გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210017001872856
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/9079-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე - მ---------------------–---

მოპასუხე - ც--------------–---–-

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ც--------------–---–- მოსარჩელე მ---------------------–---ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 9000 აშშ დოლარი.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 17 ოქტომბერს მ---------------------–--სა და ც--------------–---–- შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება სანოტარო წესით, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ ც--------------–---–- ასესხა თანხა 9000 აშშ დოლარის ოდენობით, ორი წლის ვადით, 2014 წლის 17 ოქტომბრამდე.

 

სესხს სარგებლის სახით პროცენტი არ ერიცხებოდა, თუმცა მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმების მიხედვით, სესხის თანხის სანაცვლოდ, მოპასუხეს მ---------------------–---სათვის დროებით სარგებლობაში უნდა გადაეცა მის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე: ქ. თბილისში, ს--------- კ------------------, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია, ასევე ან განუხორციელებია დაპირება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

 

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მოპასუხე სხვა მოქალაქეებთანაც დებდა მსგავს ხელშეკრულებებს, მოტყუებით იღებდა სესხის თანხებს და მათ ბინას დროებით სარგებლობაში არ გადასცემდა, ვინაიდან ც--------------–---–- ამ უძრავ ქონებაზე არავითარი სამართლებრივი უფლებამოსილება არ გააჩნდა. ამის გამო, იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–-----------ის N----------------------- განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი თაღლითობაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ც--------------–---–-- შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა რომ მის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილ იქნა 11200 ლარი, რაც უნდა გამოაკლდეს სესხის თანხას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 17 ოქტომბერს ნოტარიალურად დამოწმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, მ---------------------–---- ც--------------–---–- სესხად გადასცა 9000 აშშ დოლარი, ორი წლის ვადით _ 2017 წლის 17 ოქტომბრამდე, სარგებლის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- 17.10.2012 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 15-16).

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით (საქმე N---------), რომელიც შესულია კანონიერ ძალაში ც--------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლოს საქმეზე მ---------------------–--- ცნობილია დაზარალებულად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენი (ს.ფ.18-41).

- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

აღნიშნულ ნორმათა ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს; დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა; საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს; ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ; გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

3.2.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, მხარეთა შეთანხმება რომ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ც--------------–---–- უნდა უზრუნველეყო მ---------------------–---ს მიერ მსესხებლის საცხოვრებელი ბინით სარგებლობა.

 

სასამართლო მიუთითებს: ვინაიდან მხარის განმარტებას ისეთივე მტკიცებულებითი ძალა გააჩნია, როგორც სხვა დანარჩენ მტკიცებულებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი), სარჩელისა თუ შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელისა და მოპასუხის როგორც მხარის, განმარტებაც უნდა განვიხილოთ. ამასთანავე, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, იმის თაობაზე რომ მხარეთა შეთანხმებას ბინით სარგებლობის უზრუნველყოფის თაობაზე ადგილი არ ქონია და სადავო გარემოების დადგენის მიზნით ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის განმარტებაზე, რომლის საფუძვლიანობა ასევე გამყარებული იქნა საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით, კერძოდ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით; როგორც განაჩენით დგინდება, „ბრალდებულ ც--------------–---–-ს საკუთრებაში არ ყოფილა ს--------- კორპუსი N---–--------------- ბინა. 2012 წლის აგვისტოს თვიდან, 2015 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით პერიოდში, ც--------------------------–---–--- სხვადასხვა მოქალაქეებთან დებდნენ სესხის ხელშეკრულებებს, რის სანაცვლოდაც ც--------------–---–- კისრულობდა ვალდებულებას დროებით სარგებლობაში გადაეცა მათთვის ქ. თბილისში, ს--------- კორპუს N---–---------------- ბინა. ბინის საკუთრებაში ყოფნასთან დაკავშირებით ის სხვადასხვა დაზარალებულებს სხვადასხვა ვერსიებს სთავაზობდა, თუმცა ერთი მოცემულობა ყველა დაზარალებულთან მიმართებაში იყო უცვლელი, რამდენიმე კვირიანი ინტერვალით ის თითოეულ დაზარალებულს აძლევდა პირობას, რომ მისთვის გადაცემული თანხის სანაცვლოდ, ის კისრულობდა ვალდებულებას დროებით სარგებლობაში გადაეცა მათთვის ბინა". განაჩენში ასევე აღნიშნულია, რომ ც--------------–---–- მოტყუებით ჩადიოდა მთელ რიგ იდენტურ - მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებს ერთი და იმავე სამართლებრივად დაცული ინტერესის წინააღმდეგ. დაზარალებულები ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სახის ობიექტის - ბინაში ცხოვრების უფლების მიღებისთვის გადასცემდნენ თანხას ბრალდებულს... ყველა მოქმედება რაც ბრალდებულის მხრიდან ხორციელდებოდა იმ დაზარალებულებთან მიმართებაში, რომელთანაც მას ჰქონდა აღებული ვალდებულება ბინაში შეშვებისა, გამიზნული იყო არა რეალურად მათი დაკმაყოფილების ინტერესით, არამედ ც--------------–---–- ცდილობდა ამ პირებისათვის შეექმნა ისეთი პირობები, რომ მათი ხელი არ შეეშალათ ბრალდებულისათვის დანაშაულის გასაგრძელებლად".

 

სასამართლო განმარტავს, რომ „მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით“.

 

შესაბამისად, სასამართლოს შინაგანი რწმენა რომ სწორედ მომავალში სესხის იპოთეკით უზრუნველყოფისა და გამსესხებლის მსესხებლის ბინაში ცხოვრების პირობით დაიდო მხარეებს შორის 2012 წლის 17 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება, რაც მოპასუხემ სხვა დაზარალებულთა მსგავსად არც მოსარჩელის მიმართ შეასრულა და სანაცვლოდ მ---------------------–--ს შესთავაზა ქ.თბილისში, ე--–------------ მდებარე საცხოვრებელი ბინის დაქირავება _ მოსარჩელე მხარის განმარტებასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსაც ემყარება.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, ც--------------–---–-ს მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი თანხის გადარიცხვის, დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებების (შემოსავლის ორდერები, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობა) საფუძველზე სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს სადავო გარემოებას, იმის თაობაზე რომ ც--------------–---–- (მისი ოჯახის წევრს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაქირავებული ბინის ქირის სახით, 2012 წლის 27 ნოემბრიდან გარკვეული პერიოდის მანძილზე გამქირავებლისათვის ჯამში გადახდილი აქვს 6363 ლარი; აღნიშნული თანხის ზევით, გამქირავებლისათვის ან მოპასუხისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენი (ს.ფ.18-41);

- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ს.ფ. 42);

- შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 91-104, 124);

-საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ.121).

 

3.2.2. დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მოსარჩელისაგან სესხის სახით მიღებული თანხის (9000აშშ დოლარის) 11200 ლარით შემცირების სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებისათვის, გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზოგადი ნორმა (სსსკ-ის); ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი სესხის თანხის დაფარვით.

კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის 17.10.12წ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სესხის სახით 9000აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, თუმცა სადავოა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმ ფულადი ვალდებულების მოცულობა, რომელიც ც--------------–---–- გააჩნია მოსარჩელის წინაშე;

 

მოსარჩელის მოთხოვნას რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის სახით გადაცემული თანხის 9000 აშშ დოლარის დაბრუნება, მოპასუხე არ ეთანხმება იმ არგუმენტაციით, რომ სესხი გაცემულ იქნა სარგებლის გარეშე, მხარეთა შეთანხმებას უძრავი ქონების მოსარჩელისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემას თაობაზე კი ადგილი არ ქონია; შესაბამისად, მის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი თანხა _ 11200 ლარი უნდა გამოაკლდეს სესხის ძირ თანხას;

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, სასამართლომ მართალია დადგენილად მიიჩნია ც--------------–---–-ს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ, ჯამში ქირის სახით 6363 ლარის გადახდის ფაქტი, თუმცა გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში ასახული მსჯელობის, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ც--------------–---–-ს მიერ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენის ხერხის გათვალისწინებით, ასევე დადგენილად მიიჩნევს სადავო გარემოებას, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა 9000 აშშ დოლარია, ხოლო მოპასუხის პოზიცია თუნდაც ქირის სახით გადახდილი და დადასტურებადი თანხებით სესხის შემცირების თაობაზე უსაფუძვლო და არარგუმენტირებულია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენი (ს.ფ.18-41);

- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ს.ფ. 42);

- 17.10.2012 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 15-16).

 

საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---------------------–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-624-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან 9000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დაკისრებას მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ანუ სამართლებრივი შედეგი რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კრედიტორისათვის სესხის თანხის დაბრუნებაა, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 623-ე მუხლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალნი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სკ-ის 68 მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი შეთანხმება პირდაპირ შეიცვას დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 17 ოქტომბერს ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულება. მხარეთა შორის სადავოს არც ის გარემოება წარმოადგენს, რომ მ---------------------–---- მოპასუხე ც--------------–---–- ხელშეკრულების საფუძველზე სესხის სახით გადასცა 9000 აშშ დოლარი, სარგებლის გარეშე; ხელშეკრულების თანახმად სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 17 ოქტომბერი, თუმცა მსესხებელს სესხის თანხა გამსესხებლისათვის დღემდე არ დაუბრუნებია.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული 623-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლო მიუთითებს, რომ 2012 წლის 17 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების დადების შედეგად, მხარეებს წარმოეშობათ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების მოთხოვნის უფლება: გამსესხებელს - სესხით სარგებლობის უფლება მისცეს მოვალეს ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, ხოლო მსესხებელს სესხის ვადაში დაბრუნების ვალდებულება.

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ც--------------–---–-- შესაგებლითა და ასევე მოსამზადებელ სხდომაზე, ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ მიუთითა, რომ 9000 აშშ დოლარიდან გადახდილი აქვს თანხა 11200 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილ ნაწილში (9000 აშშ დოლარს - 11200 ლარი) ცნო სარჩელი, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.4. ვინაიდან მოპასუხე მხარემ ვერ დაძლია სესხის სახით გადაცემული თანხის ნაწილის მოსარჩელისათვის დაბრუნების მტკიცების ტვირთი დამაჯერებელ და სარწმუნო არგუმენტებზე მითითებით, რომლებიც ასევე კონკრეტულ მტკიცებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული, სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია 9000აშშ დოლარის ოდენობით მოპასუხის სასესხო დავალიანების არსებობა მოსარჩელის წინაშე.

 

შესაბამისად მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს: ც--------------–---–- მოსარჩელე მ---------------------–---ს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 9000 აშშ დოლარი;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მ---------------------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან მოპასუხე ც--------------–---–-- სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი 4390აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 336 ლარის ოდენობით.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ---------------------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ც--------------–---–- მოსარჩელე მ---------------------–---ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 9000 აშშ დოლარი გადახდა;

 

2. ც--------------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 336 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი