გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2018
საქმის ნომერი
330210018002329771
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6482-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს ”თ-----------”

წარმომადგენელი თე--------------

მოპასუხე ალ-----------------–--

დავის საგანი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე

დავალიანების გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნაა:

 

1.1. მოპასუხე ალ-----------------–--ს მოსარჩელე სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისროს:

1.1.1. N--------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6 552.76 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 952.07 აშშ დოლარი, პროცენტი - 303.22 აშშ დოლარი, ჯარიმა - 297.47 აშშ დოლარი;

 

1.1.2. N------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 2671.13 ლარის (ძირითადი თანხა 2112.4 ლარი, პროცენტი - 280.85 ლარი და ჯარიმა 277.88 ლარი) გადახდა.

 

სს „ბ--------------–-----“ და ალ-----------------–--ს შორის 2015 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N---------, რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა კრედიტი 7000 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად საკრედიტო ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა.

 

ხელშეკრულების 2.14 პუნქტის თანახმად, გათვალისწინებული იქნა საურავის დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 აშშ დოლარის ოდენობით და ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბანკის მიერ დამატებით მიცემულ დროში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩერდება საურავის დარიცხვა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და ერიცხება ერთჯერადი საურავი კრედიტის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით. ბანკს აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია.

 

ვადაგადაცილების თარიღია 12.11.2016, ჯარიმის დარიცხვა შეწყდა 31.03.2017. N--------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 6 552.76 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 5 952.07 აშშ დოლარი, პროცენტი - 303.22 აშშ დოლარი და ჯარიმა -297.47 აშშ დოლარი.

 

სს „ბ--------------–-----“ და ალ-----------------–--ს შორის 2016 წლის 12 აპრილს გაფორმებული N------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობა განსაზღვრა 2500 ლარით. ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია კრედიტის ლიმიტით სარგებლობის ვადის ამოწურვისთანავე ათვისებული საკრედიტო ლიმიტი სრულად დაფაროს. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არაჯეროვნად სრულდებოდა.

 

ვადაგადაცილების თარიღია 30.11.2016, პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვა შეწყდა 31.03.2017. N------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს 2 671.13 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 2112.4 ლარი, პროცენტი -280.85 ლარი და ჯარიმა 277.88 ლარი.

 

მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. ასევე გაფრთხილებულ იქნა სესხის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და საურავის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ალ-----------------–--მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნები. ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ძირითადი თანხების ნაწილში.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ბ--------------–-----“ და ალ-----------------–--ს შორის 2015 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N---------, რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა კრედიტი 7000 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 48 თვით, ხოლო კრედიტით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 11.5%, ეფექტური - 13.62%.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. .

3.1.2. სს „ბ--------------–-----“ და ალ-----------------–--ს შორის 2016 წლის 12 აპრილს გაფორმებული N------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობა განსაზღვრა 2500 ლარით. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 12.04.2017-მდე, რომლის განახლებაც ხორციელდება ბანკის შეხედულებისამებრ, ხოლო პლასტიკური ბარათის 2 წლით. ხელშეკრულების 4.4 და 4.5. პუნქტების თანახმად, საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის ვადის ამოწურვისთანავე ათვისებული საკრედიტო ლიმიტი სრულად უნდა დაიფაროს. ამასთანავე, ბანკი იტოვებს უფლებას თვითონ ერთპიროვნულად განსაზღვროს ვადის გაგრძელების შესაძლებლობა ან უაქცეპტოდ მოახდინოს საკრედიტო ბარათის დავალიანების სესხად რესტრუქტურიზაცია. კრედიტით/საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის მსესხებელი ბანკს უხდის საპროცენტო სარგებელს წლიური 20%-ის ოდენობით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში და ინტერნეტის მეშვეობით გახარჯული თანხებისათვის და დაკავშირებული საკომისიოებისათვის და წლიური 36%-ის ოდენობით ბანკებსა და ბანკომატებში განაღდებული თანხებისათვის და საკომისიოებისათვის. ასევე, ბარათის მომსახურების საკომისიოსათვის, ხოლო ბარათით სარგებლობის სხვა საკომისიო გადასახდელებს მსესხებელი აუნაზღაურებს ბანკს აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება.

 

3.1.3. 2015 წლის 28 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 12.11.2016-ის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. N--------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 6 552.76 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 5 952.07 აშშ დოლარი, პროცენტი - 303.22 აშშ დოლარი და ჯარიმა -297.47 აშშ დოლარი.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო ამონაწერი.

- დავალიანების შესახებ ცნობა.

 

3.1.4. 2016 წლის 12 აპრილის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 30.11.2016-ის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. N------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს 2 671.13 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 2112.4 ლარი, პროცენტი -280.85 ლარი და ჯარიმა 277.88 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო ამონაწერი.

- დავალიანების შესახებ ცნობა.

 

3.1.5. სს „თ-----------“ წარმოადგენს სს „ბ--------------–----“ უფლებამონაცვლეს.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „ბ--------------–-----“ და ალ-----------------–--ს შორის 2015 წლის 28 დეკემბრის N--------- ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 აშშ დოლარის ოდენობით და ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბანკის მიერ დამატებით მიცემულ დროში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩერდება საურავის დარიცხვა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და ერიცხება ერთჯერადი საურავი კრედიტის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

3.2.2. სს „ბ--------------–-----“ და ალ-----------------–--ს შორის 2016 წლის 12 აპრილს გაფორმებული N------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრა ასევე ჯარიმის დარიცხვის წესი, კერძოდ, დაფარვის თარიღში მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ვადაგადაცილების ჯარიმა 20 ლარის ოდენობით, რომელიც მომდევნო დაანგარიშების თარიღში უაქცეპტო წესით ჩამოიჭრება საკრედიტო ბარათის ანგარიშდან და/ან მსესხებლის ნებისმიერი სხვა საბანკო ანგარიშიდან და ექვემდებარება დაფარვას არაუგვიანეს მომდევნო დაფარვის თარიღისა, ხოლო საკრედიტო ბარათის ამონაწერში ასახულ რევოლვერულ თანხას პროცენტის ნაცვლად ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ვადაგადაცილების პროცენტი დღიური 0.5%-ის ოდენობით, რომელიც დაერიცხება მხოლოდ რევოლვერულ თანხას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ-----------ს” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 873-ე, 361-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს „ბ--------------–-----“ და ალ-----------------–--ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ალ-----------------–--მ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, დავალიანების ძირითადი თანხების 5952.07 აშშ დოლარისა და 2112.4 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ძირითადი თანხების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს "თ------------” და ალ-----------------–--ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის დროსაც განისაზღვრა ასევე სეხით სარგებლობის საპროცენტო სარგებელი. ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ალექსანრე კაკულიამ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ”ბ--------------–-----” და ალ-----------------–--ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ძირითადი ვალდებულებისა და პროცენტის მოცულობასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ 2015 წლის 28 დეკემბრის N--------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს 5-ჯერ და მოპასუხეს გადასახდელად პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 59.49 აშშ დოლარი. 2016 წლის 12 აპრილს გაფორმებული N------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდეს 5-ჯერ და მოპასუხეს გადასახდელად პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 55.57 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სს „თ-----------ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 37 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი ჯამში, 599.67 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ”თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ალ-----------------–--ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ N--------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 5 952.07 აშშ დოლარის, პროცენტის - 303.22 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 59.49 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. დაეკისროს მოპასუხე ალ-----------------–--ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ N------ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 2112.4 ლარის, პროცენტის - 280.85 ლარისა და ჯარიმის - 55.57 ლარის გადახდა.

2. დაეკისროს მოპასუხე ალ-----------------–--ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 37 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ”თ-----------” 2017 წლის 21 აპრილს №------- საკრედიტო საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 661 ლარიდან 599.67 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია