გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.01.2019
საქმის ნომერი
330310018002686607
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6591-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - ლე---- ჩი-------

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ლე--- მუ--–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2019 წლის 15 იანვრის №----------------- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ლე---- ჩი-------ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დ-–--------–-–----------------------------–------–-–---------------------–---------------------–------–-–-------------------–--------------------–--------–---–-----------------–----------------–--------------------ს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

1.3. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, მოსარჩელე ლე---- ჩი-------ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს და ფინანსური წახალისების ანაზღაურება 2018 წლის 20 აგვისტოდან, მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს (ფინანსური წახალისების) ყოველთვიური ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და განაცდურის ანაზღაურების დავალების საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2018 წლის 1 თებერვლის ბრძანებით, გამოსაცდელი ვადით მოსარჩელე ლე---- ჩი------- დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დ-–--------–-–----------------------------–------–-–---------------------–---------------------–------–-–-------------------–--------------------–--------–---–-----------------–----------------–--------------------ს თანამდებობაზე.

აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოსარჩელე ლე--- ჩი------ზე გაიცა რეკომენდაცია/დახასიათება, რომლის მიხედვით, იგი რაიმე თანამდებობრივ გადაცდომაში შემჩნეული არ ყოფილა, შესაბამისად რაიმე სახის დისციპლინური დევნის საკითხი მის მიმართ არ დამდგარა. აღნიშნული დახასიათება/რეკომენდაცია ხელმოწერით დაადასტურეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქუთაისის საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსმა, იმავე განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსმა ინსპექტორმა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე ლე--- ჩი------- 2018 წლის 1 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) საფუძველზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2018 წლის 1 თებერვლის ბრძანება (ს.ფ. 16-26);

- დახასიათება/რეკომენდაცია (ს.ფ.15);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანება (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქუთაისის საავიაციო უშიშროების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსმა, 2019 წლის 8 იანვარს შეადგინა მოსარჩელე ლე--- ჩი-------ს დახასიათება, სადაც აღნიშნა, რომ იგი გამოსაცდელი ვადის პერიოდში მონაწილეობას იღებდა ჯგუფის სამსახურებრივ საქმიანობაში, ნაწილობრივ ესმოდა და გათავისებული ჰქონდა სამსახურებრივი წესდებები, უფროსების ბრძანებებსა და დავალებებს ყოველთვის არ ასრულებდა ზუსტად და დროულად, კომუნიკაცია უჭირდა, როგორც ხელმძღვანელ, ასევე სხვა თანამშრომლებთან, რომელთა მხრიდან ხასიათდება უარყოფითად. ზოგადად, იგი ვერ ეგუებოდა პოლიციაში არსებულ წესებს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 2019 წლის 15 იანვარს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანება და მიუთითა, რომ მოსარჩელე ლე--- ჩი------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 20 აგვისტოდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) და 50 მუხლის საფუძველზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შეფასების აქტი (ს.ფ. 185);

- ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2019 წლის 15 იანვრის №----------------- ბრძანება (ს.ფ.175);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლე---- ჩი-------ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №226 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა თანამშრომლისათვის.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2019 წლის 15 იანვრის №----------------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, "პოლიციის შესახებ", ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ლე---- ჩი-------ს მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია საჯარო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 

სასამართლო, აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ“ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. მეტიც, მომჩივნის გათავისუფლების მიზეზი, მის პროფესიულ რეპუტაციას შეეხო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე ლე--- ჩი-------ს თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

 

მითითებული წესის 50-ე მუხლის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი გამოსაცდელი ვადის გასვლისას მოსამსახურის მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგის არსებობაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2018 წლის 1 თებერვლის ბრძანებით, გამოსაცდელი ვადით მოსარჩელე ლე---- ჩი------- დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დ-–--------–-–----------------------------–------–-–---------------------–---------------------–------–-–-------------------–--------------------–--------–---–-----------------–----------------–--------------------ს თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე ლე--- ჩი------- 2018 წლის 1 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) საფუძველზე.

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ლე--- ჩი-------, ისე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის გასვლის საფუძვლით, რომ არ არსებობდა მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების თაობაზე დასაბუთებული დასკვნა. უფრო მეტიც, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოსარჩელე ლე--- ჩი------ზე გაიცა რეკომენდაცია/დახასიათება, რომლის მიხედვით, იგი რაიმე თანამდებობრივ გადაცდომაში შემჩნეული არ ყოფილა, შესაბამისად რაიმე სახის დისციპლინური დევნის საკითხი მის მიმართ არ დამდგარა. აღნიშნული დახასიათება/რეკომენდაცია ხელმოწერით დაადასტურეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქუთაისის საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსმა, იმავე განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსმა ინსპექტორმა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ქუთაისის საავიაციო უშიშროების განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსმა, 2019 წლის 8 იანვარს შეადგინა მოსარჩელე ლე--- ჩი-------ს დახასიათება, სადაც აღნიშნა, რომ იგი გამოსაცდელი ვადის პერიოდში მონაწილეობას იღებდა ჯგუფის სამსახურებრივ საქმიანობაში, ნაწილობრივ ესმოდა და გათავისებული ჰქონდა სამსახურებრივი წესდებები, უფროსების ბრძანებებსა და დავალებებს ყოველთვის არ ასრულებდა ზუსტად და დროულად, კომუნიკაცია უჭირდა, როგორც ხელმძღვანელ, ასევე სხვა თანამშრომლებთან, რომელთა მხრიდან ხასიათდება უარყოფითად. ზოგადად, იგი ვერ ეგუებოდა პოლიციაში არსებულ წესებს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 2019 წლის 15 იანვარს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანება და მიუთითა, რომ მოსარჩელე ლე--- ჩი------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 20 აგვისტოდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის (გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო) და 50 მუხლის საფუძველზე.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 8 იანვრამდე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არ ჰქონდა შეფასებული მოსარჩელე ლე--- ჩი-------ს მუშაობის შედეგები. შესაბამისად, მას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, იგი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მითითებული საფუძვლით 2019 წლის 8 იანვრამდე.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ კანონით განმტკიცებული კანონიერების პრინციპი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს საქმის გარემოებების ობიექტურად, მიუკერძოებლად გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე და იგი არ იყოს მოტივირებული მხოლოდ მის მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების სამართლებრივად დასაბუთების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არის ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლება, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით. ერთი მხრივ, ეს ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს უშუალოდ სამართლებრივ აქტში ასახოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაეყრდნო მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მითითებული არცერთ გარემოებაზე, რაც მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს გახდიდა ცხადს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება აღქმული არ იქნეს თვითნებობად, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ლე--- ჩი-------ს მუშაობის თაობაზე საქმეში წარმოდგენილია, მისი მუშაობის პერიოდში გაცემული ერთი დასკვნა, რომელიც დადებითად აფასებს მის საქმიანობას, ხოლო გამოსაცდელი ვადის გასვლის, სამსახურიდან გათავისუფლების და მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შემდგომ, მისი მუშაობის თაობაზე უარყოფითი შეფასების აქტი შეადგინა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ და მის საფუძველზე უკუძალა მიანიჭა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს, შეაფასოს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაასაბუთოს, თუ რაში გამოიხატება მოსარჩელის მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები, აგრეთვე არადამაკმაყოფილებელი შედეგების არ არსებობის პირობებში, როგორ უნდა გათავისუფლებულიყო პირი თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლით.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ამრიგად, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2019 წლის 15 იანვრის №----------------- ბრძანება და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ლე--- ჩი------თან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.6. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელე ლე--- ჩი-------ს სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.7. სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანებები და ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს მოსარჩელე ლე--- ჩი-------ს სასარგებლოდ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან განაცდური ხელფასის და ფინანსური წახალისების ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლე--- ჩი-------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნეს ბათილად ცნობილი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თ--------------- 2019 წლის 15 იანვრის №----------------- ბრძანება და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ლე--- ჩი------თან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში;

 

3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი