განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4----18
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ან---–----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ქი–--------------–---–ი - დაბადებული 1-----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: ვ----------------------–---------, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ-------–-----–-------------------;
ადვოკატი - გო-----------------ი
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ქი–---------------–---–-ს მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2------------, დაახლოებით 04:45 საათზე, ქ. თბილისში, იო------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქი–---------------–---–- და გამოძიებით დაუდგენელი პირი შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ შპს ,----------------- კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ღირებულს 6 200 ლარად და მასში არსებულ ფულად თანხას - 2 627 ლარს, რითიც დაზარალებულ კომპანიას შესაძლოა მისდგომოდა 8 827 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2------------, დაახლოებით 04:45 საათზე, ქ. თბილისში, იო------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქი–---------------–---–- შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა შპს ,----------------- კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ღირებულს 6 200 ლარად და მასში არსებულ ფულად თანხას - 2 627 ლარს, რითიც დაზარალებულ კომპანიას შესაძლოა მისდგომოდა 8 827 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ქი–---------------–---–-ს მიერ შპს ,----------------- აპარატისა და მასში არსებული ფულადი თანხის დაუფლების მცდელობის (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ამ---------------ის, რო--------------ის და გი--------------–---ს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ქი–---------------–---–-ს ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 2------------ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 2------------ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ქი–---------------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა ქი–---------------–---–-ს გამოკითხვის ოქმისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ქი–---------------–---–-ს მიერ შპს ,----------------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის და მასში არსებული ფულადი თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტი დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებით:
ბრალდებულმა ქი–---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, რის გამოც გადაწყვიტა გაექურდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ნაქურდალი ფულადი თანხა გამოეყენებია პირადი საჭიროებისათვის. შესაბამისად, 2018 წლის 2------------, ღამის საათებში გამოვიდა საცხოვრებელი სახლიდან და გაემართა ქ. თბილისში, ი--------- ქუჩაზე, რის შედეგადაც მივიდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან და დაიწყო განზრახვის სისრულეში მოყვანა. კერძოდ, სცადა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გადაადგილება, რადგან დაუფლებოდა ფულად თანხას, რაც ვერ შეძლო და ქუჩაში გამვლელ უცხო პიროვნებას სთხოვა დახმარება. ზემოაღნიშნული პიროვნების დახმარებით, დაახლოებით ათი მეტრის დაშორებით გადაიტანა აპარატი, ხოლო იმ პიროვნებამ განაგრძო გზა. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვა და ფულადი თანხის დაუფლება ვერ შეძლო, რადგან პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილზე იქნა დაკავებული. ბრალდებულის განმარტებით დანაშაულის ჩადენის მცდელობის დროს იყო მარტო. პიროვნება, რომელიც მას დაეხმარა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატანაში, არ იცნობს. ბრალდებულმა აღიარა ქურდობის ჩადენა, თუმცა განმარტა, რომ დანაშაული ჩაიდინა დამოუკიდებლად და წინასწარ შეთანხმებული არავისთან არ ყოფილა.
ქი–---------------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისა და ბრალდებულის ჩვენებისა, ასევე დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - ამ---------------ის, რო--------------ის და გი--------------–---ს გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 2------------ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 2------------ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების ამ---------------ის და გი--------------–---ს გამოკითხვის ოქმებზე, რომლის თანახმად 2018 წლის 2------------, გამთენიისას, ქ. თბილისში, იო------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ხელი მოჰკიდეს იქვე განთავსებულ ,----------------- ფირმის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს და დაიწყეს აღნიშნული აპარატის გადაადგილება.
ასევე, ქი–---------------–---–-ს 2018 წლის 2------------ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქი–---------------–---–-ს დაკავება განხორციელდა ქ. თბილისში, იო------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მას მის თანმხლებ პირთა ერთად მიჰქონდა ,----------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 2------------, დაახლოებით 04:45 საათზე, ქ. თბილისში, იო------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქი–---------------–---–- შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა შპს ,----------------- კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ღირებულს 6 200 ლარად და მასში არსებულ ფულად თანხას - 2 627 ლარს, რითიც დაზარალებულ კომპანიას შესაძლოა მისდგომოდა 8 827 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. რაც შეეხება ქი–---------------–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქურდობას, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, უტყუარად არ დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ქი–---------------–---–-ს მოწმის სახით მიცემულ ჩვენებასა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დგინდება ის ფაქტი, რომ ქი–---------------–---–თან ქმედების განხორციელებისას იმყოფებოდა გამოძიებით დაუდგენელი პირი, თუმცა ხსენებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების მომენტამდე რაიმე სახის კომუნიკაცია ბრალდებულსა და მეორე პირს შორის, უფრო მეტიც, არ დასტურდება, რომ ისინი ერთად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იცნობდნენ ერთმანეთს ან ჰქონდათ როლები განაწილებული, რომელთა ერთობლიობაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ ისინი წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ. სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს, რომ ქი–---------------–---–მა წინაწარი შეთანხმებით ჯგუფურად სცადა დაუფლებოდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატს და მასში არსებულ ფულად თანხას, ვინაიდან აღნიშნული წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დაადასტურა, რომ ქი–---------------–---–მა სცადა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის და მასში არსებული ფულადი თანხის დაუფლება, ხოლო ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ქი–---------------–---–-ს მიერ ქურდობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ მისგან მალულად, როდესაც იგი ვერ ხვდება, რომ მას ქურდავენ (მაგ. ფულის ჯიბიდან ან ჩანთიდან ამოცლა).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა ქი–---------------–---–-ს გამოკითხვის ოქმისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო/სადავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს და იმსჯელებს ბრალდებულის ქმედებების კვალიფიკაციის საკითხზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ქი–---------------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი მოიცავს ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას, რომელიც განსაზღვრავს ჯგუფური დანაშაულის სახეებს კერძოდ: ა) წინასწარ შეუთანხმებლად; ბ) წინასწარი შეთანხმებით; გ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა, მთავარია შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ასევე, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი და წერილობითი ფორმით, ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №618აპ-15).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზემოაღნიშნულ საქმეში, რომელიც შეეხებოდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის დაუფლებას (მოცემული საქმის ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებს), ორი პირის მიერ ერთობლივად განხორციელებული ქურდობის ობიექტური შემადგენლობის არსებობა, რომელიც ასახული იყო ვიდეო ჩანაწერზე და რომლითაც არ დასტურდებოდა მათ შორის რაიმე სახის კომუნიკაცია, არ მიიჩნია საკმარისად განხორციელებული ქმედების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კვალიფიკაციისათვის. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების პირობებში მსჯავრდებულს ბრალდებიდან ამოურიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე და იგი ამ ნაწილში გაამართლა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №618აპ-15). აღნიშნული პრაქტიკა გაზიარებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1ბ/680-18).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, ქი–---------------–---–სა და უცნობ მამაკაცს შორის რაიმე სახის კომუნიკაცია, რომელიც დაადასტურებდა მათ წინასწარ შეთანხმებას, ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მათ შორის რაიმე სახის კავშირს ან/და კომუნიკაციას დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე.
ამდენად, სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესის სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ქი–---------------–---–სა და უცნობ მამაკაცს შორის წინასწარ შეთანხმებას ქურდობის ჩასადენად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქი–---------------–---–ს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენის თაობაზე და ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ქურდობის მცდელობა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რის გამოც მის მიერ დაუდგენელ პირთან ერთად მოქმედება დამატებით კვალიფიკაციას არ საჭიროებს.
შესაბამისად, ქი–---------------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ქი–---------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი, რომლითაც ქი–---------------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ქი–---------------–---–-ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქი–---------------–---–ს უნდა დაენიშნოს იმდაგვარი სასჯელი, რომელიც მას განმსჭვალავს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ქი–---------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებასა და გულწრფელ სინანულს ჩადენილი ქმედების გამო, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს მცირეწლოვანი (ოთხი და ექვსი წლის) შვილები, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები. ამასთან, ექვსი წლის შვილს - დ-- ქ---------–---- აღენიშნება ფსიქიკური განვითარების ეტაპების დაყოვნება. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, დ-- ქ---------–---- ემოციური მიჯაჭვულობა გააჩნია მამასთან, ვიდრე დედასთან და ექიმის მიერ გაცემული რეკომენდაციის თანახმად, ის საჭიროებს სტაბილური და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფასა და ემოციურ მხარდაჭერას), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/სხვისი ნივთის დაუფლება) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ქი–---------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ქი–---------------–---–-ს პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ქი–---------------–---–-ს მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ზემოაღნიშნული სხვა გარემოებები, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ქი–---------------–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ქი–---------------–---–-ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები ცხრა ცალ დაქტილოფირზე, განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი წყვილი ხელთათმანი, განადგურდეს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შპს ,----------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ფულადი თანხა 2 627 ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· 2 (ორი) ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქი–---------------–---–ს ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდეს.
ქი–---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.
ქი–---------------–---–- გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
ქი–---------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა
გაუქმდეს.
ქი–---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 აგვისტოდან - 2018 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით;
ქი–---------------–---–-ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები ცხრა ცალ დაქტილოფირზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი წყვილი ხელთათმანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შპს ,----------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ფულადი თანხა 2 627 ლარის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· 2 (ორი) ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი