გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-1000-18
(130210118002612059)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - ს----------–-----------–-------------რო
წარმომადგენელი - ჯ----–----------ლი
მოპასუხე - ბ----------–-–--ლი
ადვოკატი - კ-------–-----–-ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ბ----------–-–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად გაცემული თანხის - 344.26 ლარის და დაზიანებული ავტომანქანის პირველადი საბალანსო ღირებულების - 48 054.30 ლარის გადახდა.
დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ბ----------–-–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად გაცემული თანხის - 344.26 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ბ----------–-–--ლს დაევალოს დაზიანებული ავტომანქანის "TOYOTA land cruiser-79"-ის აღდგენა და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ს----------–-----------–-------------ოზე გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ზედმეტად დარიცხული ხელფასის დაბრუნების შესახებ, რაც შეეხება მოთხოვნას ავტომანქანის საბალანსო ღირებულების მასზე დაკისრების თაობაზე არის დაუსაბუთებელი, უკანონო და აშკარად უსამართლო, რადგან მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა "TOYOTA land cruiser-79" არის საკმაოდ ძველი, (2008 წლის ომგამოვლილი) და ავტოავარიამდე მისი ღირებულებაც ბუნებრივია საგრძნობლად განსხვავდებოდა მისი თავდაპირველი, საბალანსო ღირებულებისგან. აქედან გამომდინარე, ზიანის სახით ა/მანქანის საბალანსო ღირებულების მასზე დაკისრება ყოვლად უსაფუძვლოა.
2.2. მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ავტომანქანის "TOYOTA land cruiser-79"-ის აღდგენა და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ს----------–-----------–-------------ოზე გადაცემა,- მთლიანად ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. 2013 წლის 26 აგვისტოს ბ----------–-–--ლსა და ს----------–-----------–-------------როს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.02.2009 წლის N1-- ბრძანებით დამტკიცებული N6---- კონტრაქტი "კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურეების მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 26 აგვისტოს N6---- კონტრაქტი.
3.1.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 26.06.2017 წლის N4917 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულის II გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ოცეულის II ტანკსაწინააღმეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსის სექციის I გათვლის მძღოლი, უმცროსი სერჟანტი ბ----------–-–--ლი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, 2017 წლის 20 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 26.06.2017 წლის N4917 ბრძანების ასლი.
3.1.3. ბ----------–-–--ლის 2017 წლის ივნისის თვეში დარიცხულმა თანხამ შეადგინა (ერთი თვის დარიცხული ხელფასი) - 1173.60 ლარი. ბ----------–-–--ლი ს/ნ 1616-ის მეთაურის N7-- (19.06.2017) ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან 20 ივნისიდან და მასზე ზედმეტად გაცემულმა ხელფასმა შეადგინა - 344.26 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა განმარტებები, 2017 წლის N5----- ცნობა, ს/ნ 1-----ის მეთაურის N7-- ბრძანების ასლი, 12.07.2017 წლის N6----- ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ.
3.1.4. 2016 წლის 25 ნოემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის კუთვნილი, AA-212 სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე, "ტოიოტა ლენდ-კრუიზერის" მარკის ავტომანაქანით, ამავე ასეულის უპილოტო საფრენი აპარატის სექციის მძღოლი, უმცროსი სერჟანტი - ბ----------–-–--ლი გადაადგილდებოდა ქალაქ მცხეთიდან დაბა გიგანტის მიმართულებით. დაახლოებით 11:10 საათზე, ქალაქ მ–-----ში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და ფარნავაზის მოედნის დამაკავშირებელ ხიდთან, მძღოლმა - ბ----------–-–--ლმა, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც მანევრირების დროს ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა, გადავიდა სავალი ნაწილის გვერდულზე მარჯვენა მხარეს, შეეჯახა მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხიდის ჯებირს და გადავარდა მდინარეში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მგზავრი - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურე ოლღა ადუაშვილი, ხოლო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურემ - ოთარ ჭყოიძემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ხანგრძლივი მოშლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენის ასლი.
3.1.5. 2018 წლის 3 ივლისის შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" წერილიდან ირკვევა, რომ ს----------–-----------–-------------როს კუთვნილებაში არსებული რიცხული ქონების ავტომანქანა "TOYOTA land cruiser-79"-ის, საიდენტიფიკაციო №JTELB71J807077046, პირველადი საბალანსო ღირებულება შეადგენს 48 054.30 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები, შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" 2018 წლის 03 ივლისის წერილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–-----------–-------------როს დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 317-ე, 361-ე, 976-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად: „ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას“.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ მთლიანად აღიარა ს----------–-----------–-------------როს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე, ს----------–-----------–-------------რო საქართველოს კანონის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველის პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ მთლიანად ცნო სარჩელი მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, როლითაც ყადაღა დაედო ბ----------–-–--ლის (პ/ნ 43001019407) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, რომლებიც მდებარეობენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში და რომელთა საკადასტრო კოდებია: 68.17.47.776; 68.17.47.775 და 68.17.41.339 - დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს საპროცესო კოდექსის 49-ე,243-244-ე,249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–-----------–-------------როს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ბ----------–-–--ლს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული თანხის - 344 ლარის და 26 თეთრის გადახდა.
3. მოპასუხე ბ----------–-–--ლს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს სამინისტროს კუთვნილი დაზიანებული ავტომანქანა "ტოიოტა ლენდ კრუიზერ -79"-ის, რომლის სახელმწიფო სანომრე ნიშანია AA-212, აღდგენა და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში თავდაცვის სამინისტროზე გადაცემა.
4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დატოვებული იქნას უცვლელად.
5. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან,6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი