გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-2048-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 იანვარი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე- მა-----------–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი- მა----–----------ა
მოპასუხეები- და-----------–---–ი, შპ------------------ი"
დავის საგანი- ქონების ყადაღისგან განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ყადაღისაგან გათავისუფლდეს და აღმასრულებელ მი----–-–-------–---–ის მიერ 2018 წლის 31 მაისს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამოირიცხოს შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი "LG''-ის ფირმის, პლაზმური, შავი ფერის, 2. მაცივარი "Hitachi’"-ის ფირმის, შავი ფერის, ორკამერიანი, 3. გაზქურა "Nikai’"-ის ფირმის, 4. ნოუთბუქი "Acer"-ის ფირმის, 5. კომპიუტერის კომპლექტი, მონიტორი შავი ფერის.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ევრო კრედიტის'' სარჩელიდა-----------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2110.49 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2018 წლის 31 მაისს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მი----–-–-------–---–მა და-----------–---–ის პირადი ვალების გამო დააყადაღა მა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი "LG''-ის ფირმის, პლაზმური, შავი ფერის, 2. მაცივარი "Hitachi’"-ის ფირმის, შავი ფერის, ორკამერიანი, 3. გაზქურა "Nikai’"-ის ფირმის, 4. ნოუთბუქი "Acer"-ის ფირმის, 5. კომპიუტერის კომპლექტი, მონიტორი შავი ფერის.
მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ დაყადაღებული ნივთები მა-----------–---–ის მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხით განვადებით შეიძინა მისმა ძმამ ვეფხია სომხიშვილმა, რაც შეეხება "ნოუთბუქს" მოსარჩელემ აჩუქა სიძეს- ქალიშვილის ნატალია გეჩუაშვილის მეუღლეს გიორგი ფუხაშვილს. მოვალე და-----------–---–ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს მა-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში და სარგებლობენ მა-----------–---–ის მიერ შეძენილი ნივთებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:
ყადაღისაგან გათავისუფლდეს და აღმასრულებელ მი----–-–-------–---–ის მიერ 2018 წლის 31 მაისს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამოირიცხოს შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი "LG''-ის ფირმის, პლაზმური, შავი ფერის, 2. მაცივარი "Hitachi’"-ის ფირმის, შავი ფერის, ორკამერიანი, 3. გაზქურა "Nikai’"-ის ფირმის, 4. ნოუთბუქი "Acer"-ის ფირმის, 5. კომპიუტერის კომპლექტი, მონიტორი შავი ფერის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს "ევრო კრედიტ+"-ის წარმომადგენელმა ანა ხიზანიშვილმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ ნამდვილად დააყადაღა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ქონება, თუმცა სამოქალაქო ბრუნვაში დადგენილი პრაქტიკით მოძრავი ნივთები წარმოადგენს აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები პირის საკუთრებას, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოვალე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს და-----------–---–ის საკუთრებას. მოპასუხის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ყველა დაყადაღებული ნივთი მის მიერ არის შეძენილი.
მოპასუხე და-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და დაეთანხა ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებას რაც სარჩელშია მითითებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავი, XVI მ/რ კორ. 3, ბინა № 69 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მა-----------–---–ის სახელზე.
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 125-126)
3.1.2. აღმასრულებელ მი----–-–-------–---–ის მიერ 2018 წლის 31 მაისს შედგენილი იქნა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1. ტელევიზორი "LG''-ის ფირმის, პლაზმური, შავი ფერის, 2. მაცივარი "Hitachi’"-ის ფირმის, შავი ფერის, ორკამერიანი, 3. გაზქურა "Nikai’"-ის ფირმის, 4. ნოუთბუქი "Acer"-ის ფირმის, 5. კომპიუტერის კომპლექტი, მონიტორი შავი ფერის.
მტკიცებულება: აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ. 23-24)
3.1.3. 2018 წლის 31 მაისს შედგენილი აქტით აღწერილ-დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე იძულებითი ელექტრონული აუქციონი დანიშნული არ არის.
მტკიცებულება: ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა (ს.ფ. 16)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა-----------–---–ის სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები. სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე, 40-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის- მი----–-–-------–---–ის მიერ 2018 წლის 31 მაისს და-----------–---–ის ვალების გამო მოხდა მა-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. რუსთავი, XVI მ/რ კორ. 3, ბინა № 69 არსებული მოძრავი ნივთების: 1. ტელევიზორი "LG''-ის ფირმის, პლაზმური, შავი ფერის, 2. მაცივარი "Hitachi’"-ის ფირმის, შავი ფერის, ორკამერიანი, 3. გაზქურა "Nikai’"-ის ფირმის, 4. ნოუთბუქი "Acer"-ის ფირმის, 5. კომპიუტერის კომპლექტი, მონიტორი შავი ფერის, აღწერა-დაყადაღება.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც, იგი სივრცობრივად მთავარ ნივთს უკავშირდება და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი განვადების ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ ტელევიზორი LG და მაცივარი HITACHI შეძენილია მა-----------–---–ის ძმის- ვე-------------–---–ის მიერ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეული იქნა მა-----------–---–ის ძმა- ვე-------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისი და 2010 წლიდან ცხოვრობს იტალიაში, სწორედ მის მიერ გამოგზავნილი ფულით 2013 წელს მან შეიძინა ტელევიზორი LG და მაცივარი HITACHI, რაც შეეხება ნოუთბუქს, მა-----------–---–მა აჩუქა თავის სიძეს გიორგი ფუხაშვილს, თუმცა მისი გადაცემა ვერ მოახერხა. რაც შეეხება გაზქურას და კომპიუტერის კომპლექტს, მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ნივთები ნამდვილად მოსარჩელის საკუთრებაშია.
აღნიშნული გარემოებები სადაოდ არ გაუხდია მოპასუხე და-----------–---–ს, უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე მან დაადასტურა, რომ იგი ოჯახთან ერთად ნამდვილად ცხოვრობს მა-----------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია მა-----------–---–ის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი სწორედ მოსარჩელეა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ბინის საკუთვნებელს, რომელშიც მოპასუხე ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად, მესამე პირის ვალების გამო ყოველდღიურად მოხმარებად მოძრავი ნივთებზე ყადაღა შესაძლოა შენარჩუნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალი სტანდატით დადასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო ნივთების ფლობის არამართლზომიერება. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მტკიცების საგანი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და დავის გადაწყვეტის მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება- მხარეთა ახსნა-განმარტებები, ხელშეკრულებები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ადასტურებს, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთები მა-----------–---–ის საკუთრებაშია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხე და-----------–---–მა სარჩელი ცნო, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან ნაწილი 25 ლარის ოდენობით, ხოლო ვინაიდან მოპასუხე შპ------------------მა" წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მა-----------–---–ის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს 25 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე 2019 წლის 04 იანვარს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე,1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა-----------–---–ის სარჩელი მოპასუხეების და-----------–---–ის და შპს ,,ევრო კრედიტის'' მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს და აღმასრულებელ მი----–-–-------–---–ის მიერ 2018 წლის 31 მაისს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამოირიცხოს მა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი ,,LG'', შავი პლაზმური 2. მაცივარი ,,HITAHI'', შავი ფერის, ორკამერიანი, 3. გაზქურა ,,nikai'', 4. ნოუთბუქი ,,ACER'', 5. კომპიუტერის კომპლექტი, მონიტორი შავი ფერის
3. შპს ,,ევრო კრედიტს'' მოსარჩელე მა-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
4. მა-----------–---–ს უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 02 ივლისს საგადახდო დავალება №25 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50.00 ლარიდან ნაწილი 25 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300063150; ბანკის/ხაზინის კოდი: TRESGE22;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი