გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
030210018002424121
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210018002424121

N2/527-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი 2018 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე შპს „ფ---–-------------“

წარმომადგენელი ფატ---------ია

მოპასუხე ლ-------------ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ-------------ს დაეკისროს შპს „ფ---–-------------ს“ სასარგებლოდ 2006,3 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა 500 ლარი, სარგებელი -70 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 810 ლარი, საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 6,30 ლარი და პირგასამტეხლო - 620 ლარი).

 

1.2. მოპასუხე ლ-------------ს დაეკისროს შპს „ფ---–-------------ს“ სასარგებლოდ სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 06 აპრილს დაიდო სესხის N872241 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეზე 30 დღის ვადით გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით, სესხზე დარიცხული საკომისიო განისაზღვრა 70 ლარით. მოპასუხეს სესხის თანხა 500 ლარი მის საბანკო ანგარიშზე სს "ს----------–--- ბ---ში" გადაერიცხა მოსარჩელისგან 2016 წლის 04 აპრილს. სესხის და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების თარიღი 2016 წლის 04 მაისი.

 

მოპასუხის მიერ ფაულადი ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2006,3 ლარს (საიდანაც 500 ლარი სესხის ძირი თანხაა, 70 ლარი - სარგებელი, მიუღებელი შემოსავალი - 810 ლარი, საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 6,30 ლარი და პირგასამტეხლო - 620 ლარი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის 500 ლარის, სარგებლის 70 ლარის და საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 6,30 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 500 ლარის ოდენობით, სარგებლის 70 ლარის დარიცხვით, 30 დღის ვადით.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; საგადასახადო დავალებით.

 

3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება არ გადაიხადა სესხი, რის გამოც, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა: სესხის ძირი -500 ლარი, სარგებელი - 70 ლარი და პირგასამტეხლო 620 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 810 ლარი.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 06 აპრილს ელექტრონული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო - 620 ლარი შეუსაბამოდ მაღალია.

 

ხელშეკრულების დარღვევის დღიდან დაიწყო პირგასამტეხლოს დენა, რის გამოც, სარჩელის სასამართლოში შემოტანის დროისათვის პირგასამტეხლო, ხელოვნურად გაიზარდა 620 ლარამდე, რაც აღემატება როგორც ძირითად თანხას, ასევე სარგებელს.

 

3.2.2.მოპასუხე მიუღებელ შემოსავლს 810 ლარს არ ეთანხმება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს „ფ---–-------------ს“ სარჩელი, ლ-------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მოპასუხე ლ-------------ს შპს „ფ---–-------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 638,30 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 70 ლარი, პირგასამტეხლო - 62 ლარი, საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი-6,30 ლარი) გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სარჩელი კმაყოფილდება სარჩელის ცნობის საფუძველზე და, ამ შემთხვევაში, მოსამართლე არ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 500 ლარის, სარგებლის 70 ლარის და საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 6,30 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მიუხედავად იმისა, რომ ეხება მიუღებელ შემოსავალის ანაზღაურების ინსტიტუტს, მიგვითითებს იმაზე, რომ ზიანს შეიძლება წარმოადგენდეს ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი და მიუღებელი შემოსავალი. ქონებრივი ზიანის თავისებურებების გათვალისწინებით, ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგების კომპენსაცია.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მიუღებელი შემოსავლის მიღების მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას უნდა იყოს გათვალისწინებული თანაზომიერება და გონივრულობა, მიყენებულ ზიანთან მიმართებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბანკის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა. ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, ის საფუძველი აღარ იარსებებს, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში. ასეთ ვითარებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ექნება არა კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ მის გამდიდრებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის 810 ლარის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ფ---–-------------“ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 620 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.

 

პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.

 

მართალია კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლო 620 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწყვევს არა მოსარჩელის უფლებების აღდგენას, არამედ მის გამდიდრებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო - 620 ლარი უნდა შემცირდეს 62 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

შპს „ფ---–------------“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 14,21 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 17.04.2018 წელი, საგადასახადო დავალება 021), ხოლო 35,79 ლარი უნდა დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

მოპასუხე ლ-------------ს მოსარჩელე შპს ფ---–-------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 2,65 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ფ---–-------------ს“ სარჩელი, ლ-------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.მოპასუხე ლ-------------ს შპს „ფ---–-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 638,30 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 70 ლარი, პირგასამტეხლო - 62 ლარი, საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი-6,30 ლარი) გადახდა.

 

3. შპს „ფ---–------------“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 14,21 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 17.04.2018 წელი, საგადასახადო დავალება 021), ხოლო 35,79 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.

 

4.მოპასუხე ლ-------------ს მოსარჩელე შპს ფ---–-------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 2,65 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე