გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017001967147
საქმე №2/833-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - შპს „ე-------------ტ+“
წარმომადგენელი - ნ-----რ ჯ----–--ე
მოპასუხე - შ------ა დ----–---–ი
წარმომადგენელი ნ--ო თ---------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 შ------ა დ----–---–ს მოსარჩელე შპს „ე-------------ტ+ის" სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი დავალიანების გადახდა 2320.84 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1756 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 564.81 აშშ დოლარი.
1.2 შ------ა დ----–---–ს მოსარჩელე შპს „ე-------------ტ+ის" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა -100 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით 2015 წლის 27 მაისს შპს „ე-------------ტ+სსა" და შ------ა დ----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №119672/რ და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2300 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 5 %, 36 თვის ვადით.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 600 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შეაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 480 აშშ დოლარი გაიქვითა დარიცხული სარგებელი, ხოლო 120 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირი.
მოპასუხის სახელზე არსებული დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს 2320.84 აშშ დოლარს, რომელიც მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 500 აშშ დოლარის ნაწილში და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გაყიდული ავტომობილი ღირდა ბევრად მეტი, ვიდრე მოხდა მისი რეალიზაცია. მას შეეძლო ავტომანქანის რეალიზაციით მთლიანად დაეფარა დავალაინება. მოსარჩელეს კი მისთვის არ უცნობებია, რომ დაგირავებული ავტომანქანა შეფასებული იყო 600 აშშ დოლარად და ამ ფასად უნდა მოეხდიან მისი რეალიზაცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 27 მაისს შპს „ე-------------ტ+სსა“ და მოპასუხე შ------ა დ----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №119672/რ, რომლის საფუძველზეც გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომანქანა „ნისან მურანო“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №119672/რ;
მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.2. შ------ა დ----–---–ს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სესხი 2300 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №119672/რ;
მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
4.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1 2016 წლის 30 ნოემბერს შპს „ე-------------ტ+ის“ მიერ მოხდა გირავნობის საგნის -ავტომანქანა „ნისან მურანოს“ რეალიზაცია 600 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შეაბამისად განხორცილედა შემდეგნაირად: 480 აშშ დოლარით გაიქვითა დარიცხული სარგებელი, ხოლო 120 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
ნასყიდობის ხელშეკრულება №119672/რ;
4.2 2016 წლის 31 აგვისტოს მოპასუხე შ------ა დ----–---–ს გაეგზავნა შეტყობინება და ეცნობა ავტომობილის რეალიზაციის შესახებ, აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხის მიერ არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
გაფრთხილების წერილი;
4.3 სესხის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 2017 წლის 01 ივნისს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხე შ------ა დ----–---–ს და მიეცა დამატებითი ვადა სესხის დასაფარად, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხის მიერ არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
გაფრთხილების წერილი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით თვლის, რომ მოპასუხემ ვერ შეძო სასამართლოსთვის წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს, ხოლო მოსარჩელემ ვერ შეძლო დაედასტურებინა ავტომანქანის შეფასების აქტის შედგენისთვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: მოპასუხე შ------ა დ----–---–ს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირის და პროცენტის, ჯამში 2320.84 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის -100 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, 867-868-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საგულისხმოა, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო 500 აშშ დოლარის ნაწილში.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებით.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულებების დანართი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად ხელშეკრულებას, რადგან სწორედ ამ გრაფიკით არის განსაზღვრული ყოველთვიურად როდის და რა ოდენობით აქვს მოვალეს ბანკის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი, რასაც ასევე მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი როგორც ძირი თანხა - 1756 აშშ დოლარი, ასევე სარგებელი (პროცენტი)-564.84 აშშ დოლარი საფუძვლიანია და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო მიუთითებს, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ავტომანქანის სარეალიზაციოდ გადაცემის შესახებ ცნობილი იყო მოპასუხე მხარისათვის, თუმცა მისი მხრიდან დავალიანება დაფარული არ იქნა, ამასთან მას არც ამ ავტომანქანის რეალიზაციის ფაქტი გაუხდია სადავოდ, ამდენად იმ გარემოებაზე მითითება, რომ არარეალურ ფასად განხორციელდა დაგირავებული ნივთის რეალიზაცია, არ ქმნის სარჩელზე მოთხოვნილი თანხების გადახდის ვალდებულებისაგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძველს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 102-ე მუხლში ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ გააჩნია უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა, შ------ა დ----–---–ს მოსარჩელე შპს „ე-------------ტ+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა -100 ლარი, ამ ნაწილში მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტუდება, ამ თანხის რეალურად გადახდის ფაქტი (გადახდის ქვითარი) და ამდენად, სახეზე არ არის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მთავარ სხდომაზე მოპასუხე შ------ა დ----–---–მა სარჩელი ცნო 500 აშშ დოლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 170.62 ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 19.90 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის 150.72 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ე-------------ტ+ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შ------ა დ----–---–ს მოსარჩელე შპს „ე-------------ტ+ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2320.84 (ორიათას სამას ოცი აშშ დოლარი და ოთხმოცდაოთხი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა.
3. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
4. მოსარჩელე შპს „ე-------------ტ+სს“ (ს/ნ 404915561) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 12 ივნისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 170.62 (ასსამოცდაათი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარიდან 19.90 (ცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხე შ------ა დ----–---–ს მოსარჩელე შპს „ე-------------ტ+ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 150.72 (ასორმოცდაათი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე