გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
330210018002539511
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/21----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე- შპს „ჯო--------------რ“

წარმომადგენელი- და------------ი

მოპასუხე- ქე---------------ე

წარმომადგენელი - თე-----------–---–ი

დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქე---------------ეს შპს „ჯო--------------რის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 3055 ლარის გადახდა.

 

სარჩელის მიხედვით, შპს „ჯო--------------რი“ ეწევა საშუამავლო - საბროკერო საქმიანობას. 2018 წლის 2--------, მოსარჩელემ ქე---------------ეს გაუწია მომსახურება, რის შედეგადაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, თუმცა მას მომსახურების საფასური არ აუნაზღაურებია. როგორც შემდგომში გაირკვა, მოპასუხემ მოსარჩელე კომპანიისგან ფარულად გააფორმა ხელშეკრულება შვილის მა-----------–---–ის სახელზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გირავნობის მთლიანი ფასის 5%-ის გადახდა, ვინაიდან მან ბროკერის გვერდის ავლით გააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ქე---------------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს მისთვის სახელშეკრულებო მომსახურება არ გაუწევია. მოპასუხის განმარტებით, მას მართლაც გააჩნდა რეალური ინტერესი ბინის დაგირავების, თუმცა საქმის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ მოსარჩელემ ბინის მესაკუთრედ წარადგინა ის პირი, რომელიც არ ფლობდა უფლებას ქონებაზე. ამასთანავე ნივთი დატვირთული იყო იპოთეკით. რის შედეგადაც მოსარჩელემ უარი განაცხადა მომსახურების გაწევაზე იმ მოტივით, რომ ისინი პრობლემას ვერ მოაგვარებდნენ. აღნიშნულის შემდგომ მხარეებს შორის შეწყდა საშუამავლო ხელშეკრულება.

 

მოპასუხემ აღნიშნა, რომ მან თავად მოიძია ინფორმაცია უძრავი ნივთის მესაკუთრის შესახებ და გარკვეული იურიდიული პროცედურების გავლის შემდგომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა ბინის მესაკუთრეს ინ------------–--ეს და მის შვილს მა-----------–---–ს შორის.

 

ქე---------------ის განმარტებით, ასევე არარეალურია სასარჩელო მოთხოვნაში დასახელებული თანხა, რადგან ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში, მას უნდა გადაეხადა ღირებულების 3%, რაც შეადგენს 1833.16 ლარს. თუმცა მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს, რომლის ოდენობა არაგონივრულია. იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო აღნიშნული უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, 200 ლარამდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „ჯო--------------რი“ წარმოადგენს ქართული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა საშუამავლო-საბროკერო მომსახურებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 19-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2018 წლის 2-------- შპს „ჯო--------------რს“ და ქე---------------ეს შორის დაიდო „უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის საბროკერო მომსახურების თაობაზე“ ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, შემკვეთი ავალებს ბროკერს, ხოლო ბროკერი იღებს ვალდებულებას უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებით აუცილებელი სამართლებრივი მომსახურების გაწევაზე.

 

ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, შემკვეთისათვის გასაწევი საშუამავლო მომსახურება მოიცავს უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, კერძოდ: უძრავი ნივთის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიცემას; უძრავ ნივთის ფიზიკურად ნახვას; მოლაპარაკების წარმოებას უძრავი ნივთის (ნივთების) მესაკუთრესთან (მესაკუთრეებთან); შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას - შემკვეთის სახელით უძრავი ნივთის მესაკუთრესთან (მესაკუთრეებთან)

 

ხელშეკრულების საგანი ჩაითვლება შესრულებულად, თუ ბროკერის მიერ შეთავაზებული უძრავი ქონება შემკვეთის ან მისი წარმომადგენლის (დაკავშირებული პირის) მიერ დაიტვირთება იპოთეკით.

 

წინამდებარე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით შეთავაზებული უძრავი ნივთის მონაცემებია: ქ. თბილისი, ვ-–----–----–-----------ი, მე-2 კვარტ, კორპუ----, ს/კ 0----------------------.

 

ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, შემკვეთის ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ ხელშეკრულებით შეთავაზებული უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში, თუ შემკვეთი პროკერის გვერდის ავლით (დამოუკიდებლად) შევა მესაკუთრესთან გარიგებაში და არ გადაიხდის მომსახურების 3%-ს, დაჯარიმდება უძრავი ნივთის ღირებულების 5%-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება „უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის საბროკერო მომსახურების თაობაზე“ (ს.ფ 13-14)

 

3.1.3. 2018 წლის 4 ივლისს ინ------------–--ეს და მა-----------–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ინ------------–--ის უძრავი ქონება ს/კ 0----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 23-27)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ უნდა ადასტუროს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

 

2018 წლის 2-------- შპს „ჯო--------------რს“ და ქე---------------ეს შორის დაიდო „უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის საბროკერო მომსახურების თაობაზე“.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების საგანი ჩაითვლება შესრულებულად, თუ ბროკერის მიერ შეთავაზებული უძრავი ქონება შემკვეთის ან მისი წარმომადგენლის (დაკავშირებული პირის) მიერ დაიტვირთება იპოთეკით.

 

2018 წლის 4 ივლისს ინ------------–--ეს და მა-----------–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე ს/კოდით 0----------------------.

უდავო გარემოებაა, რომ მა-----------–---–ი არის ქე---------------ის შვილი, ხოლო ინ------------–--ე იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, რომლის უძრავი ნივთიც შეთავაზებული იქნა მოსარჩელის მიერ შემკვეთისათვის (ქეთევან ებანოძისთვის) „უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის საბროკერო მომსახურების თაობაზე“ ხელშეკრულებით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე კომპანიის სერვისი გულისხმობს დაინტერესებული პირისათვის უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მომსახურების გაწევის შესახებ წერილობითი შეთანხების და სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დროში თანხვედრა, ამასთან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები მეტყველებენ, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელე კომპანიის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების საფუძველზე. მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში დასახელებულ გარემოებებს, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტების გარდა საქმეში სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

სასამართლო შენიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ განახორციელა მოპასუხემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება „უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის საბროკერო მომსახურების თაობაზე“ (ს.ფ 13-14)

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 23-27)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 15-16)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ ჯო--------------რის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 137-ე, 361-ე, 477-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო.

 

შუამავლობა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობის განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურება. საშუამავლო ხელშეკრულებით მაკლერი კისრულობს შუამავლობას, შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დასადებად. საშუამავლო ხელშეკრულების მთავარ მიზანს შუამავლის ზემოაღნიშნული მოქმედება წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც შემკვეთს ეძლევა შესაძლებლობა, დადოს ხელშეკრულება მესამე პირთან. ძირითადი ხელშეკრულების დადებისთვის განსაზღვრულ მოქმედებას უკავშირებს კანონი სწორედ საშუამავლო ხელშეკრულების არსს, რომელიც აღნიშნულიდან გამომდინარე სასყიდლიან ხელშეკრულებას წარმოადგენს. შუამავლობის განმახორციელებელ პირს წარმოადგენს მაკლერი.

 

საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე; ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული.

სადავო არაა, რომ მყიდველთან დაკავშირება საშუამავლო ფირმის საშუალებით მოხდა. ამასთან, სასამართლოს დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად დასტურდება შემკვეთის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემკვეთის ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ ხელშეკრულებით შეთავაზებული უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში, თუ შემკვეთი პროკერის გვერდის ავლით (დამოუკიდებლად) შევა მესაკუთრესთან გარიგებაში და არ გადაიხდის მომსახურების 3%-ს, დაჯარიმდება უძრავი ნივთის ღირებულების 5%-ით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 3055 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 305.50 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი თანხის სანაცვლოდ 10 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. განსახილველ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. შპს „ჯო--------------რის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ქე---------------ეს მოსარჩელე შპს „ჯო--------------რის“ სასარგებლოდ დაეკისროს 305.50 ლარის გადახდა;

 

3. ქე---------------ეს მოსარჩელე შპს „ჯო--------------რის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 10 ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი