გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22013-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - გ-------–ი წ--------–ი
წარმომადგენელი - ლ--- ზ--------ე
მოპასუხე - ზ------ ნ-------–---–ი
წარმომადგენელი - ლ--- მ---------–-ა, ამ----- გ-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ზ------ ნ-------–---–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 76 000,00 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან 2014 წლის 5 სექტემბერს ისესხა 76 000,00 ლარი, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. ზ------ ნ-------–---–ს თანხა უნდა დაებრუნებინა 2014 წლის დეკემბრის თვეში. შეთანხმებისამებრ გ-------– წ--------–მა პირადად ზ------ ნ-------–---–ის საბანკო ანგარიშზე 2014 წლის 5 სექტემბერს გადარიცხა თანხა 76 000,00 ლარი. მოპასუხეს სესხის თანხა არ დაუბრუნებია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. ზ------ ნ-------–---–ი არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
დაზუსტებულ შესაგებელში განმარტებულია, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში იყო დასაქმებული მოპასუხესთან, როგორც მისი პირადი მძღოლი და ნდობით აღჭურვლი პირი. მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე არაერთხელ განხორციელებულა სხვადასხვა სოლიდური თანხების შეტანა, ისევე როგორც 2014 წლის 5 სექტემბერს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 5 სექტემბერს გ-------– წ------ლის მიერ საბანკო გადარიცხვის მეშვეობით ზ------ ნ-------–---–ის ანგარიშზე ჩაირიცხა 76000 ლარი. მიზნობრიობაში მითითებულია ,,პირადი’’.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 17).
3.1.2. გ-------– წ--------–ი წლების მანძილზე მუშაობდა ზ------ ნ-------–---–თან მძღოლის პოზიციაზე და წარმოადგენდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
მოწმეთა ჩვენებები (იხ. 25/09/2018 წლის და 13/11/2018 წლის სხდომის ოქმები).
3.1.3. გ-------– წ--------–ი წარმოადგენდა შპს ,,მ-------ის’’ დირექტორს. 0--------- წელს შპს ,,მ-------ის’’ მიერ გ-------– წ------ლის ანგარიშზე ჩაირიცხა 76000 ლარი. დანიშნულებაში მითითებულია 2012-13 წლის გასაცემი ხელფასი.
სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:
0--------- წლის საგადასახადო დავალება #- (იხ. ს.ფ. 18)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზურაბ ნატროშვილისათვის 76000 ლარის სესხის სახით გადაცემის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამომდინარეობს სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან, ამიტომ შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (სკ-ის 623-ე მუხ.) შემადგენლობასთან.
მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნა ეფუძნება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, რომლის არსებობას მოპასუხე სადავოდ ხდის.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა საბანკო ამონაწერზე, სადაც ფიქსირდება 2014 წლის 05 სექტემბერს მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე 76000 ლარის ჩარიცხვის ფაქტი (ს.ფ. 17), თანხის გადახდის დანიშნულება არ არის დაკონკრეტებული, დანიშნულებად მითითებულია „პირადი“.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის არც თანხის გადაცემის ფაქტი, არც მისი ოდენობა, არამედ სადავოა მიზნობრიობა და მოპასუხის მიერ მიღებული თანხის დაბრუნების ვალდებულების არსებობა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა - ,,სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებლი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ სადავოდ ქცეული სასესხო ურთიერთობის დადგენისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ზეპირი ასევე, წერილობითი მტკიცებულებების ესა თუ ის სახე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერ დოკუმენტი თუ, მოწმის სტატუსით დაკითხულ პირთა ნებისმიერი შინაარსის ჩვენება დაედოს საფუძვლად საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას. ამ თვალსაზრით, სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას თანხის გადარიცხვისათვის სესხის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების ნაწილში და განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა ფულადი თანხის გამოგზავნის და ამ თანხის მოპასუხეთა მიღების ამსახველ საბანკო ამონაწერებზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და საფუძვლად ვერ დაუდებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას’’ (იხ. სუსგ #ას-74-71-2016, 25 მაისი, 2016 წელი).
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმით (სსკ-ის 624-ე მუხლის მე-2 წინადადება), დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სსსკ-ის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი).
სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ გარემოებების დამტკიცება, რომ ზ------ ნ-------–---–ისათვის გადარიცხული თანხა (76 000,00 ლარი) წარმოადგენდა სესხის თანხას და რომ ზ------ ნ-------–---–მა იკისრა თანხის დაბრუნების ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულების საფუძველზე დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სესხის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ მან ხელფასის სახით მიიღო 2014 წლის 5 სექტემბერს სწორედ 76000 ლარი და ეს თანხა გადაურიცხა მოპასუხეს, აღნიშნული გარემოება თავისთავად არ ადასტურებს მოპასუხის მიერ თანხის სესხად მიღების ფაქტს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურა სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა მოპასუხესთან.
3.2.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არის დადასტურებული მოპასუხის არც უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების კვალიფიკაციის წინაპირობები.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ უთითებს მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტზე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის შეფასება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებთან შესაბამისობაშიც.
სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2014 წლის 14 აგვისტოს გაცემულ მინდობილობაზე, რომლის თახმად, ზ------ ნ-------–---–მა (მიმნდობი პირი) გ-------– წ--------–ს (მინდობილი პირი) განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა უფლებამოსილება, ქონების მართვისა და განკარგვისა და ამ მიზნით ყოველგვარი გარიგების დადებისა, ასევე მიმნდობი პირის სახელზე რიცხული საბანკო ანგარიშების შეუზღუდავად მართვისა, საბანკო ოპერაციების, თანხის შეტანა-გამოტანისა და გადარიცხვების უფლებამოსილება.
მოპასუხის მიერ ასევე წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ ზ------ ნ-------–---–ის სასარგებლოდ გ-------– წ--------–ს არაერთი საბანკო ტრანზაქცია აქვს განხორციელებული, მათ შორის თანხის ჩარიცხვა სხვადასხვა ოდენობით, სხვადასხვა დროს (ს.ფ. 157-174). ასევე, მოწმეთა ჩვენებაც ადასტურებს, რომ მხარეთა შორის იყო ნდობის მაღალი ხარისხი, გ-------– წ--------–ი ასრულებდა მოპასუხის სხვადასხვა დავალებებს, მათ შორის განკარგავდა მოპასუხის კუთვნილ თანხებს.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
შესაბამისად, იმ პირობებეში როდესაც არსებობს განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული მინდობილობა ზემოთ აღწერილი შინაარსით, ამასთან, გ-------– წ--------–ს მოპასუხისათვის თანხა არაერთხელ გადაურიცხავს, საქმეში წარმოდგენილი მასალები არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადარიცხული სადავო თანხა ზ------ ნ-------–---–მა მიიღო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მინდობილობით გათვალისწინებული ურთიერთობის ფარგლებს მიღმა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სკ-ის 623-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასესხო-ვალდებულებითი ურთიერთობის დროს გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სასამართლო განმარტავს, რომ ნორმის სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც, სახელდობრ, კანონმდებელი ზეპირი ფორმით დადებული სასესხო ვალდებულების ნამდვილობისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს. თუმცა არც გამორიცხავს ამგვარი მტკიცებულების არსებობასაც, არამედ სავალდებულოდ ადგენს მოწმეთა ჩვენებებთან ერთად სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც მოწმეთა ჩვენებასთან ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს სასესხო ურთიერთობის შესახებ (მტკიცების საგანი).
სკ-ის 624-ე მუხლის დანაწესი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ასევე, წერილობით ფორმის დაცვას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მითითებული მუხლის მეორე წინადადების თანახმად, ყურადღებაა გამახვილებული იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სესხის ზეპირ ხელშეკრულებას. ამგვარად, განხილული ნორმით განსაზღვრულია მტკიცების საგანი ანუ, იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს და თავის მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, რა დროსაც მხარეები იზღუდებიან არა თავად გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში.
რაც შეეხება სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპს, აღნიშნული მდგომარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაში. მოდავე მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო მიუთითებს სადავო ურთერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სკ-ის 624-ე და სსსკ-ის 102-ე მუხლი.
მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულებების სწორი განაწილება წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის წინაპირობას.
მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე გ-------– წ--------–ი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხე ზ------ ნ-------–---–თან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებული იყო მიეთითებინა (მტკიცების საგანი) და წარმოედგინა ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებები (მტკიცების ტვირთი). როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დამტკიცება იმ ფაქტისა, ზ------ ნ-------–---–ისათვის გადარიცხული თანხა (76 000,00 ლარი) წარმოადგენდა სესხის თანხას და რომ ზ------ ნ-------–---–მა იკისრა თანხის დაბრუნების ვალდებულება.
შესაბამისად, სასამართლო მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას ვერ მიიჩნევს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილად, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ამ საფუძვლით ვერ დაკმაყოფილდება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის, გამდიდრებულისა, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. სამართალურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის ასევე ყურადღების მიღმა რჩება ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლწინააღმდეგობა.
სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე ხდება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე - ,,როდესაც დადგენილია თანხის გადაცემის ფაქტი და არ დგინდება მისი დაბრუნების ვალდებულება, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით გამოთხოვა გამოირიცხება და მოპასუხის პოზიციის სასარგებლოდ მოქმედებს სსკ 361-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას), რომლის გაბათილებაც მოსარჩელემ ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია სარჩელი როგორც სახელშეკრულებო, ასევე ვალდებულების გარეშე გადაცემულის დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლითაც’’ (იხ. სუსგ #ას-621-593-2016, 28 ოქტომბერი, 2016 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, ზ------ ნ-------–---–ის მიერ გ-------– წ------ლის სახელზე გაცემულია მინდობილობა, რომლის თანახმად, ზ------ ნ-------–---–მა (მიმნდობი პირი) გ-------– წ--------–ს (მინდობილი პირი) განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა უფლებამოსილება მიმნდობი პირის სახელზე რიცხული საბანკო ანგარიშების შეუზღუდავად მართვისა, საბანკო ოპერაციების, თანხის შეტანა-გამოტანისა და გადარიცხვების უფლებამოსილება.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ გ-------– წ--------–ს მოპასუხისათვის თანხა არაერთხელ გადაურიცხავს.
მხარეთა შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა (სკ-ის 709-ე მუხლი). საქმეში წარმოდგენილი მასალები არ იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადარიცხული სადავო თანხა ზ------ ნ-------–---–მა მიიღო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მინდობილობით გათვალისწინებული ურთიერთობის ფარგლებს მიღმა. ამასთან, მოსარჩელე მხარეს დამატებით გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ფაქტს იმის შესახებ, რომ სადავო თანხა გ-------– წ--------–მა ზ------ ნ-------–---–ს დავალების ხელშეკრულების ფარგლების მიღმა გადაურიცხა, არ მიუთითებია, რაც სასამართლოს შემდგომში შესაძლებლობას მისცემდა უკვე ემსჯელა თანხის მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებაზე. ამდენად, სარჩელი ვერც უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით დაკმაყოფილდება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-------– წ------ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე