გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002429492
#2/1490-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.12.2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე- ხ-----------–---–ი;
წარმომადგენელი- მ---–-------------–--ე, ე-------------ე, მ------------–--ე;
მოპასუხე- სს თ----------------ა;
წარმომადგენელი- მ-----–---–----ე;
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება და სადაზღვევო პოლისი K---------- გაფორმებული სს კ------------ და ხ-----------–---–ს შორის.
1.2. მოპასუხე სს თ----------------ას დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 10500 ლარის ოდენობით (1. ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2. ადვოკატის მომსახურების თანხა 300 ევროს ეკვივალენტი ლარი, 3. სადაზღვევო შენატანები 339,17 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი).
1.3. სს თ----------------ას დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 29 სექტემბერს სს კ------------ და ხ-----------–---–ს შორის გაფორმდა სადაზღვევო ხელშეკრულება და გაიცა სადაზღვევო პოლისი K----------. სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა მოქმედების არეალი შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ავსტრია. 2017 წლის 06 მაისს კარაბინიერთა ლეგიონის ქ. ნეაპოლის პროვინციის ოპერატიული დეპარტამენტის მიერ ხ-----------–---–ი დაჯარიმებული იქნა 849 ევროს ოდენობით, რადგან ის მოძრაობდა ავტომობილისათვის აუცილებელი სადაზღვევო პოლისის გარეშე. მოსარჩელემ განმარტა, რომ ადვოკატ ჯენნარო იომოს საადვოკატო მომსახურებისათვის გადაუხადა 300 ევრო, რომელმაც განუმარტა იტალიის მოქმედი კანონმდებლობა მის მიმართ იტალიის კარაბინიერთა ლეგიონის მიერ გამოყებული ჯარიმის თაობაზე. უცხოური სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალში, როლებსაც აქვთ RCA დაზღვევის უფლება იტალიაში, აღნიშნული სადაზღვევო კომპაინა არ ფიგურირებს. ვინაიდან ავტომობილის მძღოლს არ გააჩნდა RCA დაზღვევა, ამიტომ მძღოლს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა. მის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა მოპასუხე მხარეს, რომელმაც უარი განუცხადა ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ხ-----------–---–ის დაზღვევა B სექციით გათვალისწინებულ დაფარვას (მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა) იტალიაში არ ითვალისწინებდა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მზღვეველმა ცალსახა გარანტია და განმარტება მისცა აღნიშული პოლისით თავისუფლად შეძლებდა პოლისში მითითებულ ქვეყნებში ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას.
2016 წლის 28 სექტემბერს ხელშეკრულების გაფორმების დროს სადაზღვევო კომპანიაში გაესაუბრა აგენტების ჯგუფის კორდინატორი გიორგი შავგულიძე, რომელმაც განუმარტა, რომ მის კუთვნილ ავტომანქანას აღნიშნული დაზღვევის პოლისით არანაირი პრობლემები არ შეექმნებოდა. ასეთი განმარტების შემდეგ მოსარჩელემ გადაწყვიტა გაეფორმებია სადაზღვევო ხელშეკრულება და მიეღო შესაბამისი სადაზღვევო პოლისი. ამგვარი შეპირება და განმარტება, რომ არ მიეღო არ გააფორმებდა სადაზღვევო ხელშეკრულებას და არ გადაიხდიდა სადაზღვევო პრემიას. მოპასუხე მხარემ თავიდანვე იცოდა, რომ მათ პოლისს სხვა ქვეყნებში იურიდიული ძალა არ ჰქონდა. მოსარჩელის მტკიცებით სახეზეა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება. სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოტყუებას და გარიგება წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას.
მოსარჩელის განმატებით თურქეთის საზღვარზე გასვლისას სადაზღვევო პოლისით (K----------) შეექმნა პრობლემა და გზის გაგრძელება შეძლო მხოლოდ 158 თურქული ლირის გადახდის შემდეგ. ანლოგიური პრობლემა შეექმნა ბულგარეთის საზღვრის გავლისას, ვიდრე არ შეიძინა ერთ თვიანი დაზღვევა. გიორგი შავგულიძემ დამზღვევის წარმომადგენელს განუმატა, რომ აღნიშული პრობლემა გამოწვეული იყო პოლისზე გამოსახული ქართულ-ენოვანი ბეჭდით. ამ დროს ე.წ. გრინ ქარდის პოლისით ჩავიდა იტალიაში. პარალელურად წარმომადგენელმა მევლუდ ქემოკლიძემ მიაწოდა კოპენბურის პოლისი დამოწმებული ინგლისურ ენოვანი ბეჭდით, თუმცა აღნიშნული დაზღვევა არ მოქმედებდა არცერთ ქვეყანაში (იხ. სარჩელი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოთვლილი ქვეყნები დაზღვევის ტერიტორიად მითითებულია ავტომობილის დაზღვევის პოლისის ავტომობილის ძარის დაზღვევის სექციაში. დაზღვევის პირობების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ა„ სექცია მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნებში რაც პოლისშია მითითებული, ხოლო დაზღვევის „ბ„ და „ც„ სექციები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
დაზღვევის არ ქონა, რომლის გამოც მოსარჩელე დაჯარიმდა იტალიაში, კავშირში არ არის მოპასუხის მიერ გაცემულ სადაზღვევო პოლისთან. მოსარჩელე დაჯარიმდა იმის გამო, რომ მან არ შეიძინა სავალდებულო დაზღვევის პოლისი, რომლის შეძენის ვალდებულება მას ჰქონდა იტალიის საზღვრის კვეთისას და რომელიც ეხება მესამე პირთა მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევას, კერძოდ იტალიის ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ე.წ. გრინ ქარდის სისტემა, რომლის წევრები გასცემენ დაზღვევის პოლისს და რომელიც ფარავს უშუალოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე მესამე პირთათვის მიყენებულ ზიანს და რომლის შეძენა ევალება ყველას ვინც გადაკვეთს იტალიის საზღვარს.
სადაზღვევო პოლისი იყო მოქმედი, თუმცა არ დამდგარა არცერთი ის სადაზღვევო რისკი, რომელსაც ითვალისწინებდა სადაზღვევო პოლისი. სავალდებულო დაზღვევა, რომელიც მოსარჩელეს საზღვარზე უნდა შეეძინა ითვალისწინებს მესამე პირთა მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო მოპასუხის მიერ გაცემულ სადაზღვევო პოლისში და დაზღვევის პირობების თანახმად საქართველოს ფარგლებს გარეთ იფარება მხოლოდ ავარიის შედეგად ავტომობილის ძარისათვის მიყენებული ზიანი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხ-----------–---–ს და კოპენბურს შორის 2016 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება და სადაზღვევო კომპანიამ გასცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი K----------, რომლითაც დაზღვეული იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა S---, C------, V----, სახელმწიფო ნომრით L------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი K----------
- ავტომობილის დაზღვევის პირობები K----------;
3.1.2. 2016 წლის 09 ოქტომბერს ხ-----------–---–მა ქ. ანკარაში, კომპანია გროუპამა სიგორტასგან მიიღო აუცილებელი ქონების პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, (მანქანის მონაცემები: S---, სახელმწიფო ნომრით L------) პოლისის მოქმედების ვადა (დღის რაოდენობა) განისაზღვრა 91 დღით. 2016 წლის 10 ოქტომბერს ასევე ბულგარეთში, ქ. სოფიაში, სადაზღვევო კომპანიისგან (ZD BUL INS AD) მიიღო საავტომობილო დაზღვევის პოლისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუქცილებელი ქონების პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, გაცემული თურქეთის რესპუბლიკის მიერ 09.10.2016წ;
-დაზღვევის პოლისი გაცემული ბულგარეთის მიერ 09.10.2016წ
3.1.3. დადგენილია, რომ ხ-----------–---–ი 2017 წლის 06 მაისს ქ. ნეაპოლში მოძრაობდა სატრანსპორტო საშუალება S-----------–--------------- სახელმწიფო ნომერი L------ ავტომობილისათვის აუცილებელი RCA სადაზღვევო პოლისის გარეშე, რის გამოც ის 2017 წლის 06 მაისს კარაბინიერთა ლეგიონის ქ. ნეაპოლის პროვინციის ოპერატიული დეპარტამენტის მიერ დაჯარიმებული იქნა 849 ევროს ოდენობით. ნეაპოლში ხ-----------–---–ს გაეწია საადვოკატო მომსახურება, რისთვისაც ადვოკატ ჯენნარო იოიმოს საადვოკატო მომსახურებისათვის გადაუხადა კომპენსაცია 300 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ნეაპოლის პროვინციის ოპერატიული დეპარტამენტის ოქმი #6--------;
- ადვოკატის მომსახურების ანგარიში;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ავტომობილის დაზღვევის პოლისის თანახმად განისაზღვრა ხ-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის ძარის დაზღვევა, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 4000 აშშ დოლარით, პოლისში მითითებულია, რომ იფარება სეტყვა და მიწისძვრა, დაზღვეული ტერიტორია: საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია და ავსტრია; პოლისის თანახმად ასევე განისაზღვრა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი K----------
3.2.2. 2016 წლის 29 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ავტომობილის პირობების თანახმად, ავტომობილის დაზღვევის პირობები მოიცავს დაზღვევის შემდეგ სახეობებს/სექციებს: A. ავტომობილის ძარის დაზღვევა, B. მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, C. მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთვევისაგან დაზღვევა.
დაზღვევის პირობების A1.1. პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის დაზღვევა ითვალისწინებს დაზღვეული ავტომანქანის, ასევე ქარხნულად დამონტაჟებული დეტალების, მოწყობილობების, აქსესუარების, სარკეების დაზიანებით ან განადგურებით გამოწვეული დაზღვეული რისკების დადგომის შედეგად ანაზღაურებას. A1.2. პუნქტის თანახმად, დაზღვეულ რისკებს წარმოადგენს: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია), ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, (მიწისძვრა და სეტყვის გარდა) თუ პოლისში სხვაგვარად არის არის მითითებული), მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, და ვანდალიზმი) , საგნის დაცემა.
დაზღვევის პირობების B1.1. პუნქტის თანახმად, მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ითვალისწინებს, უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტომობილის მართვისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტომობილის დაზღვევის პირობები K----------
3.2.3. 2016 წლის 29 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ავტომობილის პირობების 10.1. პუნქტის თანახმად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაზღვევის ყველა სახეობისათვის/სექციისათვის დაზღვევის ტერიტორია მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, თუ კონკრეტული სადაზღვევო პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. წარმოდგენილი პირობების შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული პოლისით შეიძლება დადგინდეს დაფარვის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. 10.1.2. პუნქტით მხარეები ასევე შეთნხმდნენ, პოლისში მითითებული ყველა ქვეყნის მიმართ A1.2. პუნქტში ჩამოთვლილი სადაზღვევო რისკრებიდან გავრცელდება მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია), სტიქიური მოვლენები (გარდა მიწისძვრა), საგნის დაცემა. ამავე პირობების 10.2. პუნქტის თანახმად, B და C სექციებისათვის დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტომობილის დაზღვევის პირობები K----------
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება, სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა გაფორმებული გარიგება არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ასევე განმარტა, რომ გარიგება წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ავტომობილის დაზღვევის პოლისის თანახმად განისაზღვრა ხ-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის ძარის დაზღვევა, დაზღვეული ტერიტორია: საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია და ავსტრია; პოლისის თანახმად ასევე განისაზღვრა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად განსაზღვრული იქნა B სექციით. ამავე ხელშეკრულების პირობების 10.2. პუნქტის თანახმად კი B სექციისათვის დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხ-----------–---–ი 2017 წლის 06 მაისს ქ. ნეაპოლში მოძრაობდა სატრანსპორტო საშუალება S-----------–--------------- სახელმწიფო ნომერი L------ ავტომობილისათვის აუცილებელი RCA სადაზღვევო პოლისის გარეშე.
სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ ავტომობილის მფლობელს იტალიის საზღვრის კვეთისას არ გააჩნდა სპეციალური დაზღვევა, რაც იტალიის ადგილობრივი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, კერძოდ ე.წ. „გრინ ქარდ სისტემა„, რომლის წევრები გასცემენ დაზღვევის პოლისს, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის ტერიტორიაზე და ფარავს მესამე პირთათვის მიყენებულ ზიანს.
სარჩელზე დართული ადვოკატ ჯენნარო იომიოს წერილის თანახმად, ხ-----------–---–ის შემთხვევა მოიცავს საერთაშორისო შეთანხმების, კონვენციებისა და ცირკულარების ანალიზს, რომელიც იტალიის რესპუბლიკამ მიიღო და ხელი მოაწერა საზღვარგარეთის ქვეყნებთან, სატრანსპორტო საშუალებების RCA დაზღვევის აუცილებლობის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, საქართველოში დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშაუალება მიეკუთვნება უცხო ქვეყანას, რომელიც არ მონაწილეობს Green Card-ის სისცემაში. ისეთ უცხო ქვეყნებში, რომლებიც არ შეუერთნენ Green Card-ის ავტომატურად დაფარვის დაზღვევის სისტემას, დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები, შეიძლება დაზღვეული იქნას მხოლოდ ხელშეკრულების დადებით იმ კომპანიასთან, რომელიც უფლებამოსილია დააზღვიოს სატრანსპორტო საშუალებები იტალიაში. ხ-----------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი შეიძლება ჩათვლილიყო დაზღვეულად ორ სავარაუდო შემთხვევაში: 1). თუ მას ექნებოდა სასაზღვრო პოლისი, 2). ექნებოდა პოლისი იმ კომპანიასთან, რომელიც უფლებამოილი იყო განეხორციელებინა აუცილებელი RCA დაზღვევა იტალიაში. წერილის თანახმად, უცხოური სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალში, რომლებსაც აქვთ RCA დაზღვევის უფლება იტალიაში სადაზღვევო კომპანია „konpenbur„ არ ფიგურირებს.
უდავოა და მოსარჩელე მხარეც ადასტურებს, რომ 2016 წლის 09 ოქტომბერს ქ. ანკარაში, კომპანია გროუპამა სიგორტასგან მიიღო აუცილებელი ქონების პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, ხოლო 2016 წლის 10 ოქტომბერს ასევე ბულგარეთში, ქ. სოფიაში, სადაზღვევო კომპანიისგან (ZD BUL INS AD) მიიღო საავტომობილო დაზღვევის პოლისი. მოსარჩელე ადასტურებს, რომ 2016 წლის 29 სექტემბრის ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისით K---------- ვერ შეძლო თურქეთის და ბულგარეთის საზღვარის კვეთა. ხოლო იტალიის საზღვრის კვეთა შეძლო 2016 წლის 10 ოქტომბერს ბულგარეთში, ქ. სოფიაში, სადაზღვევო კომპანიისაგან მიღებული საავტომობილო დაზღვევის პოლისით, რომლის მოქედების ვადა შეადგენდა 1 თვეს. ხ-----------–---–ი 2017 წლის 06 მაისს ქ. ნეაპოლში მოძრაობდა ავტომობილისათვის აუცილებელი სადაზღვევო პოლისის გარეშე.
საქმის შინაარსიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ დავაში უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შეფასება იურიდიული მართებულობის გადასაწყვეტად. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების აღიარებით ვლინდება. სამოქალაქო-სამართლებრივი დავა მხოლოდ მხარის მოთხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე წარმოებს, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე. სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს (კვალიფიკაცია), იგი არ შეიძლება, იყოს დამოკიდებული მხარეთა მითითებებზე. სწორედ ამიტომ, მოთხოვნის არსიდან გამომდინარე სასამართლო განსაზღვრავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებები დგინდება მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციების ფარგლებში და რა არის სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327-ე, 56-ე, 81-ე, 779-ე, 802-ე,, 51-88-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მხარეთა ნება.
ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე. ასევე მოსარჩელის მტკიცებით, გარიგება არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური, ასევე მოტყუებით დადებული გარიგება;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია, გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური) გარიგება. ამდენად, თვალთმაქცურია გარიგება, როდესაც გარიგება იდება მოსაჩვენებლად, იმ მიზნით, რომ მისით სხვა გარიგება დაიფაროს.
როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგების უკან ჩვეულებრივ სხვა გარიგება იმალება, რომლის მიღწევაც გარიგების მონაწილეებს აქვთ განზრახული. მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გრიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნოებიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების მიზანი, მესამე პირის მოტყუებაა, აღნიშნული გარემოება მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლებიდან არ გამომდინარეობს;
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასითებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ასეთი „ურთიერთშეთანხმებაც„ საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით არ დასტურდება.
6.3. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ გარიგება არის თვალთმაცური, რასაც სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი, მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური, მეორე რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია, თუმცა ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, მხარეთა რელური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში მხარეები ვერ ერკვევიან რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურდათ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თავლთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ. (სუსგ №ას-976-908-2017, 22.01.2018, # ას 871-821-2015, 05.02.2016წ;).
6.4. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ გარიგება დადებულია მოტყუებით. მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის 28 სექტემბერს ხელშეკრულების გაფორმების დროს სადაზღვევო კომპანიაში გაესაუბრა აგენტების ჯგუფის კორდინატორი გიორგი შავგულიძე, რომელმაც განუმარტა, რომ მის კუთვნილ ავტომანქანას აღნიშნული დაზღვევის პოლისით არანაირი პრობლემები არ შეექმნებოდა. ასეთი განმარტების შემდეგ მოსარჩელემ გადაწყვიტა გაეფორმებია სადაზღვევო ხელშეკრულება და მიეღო შესაბამისი სადაზღვევო პოლისი. ამგვარი შეპირება და განმარტება, რომ არ მიეღო არ გააფორმებდა სადაზღვევო ხელშეკრულებას და არ გადაიხდიდა სადაზღვევო პრემიას. მოპასუხე მხარემ თავიდანვე იცოდა, რომ მათ პოლისს სხვა ქვეყნებში იურიდიული ძალა არ ჰქონდა. შესაბამისად მოპასუხე მხარის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოტყუებას და გარიგება წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ე.ი. გარიგების დადების დროს ყველა ან ერთ-ერთი პირობა ცდომილებაში განზრახ შეყვანითაა მიღწეული. ასეთ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მხარემ გარიგების დადების ნება გამოხატა, მაგრამ ნების გამოვლენის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ მის გამოვლენას მოტყუება უძღვის წინ. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებენ მოტყუების ფაქტს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელით, მასზე დართული მტკიცებულებებით, ასევე ახსნა-განმარტებისას ვერ დაადასტურა და ვერ მიუთითა, რომ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილი ჰქონდა ამ ხელშეკრულების მონაწილეთა მხრიდან გარიგების მოტყუებით დადების ფაქტს. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები გარიგების მოტყუებით დადებულად მიჩნევის დასადასტურებლად ვერ გამოდგება. მტკიცებას, რომ 2016 წლის 28 სექტემბერს ხელშეკრულების გაფორმების დროს სადაზღვევო კომპანიაში გაესაუბრა აგენტების ჯგუფის კორდინატორი გიორგი შავგულიძე, რომელმაც განუმარტა, რომ მის კუთვნილ ავტომანქანას აღნიშნული დაზღვევის პოლისით არანაირი პრობლემები არ შეექმნებოდა და ასეთი განმარტების შემდეგ გადაწყვიტა გაეფორმებია სადაზღვევო ხელშეკრულება მიეღო შესაბამისი სადაზღვევო პოლისი, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოსარჩელე უშუალოდ შეუთანხმდა მოპასუხეს ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რაც ასახეს კიდევაც წერილობით დოკუმენტში და ეს გარემოება არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს, უფრო მეტიც, იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ წერილობით ფორმირებული ნება ხელმომწერ მხარეთა შეთანხმების ასახვას წარმოადგენს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირობები წარმოადგენს შეთანხმებას მხარეთა ნებიდან გამომდინარე. ხელშეკრულება ორივე მხარის მონაწილეობით იქნა შედგენილი. ნების გამოვლენის შინაგანი ფაქტი ასახავს განმცხადებლის ობიექტურად გასაჯაროებულ ნებას სხვადასხვა სამართლებრივად მნიშვნელოვან კატეგორიაში. გარიგების დადების ნება მიმართულია კონკრეტული გარიგების დადებისაკენ. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მოიწონეს წინაპირობები და გამოხატეს ნება კონკრეტული გარიგების დადებისაკენ, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვალა, ვინაიდან მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ-----------–---–ს და კოპენბურს შორის 2016 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება და სადაზღვევო კომპანიამ გასცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი K----------, რომლითაც დაზღვეული იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა S---, C------, V----, სახელმწიფო ნომრით L------. ავტომობილის დაზღვევის პოლისის თანახმად განისაზღვრა ხ-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის ძარის დაზღვევა, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 4000 აშშ დოლარით, პოლისში მითითებულია, რომ იფარება სეტყვა და მიწისძვრა, დაზღვეული ტერიტორია: საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია და ავსტრია; პოლისის თანახმად ასევე განისაზღვრა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა. ავტომობილის პირობების თანახმად, ავტომობილის დაზღვევის პირობები მოიცავს დაზღვევის შემდეგ სახეობებს/სექციებს: A. ავტომობილის ძარის დაზღვევა, B. მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, C. მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთვევისაგან დაზღვევა.
დადგენილია, რომ დაზღვევის პირობების A1.1. პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის დაზღვევა ითვალისწინებს დაზღვეული ავტომანქანის, ასევე ქარხნულად დამონტაჟებული დეტალების, მოწყობილობების, აქსესუარების, სარკეების დაზიანებით ან განადგურებით გამოწვეული დაზღვეული რისკების დადგომის შედეგად ანაზღაურებას. A1.2. პუნქტის თანახმად, დაზღვეულ რისკებს წარმოადგენს: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია), ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, (მიწისძვრა და სეტყვის გარდა) თუ პოლისში სხვაგვარად არის არის მითითებული), მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, და ვანდალიზმი) , საგნის დაცემა.
დაზღვევის პირობების B1.1. პუნქტის თანახმად, მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ითვალისწინებს, უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტომობილის მართვისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
2016 წლის 29 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ავტომობილის პირობების 10.1. პუნქტის თანახმად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაზღვევის ყველა სახეობისათვის/სექციისათვის დაზღვევის ტერიტორია მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, თუ კონკრეტული სადაზღვევო პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. წარმოდგენილი პირობების შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული პოლისით შეიძლება დადგინდეს დაფარვის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. 10.1.2. პუნქტით მხარეები ასევე შეთნხმდნენ, რომ პოლისში მითითებული ყველა ქვეყნის მიმართ A1.2. პუნქტში ჩამოთვლილი სადაზღვევო რისკრებიდან გავრცელდება მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია), სტიქიური მოვლენები (გარდა მიწისძვრა), საგნის დაცემა. ამავე პირობების 10.2. პუნქტის თანახმად, B და C სექციებისათვის დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
ავტომობილის დაზღვევის პოლისში K----------, გრაფაში- „ავტომობილის ძარის დაზღვევა„ განსაზღვრულია დაზღვეული ტერიტორიების ჩამონათვალი, კერძოდ საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ავსტრია. ავტომობილის დაზღვევის პოლისის გრაფაში „მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა„- ხელშეკრულების პირობების 10.2. პუნქტის თანახმად, ვრცელდებოდა მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1. მუხლის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაზღვეული ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
ამავე კოდექსის 802.1. მუხლის თანახმად, მზღვეველი მოვალეა ჩააბროს დამზღვევს საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა- პოლისი). სსკ 802.2. მუხლის შესაბამისად, სადაზღვევო მოწმობა შეიცავს ხელშეკრულების მხარეების ვინაობას და მათ ადგილსამყოფელს, დაზღვევის საგანს და დაზღვეული პირის დასახელებას, პოლისი განსაზღვავს სადაზღვევო რისკს, დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას, სადაზღვევო თანხის ოდენობას. პოლისი ასევე შეიცავს დაზღვევის დაფარვის ტერიტორიას.
მოპასუხე მხარის მტკიცებით ხ-----------–---–ს არ შეპირებია და არც გაუცია მესამე პირის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც გავრცელდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს პირობა არც ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული და მოსარჩელეს არ უნდა შექმნოდა თვითიმედოვნება. სს თ----------------ა არ წარმოადგენს ე.წ. გრინ ქარდის სისტემის წევრს, რომლებიც გასცემენ საერთაშორისო დაზღვევის პოლისს;
6.6. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გარიგების ბათილობის საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-88-ე მუხლებით. აღნიშნული მუხლების შესაბამისად, გარიგება შესაძლებელია შეცილებულ იქნეს, თუ იგი დადებულია შეცდომით, მოტყუებით, იძულებით, კანონით გასაზღვრული ფორმის დაუცველად ან მხარის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის გარეშე, ასევე, თუ ეწინააღმდეგება კანონს, ამორალურია, თვალთმაქცური ან მოჩვენებითია. საქმის მასალებით არ დადასტურებულა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გარიგება დადებული იქნა მოჩვენებით, თავლთმაქცურად ან მოტყუებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესსა და საგნის შესახებ, ზუსტად განსაზღვრეს სადაზღვევო რისკი და სხვა მნიშვენლოვანი პირობები.
დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა;
6.7. ამდენად სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ ავტომობილის მფლობელს იტალიის საზღვის კვეთისას არ გააჩნდა სპეციალური დაზღვევა, რაც იტალიის ადგილობრივი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, კერძოდ ე.წ. „გრინ ქარდ სისტემა„, რომლის წევრები გასცემენ დაზღვევის პოლისს, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის ტერიტორიაზე და ფარავს მესამე პირთათვის მიყენებულ ზიანს. სარჩელზე დართული ადვოკატ ჯენნარო იომიოს წერილის თანახმად, ხ-----------–---–ის შემთხვევა მოიცავს საერთაშორისო შეთანხმების, კონვენციებისა და ცირკულარების ანალიზს, რომელიც იტალიის რესპუბლკამ მიიღო და ხელი მოაწერა საზღვარგარეთის ქვეყნებთან, სატრანსპორტო საშუალებების RCA დაზღვევის აუცილებლობის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, საქართველოში დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშაუალება მიეკუთვნება უქცხო ქვეყანას, რომელიც არ მონაწილეობს Green Card-ის სისცემაში. ისეთ უცხო ქვეყნებში, რომლებიც არ შეუერთნენ Green Card-ის ავტომატურად დაფარვის დაზღვევის სისტემას, დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები, შეიძლება დაზღვეული იქნას მხოლოდ ხელშეკრულების დადებით იმ კომპანიასთან, რომელიც უფლებამოსილია დააზღვიოს სატრანსპორტო საშუალებები იტალიაში. ხ-----------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი შეიძლება ჩათვლილიყო დაზღვეულად ორ სავარაუდო შემთხვევაში: 1). თუ მას ექნებოდა სასაზღვრო პოლისი, 2). ექნებოდა პოლისი იმ კომპანიასთან, რომელიც უფლებამოილი იყო განეხორციელებინა აუცილებელი RCA დაზღვევა იტალიაში. წერილის თანახმად, უცხოური სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალში, რომლებსაც აქვთ RCA დაზღვევის უფლება იტალიაში სადაზღვევო კომპანია „konpenbur„ არ ფიგურირებს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხ-----------–---–ს გააჩნდა ავტომობილის დაზღვევის პოლისი (#K/MO/R/006989/1) 2016 წლის 09 ოქტომბერს ქ. ანკარაში, კომპანია გროუპამა სიგორტასგან მიიღო აუცილებელი ქონების პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, მისთვის ცნობილი იყო, რომ #K/MO/R/006989/1 დაზღვევის პოლისით ვერ შეძლებდა საზღვრის კვეთას. ხ-----------–---–მა 2016 წლის 10 ოქტომბერს ასევე ბულგარეთში, ქ. სოფიაში, სადაზღვევო კომპანიისგან (ZD BUL INS AD) მიიღო საავტომობილო დაზღვევის პოლისი.
სასამართლო განმარტავს, რომ მწვანე ბარათი (Green Card) წარმოადგენს საერთაშორისო დაზღვევის სავალდებულო სერთიფიკატს (პოლისს), რომელიც მოქმედებს ევროპის, ამიერკავკასიის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში და ფარავს ავტომფლობელის პასუხიმგებლობის რისკებს მესამე პირთა მიმართ. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ხ-----------–---–ს და კოპენბურს შორის გაფორმებული სადაზღვევო პოლისი წარმოადგენდა საერთაშორისო დაზღვევის სავალდებულო სერთიფიკატს და მისი მოქმედება (მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა) ვრცელდებოდა თურქეთში, ბულგარეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში და ავსტრიაში. ამასთან წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ ხ-----------–---–ს იტალიაში გააჩნდა სასაზღვრო პოლისი.
6.8. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთა სადაზღვევო პირობების მოჩვენებითი ან თვალთმაქცური ხასიათი. სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე უნდა დაამტკიცოს მან ვისაც მიაჩნია, რომ მოჩვენებით და თვალთმაქცურად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომლებმაც განაპირობეს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია მოჩვენებით ან თვალთმაქცურად, ან ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიმართ მოტყუების ფაქტს. სასამართლო განმარტავს, რომ ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ აღნიშნული გარიგებით შეილახა მისი უფლებები. ამდენად სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან ვინაიდან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს თ----------------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოტყუებას, მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებას, შესაბამისად მოსარჩელის მიმართ მიყენებული ზიანი არ არის გამოწვეული მოპასუხე სს თ----------------ის ბრალეულობის გამო, სასამართლო არსებითად აღარ მსჯელობს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე და ასევე არ აფასებს მოსარჩელე მხარის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების გამომწვევ მიზეზებს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ხ-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე