გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
330210116001320338
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9361-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - გ------- კ------ე

წარმომადგენელი - ლ----------–---–-

 

მოპასუხე - დ----- დ---–----–-ა, ზ----- ფ--–---–--ა

წარმომადგენელი - დ-----------–------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ----- დ---–----–-ას მოსარჩელე გ------- კ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 25 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 07 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე: მარტვილის რაიონი, სოფელი ვ----------ი და აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს დ----- დ---–----–-ას სახელზე.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2012 წლის 31 ივლისს, მოსარჩელე გ------- კ------ეს და მოპასუხე დ----- დ---–----–-ას შორის დაიდო ორი ხელშეკრულება, სესხის, ბინით სარგებლობის და იპოთეკის შესახებ. პირველი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 15 000 აშშ დოლარი. იპოთეკის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ა------ს ქ. #9-ში მდებარე 85 კვ.მ. უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი #0------------009. იმავე დღესვე დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 12 500 აშშ დოლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ა------ს ქ. #7-ში მდებარე 40 კვ.მ. უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი #0------------006, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რომელიც მოსარჩელემ კრედიტით აიღო მოპასუხეს ჩაერიცხა სს ,,ბაზისბანკში“ მის ანგარიშზე. ხელშეკრულებების ვადა განისაზღვრა ორი წლის ვადით, 2014 წლის 25 ივნისამდე. მართალია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, მოსარჩელე იყო მეორე რიგის იპოთეკარი, დ----- დ---–----–-ა დაპირდა, რომ 2012 წლის 28 სექტემბრამდე აუცილებლად დაფარავდა სს ,,ბაზისბანკის“ კრედიტს და შესაბამისად, გახდებოდა პირველი რიგის იპოთეკარი. თანაც, მოსარჩელეს არწმუნებდა, რომ ელოდა თანხის გადმორიცხვას, სხვა ქონებაც გააჩნდა და პრობლემა არ შეექმნებოდა. ამასთან, მოსარჩელე გ------- კ------ეს 2012 წლის 24 ივლისს, შეეძინა მეორე ქალიშვილი და იძულებული გახდა დაეტოვებინა ძველი საცხოვრებელი ბინა და სასწრაფოდ მოეძებნა ახალი ბინა, რაც ზაფხულის თვეში შეუძლებელი გახდა.

 

2014 წლის 25 ივნისს, მოსარჩელემ მოპასუხეს შეახსენა, რომ თანხის დაბრუნების ვადა დადგა. მოპასუხემ უთხრა, რომ უცხოეთიდან ელოდა თანხის გადმორიცხვას და ცოტაც დაეცადა. როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხის ოჯახის წევრებთან, ამასთან, დ----- დ---–----–-ა ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ და დაუჯერა. 2015 წლის 21 აპრილს, მოსარჩელემ ძველი თბილისის სამმართველოდან მიიღო გაფრთხილება, რომ ა------ს ქ. #9-ში მის მიერ დაკავებული ბინა აღირიცხა სს ,,ბაზისბანკის“ სახელზე და სასწრაფოდ უნდა დაეცალა, იგივე ბედი ეწია ა------ს ქ. #7-ში მდებარე ბინასაც. მიუხედავად ამისა, დ----- დ---–----–-ა გ------- კ------ეს დაპირდა თანხის დაბრუნებას.

 

ვინაიდან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ბინიდან გასახლება ემუქრებოდა, გ------- კ------ე შეხვდა სს ,,ბაზისბანკის“ ადმინისტრაციას და კრედიტის საფუძველზე გამოისყიდა ა------ს ქ. #9-ში მდებარე ბინა, რომელიც მის სახელზე აღირიცხა 2015 წლის 29 მაისს. პარალელურად მოიძია დ----- დ---–----–-ას ქონება, რომლის გაყიდვასაც აპირებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტვილის რაიონი, სოფელ ვ----------ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი და მიწის ფართობი, საკ. კოდი #4----------- ქონების დამალვის მიზნით, 2014 წლის 07 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადააფორმა დედაზე ზ----- ფ--–---–--აზე. აღნიშნული ხელშეკრულება მოჩვენებითია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლად არის დადებული და არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგების დანიშნულებიდან გამომდინარეობს და ფაქტობრივად ორივე მხარე მიმართავს სიმულაციას. მხარეთა შეთანხმება ამ შემთხვევაში მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად და დასაფარავად გამოიყენება, იმ მიზნით, რომ კრედიტორის დაკმაყოფილებას გაექცეს. რადგან მოსარჩელე დარჩა მოტყუებული, იძულებულია მიმართოს სასამართლოს, რათა მოპასუხეს დაეკისროს 25 000 აშშ დოლარის გადახდა (2500 აშშ დოლარს მოსარჩელე არ დავობს) და ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 07 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც მოჩვენებითი გარიგება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე დ----- დ---–----–-ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან გ------- კ------ესთან 2012 წელს გააფორმა ორი იპოთეკის ხელშეკრულება. მოსარჩელე გახდა მეორე რიგის იპოთეკარი. ის გაფრთხილებული იყო მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ თუ ვერ შეძლებდა ბინის გამოთავისუფლებას, აუქციონის წესით მოხდებოდა მისი ქონების გაყიდვა და იროვე იპოთეკარი დაკმაყოფილდებოდა. ამის საფუძველს იძლეოდა ის გარემოება, ქონების ღირებულება აღემატებოდა სესხის თანხებს. მოსარჩელის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ჩანს, რომ მან მოახდინა ბანკიდან ქონების შესყიდვა და მთლიანი ქონება მის სახელზეა.

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მარტვილის რაიონის სოფელ ვე--------ში უძრავი ქონება არის მისი მშობლების საკუთრება. გარკვეული მიზეზების გამო აღნიშნული ქონება აღირიცხა მოპასუხის სახელზე დროებით. ხოლო ამ ქონების ისევ ზ----- ფ--–---–--ას სახელზე ჰქონდა თავისი მიზეზები, კერძოდ, ის გარემოება, რომ მოპასუხეს ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა ძმასთან, რამაც განაპირობა ქონების დედის სახელზე გადაფორმება. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ გარიგება ნამდვილი და იგი არ დადებულა მოჩვენებითად, მას არასდროს ჰქონია ქონების გადამალვის განზრახვა. სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული მამა-პაპისეულ სახლში წილების მემკვიდრეობის უფლებით ეკუთვნოდათ ოჯახის სხვა წევრებსაც და დესი მიერ ფაქტიურად მოხდა გამოსყიდვა და გადაფორმება მის სახელზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 31 ივლისს, გ------- კ------ეს და დ----- დ---–----–-ას შორის დაიდო სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის შესახებ, რომლის საფუძველზეც, გ------- კ------ემ დ----- დ---–----–-ას ასესხა 15 000 აშშ დოლარი, საიდანაც იპოთეკარმა მესაკუთრეს გადასცა 12 500 აშშ დოლარი, ხოლო დამატებით 2500 აშშ დოლარით იპოთეკარმა სარგებლობაში მიღებულ ქონებაში, მდებარე ქ. თბილისი, ა------ს ქ. #9, დაამონტაჟა ცენტრალური გათბობა, ლამინირებული იატაკი და კონდიციონერი. მესაკუთრეს თანხას ჯამში 15 000 აშშ დოლარის ოდენობით უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში.

 

სესხი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა დ----- დ---–----–-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ა------ს ქ. #9, საკადასტრო კოდი #0------------009.

აღნიშნული ხელშეკრულებით, დ----- დ---–----–-ამ აიღო ვალდებულება პირველი რიგის იპოთეკისგან (იპოთეკარი სს ,,ბაზისბანკი“) გაეთავისუფლებინა უძრავი ქონება არაუგვიანეს 2012 წლის 28 სექტემბრისა.

 

სესხი გაიცა ორი წლის ვადით. ამ ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 25 ივნისიდან და დასრულდა 2014 წლის 25 ივნისს.

 

არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხე დ----- დ---–----–-ას მიერ ფულადი ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 31 ივლისის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება- იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;

 

3.1.2. 2012 წლის 31 ივლისს, დ----- დ---–----–-ას და გ------- კ------ეს შორის დაიდო სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ------- კ------ემ დ----- დ---–----–-ას ასესხა 12 500 აშშ დოლარი, რომელიც იყო უზრუნველყოფილი იპოთეკით. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა დ----- დ---–----–-ას კუთვნილი 1/3 ნაწილი, ოთახი #7, ფართობით 8.04 კვ.მ., ოთახი #8, ფართობით 14.92 კვ.მ., ოთახი #9, ფართობით 10.69 კვ.მ. და დამხმარე სათავსო #10, ფართობით 5.7 კვ.მ. მდებარე: ქ. თბილისი, ა------ს ქ. #7, საერთო საკუთრებაში არსებულ შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0------------006. იპოთეკის საგანზე რეგისტრირებული იყო სს ,,ბაზისბანკის“ იპოთეკა. მესაკუთრე დ----- დ---–----–-ამ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, აიღო ვალდებულება პირველი რიგის იპოთეკისგან გაეთავისუფლებინა უძრავი ქონება არაუგვიანეს 2012 წლის 28 სექტემბრისა.

 

სესხი გაიცა ორი წლის ვადით. ამ ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 25 ივნისიდან და დასრულდა 2014 წლის 25 ივნისამდე.

 

არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხე დ----- დ---–----–-ას მიერ ფულადი ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 31 ივლისის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-31);

- 06/08/2012 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 32-33);

- 06/08/2012 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 34-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილების თანახმად, გ------- კ------ე გაფრთხილებულ იქნა, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ა------ს ქ. #9, საკადასტრო კოდი N01.5--05.0--.009 წარმოადგენდა სს ,,ბაზისბანკის“ საკუთრებას და დაუყოვნებლივ, ნებაყოფლობით შეეწყვიტა სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა და გაეტანა ნივთები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.04.2015 წლის გაფრთხილება (ს.ფ. 37);

- 19/11/2013 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 38-39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ა------ს ქ. #9, საკადასტრო კოდი #0------------009 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 23 ოქტომბრის NA---------------- განკარგულების საფუძველზე აღირიცხა სს ,,ბაზის ბანკის“ სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.04.2015 წლის გაფრთხილება (ს.ფ. 37);

- 19/11/2013 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 38-39);

 

3.1.5. სს ,,ბაზისბანკთან“ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, მოსარჩელე გ------- კ------ემ, სს ,,საქართველოს ბანკიდან“ აღებული იპოთეკური სესხის საფუძველზე, 75 000 აშშ დოლარად შეისყიდა საცხოვრებელი ბინა მდებარე: თბილისი, ა------ს ქ. #9, დაზუსტებული ფართობი 85.00 კვ.მ., საერთო ფართი 182.32 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0------------009.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29/05/2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 42-43);

- 2015 წლის 21 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 148-149);

- 2015 წლის 21 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 150-153);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ა------ს ქ. #7 დ----- დ---–----–-ას კუთვნილი 1/3 ნაწილი, ოთახი #7, ფართობით 8.04 კვ.მ., ოთახი #8, ფართობით 14.92 კვ.მ., ოთახი #9, ფართობით 10.69 კვ.მ. და დამხმარე სათავსო #10, ფართობით 5.7 კვ.მ, საერთო საკუთრებაში არსებულ შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0------------006 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 3 თებერვლის NA---------------- განკარგულების საფუძველზე აღირიცხა როლანდ გეგეჭკორის სახელზე და არსებული მდგომარეობითაც წარმოადგენს ამ უკანასკნელის საკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06/08/2012 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 34-36);

- 11/02/2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 40-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. დ----- დ---–----–-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: მარტვილის რაიონი, სოფელი ვ----------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N4----------- უძრავი ნივთის ნასყიდობის 2014 წლის 07 თებერვალის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული მდგომარეობით წარმოდგენს მისი დედის (მოპასუხე) - ზ----- ფ--–---–--ას საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 44-45);

- 13/02/2014 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 46-47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 56-ე, 623-ე, 624-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და 180-ე მუხები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში გ------- კ------ეს დ----- დ---–----–-ას შორის სესხის ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამევ კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2012 წლის 31 ივლისს, გ------- კ------ეს და დ----- დ---–----–-ას შორის დაიდო სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის შესახებ, რომლის საფუძველზეც, გ------- კ------ემ დ----- დ---–----–-ას ასესხა 15 000 აშშ დოლარი, საიდანაც იპოთეკარმა მესაკუთრეს გადასცა 12 500 აშშ დოლარი, ხოლო დამატებით 2500 აშშ დოლარით იპოთეკარმა სარგებლობაში მიღებულ ქონებაში, მდებარე ქ. თბილისი, ა------ს ქ. #9, დაამონტაჟა ცენტრალური გათბობა, ლამინირებული იატაკი და კონდიციონერი. მესაკუთრეს თანხას ჯამში 15 000 აშშ დოლარის ოდენობით უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში. 2012 წლის 31 ივლისს, დ----- დ---–----–-ას და გ------- კ------ეს შორის დაიდო სესხის, ბინით სარგებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ------- კ------ემ დ----- დ---–----–-ას ასესხა 12 500 აშშ დოლარი, რომელიც იყო უზრუნველყოფილი იპოთეკით. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა დ----- დ---–----–-ას კუთვნილი 1/3 ნაწილი, ოთახი #7, ფართობით 8.04 კვ.მ., ოთახი #8, ფართობით 14.92 კვ.მ., ოთახი #9, ფართობით 10.69 კვ.მ. და დამხმარე სათავსო #10, ფართობით 5.7 კვ.მ. მდებარე: ქ. თბილისი, ა------ს ქ. #7, საერთო საკუთრებაში არსებულ შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0------------006. იპოთეკის საგანზე რეგისტრირებული იყო სს ,,ბაზისბანკის“ იპოთეკა. მესაკუთრე დ----- დ---–----–-ამ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, აიღო ვალდებულება პირველი რიგის იპოთეკისგან გაეთავისუფლებინა უძრავი ქონება არაუგვიანეს 2012 წლის 28 სექტემბრისა.

 

ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, არსებული სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში, მოპასუხე დ----- დ---–----–-ას მიერ ფულადი ვალდებულება არ შესრულდა. დადგენილია, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაცია განხორციელდა პირველი რიგის იპოთეკარის ინიციატივით და უძრავი ქონების საკუთრების უფლებით გადავიდა სხვა მესამე პირების საკუთრებში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიუხედავად სანივთო უზრუნველყოფის საშუალების არ არსებობისა, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულება უნდა მოხდეს და სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება მოპასუხე მხარის მითითება ამ ვალდებულების გაქარწყლებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გ------- კ------ის სარჩელი მოპასუხე დ----- დ---–----–-ას მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების, ჯამში - 25 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვისას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

ხელშეკრულების ბათილობა თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელია იურიდიული ინტერესის არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის სამართლებრივ საშუალებად აღიარებით სარჩელს ითვალისწინებს. თუმცა, ამ სახის მოთხოვნა, როგორც აღინიშნა, ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესით. ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს.

წარმოდგენილ შემთხვევაში მხარის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოპასუხე მხარისათვის დაკისრების შემთხვევაში, მისი აღსრულების, ვალდებულების შესრულების საბოლოო მიზნის მიღწევისათვის მოპასუხე დ----- დ---–----–-ასათვის აქტივის (უძრავი ქონების) საკუთრებაში დაბრუნება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება სამოქალაქო სამართლის ცენტრალურ ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტიტუტია. გარიგება, როგორც კერძო სამართლის უზოგადესი ცნება, გამოიყენება არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალში, არამედ კერძო სამართლის სხვა ნაწილებში. საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარიგება კერძო საკუთრებასთან ერთად ეკონომიკის სამართლებრივი საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენის პრინციპს და გამორიცხავს ნების სიტყვასიტყვითი გაგების პრინციპის გამოყენებას. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენა მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს გარიგების მონაწილეებმა გამოხატულ ნებაში. ეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უპირატესობა მიენიჭოს მათ ნებას და არა გარიგებაში სიტყვიერად გამოხატულს. (falsa demonstratio non nocet). ამასთან, ნების გამოვლენის ინტერპრეტაციისთვის აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა საბოლოო შედეგს ისახავდა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მიზნად. მართალია, აღიარებულია, რომ ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით, მაგრამ ეს არ იძლევა ნების მიმღების მიერ გაგების შესაძლებლობათა კრიტერიუმებს. ამიტომ ნების გამოვლენის განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს, მათ შორის ის, თუ რა მიზანს ისახავდა მხარე ხელშეკრულების დადებისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება“, ,,გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე “, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს, დედა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (იხ. პრაქტიკა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის #ას-571-879-09 განჩინება).

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი სურათი, რომლის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ცალსახად დასტურდება დ----- დ---–----–-ას და ზ----- ფ--–---–--ას შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათი. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ჭრილში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია მიუთითებს, რომ დ----- დ---–----–-ას კუთვნილი, ა------ს ქუჩაზე მდებარე ორი უძრავი ქონება სს ,,ბაზისბანკის“ სასარგებლოდ დატვირთული იყო იპოთეკით, ხოლო მოსარჩელე გ------- კ------ე, რომელთანაც დ----- დ---–----–-ა შევიდა ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ხსენებული უძრავი ქონებების მიმართ წარმოადგენდა მეორე რიგის იპოთეკარს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხე დ----- დ---–----–-ამ წერილობით აიღო ვალდებულება, რაც დაფიქსირებულია გ------- კ------ესთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში, რომ პირველი რიგის იპოთეკისგან გაათავისუფლებდა ქონებას, თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა, რამაც განაპირობა თბილისში, ა------ს ქუჩა #7-ში მდებარე ქონების ყიდვა თვითონ იპოთეკარის სს ,,ბაზისბანკის“ მიერ, ხოლო იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ მეორე საცხოვრებელ ფართი, რომელშიც დ----- დ---–----–-ასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, მოსარჩელე გ------- კ------ე ოჯახთან, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა, სს ,,საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული იპოთეკური სესხის საფუძველზე, 75 000 აშშ დოლარად თვითონ გ------- კ------ემ გამოისყიდა.

 

შესაბამისად, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, გ------- კ------ის მოთხოვნა დ----- დ---–----–-ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, დარჩა უზრუნველყოფის გარეშე. მიუხედავად გ------- კ------ის არაერთი მიმართვისა, დ----- დ---–----–-ამ ვალდებულება არ შეასრულა.

 

სწორედ ამ ვითარების შექმნის შემდგომ, დ----- დ---–----–-ა 2014 წლის 07 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აფორმებს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას დედაზე - ზ----- ფ--–---–--აზე. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრული ეჭვის ფარგლებში, ალბათობის მაღალი ხარისხით დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას წარმოადგენდა დ----- დ---–----–-ას მიერ გ------- კ------ის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- კ------ის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან, გ------- კ------ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ----- დ---–----–-ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1689.38 ლარის, ხოლო დ----- დ---–----–-ას და ზ----- ფ--–---–--ას სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება. ასევე, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახლი თანხა - 0.62 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, გ------- კ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ზ----- ფ--–---–--ას (პ/ნ 01017010858) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: მარტვილის რაიონი, სოფ. ვ----------ი, ს/კ #4-----------, გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------- კ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დ----- დ---–----–-ას გ------- კ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 25 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი დ----- დ---–----–-ას და ზ----- ფ--–---–--ას შორის დადებული 2014 წლის 07 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავ ქონება, მდებარე: რაიონი მარტვილი, სოფელი ვ----------ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #4----------- საკუთრების უფლებით აღირიცხოს დ----- დ---–----–-ას სახელზე.

 

4. დ----- დ---–----–-ას გ------- კ------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1689.38 ლარის ანაზღაურება.

 

5. დ----- დ---–----–-ას და ზ----- ფ--–---–--ას გ------- კ------ის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 150 ლარის ანაზღაურება.

 

6. დაუბრუნდეს მოსარჩელე გ------- კ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2016 წლის 15 აპრილს სს ბანკი რესპუბლიკას მეშვეობით N1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1690 ლარის ნაწილი 0.62 ლარი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე