გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5473-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შპს „ს---- ლ------ი“
წარმომადგენელი - ვ----– ხ----------ე
მოპასუხე - შპს ,,G-------’’
წარმომადგენელი - ს------- ნ-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,G-------’’-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ჯამში 9681,90 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, მოპასუხეს გაუწია სასტუმროს მომსახურება. კერძოდ 2017 წლის 3 და 4 ივლისს ღირებულებით 1913.92 ლარი. ასევე, 2017 წლის 8 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილ სასტუმროში დაჯავშნა 17 ნომერი, ამავე წლის 29 სექტემბრისათვის, თუმცა ჯავშანი გააუქმა 2017 წლის 27 სექტემბერს. ჯავშნის დაგვიანებით გაუქმების გამო მოსარჩელის განმარტებით მას მიადგა ზიანი, რადგან სხვა კლიენტებზე ვეღარ მოახდენდა ამ ნომრების დაჯავშნას, შესაბამისად 17 ნომრის ღირებულების თანხა უნდა გადაიხადოს მოპასუხემ 3739.40 ლარი. ასევე, 2017 წლის 4-5 ოქტომბრისათვის მოპასუხემ მოახდინა 6 სასტუმრო ნომრის დაჯავშნა. სტუმრები ამ თარიღში არ გამოცხადდნენ, ხოლო მოპასუხეს ჯავშანი არ გაუუქმებია. მას გადაეგზავნა შესაბამისი ინვოისი და ანგარიშფაქტურა 2010 ლარზე, რაც დაადასტურა მოპასუხემ. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ მოპასუხემ 25 ივლისს დაჯავშნა 6 ნომერი 2017 წლის 6-7 ოქტომბრისათვის. ჯავშანის გაუქმება არ მომხდარა, ხოლო სტუმრები არ გამოცხადდნენ. აქედან გამომდინარე მოსარჩელეს მიადგა 2018,58 ლარის ზიანი. საერთო ჯამში მოსარჩელემ მოითხოვა 9681.90 ლარის დაკისრება მოპასუხეზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი - 1913.92 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 3-4 ივლისს მოსარჩელე შპს „ს---- ლ------მა“ მოპასუხე შპს ,,G-------’’-ს გაუწია სასტუმროს მომსახურება 1913,92 ლარის ღირებულების.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
2--------- წლის საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 45).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს „ს---- ლ------მა“ მოპასუხე შპს ,,G-------’’-ს გაუწია სასტუმროს მომსახურება 2010 ლარის ღირებულების.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის შპს „ს---- ლ------ის“ მიერ მომსახურების გაწევის ფაქტს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის წინაშე დავალიანება არ გააჩნია.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის არსებული მომსახურების ურთიერთობის ფარგლებში საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მათ შორის - №-- - 14 1------ (გამოწერის თარიღი 2017 წლის 9 ოქტომბერი, დადასტურებული მოპასუხის მიერ 2018 წლის 18 იანვარს, 2010 ლარზე; იხ. ს.ფ. 47).
სასამართლო მიიჩნევს, რომ ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში აღნიშნული მტკიცებულება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების - მომსახურების გაწევის ფაქტის დასადასტურებლად რელევანტურ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხარეთა შორის ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ამსახველი მასალები, სადაც მოპასუხის მიერ დადასტურებულია 4-5 ოქტომბრისათვის 6 ნომრის დაჯავშნა (იხ. ს.ფ. 130). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის შედავება მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებით დაუშვებელია. სხვა მტკიცებულება მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,გამყიდველისათვის დაკისრებული საპროცესო მოვალეობის შესრულების მიზნით, საქმეში წარმოდგენილ ანგარიშფაქტურებს, რაც გამყიდველის მითითებით ადასტურებდა საქონლის მიწოდების შესახებ სადავო გარემოებას და წარმოუშობდა მყიდველს საფასურის გადახდის მოვალეობას, სწორად მიენიჭა მტკიცებულების მნიშვნელობა სსკ-ის 477-ე მუხლის მიზნებისათვის... საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ანგარიშფაქტურა საგადასახადო-სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურების) გამოწერის/გამოუწერლობისას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საგადასახადო ანგარიშფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას’’. (იხ. სუსგ #ას-381-381-2018, 04 მაისი, 2018 წელი).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით დაადასტურა მის მიერ 2010 ლარის მომსახურების გაწევის ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები.
3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ 17 ნომრის ჯავშნის დაგვიანებით გაუქმების შედეგად 3739,40 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი. ასევე, ვერ დაადასტურა 2018.58 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი.
სადაო არ არის, რომ მოპასუხის მიერ 2017 წლის 8 აგვისტოს დაიჯავშნა 17 ნომერი 29 სექტემბრისათვის. ჯავშანი მოპასუხემ გააუქმა 2017 წლის 27 სექტემბერს.
მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად - კლიენტის მიერ ჯავშანის სამი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს ნომრის ღირებულება სრულად. მოპასუხემ სადავოდ გახადა ასეთ პირობებზე შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი მხარეთა მიერ, შესაბამისად იგი ვერ იქნება გაზიარებული სადავო გარემოებების დასადასტურებლად და მოსარჩელემ სხვა მტკიცებულებებით უნდა ამტკიცოს ზიანის მაკვალიფიცირებელი ყველა ელემენტის არსებობა სსკ 394-ე მუხლის ფარგლებში. უდავოა, რომ მოსარჩელეს ორი დღით ადრე ეცნობა ჯავშანის გაუქმების თაობაზე. ამდენად, მას ჰქონდა შესაძლებლობა გაექირავებინა ეს ნომრები სხვა კლიენტებზე. სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომ 29 სექტემბრისათვის დაჯავშნული 17 ნომრიდან არც ერთი არ გაქირავებულა მათ მიერ სხვა პირზე. ასევე არ არის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზიანის ოდენობის - 3739,40 ლარის გაანგარიშება, თუ რა შედიოდა ამ თანხის მომსახურებაში (მხოლოდ ნომრის ღირებულება, თუ კვებაც და სხვა სერვისი), ორი დღით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში კვების თანხის მითითება ზიანის თანხაში დაუსაბუთებელია.
მოსარჩელის მიერ აღნიშნული მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილია 2017 წლის 2 ოქტომბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა #----- 1------, 4412,49 ლარზე, რაც უარყოფილია მოპასუხის მიერ და არ არის დადასტურებული (იხ. ს.ფ. 46). ასევე წარმოდგენილია აღნიშნულ თანხაზე დღგ-ს გარეშე დაკორექტირებული 2018 წლის 27 აპრილის საგადასახადო ანგარიშფაქტურა #----- 6------, 3739,4 ლარზე, რაც გადაგზავნილია მოპასუხესთან, თუმცა დადასტურებული არ არის.
სასამართლო, სსსკ-ის 102-ე მუხლით აღიარებული მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალური სტანდარტიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან 3739,4 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი.
რაც შეეხება 2018,58 ლარის ზიანის დაკისრების ნაწილში, მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის 25 ივლისს მოპასუხემ მოახდინა 6 ნომრის დაჯავშნა 6-7 ოქტომბრისათვის. ჯავშანის გაუქმება არ მომხდარა, ხოლო სტუმრები არ გამოცხადდნენ. რის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი. მოპასუხემ სადავოდ გახადა 25 ივლისს 6 ნომრის დაჯავშნის ფაქტი. ასევე, სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ არასამართალწარმოების ენაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ მე-9-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისები, რაზედაც იგი ამყარებს მოთხოვნას არ არის წარმოდგენილი სახელმწიფო ენაზე, შესაბამისად ვერ იქნება შეფასებული და გაზიარებული სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2017 წლის 19 ოქტომბერს გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურა #----- 1------, 2018,58 ლარზე, იგი უარყოფილია მოპასუხის მიერ და არ არის დადასტურებული (იხ. ს.ფ. 48). სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ 25 ივლისს 6 ნომრის დაჯავშნის ფაქტს წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული 2018,58 ლარის ზიანის დადასტურება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 629-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება ნარდობის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია შპს „ს---- ლ------სა“ და შპს ,,G-------’’-ს შორის ზეპირი შეთანხმება მომსახურების გაწევის თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსობრივი ანალიზის შედეგად, დამკვეთს მომსახურების, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობა მას შემდეგ, რაც მენარდე შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი და დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ 1913.92 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი 1913.92 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დასაბუთებულია ასევე 2010 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ არსებობდა მხარეთა შეთანხმება 2017 წლის 4-5 ოქტომბრისათვის 6 სასტუმრო ნომრის დაჯავშნის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის შესაბამისად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
მოპასუხის მიერ 2017 წლის 4-5 ოქტომბრისათვის მოსარჩელის სასტუმროში დაიჯავშნა 6 სასტუმრო ნომერი, მომსახურების საერთო ღირებულებაა 2010 ლარი. სადაო არაა, რომ სტუმრები სასტუმროში შეთანხმებულ ვადაში არ გამოცხადებულან. ასევე, არ დგინდება მოპასუხის მიერ ჯავშნის გაუქმების ფაქტი (ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის). შესაბამისად, სახეზეა სსკ 649-ე მუხლის კვალიფიკაციის წინაპირობები - შპს ,,G-------’’-ის მიერ მომსახურება მიღებულად ითვლება, ვინაიდან შემკვეთმა არ მიიღო შესრულება მენარდის - შპს „ს---- ლ------ის“ მიერ დადგენილ ვადაში. ამდენად, მოპასუხემ სრულად უნდა აანაზღაუროს მიღებულად ჩათვლილი მომსახურების ღირებულება 2010 ლარის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით დაადასტურა მხარეთა შორის შეთანხმება მომსახურების თაობაზე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მოპასუხის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ასევე მხარეთა შორის მიმოწერა (იხ. 3.2.1. პუნქტი).
6.3. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას 3739,40 ლარის ოდენობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი წინაპირობები.
სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს შეეძლო ევარაუდა. სწორედ ეს აზრია გატარებული სსკ-ის 412-ე მუხლის სამართლებრივ მიზანში, რომელიც მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურების მოვალეობას ითვალისწინებს, რომლის მოსალოდნელობაც გონივრული წინდახედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია (იხ, სუსგ, საქმე №ას-167-163-2016, 01 ივლისი, 2016 წელი).
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.
განსახილველ შემთხვევაში, სადაო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება მომსახურების თაობაზე, მოპასუხის მიერ 2017 წლის 8 აგვისტოს დაიჯავშნა 17 ნომერი 29 სექტემბრისათვის. ჯავშანი მოპასუხემ გააუქმა 2017 წლის 27 სექტემბერს. შესაბამისად, მოსარჩელისათვის ორი დღით ადრე ცნობილი იყო, რომ 2017 წლის 29 სექტემბრისათვის 17 ნომერი ჰქონდა თავისუფალი. ის გარემოება, რომ სხვა კლიენტებს ამ ნომრებიდან არც ერთით არ უსარგებლიათ და რომ მოპასუხის მიერ შეთანხმების დარღვევით სწორედ ამ ოდენობის ზიანი განიცადა მოსარჩელემ დასაბუთებული და დადასტურებული მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის.
ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა 2018,58 ლარის დაკისრების ნაწილში. აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში არ დგინდება მხარეთა შეთანხმება მომსახურების გაწევის თაობაზე. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოპასუხემ დაჯავშნა 6 სასტუმრო ნომერი 6-7 ოქტომბრისათვის. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3941.92 ლარის ანაზღაურება. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებულობას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 310,65 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა, რის საფუძველზეც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 20,19 ლარი. ასევე, მოპასუხემ ცნო სარჩელი 1913,92 ლარის ნაწილში მოსამზადებელ სხდომაზე, რის საფუძველზეც 57,41 ლარის ასევე უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს ბიუჯეტიდან. რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 60,3 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 172,75 ლარი, ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს---- ლ------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,G-------’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 3941,92 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე შპს ,,G-------’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 60,3 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე შპს „ს---- ლ------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2--------- წელს საგადახდო დავალება #--- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 310.65 ლარიდან - 77,6 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე