განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2019
საქმის ნომერი
190100118002678335
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1- 736-18

(№078230718002)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 იანვარი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი: ლაშა მერაბიშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული გ--------------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ზ------------------------------------------;

 

ადვოკატი: იზოლდა მელიქიშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენით გ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სსკ 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, გ--------------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ--------------ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათი;

 

გ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 8 აგვისტოდან, 2016 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით;

 

სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსის 2018 წლის 15 აგვისტოს მომართვის მიხედვით, გ--------------მ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათი მოიხადა 2016 წლის 8 დეკემბერს.

 

2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 02:25 საათზე, ქ------------------------–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა გ--------------მ ფეხის დარტყმით დააზიანა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი „–------------------ მარკის ავტომობილი, სახ. ნომრით D--------. კერძოდ, ჩაამსხვრია უკანა მარცხენა კარის მოძრავი და სტაციონალური მინები და მოტეხა უკანა მარცხენა კარის პლასტმასის მოპირკეთება. გ------------ აღნიშნული ქმედებით, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლოს დასკვნა, გ-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებებს, ადმინისტრაციული მასალებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმეების: ბ---------------ის, ი-----–---------ის, ვ------------ის გამოკითხვის ოქმებს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 13 ნოემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს სხვისი ნივთის დაზიანებისათვის ან განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის საგანი შესაძლოა იყოს ყოველგვარი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას და აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას კანონმდებელი განმარტავს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებებათა ერთობლიობით, ბრალდებულების ქმედებამ დაზარალებულ ორგანიზაციას მიაყენა 400 ლარის მატერიალური ზიანი.

 

განაჩენში მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 02:25 საათზე, ქ------------------------–---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა გ--------------მ ფეხის დარტყმით დააზიანა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი „–------------------ მარკის ავტომობილი, სახ. ნომრით D--------. კერძოდ, ჩაამსხვრია უკანა მარცხენა კარის მოძრავი და სტაციონალური მინები და მოტეხა უკანა მარცხენა კარის პლასტმასის მოპირკეთება. გ------------ აღნიშნული ქმედებით, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

გ-------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობის პირობებში განზრახი დანაშაულის ჩადენა, რაც მის მიმართ გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, გ--------------ს საქართველოს სსკ-ის საქართველოს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ამ მუხლით დადგენილი სასჯელი დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით. ამასთან, სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელი უნდა დაინიშნოს 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

გ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - (თ/ ა 1 წელი, 8 თვე და 24 დღე) და საბოლოოდ, გ--------------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა გ--------------ს დაეწყოს სასამართლო სხდომის დარბაზში მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 იანვრიდან.

 

გ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქმეზე ამოღებული „–------------------ მარკის ავტომობილი, სახ. ნომრით D--------, დაუბრუნდა მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მადონა მაისურაძე