განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2019
საქმის ნომერი
020100118002452194
დავის ტიპი
370
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002452194

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/262-18 10 იანვარი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

სხდომის სახე - ღია

1. ბრალდების მხარე:

პროკურორი მ---------------

 

2.დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ნ------–------–---–-----------------–-------–-–---------–----------------–----------–---------------------------------------–--------------------–-----–----–----------–--------–-------------------------–--–--------------------------–---------.

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიცემაში გამოძიების დროს, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში

 

2.2. ადვოკატი კ-----------–-----

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

201--–-–---------------ს გამოსაკითხი პირის სახით და 201--–-–-----------ს დაზარალებულის სახით დაკითხვისას წ--–------ის რაიონის სოფელ ს------ში თავის საცხოვრებელ სახლში მყოფმა ნ----–---–--ამ გამოძიების დროს საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. კერძოდ, მან ლ------–-----ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედებოდა მძიმე კატეგორიის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, ნ----–---–--ამ გამოძიების ეტაპზე მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და ბრალდებულ ლ------–-----ას სისხლისსამართლებრივი პასუხისგებლობის თავიდან არიდების მიზნით განაცხადა არასწორი ინფორმაცია, რომ ლ------–-----ას მისთვის 201--–-–-------------რს იარაღიდან არ უსვრია ფეხის არეში და მან დაზიანება მიიღო თავად, მის მიერ სანადირო იარაღიდან განხორციელებული შემთხვევითი გასროლით მაშინ, როცა სინამდვილეში მას შემთხვევით კი არ მიუყენებია საკუთარი თავისთვის თვითდაზიანება, არამედ ლ------–-----ამ მიაყენა მას განზრახ სხეულის დაზიანება ფეხის არეში გასროლის შედეგად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამომიხატა დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში გამოძიების დროს

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ა-----------ს, ნ---------–---ას, დ--------------–იას, პ-------------–---–-ას ჩვენებებით, 201--–-–---------------ს ნ----–---–--ას მოწმის სახით, 201--–-–-----------ს ნ----–---–--ას დაზარალებულის სახით დაკითხვის ოქმით და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20---–-–------------ის განაჩენით ირკვევა, რომ 201--–-–-------------რს ლ------–-----ამ იარაღიდან ფეხის არეში ესროლა ნ----–---–--ას და მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. ნ----–---–--ა გაეცნო მისი დაკითხვის ოქმებს და ხელი მოაწერა მათ, მას ასევე გამომძიებლის მიერ განემარტა უფლებები. მან გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას თქვა, რომ თვითონ გაუვარდა თოფი. გამამტყუნებელი განაჩენით საქმის არსებითი განხილვის გარეშე ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 201--–-–-------------ოს განაჩენით ნ----–---–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედა და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და გამოიხატება ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში. აღნიშნული გულისხმობს დაზარალებულის მიერ სინამდვილის შეგნებულ დამახინჯებას. საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა უტყუარად იქნეს დადგენილი, რომ პირის ჩვენება არის ცრუ. პირის მიერ გადმოცემული ფაქტების სიცრუის დასადგენად საჭიროა გონივრული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების მოძიება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ნ----–---–--ამ გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. კერძოდ, განაცხადა, რომ მისთვის არ უსვრია ლ------–-----ას და მას თავად გაუვარდა თოფი მაშინ, როცა სინამდვილეში მას ფეხის არეში ესროლა ლ------–-----ამ.

სანამ მტკიცებულებების ერთობლიობით დისპოზიციის შინაარსის დადგენა მოხდება, მანამდე აუცილებელია თავად ნორმის დისპოზიციის, ე.ი. დანაშაულის შემადგენლობის ანალიზი. პირველივე შეხედვისთანავე ყურადღებას იპყრობს ნორმის დასაწყისი - მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა... მუხლის ასეთ დასაწყისს ავტომატურად გადავყავართ საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც მართლმსაჯულებას ახორციელებს საერთო სასამართლოები და სსსკ-ის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება. ამდენად, ამ ნორმათა ავტომატური ბმა იწვევს დასკვნას, რომ სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტმა ხელი უნდა შეუშალოს სასამართლოში საქმის განხილვას, ვინაიდან სხვა ორგანოებისათვის ხელის შეშლა ვერ განიხილება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი მართლმსაჯულებას არ ახორციელებენ. სწორედ ეს პოზიცია დააფიქსირა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ და აღნიშნა, რომ ვინაიდან ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია სასამართლოში, ის სასამართლოს ხელს ვერ შეუშლიდა და სსკ-ის 370-ე მუხლის შემადგენლობას ვერ განახორციელებდა. დაცვის მხარისვე პოზიციით, სასამართლო განაჩენში დაეყრდნო ბრალდებულის დაკითხვის ოქმს, რაც ასევე გამორიცხავს იმას, რომ ბრალდებულის დაკითხვის ოქმმა სასამართლოს რამეში ხელი შეუშალა. ეს ასე რომ ყოფილიყო, სასამართლო მას არ დაეყრდნობოდა, პირიქით, უარყოფდა მას. ამდენად, დაცვის მხარემ სწორად დასვა საკითხი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა პირს ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების განხორციელებას ისე, რომ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს და თანაც ისე, რომ მისი დაკითხვის ოქმს დაეყრდნოს სასამართლო გადაწყვეტილება. ზოგადად ასეთი პოზიციის არსებობა ლოგიკურად მოსდევს ტექნიკური თვალსაზრისით ნორმის ისეთი ფორმით გადმოცემას, როგორც ის არის მოცემული სისხლის სამართლის კოდექსში. ამ ფორმით ნორმა თავისთავად ნათელი არ არის, იწვევს ისეთ ასოციაციებს და კავშირებს სხვა ნორმებთან, რომლებიც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის მას.

ნორმის ბუნდოვანებას იწვევს მისი შინაარსი. კერძოდ, დანაშაულს წარმოადგენს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან/და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში. პირველ რიგში წინადადება ბუნდოვანია გრამატიკულად იმის გაგების თვალსაზრისით, ბოლო 4 სიტყვა მიემართება მხოლოდ თარჯიმანს თუ წინადადებაში ჩამოთვლილ ყველა პირს. მიუხედავად ამისა, გრამატიკული თვალსაზრისით სწორი იქნება დასკვნა, რომ ეს სიტყვები მიემართება ნორმაში ჩამოთვლილ ყველა პირს და არა მხოლოდ თარჯიმანს. ტელეოლოგიური განმარტების შემთხვევაშიც ეს საკითხი ანალოგიურად უნდა გადაწყდეს, ვინაიდან თარჯიმანი ნორმის ფარგლებში სხვა პირების კონტექსტში არის მოხსენიებული და მხოლოდ თარჯიმნის მიერ გამოძიებაში განხორციელებული თარგმანისთვის რაიმე უპირატესობის მინიჭება მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემულ ინფორმაციასთან ყოველგვარ მიზანს მოკლებულია. ამავე დასკვნას აძლიერებს ისიც, რომ ნორმაში სხვა პირებთან ერთად მითითებულია ასევე გამოსაკითხი პირიც, რომელიც მხოლოდ გამოძიების ეტაპზე არსებობს, ხოლო სასამართლოში ის მოწმედ იქცევა. ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ დანაშაულს წარმოადგენს როგორც თარჯიმნის, ასევე გამოსაკითხი პირის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის მიერ გამოძიების ეტაპზე განხორციელებული ქმედებები, მათ შორის გამოსაკითხი პირისა და დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება. ამდენად, თავად ნორმაშივე არის მითითება, ერთი მხრივ, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაზე, მეორე მხრივ - გამოძიების ეტაპზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე და, რაც მთავარია, ეს ორივე ერთად უნდა მოხდეს. იგულისხმება, რომ პირმა გამოძიების ეტაპზე ცრუ ჩვენება უნდა მისცეს და მართლმსაჯულებას ხელი უნდა შეუშალოს. ვინაიდან გამოძიების ორგანო არ არის მართლმსაჯულების ორგანო, წარმოიშობა პრობლემა: როგორ შეიძლება გამოძიებაში ცრუ ინფორმაციის მიწოდებით პირმა ხელი შეუშალოს მართლმსაჯულებას? განსახილველი ნორმის შეფარდების ყველა შემთხვევაში თავად ნორმის კონსტრუქცია სასამართლოს ავალდებულებს ამ კითხვას გასცეს პასუხი.

ვინაიდან სსკ-ის 370-ე მუხლში საკანონმდებლო ცვლილება შევიდა 201--–-–----------------ს, რის შემდეგაც ნორმის დისპოზიციამ ცვლილება განიცადა, ნორმის შინაარსის ზუსტად დადგენის გზაზე პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საკანონმდებლო ცვლილების განმარტებითი ბარათის და მასთან დაკავშირებული მასალების მოძიება. ირკვევა, რომ ერთდროულად ცვლილება შევიდა 2 მუხლში: სსკ-ის 370-ე და 3711-ე მუხლში. ამასთან, ეს უკანასკნელი ამოღებულ იქნა კოდექსიდან, ხოლო მისი დისპოზიციის ნაწილი გადავიდა სსკ-ის 370-ე მუხლში. ამ ცვლილებამდე სსკ-ის 370-ე მუხლის შინაარსი იყო შემდეგი: „მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა გამოძიების დროს ან სასამართლოში“. როგორც თავიდანვე თვალშისაცემია, ნორმის ძველი რედაქცია უფრო მარტივი აღსაქმელი იყო, არ მოითხოვდა მიზნის ან შედეგის დადგენას, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ფორმალურ დანაშაულს წარმოადგენდა, რაც დამთავრებული იყო გამოძიებაში ცრუ ჩვენების მიცემისთანავე. ძველ რედაქციაში არსად იყო მითითება მართლმსაჯულების განხორციელებაზე, რის გამოც ნორმა ყველასთვის უფრო მარტივი აღსაქმელი იყო. მეორე მხრივ, ამ ნორმის პარალელურად არსებობდა სსკ-ის 3711-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დანაშაულს წარმოადგენდა „მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით“. 201--–-–----------------ს სსკ-ის 3711-ე მუხლი ამოღებულ იქნა, ხოლო სსკ-ის 370-ე მუხლს ჩაემატა სიტყვები „მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა“. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კანონპროექტის პარლამენტში შეტანისას სსკ-ის 370-ე მუხლის შეთავაზებული რედაქცია არ ითვალისწინებდა ამ ჩანაწერს ისევე, როგორც არ ითვალისწინებდა სსკ-ის 3711-ე მუხლის ამოღებას, არამედ გულისმობდა მხოლოდ გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ტექნიკურ ჩამატებას, თუმცა პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეიცვალა პოზიცია, მიჩნეულ იქნა, რომ სსკ-ის 3711-ე მუხლი უნდა ამოღებულიყო კოდექსიდან და სსკ-ის 370-ე მუხლს ჩამატებოდა ზემოთ აღნიშნული სიტყვები. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ, კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ნათლად ჩანს კანონპროექტის პირველადი რედაქციის მიზანი - მოხდეს ცრუ ინფორმაციის მიწოდების კრიმინალიზება გამოძიების საწყის - გამოკითხვის ეტაპზევე. ეს მიზანი იკითხებოდა კიდეც კანონპროექტის პირველადი რედაქციიდან. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სსკ-ის 3711-ე მუხლის ამოღება, რის შემდეგაც გაჩნდა სსკ-ის 370-ე მუხლში მითითება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაზე, თუმცა იმის მოტივაცია, თუ რამ გამოიწვია ამ სიტყვების ჩამატება დისპოზიციაში, კანონპროექტთან დაკავშირებულ მასალებში, მათ შორის იურიდიული კომიტეტის დასკვნაში, წარმოდგენილი არ არის. მიუხედავად ამისა, არც კანონპროექტის მიზნების შეცვლა იკითხება ზემოაღნიშნულ მასალებში, რის გამოც უნდა გაკეთდეს დასკვნა, რომ კანონპროექტის მიზანი შენარჩუნებულია, ხოლო მისი მიღწევის საშუალება ნორმაში ტექნიკური დაზუსტებების შეტანით განისაზღვრა. ამდენად, ნათელია, რომ დასჯად ქმედებად იქცა ცრუ ინფორმაციის მიწოდება გამოძიების საწყის ეტაპზევე, თუმცა კვლავ გასარკვევი დარჩა, ასეთ ვითარებაში რას ნიშნავს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა.

პირველ რიგში დასადგენია, ნორმის თანახმად, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა მიზანია თუ შედეგი. ამ კითხვაზე პასუხს იძლევა თავად ნორმის კონსტრუქცია, სადაც მითითებულია, რომ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა გამოიხატება ნორმაში მითითებულ ქმედებებში. ამდენად, დანაშაულია არა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ჩადენილი ქმედება, ან ქმედება, რამაც გამოიწვია მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, არამედ თავად მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გარკვეულ ქმედებებში. ვინაიდან სამართლებრივი თვალსაზრისით გამოძიების ეტაპზე შეუძლებელია მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა და ამისთვის აუცილებელია საქმეში მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს ჩართვა, მიჩნეულ უნდა იქნას, რომ განსახილველი დანაშაული შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სასამართლოში საქმის წარმართვის შემთხვევაში. ამდენად, დანაშაულს წარმოადგენს გამოძიების ეტაპზე ცრუ ინფორმაციის მიწოდება მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოში წარიმართება და მოსამართლე განიხილავს მას. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ისიც, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში განაჩენი დადგა საქმის არსებითი განხილვის გარეშე. ამდენად, დაზარალებულის დაკითხვის ოქმი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა მართლმსაჯულებას ხელი შეუშალოს დაკითხვის ოქმმა, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა? საქმე ის არის, რომ მართლმსაჯულების განხორციელება უკავშირდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ ამა თუ იმ სახით გადაწყვეტილების მიღებით ხორციელდება მართლმსაჯულება. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება მტკიცებულებების არსებითად გამოკვლევის გარეშე, მაგალითად, უდავო საქმისწარმოების, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას. ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა არ ხდება, მიიღება გამამტყუნებელი განაჩენი, ანუ იგივე შედეგი, რაც საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში შეიძლებოდა დამდგარიყო, რითაც ხორციელდება მართლმსაჯულება. ამდენად, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მართლმსაჯულება შეიძლება განხორციელდეს როგორც საქმის არსებითი განხილვით, ასევე მის გარეშეც. აქვე მოკლედ განხილულ უნდა იქნეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე გადაწყვეტილების მიღების სპეციფიკაც. კერძოდ, მართალია, სასამართლო არსებითად არ იკვლევს მხარეთა მონაწილეობით მტკიცებულებებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მტკიცებულებებს მოსამართლე ეცნობა. ამასთან, მათ კანონიერებასა და დასაშვებობაზე მხარეებიც თანხმდებიან და ამას სადავოდ არ ხდიან. ასეთ ვითარებაში მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა საქმეში არსებულ და არსებით სხდომაზე გამოუკვლეველ მტკიცებულებებს და მათ საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. ამდენად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მქონე მნიშვნელობის თვალსაზრისით ერთმანეთისგან არ განსხვავდება საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოკვლეული მტკიცებულებები და მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა მათი უდავო ხასიათის გამო ან არსებითი განხილვის ჩაუტარებლობის გამო. ორივე შემთხვევაში მოსამართლე მათ ეყრდნობა გადაწყვეტილების მიღებისას. ამდენად, სწორედ ამ პროცესში ხელის შეშლა შეუძლია გამოძიების ეტაპზე მიცემულ ცრუ ინფორმაციას და ამით შეუძლია მას ხელი შეუშალოს მართლმსაჯულებას მაშინაც კი, თუ ინფორმაციის მიმწოდებელი სასამართლო სხდომაზე არ დაიკითხება, მაგრამ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მხედველობაში იქნება მიღებული მოსამართლის მიერ.

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის მასალებს მტკიცებულებების ძალა ჯერ არ ჰქონდათ მინიჭებული. ამდენად, ეს საკითხიც მოითხოვს ახსნას. ზოგადად სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს, თუმცა საპროცესო კოდექსი უშვებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის დაყენებას ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზეც. ამ ეტაპზე, მართალია, საქმის მასალებს მტკიცებულებების ძალა არა აქვთ, ვინაიდან მასალების მტკიცებულებად ცნობა ხდება წინასასამართლო სხდომაზე, თუმცა, ვინაიდან მხარეები თანხმდებიან ამ მასალების კანონიერებასა და დასაშვებობაზე, ასევე მათი შინაარსის სისწორეზე, სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის განსახორციელებლად კანონი უშვებს ჯერაც მტკიცებულების ძალის არმქონე მასალების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმის მასალები, გადაწყვეტილების მიღებისათვის მქონე მნიშვნელობის თვალსაზრისით უტოლდება მტკიცებულებებს, რადგან განაჩენი მათ ეყრდნობა. ამდენად, მართლმსაჯულებას შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიების ეტაპზე მიწოდებულმა ცრუ ინფორმაციამ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზეც, როცა იხილება შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

ცალკე მსჯელობას მოითხოვს ის, თუ რაში გამოიხატება ასეთ შემთხვევაში მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა. საქმე ის არის, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია გარკვეული კრიტერიუმები, მათ შორის არის საქმის მასალების რაოდენობა და შინაარსი. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 მუხლის თანახმად, მასალებმა უნდა დაარწმუნონ ობიექტური პირი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ე.ი. ცრუ ინფორმაციამ ხელი უნდა შეუშალოს ობიექტურ პირს, მათ შორის მოსამართლეს, სხვა მასალების საფუძველზე დაასკვნას ბრალდებულის დამნაშავეობა.

დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ მოსამართლე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო დაზარალებულის დაკითხვის ოქმს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოქმში არსებულ ინფორმაციას მისთვის ხელი არ შეუშლია, დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი, პირიქით, ხელი შეუწყო კიდეც ამაში. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა არ ნიშნავს მოსამართლის მიერ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას ან ქმედების გადაკვალიფიცირებას ანდა ფაქტის დადგენის შეუძლებლობას. ეს ასე რომ იყოს, საერთოდ შეუძლებელი გახდება ცრუ ინფორმაციის მიწოდების დადგენა, რადგან ინფორმაციის სიცრუის დამადასტურებელი გარემოება არის განაჩენით დადგენილი ფაქტები. თუ სასამართლო ვერ მოახერხებს ფაქტების დადგენას ცრუ ინფორმაციის გამო, არ იარსებებს იმის დადასტურების მექანიზმი, რომ პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად იყო ცრუ. ამასთან, ასეთი გაგების შემთხვევაში გამოვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ იარსებებს ან მისი მხოლოდ მცდელობა იქნება შესაძლებელი. ნორმის ასე გაგების შემთხვევაში დამთავრებული დანაშაულის არსებობისთვის აუცილებელი გახდება ფაქტების დადგენის შეუძლებლობა ამ ჩვენების გამო და ამ დროს ამ ჩვენების სიცრუეზე თავად განაჩენი ვერ მიუთითებს, ხოლო სხვა მტკიცებულებებით ჩვენების სიცრუის დადასტურება იქნება ძნელად წარმოსადგენი. მეორე მხრივ, ფაქტების განაჩენით დადგენის შემთხვევაში მხოლოდ დაუმთავრებელ დანაშაულზე იქნება მსჯელობა შესაძლებელი. ასეთ ვითარებაში გამოვა, რომ სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დასჯადი დანაშაული ყოველთვის დაუმთავრებელი იქნება, რაც არ შეესაბამება ამ ქმედების კრიმინალიზაციის მიზანს, რაც მოცემულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. დაუშვებელია ისჯებოდეს დანაშაულის მცდელობა, დამთავრებული დანაშაული კი დაუსჯელი დარჩეს. ამაზე მეტყველებს თავად ნორმის შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ცრუ ინფორმაციის მიწოდება თავად წარმოადგენს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას განაჩენის შინაარსზე რაიმე გავლენის მოხდენის გარეშე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც უნდა დაეთმოს ყურადღება, არის იმის გარკვევა, მიწოდებულმა ინფორმაციამ ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას თუ პირიქით, ხელი შეუწყო მას. საქმე ის არის, რომ მოსამართლე დაეყრდნო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას ამ ინფორმაციას. ეს დაცვის მხარეს აფიქრებინებს, რომ ამ ინფორმაციამ ხელი შეუწყო სასამართლოს ფაქტების დადგენაში, თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის. დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეეხებოდა მხოლოდ დაზიანების მიყენების სუბიექტს, არამედ ეხებოდა ასევე სხვა გარემოებებსაც: დაზიანების მიყენების ადგილს, მასთან მყოფი პირის ვინაობას, იმ ადგილზე მისვლის მიზეზს და ა.შ. ამდენად, ინფორმაციის გარკვეული ნაწილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს განაჩენის დასადგენად, ხოლო სხვა ნაწილმა შეიძლება ხელი შეუშალოს ფაქტების დადგენას. განაჩენი ეყრდნობა არა მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, არამედ მათ ერთობლიობას. ამიტომაც შეიძლება მიწოდებული ინფორმაციის ნაწილი იყოს სხვა მასალებთან შესაბამისობაში, ხოლო სხვა ნაწილი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ მასალებს. ამიტომაც გასარკვევია, განაჩენი დაეყრდნო დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას სრულად თუ ნაწილობრივ. ვინაიდან ეს საკითხი განაჩენში განმარტებული არ არის, ამის შესახებ დასკვნა უნდა გაკეთდეს განაჩენის მიერ დადგენილი ფაქტებით. ამ ფაქტებით კი ირკვევა, რომ ლ------–-----ამ 201--–-–-------------რს სოფელ ს------ში იარაღიდან ფეხის არეში ესროლა ნ----–---–--ას, რის შედეგად მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ნ----–---–--ა კი დაკითხვისას ამბობს, რომ თოფი მისთვის ლ------–-----ას კი არ უსვრია, არამედ თვითონ გაუვარდა და მიიყენა დაზიანება. ამდენად, ირკვევა, რომ განაჩენი ზემოაღნიშნული ფაქტის დადგენისას არ დაყრდნობია დაზარალებულის დაკითხვის ოქმს, რადგან ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია და დაზარალებულის დაკითხვის ოქმი ვერ იქნებოდა განაჩენით დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტების საფუძველი. მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია, რომ ის ეყრდნობა დაზარალებულის დაკითხვის ოქმს, თუმცა ეს გასაკვირი არ არის, რადგან ნ----–---–--ა დაკითხვის ოქმში ზემოაღნიშნული უმნიშვნელოვანესი დეტალის გარდა მიუთითებს სხვა გარემოებებზეც, მაგალითად, რომ ის მივიდა ლ------–-----ას სახლში, რომ მისი დაჭრა მოხდა სწორედ იქ. ის ასევე ადასტურებს დაჭრის თარიღს, დაჭრას ლ------–-----ას თოფიდან და სხვა დეტალებს, რაც გაზიარებულია განაჩენში. ამდენად, ირკვევა, რომ განაჩენი დაეყრდნო დაზარალებულის დაკითხვის ოქმს დანაშაულის ადგილთან, დროსთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით და უარყო დაკითხვის ოქმის სისწორე დანაშაულის სუბიექტთან დაკავშირებით. ამდენად, დაზარალებულის დაკითხვის ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო იძულებული გახდა, ის გაეზიარებინა ნაწილობრივ, ხოლო ქმედების სუბიექტთან დაკავშირებით ოქმში მითითებული გარემოებები ვინაიდან წინააღმდეგობაშია დადგენილ ფაქტებთან, აუცილებელი გახდა ამ გარემოებების საწინააღმდეგო ფაქტები მოძიებული ყოფილიყო სხვა მასალებში, შემდეგ შედარებულიყო მათი ერთობლიობა დაზარალებულის დაკითხვის ოქმთან და მიღებულიყო გადაწყვეტილება, თუ რომელია სწორი - დაზარალებულის დაკითხვის ოქმში ასახული თუ სხვა მასალებში მითითებული გარემოებები. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დაზარალებულის დაკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და სხვა მასალების ერთობლიობას, რის გამოც დაეყრდნო სხვა მასალების ერთობლიობას და უარყო დაზარალებულის დაკითხვის ოქმის სისწორე ქმედების სუბიექტთან დაკავშირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ დაზარალებულის დაკითხვის ოქმის ამ ნაწილმა სასამართლოს შეუქმნა დაბრკოლება, დაედგინა ქმედების სუბიექტი, პირი, რომლის მიმართაც უნდა დამდგარიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ამით განხორციელებულიყო მართლმსაჯულება, რითაც შეუშალა ხელი მართლმსაჯულების განხორციელებას.

მართალია, სსკ-ის 370-ე მუხლის დისპოზიციაში გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაზე მითითება ბუნდოვანებას იწვევს, თუმცა გამოძიებისა და მართლმსაჯულების ერთ კონტექსტში მოხსენიება უნდა განიმარტოს გამოძიების მიერ მიღებული ინფორმაციის როლის მიხედვით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. კერძოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიღებული ინფორმაცია მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. აქ იგულისხმება არა მასალის ან მტკიცებულების პროცესუალური მნიშვნელობა მტკიცებულებათა ერთობლიობის შექმნის კუთხით, არამედ იგულისხმება ამ მასალაში ასახული ინფორმაციის მნიშვნელობა სიმართლის დადგენისა და მარლმსაჯულების განხორციელების საქმეში. სხვაგვარად რომ ითქვას, იგულისხმება ის, თუ რამდენად არსებითი და რამდენად მნიშვნელოვანი გარემოებებია ასახული მიწოდებულ ინფორმაციაში. შესაძლოა გამოძიებაში მიწოდებულ იქნეს ცრუ ინფორმაცია, თუმცა ეს ინფორმაცია იმდენად უმნიშვნელო იყოს, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოსთვის არ ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ დეტალებს, რომლებსაც არასწორად ასახავს დაკითხვის ოქმი, ვინაიდან მათ გარეშეც დასტურდება შემადგენლობის ყველა ნიშანი. ასეთ შემთხვევაში გამოძიებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია ხელს ვერ შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას, რის გამოც დანაშაულის შემადგენლობაც არ იარსებებს. სწორედ ასე უნდა იქნეს გაგებული გამოძიებისა და მართლმსაჯულების ერთ კონტექსტში მოხსენიება და არა ისე, როგორც დაცვის მხარე წარმოაჩენს. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გამოძიების მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. ეს მტკიცებულებები უნდა იყოს ერთმანეთთან თანხმობაში და სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტის გამოკვეთის შემთხვევაში უნდა დააკმაყოფილოს, პირველ რიგში, დასაბუთებული ვარაუდის, შემდგომში კი უფრო მაღალი სტანდარტები, რათა განხორციელდეს მართლმსაჯულება. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების აუცილებლობის გამოკვეთის შემთხვევაში საქმის წარმოება გამოძიებით არ სრულდება, არამედ ის უნდა გაგრძელდეს სასამართლო განხილვით და მართლმსაჯულების განხორციელებით. გამოძიების მიზანი - შეკრიბოს მტკიცებულებები სწორედ იმას ემსახურება, მართლმსაჯულების განხორციელების ფაქტობრივი საფუძვლები ასახოს მტკიცებულებებში, რათა შესაძლებელი გახადოს მართლმსაჯულების განხორციელება მტკიცებულებების საფუძველზე. მართალია, სასამართლო სხდომაზე ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იცნობს შემთხვევებს, როცა გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები სასამართლოში განხილვის გარეშე შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ამდენად, გამოძიების წარმოება თავისთავად გულისხმობს მომავალში მართლმსაჯულების განხორციელებისთვის პროცესუალური ნიადაგის შემზადებას. გამოძიების გარეშე მართლმსაჯულების განხორციელება, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, შეუძლებელია, ვინაიდან გამოძიების ეტაპის გარეშე შეუძლებელია მტკიცებულებების მოპოვება-შეგროვება. ამდენად, გამოძიებაში მოპოვებული ინფორმაცია სწორედ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობისა თუ ხელის შეშლის კუთხით უნდა შეფასდეს. ამ თვალსაზრისით კი მართებული ჩანს კანონმდებლის მიერ სსკ-ის 370-ე მუხლის დაკავშირება მართლმსაჯულებასთან, რადგან სწორედ მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით უნდა შეფასდეს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მნიშვნელობა - რამდენად არის ის მართლმსაჯულებისთვის ხელის შემშლელი.

შეიძლება მსჯელობა იმაზეც, რომ სსკ-ის 370-ე მუხლი უთითებს გამოსაკითხი პირისა და დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და ცრუ ჩვენების მიცემაზე. ირკვევა, რომ ბრალდებული ნ----–---–--ა დაკითხულ იქნა ლ------–-----ას ბრალდების საქმეზე. სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც მუხლში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განმარტებითი ბარათით, ასევე მოწმის დაკითხვისა და გამოკითხვის შესახებ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით ირკვევა, გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით დაკითხული თუ გამოკითხული პირები სარგებლობენ ერთნაირი სტატუსით. ორივე შემთხვევაში პირს, ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, აკისრია სიმართლის თქმის ვალდებულება და გაფრთხილებულია ცრუ ინფორმაციის მიწოდების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ამდენად, ამ კუთხით არსებითი განსხვავება გამოსაკითხ და დასაკითხ პირებს შორის არ არსებობს. გამოსაკითხი პირი და დასაკითხი პირი პროცესუალური ტერმინებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე ამ ტერმინის ერთდროულად არსებობა, საპროცესო კოდექსის მიხედვით, დროებითი მოვლენაა, ზოგადად კი გამოძიების ეტაპზე დაკითხვა შეცვალა გამოკითხვამ. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დაწესდა გამოკითხვის ნაცვლად ისევ ძველი რედაქციით დაკითხვის წესის გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა ეს საკითხი წმინდად პროცესუალური საკითხია და არ ახდენს გავლენას პირის სტატუსსა და, ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სიმართლის თქმის ვალდებულებაზე. ერთადერთი განსხვავება ამ კუთხით არის ის, რომ გამოსაკითხ პირს შეუძლია აირჩიოს, გამომძიებლის ნაცვლად მაგისტრატ მოსამართლეს მიაწოდოს ინფორმაცია. კანონპროექტის განმარტებითი ბარათიც ადასტურებს, რომ გამოსაკითხი პირის ქმედების კრიმინალიზების მიზანი იყო გამოძიების ეტაპზევე ცრუ ინფორმაციის მიწოდების დასჯადობის დაწესება, ხოლო ეს ქმედება შეიძლება გარდამავალ პერიოდში ჩადენილ იქნეს როგორც გამოსაკითხი, ასევე დასაკითხი პირის მიერ. ამდენად, დანაშაულის კატეგორიამ, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, რაც განაპირობებს იმას, პირი დაიკითხება თუ გამოიკითხება, არ შეიძლება პირს მიანიჭოს ცრუ ინფორმაციის მიწოდების უფლება. ეს ასეა, ვინაიდან გამოსაკითხი პირიც და დასაკითხი პირიც ფრთხილდებიან ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის პასუხისმგებლობის შესახებ. ამდენად, ქმედების სუბიექტად მიჩნეულ უნდა იქნეს როგორც გამოსაკითხი, ასევე დასაკითხი პირი.

აქვე უნდა განიმარტოს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, გამოძიებისთვის პირის მიერ მიცემული ინფორმაცია ვერ ჩაითვლება ჩვენებად. ნ----–---–--ას ბრალი ედება გამოძიების დროს ცრუ ჩვენების მიცემაში, თუმცა, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, პროცესუალურად გამოძიებაში პირი იძლევა არა ჩვენებას, არამედ ინფორმაციას, რის გამოც ბრალდებულს მსჯავრი უნდა დაედოს სწორედ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში.

ბრალდების დადგენილების მიხედვით, ნ----–---–--ას ბრალი ედება, რომ მან, როგორც დაზარალებულმა, 201--–-–---------------ს და 201--–-–-----------ს მისცა ცრუ ინფორმაცია. საქმე ის არის, რომ, როგორც ირკვევა, დაზარალებულის სტატუსი ნ----–---–--ამ მიიღო 2016-–-–---------------ს შემდეგ, რის გამოც 2-----------ს ის ჯერაც არ იყო ცნობილი დაზარალებულად. ვინაიდან დაზარალებულს გარკვეული უფლებები ენიჭება მხოლოდ ამ სტატუსის მიღების შემდეგ, ხოლო მანამდე ის არ სარგებლობს დაზარალებულის უფლებებით, იგულისხმება, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ამ სტატუსის მიღებამდე პირი დაზარალებულად არ ითვლება. შესაბამისად, 2-----------ს ნ----–---–--ას მიერ მიწოდებული ინფორმაცია ვერ ჩაითვლება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციად. სსსკ-ის მე-3 ნაწილის მე-20 ნაწილის მიხედვით, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ვინაიდან მოწმე ფიცს დებს მხოლოდ სასამართლოში, ამდენად, გამოძიების ეტაპზე პირს არც მოწმის სტატუსი აქვს. შესაბამისად, 2-----------ს მიცემული ინფორმაციის მიწოდებისას ნ----–---–--ა იყო მხოლოდ გამოსაკითხი პირი, ხოლო 201--–-–-----------ს უკვე ითვლებოდა დაზარალებულად.

გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ გამოსაკითხი პირისა და დაზარალებულის სახით გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში მითითებული მნიშვნელოვანი, არსებითი გარემოების - დანაშაულის სუბიექტის ვინაობის - საწინააღმდეგო ფაქტები იქნა დადგენილი სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, რითაც დადგენილია ბრალდებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიცრუე, ამ ინფორმაციის შინაარსის არსებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობა, ასევე ასეთი სახით ინფორმაციის მიწოდებით მართლმსაჯულების განხორციელების დაბრკოლება, სხვა მასალების მოპოვების აუცილებლობის საკითხის წამოწევა, ინფორმაციაში მითითებული გარემოებების გაბათილების აუცილებლობის წარმოშობა და ამით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა. ამდენად ირკვევა, რომ ქმედების ობიექტური შემადგენლობის არსებობა დადასტურებულია.

 

2.3. სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ცრუ ჩვენების მიცემა საქმეზე, რომელშიც ბრალდებული ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ა-----------ს, ნ---------–---ას, დ--------------–იას, პ-------------–---–-ას ჩვენებებით, 201--–-–---------------ს ნ----–---–--ას მოწმის სახით, 201--–-–-----------ს ნ----–---–--ას დაზარალებულის სახით დაკითხვის ოქმით და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20---–-–------------ის განაჩენით ირკვევა, რომ ნ----–---–--ა მოწმისა და დაზარალებულის სახით დაიკითხა ლ------–-----ას მიმართ სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.

ამდენად დადგენილია, რომ ნ----–---–--ამ მართლმსაჯულებას ხელი შეუშლა ცრუ ჩვენების მიცემით ლ------–-----ას ბრალდების საქმეზე, რომელსაც ბრალად ჰქონდა წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე ვადით.

საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულბებით დადგენილია, ნ----–---–--ამ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებას ხელი შეუშალა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულ ბრალად ედებოდა მძიმე დანაშაულსი ჩადენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესი.

დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება გამოსაკითხი პირის, ასევე დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და ცრუ ჩვენების მიცემაში გამოძიების ან საქმის სასამართლოში განხილვის დროს.

დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული, ქონდა, რომ ცრუ ჩვენების მიცემით ხელს უშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას, სურდა აღნიშნული ქმედების ჩადენა, რათა ბრალდებულ ლ------–-----ას თავი დაეღწია მართლმსაჯულებისთვის.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის ნ----–---–--ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ნ----–---–--ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ნ----–---–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.

ნ----–---–--ას პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ნასამართლობა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მიზანს (ლ------–-----ასთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (გამოძიებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (გამოძიებისთვის როგორც მოწმის, ასევე დაზარალებულის სახით დაკითხვისას განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება და ამით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (ნასამართლევია), მსჯავრდებულის პიროვნებას (აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის სოციალურად დაუცველი).

კონკრეტული ზომის სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა ახალი ქმედება ჩაიდინა წინა დანაშაულისთვის ნასამართლობის ვადის გასვლამდე, რის გამოც არსებობს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევა.

ასეთ ვითარებაში სასჯელის დანიშვნისას გამოიყენება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესი. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმზე სულ მცირე ერთი წლით მეტი.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია გამკაცრდა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამდენად, ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქცია გამკაცრდა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია. კერძოდ, სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილის 2018 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქციის თანახმად, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე წლამდე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად მიაჩნია 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ნ----–---–--ას არ აქვს გადახდილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 201--–-–-------------ოს განაჩენით დანიშნული ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, არსებობს განაჩენთა ერთობლიობა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდოგმარეობა, გადის მკურნალობის კურსს, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 201--–-–-------------ოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. ამდენად, ბრალდებულის სასარგებლოდ გადახდილი გირაო უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს. საქმის მასალებით არ იკვეთება ბრალდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალ---ბების დარღვევა, რის გამოც გირაოს თანხა კანონით გათვალისწინებულ ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ----–---–--ა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილების შესაბამისად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 201--–-–-------------ოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 ლარი და საბოლოოდ ნ----–---–--ას მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

ნ----–---–--ას სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან.

ნ----–---–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000 ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია