გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22742-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი - თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - ჯ-----------------ი
წარმომადგენელი - მ-----–---------ე
მოპასუხე - მ-----------------ი, გ------------------ი
წარმომადგენელი - ბექა ბადრიშვილი
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა,დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირი მოპასუხის მხარეს - ნ-------–--ე
წარმომადგენელი - ბ-----------–--–ი, ვ--–-------–------–ი
მოპასუხე - ჯ-----------------ი
დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თბილისში, წ--–-------------- N19-21-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N0---------------) მ-----------------სა და გ------------------ს შორის 2014 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.2. უძრავი ქონების მ-----------------ის სახელზე აღრიცხვა.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მ-----------------სა და ჯ-----------------ს შორის 2009 წლის 31 ივლისს სანოტარო წესით დაიდო სესხის ხელშეკრულება და მოპასუხეს სესხად გადაეცა 100000 (ასი ათასი) აშშ დოლარი. ვინაიდან მხარეებს შორის არსებობდა ახლომეგობრული ურთიერთობა სესხის უზრუნველყოფის მოთხოვნა მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა, თუმცა მ-----------------ი ირწმუნებოდა, რომ სესხის დაბრუნება გარანტირებულია წ--–-------------- N19-21-ში მდებარე უძრავი ქონებით. 2014 წელს მოპასუხემ კვლავ ისესხა 50000 აშშ დოლარი.
2014 წელს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მ-----------------მა აღნიშნული უძრავი ქონება გააჩუქა შვილზე - გ------------------ის სასარგებლოდ, ისე, რომ არ უცნობები მოსარჩელისთვის, მაშინ როდესაც შეთანხმებისამებრ ასეთი სახის გარიგების გაფორმებასთან დაკავშირებით მოპასუხე ვალდებული იყო ეცნობებინა. 2015 წლის 24 თებერვლის ხელწერილით მოპასუხეებმა აღიარეს ვალი 150000 აშშ დოლარი, რაც უმოკლეს ვადაში უნდა დაეფარათ, თუმცა არ შესრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მ-----------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 150000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო გ------------------ის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამჟამად საქმე მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძველზე იხილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რაც სავარაუდოდ არ დაკმაყოფილდება. ხოლო იმ პირობებში, როდესაც მ-----------------ს საკუთრებაში საერთოდ არ გააჩნია რაიმე ქონება, სასამართლო გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება, მაშინ როდესაც მან თვალთმაქცური გარიგებით უძრავი ქონება შვილზე გააფორმა. მოგვიანებით, ამავე უძრავ ქონებაზე გ------------------სა და ნ-------–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ჯერ არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული.
ჩუქების ხელშეკრულების დადებით მ-----------------ს სურდა სესხის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებისგან არიდება.
2. დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის სარჩელის მოთხოვნა
2.1. თბილისში, წ--–-------------- N19-21-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი N0---------------) მესაკუთრედ ცნობა.
2015 წლის 25 თებერვალს გ------------------თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა თბილისში, წ--–-------------- N19-21-ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის ღირებულების გადახდისთანავე გამსხვისებელმა საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივ ფლობაში გადასცა და მას შემდეგ ცხოვრობს ოჯახთან ერთად. უძრავი ქონების შეძენამდე, 2015 წლის 23 თებერვალს, აღებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, ქონებაზე ყადაღა რეგისტრირებული არ ყოფილა, შესაბამისად, მისი შეძენის დროს იგი იყო კეთლსინდისიერი ამ სამართალურთიერთობაში, შეამოწმა ქონების რეალური უფლებრივი მდგომარეობა, დაგეგმა და განახორციელა თანხის გამსხვისებლის სახელზე გადარიცხვა. 2015 წლის 25 თებერვალს ნ-------–--ემ მიმართა საჯარო რეესტრში და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომლის წარმოებაც შეჩერდა, ვინაიდან ჯ-----------------ს მიმართული ჰქონდა ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით, ისე, რომ არ ჰქონდა წარდგენილი ყადაღის წარმოშობის უფლების დამდგენი დოკუმენტი. ამდენად, სამართლებრივი მნიშვნელობის მსჯელობა, რომ მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულება დადეს დაყადაღებულ ბინაზე ანდა აკრძალვა გამოყენებულ ქონებაზე, გამორიცხულია. მეტიც, დგინდება, რომ ჯ-----------------მა უკანონოდ შეაფერხა ნ-------–--ის სასარგებლოდ მიმდინარე საკუთრების უფლების სარეგისტრაციო წარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა გ------------------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
გ------------------ის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავის ფარგლებში საცხოვრებელ სახლზე რეგისტრირებული ყადაღა, რის გამოც დღემდე ვერ შეძლო უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
3. მოპასუხის პოზიცია (პირვანდელ სარჩელზე)
3.1. მოპასუხეებმა მ-----ნ და გ------------------ებმა სარჩელი არ ცნეს და წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული განმარტებებით მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
ჯ-----------------სა და მ-----------------ს შორის არსებულ სასესხო ვალდებულებებს არანაირი კავშირი არ ჰქონია მ-----------------ის მიერ შვილის სახელზე უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებასთან. შვილისთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის იდეა ოჯახში ყოველთვის არსებობდა და სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ დაიდო ჩუქების ხელშეკრულება. ეს იყო ერთადერთი მიზეზი სადავო გარიგების გაფორმების და მას შემხებლობა არ აქვს სასესხო ვალდებულებასთან. ამდენად, მ-----------------ს არც რაიმე ვალდებულება ჰქონდა, ეცნობებინა მოსარჩელისთვის ჩუქების შესახებ. საყურადღებოა, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე უძრავი ქონება იპოთეკის სანაცვლოდ დატვირთული იყო სხვადასხვა პირების სასარგებლოდ, რის შესახებაც ცნობილი იყო მოსარჩელისთვის და სადავო არ გამხდარა.
გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თვალთმაქცური გარიგებით ხდება რაიმე სხვა გარიგების დაფარვა, ხოლო სარჩელი მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და არც ლიგიკურად არ დგინდება, რის დაფარვა სურდათ მოპასუხეებს.
ასევე საგულისხმოა, რომ ჩუქების ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა, ამ პერიოდში კი მ-----------------სა და ჯ-----------------ს შორის არანაირი დავა არც სასამართლოში და არც ისე არ არსებობდა. შესაბამისად, მოპასუხეს არ ჰქონდა საფუძველი იმის, რომ სავარაუდო აღსრულებისგან თავის ასარიდებლად რაიმე გაეკეთებინა. რაც შეეხება ნ-------–--ისთვის უძრავი ქონების მიყიდვას, გ------------------ს ამის კანონიერი უფლება ჰქონდა და ნ-------–--ე ფაქტობრივად მესაკუთრეა, თუმცა იურიდიულად ამის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ვერ მოხერხდა ქონებაზე ყადაღის არსებობის გამო.
4. მოპასუხის პოზიცია (დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის სარჩელზე)
4.1. მოპასუხე ჯ-----------------მა გამორიცხა ნ-------–--ის სარჩელის დაკმაყოფილება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაზე მითითებით, ვინაიდან სარჩელში არ იყო აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლები.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით
ჯ-----------------ის მოთხოვნა მ-----------------ის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 150000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო გ------------------ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელი ჯ-----------------ის მიერ აღძრული იქნა 2015 წლის 10 მარტს.
ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2015 წლის 24 თებერვალს ვალის აღიარებისა და გადახდის ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება დადებული იყო ჯ-----------------სა და მ-----------------ს შორის. ხოლო სასესხო ურთიერთობა მხარეებს შორის 2009 წლიდან არსებობდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალის აღიარების ხელწერილი მხარეებს შორის მანამდე არსებული სასესხო ურთიერთობისგან დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოუშობდა მოსარჩელეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ზემდგომი ინსტანციების სასამართლოში განხილვის დროს და შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.03.2016 წლის გადაწყვეტილება;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.10.2016 წლის გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
5.1.2. მოპასუხეები მ-----------------ი და გ------------------ი არიან მამა-შვილი. მათ შორის 2014 წლის 17 დეკემბერს დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და თბილისში, წ--–-------------- N19-21-ში მდებარე დაზუსტებული ფართობით 306.00 კვ.მ. უძრავი ქონება დარეგისტრირდა გ------------------ის სახელზე. (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0---------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.12.2014 წლის ჩუქების ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
5.1.3. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე გ------------------სა და ნ-------–--ეს შორის 2015 წლის 25 თებერვალს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ნ-------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით ვერ დარეგისტრირდა, მასზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს N2/4285-15, 11.03.2015 წლის განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული შეზღუდვის გამო.
ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით არსებული მონაცემებით უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო მხოლოდ სს „-----------–----------- სასარგებლოდ იპოთეკის უფლება, ხოლო სხვა რაიმე შეზღუდვა საჯარო რეესტრის მონაცემებით არ ფიქსირდებოდა.
დღეისათვის არსებული მდგომარეობით უძრავი ქონება კვლავ გ------------------ის სახელზეა რეგისტრირებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.02.2015 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.03.2015 წლის განჩინება;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები.
5.1.4. 25.02.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონების საფასური განისაზღვრა 130000 აშშ დოლარით, რაც ნ-------–--ის და მისი მეუღლის ვ--–-რ ბ--–-–---–ის მიერ სრულად არის გადახდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნ-------–--ე ოჯახთან ერთად დღემდე ცხოვრობს სადავო სახლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.02.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულება;
- 23.02.2015 წლის იპოთეკის ხელშეკრულება;
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
- ანგარიშიდან ამონაწერი;
- გ------------------ის ახსნა-განმარტება;
- მაგთიკომის მომსახურების ხელშეკრულება.
5.1.5. უძრავი ქონება მ-----------------ის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება არ არის დადებული მოჩვენებით და მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება რეალურად მიზნად ისახავდა ჩუქების ხელშეკრულების დადებას.
მოსარჩელის განმარტებით, მამა-შვილს შორის ჩუქების ხელშეკრულების დადების მიზანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ გამჩუქებელს - მ-----------------ს თავიდან აეცილებინა სასესხო ვალდებულების შესრულება. მას საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნია და სასამართლოს 25.03.2016 წლის გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და მისი მიმღები თანხმდებიან, იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. ამ დროს გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად.
სადავო არაა, რომ ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი ჯ-----------------სა და მ-----------------ს შორის 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმდა, ხოლო ჩუქების ხელშეკრულება მ-----ნ და გ------------------ებს შორის მანამდე, 2014 წლის 17 დეკემბერს შედგა. გარდა ამისა, უძრავი ქონება ჯერ მ-----ნ დ----------ის და შემდგომში გ------ი დ----------ის მიერ არაერთხელ იყო იპოთეკით დატვირთული, თუმცა ჯ-----------------ის მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს არასდროს წარმოადგენდა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო წარსულში 2009 წელს და 2014 წელს თანხის სესხება, მაგრამ ამ პირობებებშიც კი საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა რაიმე პრეტენზიის წარდგენა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მისამართით. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გ------ი დ----------მა, როგორც სრულუფლებიანმა მესაკუთრემ, განკარგა ქონება და ნ-------–--ესთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შემდგომ უძრავ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა მისი ახალი შემძენი. შესაბამისად, ქონებაზე შეწყვეტილია გამჩუქებლის სარგებლობის უფლება და სახეზეა დასაჩუქრებულების მხრიდან ქონებით სარგებლობისა და განკარგვის ფაქტი.
ამდენად, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ სადავო გარიგების მოჩვენებითობას, რა დროსაც სახეზე უნდა იყოს როგორც გამჩუქებლის, ასევე დასაჩუქრებულთა მხრიდან ერთობლივი ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის ახსნა-განმარტება და ექსპერტების მტკიცებულება არის საკმარისი საფუძველი აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმის ჩვენება.
5.2.2. ნ-------–--ე არის უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და სრულუფლებიანი მესაკუთრე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------------------სა და ნ-------–--ეს შორის 2015 წლის 25 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შემდგომ, ნ-------–--ე ოჯახთან ერთად უძრავ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა. უძრავი ქონების შეძენის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ჯერ კიდევ გ------------------ის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება, სადაც ნ-------–--ე წარმოადგენდა სოლიდარულ თავდებს, ხოლო მისი მეუღლე ვ--–-რ ბ--–-–---–ი - მსესხებელს. ნასყიდობის საფასური გ------------------მა სრულად მიიღო, თუმცა საკუთრების რეგისტრაცია ვერ მოხერხდა ჯ-----------------სა და მ-----------------ს შორის მიმდინარე დავაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე შემძენის მოთხოვნით მომზადდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სადაც რეგისტრირებული იყო მხოლოდ სს „-----------–----------- სასარგებლოდ იპოთეკის უფლება, ხოლო სხვა რაიმე შეზღუდვა, რაც შემძენს აფიქრებინებდა მესამე პირის მიმართ გამსხვისებლის რაიმე ვალდებულების არსებობის შესახებ, რეგისტრირებული არ ყოფილა. ასევე მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ უძრავ ქონებაზე გ------------------ს საკუთრების უფლება შეძენილი ჰქონდა ბათილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს უძრავი ქონების შეძენისას ნ-------–--ის კეთილსინდისიერებაზე.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს როგორც ნამდვილი, ისე ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების დროს, მხარეები შესაბამისი იურიდიული შედეგების მიღწევის გარეშე დებენ გარიგებას, მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოშობს რეალურ სამართლებრივ შედეგებს. მოჩვენებითი გარიგება, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნალი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა.
სარჩელში მოსარჩელე ჯ-----------------ი ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტზე, თუ რაში მდგომარეობს ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითობა. შესაბამისად, სახეზე არ არის მოსარჩელის პოზიციის გაზიარების საფუძველი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისთვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დახვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.
ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადგება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ნასყიდობის ხელშეკრულების გ------------------სა და ნ-------–--ეს შორის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიდო და შემძენზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების მიზნით წარედგინა ამავე ორგანოს. საქმის მასალებით დასტურდება მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდაც. ამდენად, მხარეების მიერ დაცული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელი ყველა პირობა. მიუხედავად ამისა, საკუთრება შემძენზე ვერ გადავიდა, მასზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდგომ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის განჩინებით დადგენილი შეზღუდვის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი იცავს შემძენის უფლებებს, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ-------–--ე წარმოადგენს საკუთრების უფლების შემძენს იმ მოცემულობით, რაც გარიგების დადების დროს არსებობდა საჯარო რეესტრში. დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ნასყიდობის საგანზე ჯ-----------------ის სასარგებლოდ რაიმე შეზღუდვა რეგისტრირებული არ ყოფილა, ამ დროისთვის მას სასამართლოში დავაც არ ჰქონდა დაწყებული. ამდენად, ნ-------–--ე წარმოადგენს უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს და სადავო ქონებაზე უნდა დარეგისტრირდეს მისი საკუთრების უფლება
8. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე ჯ-----------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 3000 ლარს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარს. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის ნ-------–--ის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი. მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლით, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ჯ-----------------ს ნ-------–--ის სასარგებლოდ.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 აგვსიტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გამოყენებული ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ-----------------ის სარჩელი გ------------------ისა და მ-----------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ------------------ს (პირადი ნომერი 0----------) აეკრძალა შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა - ქალაქი თბილისი, წ--–-------------- №19-21; (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------);
3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელე ჯ-----------------ის მიერ წინასწარ გადახდილია;
4. დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის ნ-------–--ის სარჩელი ჯ-----------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
5. ნ-------–--ე ცნობილ იქნას თბილისში, წ--–-------------- №19-21-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0---------------);
6. ჯ-----------------ს ნ-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 3000 ლარის გადახდა;
~
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე