოემბერს,თერთმეტი კალენდარული დღის დაგვიანებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N718 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ს.ფ. 20-25..

- 2017 წლის 03 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ.31.

- სასაქონლო ზედნადები N0340103715, ს.ფ. 32

 

3.1.5. მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. კერძოდ, საკვები პროდუქტები წალკის ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა,მიწოდებულ იქნა 2017 წლის 04 ნოემბერს, თორმეტი კალენდარული დღის დაგვიანებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- N718 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ს.ფ. 20-25.

- 2017 წლის 04 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 33.

- სასაქონლო ზედნადები N0340345841, ს.ფ.34.

 

3.1.6. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხე მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო თანხის - 1 423,70ლარის 1,8%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 2152,63 (ორი ათას ას ორმოცდათორმეტი ლარი და 63 თეთრი) ლარს (1423,70 *1,8% * (50+11+11+12)) მოპასუხის მიერ ამ დრომდე არ მო0მხდარა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შსს-ს ჯარიმის წერილი N56075, ს.ფ. 35-36.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მართალია მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს გადახდას, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი, მათ მიიჩნიეს, რომ პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროთ, რადგან პროდუქტის მიწოდების ვადის დარღვევა მოხდა მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს საკვები პროდუქტები უნდა მიეწოდებინა ობიექტებზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, არაუგვიანეს 2017 წლის 23 ოქტომბრისა, ხელშეკრულება ითვალისწინებს გამარტივებულ შესყიდვას (ხელშეკრულება არ დადებულა ტენდერის შედეგად) და მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ პროდუქტების მიწოდება მოხდებოდა ლაბორატორიული შემოწმების და ანალიზის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, 5 სამუშაო დღეში მიწოდების პირობას არ დათანხმდებოდნენ, რადგან ანალიზის ჩატარებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება და თავიდანვე ცხადი იყო, რომ დასკვნის მიღება და პროდუქტების მიწოდება ამ ვადაში ვერ მოხდებოდა.

 

მოპასუხის პოზიციას ადასტურებს შპს „ეტალონი“-ის დირექტორის თ. ფილიშვილის მიერ 15.11. 2018 წ. #104 ცნობა, რომლის თანახმად, პროდუქტების : ტომატ - პასტა და ტყემლის საწებელი სრული ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად , გოსტ 30425-97 „კონსერვები. საწარმოს სტერილობის განსაზღვრის მეთოდი„-ს მიხედვით საჭიროებს 12-14 კალენდარულ დღეს, ხოლო პროდუქტები: ძმარი, წიწაკა და საკაზმ- სანელებლები 6-7 კალენდარულ დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

(შპს „ ეტალონი“-ის დირექტორის თ. ფილიშვილის მიერ 15.11. 2018 წ. #104 ცნობა, იხ. ცნობა, ს. ფ. 80).

 

მოპასუხისთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ყველა პროდუქტი უნდა მიეწოდებინა ერთად და დასკვნის მომზადების შემთხვევაში 5 სამუშაო დღეში ( რაც 6-7 კალენდარული დღეა) მიწოდებას ვერ შეძლებდა.

 

მოპასუხემ განმარტა, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს ლაბორატორიული ანალიზის გარეშე, როგორც იყვნენ მხარეები შეთანხმებული, მან ქ.რუსთავის ბაზაზე მიიტანა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტები: ძმარი, წიწაკა და საკაზმ- სანელებლები, მარილი, ტომატ - პასტა და ტყემლის საწებელი, თუმც პროდუქტები არ მიიღეს დასკვნის უქონლობის გამო. ამიტომ ანალიზის მომზადებას და პროდუქტების მიწოდებას რა თქმა უნდა 5 სამუშაო დღეში ვერ შეძლებდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.

აღნიშნული მიწოდება რომ ნამდვილად განხორციელდა, თუმც არ მიიღეს პროდუქტები, მოპასუხემ ამის დასადასტურებლად წარმოადგინა სასაქონლო ზედნადები ელ- 03374244573, აღნიშნული ასევე დაადასტურა ავტომანქანის UU602HH მძღოლმა სერგო ქსოვრელმა, რომელმაც ზედნადებში მითითებული ავტომანქანით უშუალოდ მიიტანა პროდუქტები რუსთავის ბაზაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სასაქონლო ზედნადები ელ- 03374244573, ს.ფ.66.

მოწმე სერგო ქსოვრელის ჩენება, სასამართლო სხდომის ოქმი, 27.11.2018წ.

 

მოწმე გოჩა ხეჩიაშვილმა, რომელსაც უნდა მიეღო მიწოდებული პროდუქტები, კონკრეტული შემთხვევა ვერ დაადასტურა, ამიტომ ს----------–----–---------------------------ოს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დაპარტამენტის ქვემო ქართლის რაიონული სამმართველოს რუსთავის განყოფილებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საკონტროლო გამშვები პუნქტის სააღრიცხვო ჟურნალიდან 2017 წლის 19 ოქტომბრიდან ავტომანქანის UU602HH მძღოლის სერგო ქსოვრელის ბაზაზე შესვლისა და გამოსვლის თაობაზე.

წერილიდან ირკვევა, რომ მითითებულ პერიოდში აღნიშნული ავტომანქანის 4 შესვლა ფიქსირდება, თუმც შესვლა-გასვლის დროის ზუსტი დაფიქსირება ჟურნალში არ ხდება. თუმცა ამ ოთხი შესვლიდან პირველი შესვლა განხორციელდა დროის მონაკვეთში - 17:55 - 18: 05 ე.ი. 10 წუთის განმავლობაში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მხოლოდ ავტომანქანის შესვლა - გასვლა დაფიქსირდა, რადგან დანარჩენ სამ შემთხვევაში 35- 55 წუთის განმავლობაში გრძელდება ბაზაზე ავტომანქანის შესვლა გასვლის პერიოდი, რა დროსაც ხდება საკვები პროდუქტების მიწოდება. ანუ პირველი შესვლა სწორედ 2017 წლის 20 ოქტომბერს განხორციელებული პროდუქტების მისაწოდებლად ავტომანქანის ბაზაზე შესვლას ადსტურებს. რაც სარწმუნოდ ხდის მოპასუხის პოზიციას, რომ 5 სამუშაო დღეში პროდუქტების მიწოდებაზე მხარეების ლაბორატორიული ანალიზის გარეშე იყვნენ შეთანხმებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ს----------–----–---------------------------ოს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დაპარტამენტის ქვემო ქართლის რაიონული სამმართველოს რუსთავის განყოფილებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ს.ფ.107-111.

 

3.2.2. ის რომ ქ. რუსთავში, საკვები პროდუქტები, ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა, მიწოდებულ იქნა 2017 წლის 12 დეკემბერს, ორმოცდაათი კალენდარული დღის დაგვიანებით, ქ. ახალციხეში, ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა,მიწოდებულ იქნა 2017 წლის 03 ნოემბერს,თერთმეტი კალენდარული დღის დაგვიანებით , ციხისჯვრის ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა,მიწოდებულ იქნა 2017 წლის 03 ნოემბერს,თერთმეტი კალენდარული დღის დაგვიანებით და წალკის ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა,მიწოდებულ იქნა 2017 წლის 04 ნოემბერს,თორმეტი კალენდარული დღის დაგვიანებით - სადავო არ გამხდარა, სადავო იყო მოპასუხის მხრიდან მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში - 5 სამუშაო დღეში მიწოდება ლაბორატორიული ანალიზის გარეშე უნდა მომხდარიყო, რასაც უარყოფდა მოსარჩელე.

 

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის ზემოაღნიშნული განმარტება და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე მათი შუმდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილი მტკიცებულებები ადასტურებს მოპასუხის არგუმენტებს, თუმც მიიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მოპასუხითვის ცნობილი გახდა, რომ ლაბორატორიული ანალიზის გარეშე პროდუქტების მიწოდებას ვერ განახორციელებდა, მათ პროდუქტები მიაწოდეს არა იმ ვადაში, რასაც ლაბორატორიული ანალიზი საჭიროებდა (მაქსიმუმ 14 დღე), არამედ ამ ვადაზე გაცილებით გვიან. კერძოდ, 5 სამუშაო დღის მაგივრად ხელშეკრულების თანახმად პროდუქტების მიწოდება მოპასუხეს მაინც უნდა განეხორციელებინა 2017 წლის 31 ოქტომბერს (რა დროც სჭირდებოდა ლაბორატორიულ ანალიზს), ამ პერიოდიდანაც მოპასუხემ რუსთავის ბაზაზე პროდუქტები მაიწოდა 2017 წლის 12 დეკემბერს 43 დღის დაგვიანებით, ახალციხეში და ციხისჯვრის ბაზაზე მიაწოდა 2017 წლის 3 ნოემბერს 4-4 დღის დაგვიანებით და წალკის ბაზაზე მიაწოდა 2017 წლის 4 ნოემბერს 5დღის დაგვიანებით.

ამ ვადის განმავლობაში მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, თუმც შემცირებული ოდენობით ნაცვლად 1,8%-ისა 0,2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 148, 06 ლარს (1423,70 ლარის 0,2% -ის ნამრავლს ვადაგადაცილებულ დღეთა ოდენობაზე, 1423,70 ლარის 0,2 % არის 2.8474, რაც უნდა გამრავლდეს 52 ვადაგადაცილებულ დღეზე .

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ს----------–----–---------------------------ოსა და შპს ,,ე---------’’-ს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის დანაწესი განსაზღვრავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

ამავე კოდქსის მუხლი 327 ე მუხლის შესაბამისად, კი ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N718 ხელშეკრულება, სადაც მითითებულია,რომ მოპასუხეს საკვები პროდუქტები უნდა მიეწოდებინა ობიექტებზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, მაგრამ მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ პროდუქტების მიწოდება მოხდებოდა ლაბორატორიული შემოწმების და ანალიზის გარეშე,რადგან ანალიზის ჩატარებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება ( 12-14 დღე) და თავიდანვე ცხადი იყო, რომ დასკვნის მიღება და პროდუქტების მიწოდება 5 დღის ვადაში ვერ მოხდებოდა. თუმც მოპასუხემ იმ ვადაშიც არ მიაწოდა პროდუქცია, რაც ანალიზის ჩატარებას სჭირდებოდა ( 14 დღე) და დაარღვია ეს ვადებიც.

 

სასამართლოს მსჯელობისა და გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს მოვალეს დაეკისროს თუ არა ხელშეკრულებით გათავლისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

ამასთან, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს იმ ვადაგადაცილებული დღეებისთვი, რაზედაც ზემოთ იმსჯელა დაწვრილებით, ამასთან პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან ( ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 1423, 70 ლარი ) და დარღვევის პერიოდიდან, შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო თანხის 0,2 %-ის ოდენობით , რაც ჯამში შეადგენს პირგასამტეხლოს - 148.06 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 3.44 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი შპს ,,ე----------’’-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხე შპს ,,ე----------’’-ს ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 148.06 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხისათვის 2004.57 ლარის დაკისრებაზე.

 

3. მოპასუხე შპს ,,ე---------’’ -ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3.44 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი