გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 2/11552-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.11.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - გ-----------------ე
მოპასუხე - შპს ,,ვ----------იზ“
წარმომადგენელი - ან----------------–-----
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება; პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს შპს ,,ვ----------იზს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 6000 ლარის ოდენობით გადახდა;
1.2. დაეკისროს შპს ,,ვ----------იზს“ მოსარჩელის სასარგებლოდ ხელფასის გადახდის ყოველი დაგვიანებული დღისთვის ასანაზღაურებელი დაყოვნებული ხელფასის 0.07% -ის 400 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, მასსა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 1 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იგი მუშაობდა მოპასუხე შპს „ვ----------ზში“ ბუღალტრის პოზიციაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 2000 ლარს ხელზე ასაღები თანხის სახით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან მიიღო მხოლოდ ერთი თვის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მომდევნო სამი თვის ანაზღაურება, რაც შეადგენს 6000 ლარს, მოსარჩელეს არ მიუღია. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის მოპასუხეზე დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დასაქმებულის მიერ უხეშად იქნა დარღვეული შრომითი მოვალეობები და არ შესრულებულა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე არც ერთი სამუშაო, რამაც გამოიწვია მასთან შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტა ერთი თვის ხელფასის გადახდისთანავე. შესაბამისად, მოპასუხე აღნიშნავს, რომ არ არსებობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანების მოპასუხისთვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული 2016 წლის 1 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე შპს „ვ----------იზში“ ბუღალტრის პოზიციაზე. მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 2000 ლარს ხელზე ასაღები თანხის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2016 წლის 1 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.2. მოსარჩელეს მიღებული აქვს 2016 წლის სექტემბრის თვის შრომის ანაზღაურება 2000 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;
- ამონაწერი ანგარიშიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან და ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 1 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იგი მუშაობდა მოპასუხესთან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მისთვის ერთი თვის ხელფასის გადახდისთანავე.
სადავო და ამავე დროს დავის გადაწყვეტისათვის საკვანძო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, მუშაობდა თუ არა მოსარჩელე შპს „ვ----------იზში“ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და ვადის გასვლის შემდგომ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე საქმე, ეხება რა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სახელფასო ანაზღაურების საკითხებს, მოპასუხე მხარეს ეკისრება მტკიცების ტვირთის დიდ ნაწილი, რადგან შრომით ურთიერთობაში მოპასუხეა „ძლიერი მხარე“, ვინაიდან მას მეტი საშუალება აქვს თანმიმდევრულად ასახოს დასაქმებულთან არსებული სამართალურთიერთობა შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნითა და აღრიცხვით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა, ყოველი შრომის ანაზღაურების გაცემა, შრომითი ურთიერთობის დაწყება, შეჩერება თუ დასრულება ასახოს ისე, რომ დავის შემთხვევაში ნათელი და არაორაზროვანი მტკიცებულება წარმოადგინოს სამართალწარმოებაში, რომლებიც გასაგებად წარმოაჩენენ და დაადასტურებენ შესაბამის გარემოებებს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებები, იმის თაობაზე, რომ იგი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომაც ასრულებდა სამუშაოებს. აღნიშნულს ადასტურებს შპს ”ვ----------იზის“ დირექტორის მიერ გ-----------------ისთვის გაცემული მინდობილობა, რომელიც გაცემულია 2016 წლის 13 სექტემბერს და ძალაში იყო 6 თვის ვადით ანუ 2016 წლის 13 მარტამდე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ შპს „ვ----------იზთვის“ გაგზავნილი წერილი, სადაც მოსარჩელე ითხოვს 2016 წლის 10 მარტამდე მოახდინოს მოპასუხემ სამი თვის გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურება 6000 ლარის ოდენობით. ასევე წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშფაქტურები და სალაროს ქვითრები, რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებდა როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ასევე მისი გასვლის შემდგომაც.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ახორციელებდა შრომით საქმიანობას, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. საწინააღმდეგო მოცემულობის წარმოჩენის ტვირთი, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის, თუმცა, დამსაქმებელ ორგანიზაციას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს გააბათილებდა და მითითებული გარემოებას სხვაგვარად დადასტურებდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო ანაზღაურების 6000 ლარის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 და 31-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ სამი თვის სახელფასო დავალიანება ჯამში 6000 ლარის ოდენობით, რასაც მოპასუხე სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ამ პერიოდისათვის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ იყო შეწყვეტილი.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა არ იყო შეწყვეტილი 2016 წლის დეკემბრამდე და მოსარჩელე ასრულებდა მასზე შრომით ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის სახელფასო დავალიანების - 6000 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნებული ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთერთობის ფარგლებში, ანუ, როდესაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 400 ლარის დაკისრება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება მოსარჩელის მიმართ და არ უხდიდა მას ხელფასს ხელშეკრულების შესაბამისად იმ პერიოდში, როცა ისინი იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში.
მოსარჩელის მოთხოვნაა პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეზე 400 ლარის დაკისრება. მიუხედავად იმისა, რომ, ამ შემთხვევაში, დასაკისრებელი ფიქსირებული პირგასამტეხლოს ოდენობა, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ სახელფასო დავალიანების დაყოვნება ხდება 2016 წლის ოქტომრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, უფრო მეტია ვიდრე მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა, სასამართლო ვერ გაცდება მოთხოვნის ფარგლებს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად როგორც სახელფასო დავალიანების, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, შესაბამისად სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 192 ლარს, საიდანაც, იმის გათვალისწინებით რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახ.ბაჟი 100 ლარის ოდენობით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 92 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369- ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს გ-----------------ის სარჩელი შპს ,,ვ----------იზის" მიმართ სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;
2. მოპასუხე შპს ,,ვ----------იზს" გ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 6000 ლარის (დარიცხული, დაუბეგრავი), პირგასამტეხლოს 400 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე შპს ,,ვ----------იზს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის 92 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია