გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.01.2019
საქმის ნომერი
180310017002025073
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #3/189-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი

მოსარჩელე - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - თ----------------

მოპასუხე - შპს „ქართული ლიმონათი“;

წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)

დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა და მოტივები:

 

1.1. 2017 წლის 24 ივლისს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ქართული ლიმონათი“-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ადგილობრივი დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანებისა და დარიცხული საურავის გადახდა - 9976,41 ლარის ოდენობით. (იხ.დაზუსტებული მოთხოვნა 2019 წლის 25 იანვრის სხდომის ოქმი)

 

1.2. მოტივები: მოსარჩელის განმარტებით 2016 წლის 28 ივლისს მცხეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ქართული ლიმონათი“-ს შორის გაფორმდა #--- ხელშეკრულება, ნარჩენების გატანის თაობაზე. მოპასუხე იღებდა ვალდებულებას ყოველთვიურად გადაეხადა მოსაკრებელი, რაც არ გაუკეთებია ჯეროვნად, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა ზემოაღნიშნული თანხის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - შპს „ქართული ლიმონათი“-ის წარმომადგენელი, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ. დასტური. 2019 წლის 25 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მცხეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ქართული ლიმონათი“-ს შორის 2016 წლის 28 ივლისს გაფორმდა #--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, შპს „ქართული ლიმონათი“-ს ობიექტის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და მისი განთავსების საბოლოო ადგილის მოვლა-პატრონობა.

 

3.2. 2016 წლის 28 ივლისის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად შპს „ქართული ლიმონათი“ იღებდა ვალდებულებას გადაეხადა ყოველთვიური მომსახურების ღირებულება. ამავე ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად ობიექტის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება განისაზღვრა თვეში 890.76 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით, ხოლო 8.3 პუნქტის შესაბამისად თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არც ერთი მხარე არ განაცხადებდა ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი ავტომატურად ჩაითვლებოდა გაგრძელებულად იმავე ვადით.

 

3.3. 2016 წლის 28 ივლისის ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ობიექტს დაერიცხებოდა საურავი გადასახდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმეში არსებული 2017 წლის 18 ივლისის #----------ოხსენებითი ბარათის თანახმად მოპასუხეს 28.07.2016 წლიდან 01.07.2017 წლამდე დასუფთავების მოსაკრებელი არ აქვს გადახდილი რის გამოც ერიცხება დავალიანება 9798.36 ლარი, საურავი 178,05 ლარი რა ჯამში შეადგენს 9976,41 ლარს.

 

3.4.Dსასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 3.1. 3.3 და 3.5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, ვინაიდან მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულება შესაბამისი დავალიანების გადახდის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

იხ. მხარის ახსნა-განმარტება, 2016 წლის 28 ივლისის #--- ხელშეკრულება. 2017 წლის 18 ივლისის #----------ოხსენებითი ბარათი.

 

სამოტივაციო ნაწილი;

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ამავე კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად 1. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. 3. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის (ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია) შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. როგორც უკვე აღინიშნა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების 3.1 და 3.3. პუნქტების შესაბამისად მოპასუხეს უნდა გადაეხადა თვეში 890.76 ლარი, მითითებული ვალდებულება საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით მოპასუხეს არ შეუსრულებია ჯეროვნად და გადასახდელი დარჩა 9976.41 ლარი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ობიექტს დაერიცხებოდა საურავი გადასახდელი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

6.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 9976.41 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად 1.პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. 2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ;ა; ქვეპუნქტის თანახმად ამ კოდექსის 38-ე მუხლის ;ა; ;ბ; ;გ; და ;ე; ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულების 3%-ს მაგრამ არანაკლებს 100 ლარისა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ, იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 55-ე 243-244-ე, 248-249-ე, 257ე 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „ქართული ლიმონათი“-ს (ს/კ 405006023) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 9976.41 (ცხრა ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე შპს „ქართული ლიმონათი“-ს (ს/კ 405006023) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17). ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე კობა გოცირიძე