გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
030210018002392109
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№030210018002392109

№ 2/444-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე შპს ,,ქ------------------------"

წარმომადგენელი ე----------------–--ლი

მოპასუხე ლ-------------ში

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ-------------შს დაეკისროს შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ 3300 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1200 ლარი, სარგებელი - 29.05 ლარი და პირგასამტეხლო - 2286, 74 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ლ-------------შს დაეკისროს შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარისა და სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2016 წლის 23 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ელექტრონული სესხის № YULIAA ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 1200 ლარის ოდენობით, 14 დღის ვადით, 14 დღეზე განისაზღვრა - 15,70%, პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 2%. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, არ გადაიხადა სესხი ვადაში, რის გამოც ერიცხება დავალიანება მოსარჩელის მიმართ 3300 ლარის ოდენობით, საიდანაც 1200 ლარი არის სესხის ძირი, 29,05 ლარი - სარგებელი და 2286,74 ლარი - პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირის 1200 ლარის და სარგებლის 29,05 ლარის ნაწილში, ხოლო იურიდიული მომსახურების საფასურისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 1200 ლარის ოდენობით, 15,70%-ის სარგებლის, რაც შეადგენს 29,05 ლარს, 14 დღის ვადით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; საგადასახადო დავალებით.

 

3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება არ გადაიხადა სესხი, რის გამოც, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა: სესხის ძირი -1200 ლარი, სარგებელი - 29,05 ლარი და პირგასამტეხლო 2286,74 ლარი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 23 აპრილის ელექტრონული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო - 2286,74 ლარი შეუსაბამოდ მაღალია.

 

ხელშეკრულების დარღვევის დღიდან დაიწყო პირგასამტეხლოს დენა, რის გამოც, სარჩელის სასამართლოში შემოტანის დროისათვის პირგასამტეხლო, ხელოვნურად გაიზარდა 2286,74 ლარამდე, რაც აღემატება როგორც ძირითად თანხას, ასევე სარგებელს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს ,,ქ------------------------ს" სარჩელი ლ-------------შის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მოპასუხე ლ-------------შს შპს ,,ქ------------------------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1329,05 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 1200 ლარი, პროცენტი - 29,05 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი) გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სარჩელი კმაყოფილდება სარჩელის ცნობის საფუძველზე და, ამ შემთხვევაში, მოსამართლე არ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 1200 ლარისა და სარგებლის 29,05 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ქ------------------------“ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 2286,74 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.

 

პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.

 

მართალია კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლო 2286,74 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწყვევს არა მოსარჩელის უფლებების აღდგენას, არამედ მის გამდიდრებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო - 2286,74 ლარი უნდა შემცირდეს 100 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოპასუხე ლ-------------შს შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

შპს ,,ქ------------------------ს" უნდა დაუბრუნდეს შპს „პ------–----------------------------" მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 12.03.2018 წ. საგადასახადო დავალება N65) 18,62 ლარი.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 1,52 ლარის გადახდა, ხოლო 31,38 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლები

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ქ------------------------ს" სარჩელი ლ-------------შის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ლ-------------შს შპს ,,ქ------------------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 1329,05 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 1200 ლარი, პროცენტი - 29,05 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი) გადახდა.

 

3. მოპასუხე ლ-------------შს შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

4. შპს ,,ქ------------------------ს" დაუბრუნდეს შპს „პ------–----------------------------" მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 12.03.2018 წ. საგადასახადო დავალება N65) 18,62 ლარი.

 

5.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 1,52 ლარის გადახდა, ხოლო 31,38 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე